Quantcast
Channel: "მარანი" - მევენახეობა
Viewing all 1891 articles
Browse latest View live

1 კგ. რქაწითელისა და საფერავის თვითღირებულება 2015 წლის სეზონზე. შემთხვევის ანალიზი (Case Study) მუნიციპალიტეტების მიხედვით

$
0
0

რა უჯდება მევენახეს კახეთის რეგიონში 1 ჰა ვენახის მოვლა და მოსავლის აღება? 

რა რაოდენობით ყურძნის მოსავალს იღებს 1 ჰა ვენახზე?

რა არის 1 კგ. საფერავისა თუ რქაწითელის თვითღირებულება 2015 წლის სეზონზე?

და ა.შ.
ეს კითხვები ბოლო დროს არაერთხელ დაისვა ტელე- და ბეჭდვით მედიაში. იყო ყურძნის თვითღირებულების კალკულაციის ცალკეული შემთხვევები, შემოსავალ-გასავლის შეფარდების მიხედვით. 

ღვინის საინფორმაციო ცენტრი აგვისტოს დასაწყისიდან, ადრეული რთვლის პერიოდში აღნიშნული საკითხების გარშემო ცალკეულ შემთხვევებზე დაფუძნებულ ჩაღრმავებულ კვლევას ატარებდა. გამოვკითხეთ კახეთის რეგიონის სამი მუნიციპალიტეტის - გურჯაანის, თელავისა და ახმეტის, როგორც ორგანული, ასევე, არაორგანული პრაქტიკის გამტარებელი მევენახეები.  

კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ არ არსებობს უნივერსალური მეთოდოლოგიური ინსტრუმენტი, შაბლონი, რის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდება ყურძნის თვითღირებულების განსაზღვრა სხვადასხვა პრაქტიკაში, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა ფართობზე და ა.შ. ამიტომ ჩვენ თავს ვარიდებთ საშუალო ფასების დადგენას.

ამგვარი დათვლები, რასაც სახელმწიფო ან კერძო ორგანიზაციები (მაგ. მედია, ბანკები) უძღვებიან, რამდენადმე, პირობითი და, ხშირ შემთხვევაში, არარეპრეზენტატულია. რადგან მათში არ არის გათვალისწინებული ის ფაქტორები, რამაც, შესაძლოა, ფასებში სხვაობები განაპირობოს.  

ეს ფაქტორები შეიძლება იყოს: 

ყურძნის ჯიში 

-    ერთი და იმავე ფართობის, მაგრამ განსხვავებული ყურძნის ჯიშის ვენახები სხვადასხვა რაოდენობის მოსავალს იძლევა.

-    ვენახის მოვლისა და რთვლის პროცესში სხვადასხვა ჯიშის ყურძნით გაშენებული ვენახები რესურსებს სხვადასხვა ხარისხით საჭიროებს, მაგალითად, მწვანე ოპერაციებში საფერავი გაცილებით მეტ მუშახელს ითხოვს, ვიდრე - რქაწითელი. 

ვენახის მდებარეობა 

-    ადგილობრივი მიკროკლიმატი და ნიადაგების სპეციფიკა ვენახის მოვლის (შეწამლვა, მოხნვა, კულტივაცია, მორწყვა და სხვ.) განსხვავებულ ხარისხს ითხოვს. ეს კი, ცხადია, ხარჯებშიც აისახება. 

-    ზემოთ აღნიშნულ ფაქტორებზე დამოკიდებულია ვენახის მოსავლიანობა.

-    მუშახელის ანაზღაურება და ტრანსპორტის მომსახურება რამდენადმე განსხვავდება მუნიციპალიტეტების მიხედვით. 

ვენახის ფართობი 

-    მცირე მევენახეებთან მუშახელი მეტ შრომით ანაზღაურებას ითხოვს, ვიდრე - დიდ საწარმოებთან, სადაც მათ სტაბილურ ანაზღაურებას სთავაზობენ.

-    იმ მევენახეებს, ვისაც მიწის გადასახადი ეკისრებათ, ფართობის პროპორციულად ეზრდებათ გადასახადი. 

ვენახის ასაკი 

-    ვენახის ასაკი კავშირშია მის მოსავლიანობასთან.

-    ძველი ვენახების მფლობელები სახელმწიფოს მიწის გადასახადებს არ უხდიან, ახალი ვენახების მფლობელებს აღნიშნული ხარჯი ეკისრებათ. 

ფასების ცვლილებას, ცხადია, განაპირობებს ის ფაქტორი, თუ რამდენადაა ინფრასტრუქტურით აღჭურვილი ესა თუ ის მევენახე. მაგალითად, თუ ზოგიერთი მათგანი ტექნიკის დახმარებით წამლავს ვენახს (მათ შორის კი - მავანს თავად ჰყავს ტრაქტორი, ან - ქირაობს მას), სხვა, შესაძლოა, ხელის შრომით (მუშახელით, ან თავად) აგვარებდეს ამ პრობლემას და ა.შ. 

ზოგიერთი მევენახე საკუთარ ვენახს თავად უვლის. ცხადია, მისი შრომის შეფასება რთულია და ეს ფაქტორი მსგავს კალკულაციებში მხედველობის მიღმა რჩება. ამიტომ ჩვენი ყურადღების ფოკუსში ის ადამიანები მოექცნენ, რომლებიც ვენახის მოვლაში მუშახელს ქირაობენ. 

ზემოთ ჩამოთვლილი თითოეული ფაქტორი საბოლოო მონაცემებში მნიშვნელოვან ცვლილებებს იწვევს. ამიტომ გადავწყვიტეთ, ცალკე წარმოგვედგინა თითოეული უნიკალური შემთხვევა. კახეთის სამი მუნიციპალიტეტიდან - გურჯაანიდან, თელავიდან და ახმეტიდან შევარჩიეთ სამ-სამი მევენახე, რომლებმაც ერთსა და იმავე ფართობზე (0.5 ჰა) შემოგვთავაზეს ვენახის მოვლისა და მოსავლის აღების თავიანთი კალკულაცია, აგრეთვე, მოსავლის რაოდენობა იმავე ფართობის მიწის ნაკვეთზე.  თითოეული შემთხვევის დეტალური ანგარიში შეგიძლიათ, იხილოთ მიმაგრებულ დოკუმენტში. 

ზურა ვეფხვიშვილი, თელავის მუნიციპალიტეტი, სოფ. წინანდალი

ვენახის მოვლის ხარჯი (0.5 ჰა) - 2 270 ლარი
ყურძნის ჯიში - რქაწითელი
მოსავლის მოცულობა (0.5 ჰა) – 6 500 კგ. 
ყურძნის ჯიში - საფერავი
მოსავლის მოცულობა - 5 000 კგ. 
1 კგ. ყურძნის თვითღირებულება 
რქაწითელი - 0.17 ლარი
საფერავი - 0.22 ლარი

ზურაბ თოფურიძე, გია გამგონეიშვილი, თელავის მუნიციპალიტეტი, სოფ. კონდოლი

ვენახის მოვლის ხარჯი (0.5 ჰა) - 2 745 ლარი
მოსავლის მოცულობა (0.5 ჰა) – 4 000  კგ. 
ყურძნის ჯიში - საფერავი 
1 კგ. ყურძნის თვითღირებულება - 0.68 ლარი

რეზო პეტრიაშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტი, სოფ. ზემო ხოდაშენი

ვენახის მოვლის ხარჯი (0.5 ჰა) – 1 662.5 ლარი
ყურძნის ჯიში - რქაწითელი 
მოსავლის მოცულობა – 2500 კგ. 
ყურძნის ჯიში - მწვანე 
მოსავლის მოცულობა - 2 000 კგ.
1 კგ. ყურძნის თვითღირებულება (საშუალო) – 0.36 ლარი

ალექსი ციხელიშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტი, ობოლიძიანი

ვენახის მოვლის ხარჯი (0.5 ჰა) – 1 212 ლარი  
ყურძნის ჯიში - რქაწითელი 
მოსავლის მოცულობა - 1 250 კგ.
ყურძნის ჯიში - მწვანე
მოსავლის მოცულობა - 250 კგ.
ყურძნის ჯიში - ჟღია
მოსავლის მოცულობა - 125 კგ.
1 კგ. ყურძნის თვითღირებულება (საშუალო) – 0.74 ლარი

ზურა მალვენიშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტი, სოფ. ზემო ხოდაშენი

ვენახის მოვლის ხარჯი (0.5 ჰა) – 4 469 ლარი
ყურძნის ჯიში - საფერავი
მოსავლის მოცულობა (0.5 ჰა) – 3 500 კგ. 
ყურძნის ჯიში - რქაწითელი 
მოსავლის მოცულობა - 5 000 კგ.
1 კგ. ყურძნის თვითღირებულება
საფერავი - 0.65 ლარი
რქაწითელი - 0.43 ლარი

ზალიკო ბერიაშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფ. ჩუმლაყი

ვენახის მოვლის ხარჯი (0.5 ჰა) - 2 719 ლარი
ყურძნის ჯიში - საფერავი
მოსავლის მოცულობა (0.5 ჰა) – 4 900 კგ.  
ყურძნის ჯიში - რქაწითელი
მოსავლის მოცულობა -  3 900 კგ. 
1 კგ. ყურძნის თვითღირებულება
საფერავი - 0.38 ლარი 
რქაწითელი - 0.2 ლარი

მალხაზ შალაშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფ. ველისციხე

ვენახის მოვლის ხარჯი (0.5 ჰა) – 3 185 ლარი
ყურძნის ჯიში - რქაწითელი
მოსავლის მოცულობა (0.5 ჰა) – 6 500 კგ. 
ყურძნის ჯიში - საფერავი 
მოსავლის მოცულობა - 2 000 კგ. 
1 კგ. ყურძნის თვითღირებულება
რქაწითელი - 0.36 ლარი
საფერავი - 0.39 ლარი

გიორგი მამათელაშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფ. ჩუმლაყი

ვენახის მოვლის ხარჯი (0.5 ჰა) - 2 700 ლარი
მოსავლის მოცულობა (0.5 ჰა) – 7 500 კგ. 
ყურძნის ჯიში - რქაწითელი 
1 კგ. ყურძნის თვითღირებულება - 0.36 ლარი

შემაჯამებლად შეიძლება ითქვას, რომ 

-    არაოგრანული მევენახეობის პრაქტიკაში 1 კგ. რქაწითელის ფასი 0.17-დან 0.43 ლარამდეა, ხოლო 1 კგ. საფერავისა - 0.22-დან 0.65 ლარამდე. 

-    ორგანული მეთოდებით მოვლილ ვენახში (თოფურიძე-გამგონეიშვილი, პეტრიაშვილი, ციხელიშვილი) 1 კგ. რქაწითელზე ფასი 0.36-დან 0.74 ლარამდე იზრდება, რაც შეეხება, საფერავის ჩვენ მიერ შესწავლილ მხოლოდ ერთ შემთხვევას (თოფურიძე-გამგონეიშვილი),  1 კგ. საფერავის თვითღირებულება 0.68 ლარს შეადგენს.

-    ორგანული პრინციპებით დამუშავებული ვენახი შედარებით იოლი შესანახია, თუმცა გაცილებით ნაკლებმოსავლიანი. შესაბამისად, ყურძნის თვითღირებულება ასეთ შემთხვევებში, მაღალია. 

როგორც ჩანს, მევენახეობა-მეღვინეობის ბიზნესში 2015 წელს მთავარ პრობლემას ქმნის არა იმდენად ყურძნის ფასი, არამედ - მისი სიჭარბე. სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ 2015 წელს ყურძნის მოსავალი უხვია. 

ღვინის კომპანიების დიდი ნაწილი გასულ წელთან შედარებით, გაცილებით ნაკლები ყურძნის შეძენას აპირებს, რადგან ზოგიერთ მათგანს ღვინის ძველი რეზერვები არ ამოწურვია, ზოგი კი საკუთარი ვენახებიდან მოწეულ ყურძენს გადაამუშავებს. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, გიორგი სამანიშვილი თვლის, რომ მევენახე სახლში ღვინის წარმოებას უნდა დაუბრუნდეს. ასე რომ, წლევანდელი წელი, შესაძლოა, საოჯახო მარნების განვითარების საქმეში ერთ-ერთი გარდამტეხი აღმოჩნდეს. 

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი


ქართული ღვინისა და კულინარიის შესახებ წიგნს კარლა კაპალბო 2016 წლის დასაწყისში დაასრულებს

$
0
0

ცნობილი იტალიელი ფოტოგრაფი, მოგზაური, ღვინისა და გასტრონომიის მწერალი, კარლა კაპალბოსაქართველოში მოგზაურობს. საქართველოში ის  პირველად 2013 წელს მოხვდა, სადაც მისი განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო ქართულმა ღვინომ, კულინარიამ და ადამიანების ყოფამ საქართველოს პროვინციულ სოფლებში. ის თვლის, რომ „ჭეშმარიტი საქართველო“ - სწორედ, აქაა და საკუთარი ფოტოობიექტივისა და თხრობის ფოკუსი ამჟამადაც სოფლის ყოფის, ადგილობრივი ბუნებრივი და სოციალური გარემოს თითოეულ დეტალზე აქვს მომართული. 

კარლა კაპალბოს დიდი ხანია, განზრახული ჰქონდა საქართველოს შესახებ წიგნის დაწერა. ჯონ ვურდემანის ძალისხმევითა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დახმარებით შესაძლებელი გახდა ამ პროექტის განხორციელება და კაპალბომ საკუთარი მესამე ვიზიტი უკვე საქართველოს შესახებ წიგნზე მუშაობას დაუთმო. 

კარლა კაპალბომ იმოგზაურა კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის, აჭარის, გურიისა და სამეგრელოს რეგიონებში. მოინახულა როგორც ადგილობრივი ვენახები და მარნები, ასევე, ყველის საწარმოები; მონაწილეობა მიიღო რთველში, გაეცნო კულინარიის ადგილობრივ ოსტატებს საქართველოს სხვადასხვა მხარეში, დააგემოვნა მათი კერძები. უახლოესი ორი კვირის მანძილზე ის ეწვევა სვანეთს, რაჭას, ქართლსა და ხევს. 5 ოქტომბერს კარლა კაპალბო საქართველოს დატოვებს. 

ღვინის საინფორმაციო ცენტრი უსაუბრა კარლა კაპალბოს, რომელმაც „მარანის“ მკითხველს საგანგებოდ მიმართა:  „მივესალმები თქვენს მკითხველს. მესამე კვირაა, საქართველოში ვარ. თქვენს ქვეყანაში ვმოგზაურობ და ნამდვილ საქართველოს ვეძებ. ვპოულობ კიდეც - ბრწყინვალე კერძებსა და ღვინოში, საოცარ სტუმართმოყვარეობაში, მშვენიერ ბუნებაში. ამჟამად ახალ წიგნზე ვმუშაობ, საქართველოს შესახებ, რომელსაც ვფიქრობ, რომ 2016 წლის დასაწყისში დავასრულებ. აქ შეკრებილი იქნება იმ ადამიანების ამბები და ფოტოები, ვინც ამზადებენ ადგილობრივ კერძებს და აწარმოებენ ქართულ ღვინოს. ვფიქრობ, საქართველოს ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს სათქმელი მსოფლიოსთვის“.  

კარლა კაპალბო თხუთმეტამდე წიგნის ავტორია. მას მიღებული აქვს ისეთი ჯილდოები, როგორიცაა იტალიაში „საუკეთესო წიგნი ღვინის შესახებ“ (2009), ლუიჯი ვერონელის ჯილდო, როგორც ღვინისა და კულინარიის საუკეთესო უცხოენოვან მწერალს იტალიაში. ის არის დიდი ბრიტანეთის დედოფლის ოქროს მედალოსანი, ბრიტანეთის ღვინის მწერალთა გილდიის, ღვინის მწერალთა წრისა და ნელი კვების გაერთიანების - წევრი. კაპალბო საერთაშორისო გამოცემის - Cook it Raw - ერთ-ერთი დამფუძნებელია. Cook it Raw  საკუთარ მკითხველს აცნობს მსოფლიოს სხვადასხვა შეფ-მზარეულებს, უნიკალური კულტურებით და ახალი გამოცდილებებით. 

წარმოშობით იტალიელი კაპალბო სხვადასხვა დროს ცხოვრობდა მილანში, ნიუ-იორკსა და ბორდოში. ამჟამად ის ლონდონის მკვიდრია და მსოფლიოს სხვადასხვა მხარეებში მოგზაურობის პარალელურად რეგულარულად წერს გავლენიანი გამოცემებისთვის - Decanter, Zester Dailly და სხვ.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი. 

 

პროფესიული განათლების კვირეული საქართველოში

$
0
0

14-20 სექტემბერს საქართველოში WorldSkills Georgia-სა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით პროფესიული განათლების კვირეული გაიმართა, რომლის დასკვნითი ღონისძიება დღეს, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში ჩატარდა. 

 ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, თამარ სანიკიძე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, Worldskills Georgia-ს, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები. როგორც მინისტრმა სანიკიძემ განაცხადა, პროფესიული და სახელობო განათლება სახელმწიფოს საგანმანათლებლო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. 

ღონისძიების დამსწრეებს წარედგინათ GIZ სამხრეთ კავკასიაში კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში მომზადებული პუბლიკაცია - „ხელოსნობა და სამეწარმეო უნარები საქართველოში“ (წიგნი მოამზადეს მაია ნინიძემ და ქეთო ნინიძემ ირაკლი შურღულაიასთან თანამშრომლობით). წიგნის ერთ-ერთი ნაკვეთი ეთმობა საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობის ისტორიასა და სამეწარმეო კულტურას. 

ბოლო დროს განსაკუთრებით მწვავედ გამოიკვეთა საქართველოში  მევენახეობისა და მეღვინეობის სფეროში უწყვეტი განათლებისა და სამეწარმეო უნარების განვითარების (lifelong learning, professional development) აუცილებლობა. 

დღესდღეობით ძალიან მცირეა იმ საგანმანათლებლო დაწესებულებების რიცხვი, რომლებიც დაინტერესებულ ადამიანებს მევენახეობისა და მეღვინეობის დარგში სამეწარმეო უნარების განვითარებისა და სახელობო განათლების სასწავლო პროგრამებს სთავაზობს. ამ ფონზე, უფრო და უფრო იზრდება მოთხოვნა მსგავსი საგანმანათლებლო კურსების მიმართ.  

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

სუბსიდირებული რთველი, ბიზნესკონტაქტი (მაესტრო)

საქართველოს ღვინის კლუბი რთველი 2015-ის მიმდინარეობის პროცესში საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვას იწყებს

$
0
0

საქართველოს ღვინის კლუბმა და ღვინის საინფორმაციო ცენტრმა რთველი 2015-ის მიმდინარეობის პარალელურად რთვლის გამოწვევების გარშემო საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა დაიწყო. 

რთვლის პერიოდში კვირაში ერთხელ სხვადასხვა თემაზე კლუბი ჩაატარებს გამოკითხვებს, რომლის მიზანია, ერთი მხრივ, სოციალური ქსელის მომხმარებელთა აზრის შესწავლა მევენახეობა-მეღვინეობის დარგში წამოჭრილი პრობლემების გარშემო, მეორე მხრივ, საზოგადოების სხვადასხვა წრეებს შორის აზრთა გაცვლა და უკუკავშირის გაღრმავება. 

გამოკითხვებში მონაწილეობა შეეძლება ნებისმიერ მსურველს Google ანგარიშით.  ერთი ანგარიშიდან შესაძლებელი იქნება გამოკითხვაში, მხოლოდ ერთჯერადი მონაწილეობა. კვლევა ანონიმური და გამჭვირვალე იქნება. მონაწილეებს წვდომა ექნებათ პასუხების ზოგად სტატისტიკაზე.

საქართველოს ღვინის კლუბი და ღვინის საინფორმაციო ცენტრი ამგვარი გამოკითხვებით მედიატორის როლს შეასრულებს სახელმწიფო ორგანიზაციებს, მის ბენეფიციარებსა და საზოგადოებას შორის კომუნიკაციის პროცესში. 

პირველი გამოკითხვა შეგიძლიათ, იხილოთ ბმულზე

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი.

ღვინის დღიურები. ანა გოდაბრელიძე. აგრარული უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის პროგრამის ხელმძღვანელი

$
0
0

14 სექტემბერი, ორშაბათი

დღეს სწავლა დაიწყო. 

მინდა, ყველა სტუდენტს წარმატებული სასწავლო წელი ვუსურვო, განსაკუთრებით, ჩვენი - აგრარული  და თავისუფალი უნივერსიტეტების - სტუდენტებს. მიხარია და ვამაყობ, რომ წელს ჩვენი უნივერსიტეტი ერთადერთია, რომელმაც ყველა ვაკანსია შეავსო.

ძალიან სასიამოვნო სანახავია სტუდენტებით სავსე უნივერსიტეტი.მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს უნივერსიტეტში რაღაც ყოველთვის ხდება, ზაფხულის პერიოდი მაინც უღიმღამო, ცარიელი მეჩვენა. საოცარი მიჩვევა იცის სტუდენტებთან ურთიერთობამ. 

დილით მეც მივიჩქაროდი ლექციაზე, ნახევარი საათით ადრე მივედი. გამახარა მათთან შეხვედრამ. მეამაყებიან. ეს პირველი ნაკადია, რაც მევენახობა-მეღვინეობის პროგრამა აღვადგინეთ, ამიტომაც ესენი განსაკუთრებით მიყვარს. მინდა, რომ კარგად გაიაზრონ მათი ახლანდელი მოვალეობა და ეს დრო მაქსიმალურად გამოიყენონ, ისწავლონ და იყვნენ საკუთარი თავის მიმართ მომთხოვნები. 

მოკლედ, ზაფხულის არდადეგების შემდეგ პირველად შევხვდით ერთმანეთს და ისე მოხდა, რომ აღვნიშნეთ ეს ამბავი, ანუ - დეგუსტაცია გვქონდა. უფრო გაზრდილები მეჩვენენ; თითქოს,უფრო დასერიოზულებულებიც. დიდი ენთუზიაზმით ემზადებიან რთველის ჩასატარებლად და ჩვენი მევენახეობა-მეღვინეობის აკადემიის მარანში ღვინის დასაყენებლად. გადავწყვიტეთ, მარანში მოტანილი აღჭურვილობა ამ კვირაში დავამონტაჟოთ. ვფიქრობთ, მომავალ კვირაში ყურძენი უკვე დასაკრეფი იქნება. 

დღეს კიდევ ერთხელ დავათვალიერე ჩვენი მარნის აღჭურვილობა. მგონი, დასაწყისისთვის ყველაფერია. მერე ნელ-ნელა შევავსებთ. ყოველ შემთხვევაში, სტუდენტებს ყველაფერი ექნებათ ღვინის დასაყენებლად. მომავალ წელს ახალ ქვევრებს ჩავყრით ქვევრის მარანში  და საშუალება ექნებათ, კახური ტრადიციული ღვინოც დააყენონ. ქვევრის მარანი ძველია, ძალიან მომწონს. ცოტა ხელის შევლება სჭირდება. კარგი, პატარა ენოთეკის გაკეთებაც შეიძლება.დეგუსტაციის ჩატარებაც რომ იქვე იყოს შესაძლებელი. მომავალ წელს აუცილებლად უნდა დავტვირთოთ ფუნქციურად.

სამმა ლექციამ როგორ ჩაიარა, ვერც გავიგე. მონატრებული ვარ ბავშვებთან ურთიერთობას. მერე ადმინისტრაციულად მოსაგვარებელ საკითხებს მივხედე. დღის ბოლოს კი თავს უფლება მივეცი, ჩვენი უნივერსიტეტის სპორტული დარბაზით მესარგებლა. 3-4 დღის წინ ვნახე, მანამდე არ მქონდა ნანახი. ვიცოდი, რომ კეთდებოდა, პროექტსაც ვიცნობდი და მომწონდა, თუმცა, ვერ მოვიცალე, რომ დასრულებული მენახა. ერთ საათზე მეტ ხანს ვარჯიში ვერ შევძელი, თუმცა, იმედი მაქვს, სისტემატური სიარულით ვარჯიშის დროს გავზრდი. 

 

15 სექტემბერი, სამშაბათი

როგორც ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს, დღესაც ღვინის ეროვნულ სააგენტოში დეგუსტაცია ჩავატარეთ. საკმაოდ ბევრი ღვინო იყო. მიხარია. საათნახევარში დავამთავრეთ. მინდა, დეგუსტაციაზე უკეთესი ხარისხის ღვინოები შემოდიოდეს. იმედია, მალე ეგ დროც დადგება.

დეგუსტატორების გადამზადებაზე ვმსჯელობდით. წელს, სავარაუდოდ, ამას ჩვენი ძალებით მოვახერხებთ. მომავალ წელს გვინდა, უცხოელი ექსპერტი ჩამოვიყვანოთ. კარგი იქნება - თავის გამოცდილებას გაგვიზიარებს. წლინახევრის წინ ბორდოში გავეცანი დეგუსტატორების გადამზადების სისტემას, რომლის ფარგლებშიც ბორდოს რეგიონის 250-ზე მეტმა დეგუსტატორმა აიმაღლა კვალიფიკაცია. ალბათ, გარკვეულწილად ღირს მათ გამოცდილებაზეც დაფიქრება. ახალი თაობაც მოდის. სასურველია, უფრო მეტად ჩავრთოთ ისინი.

ამ დროს რთველი გაჩაღებული უნდა იყოს, მაგრამ წელს გვიან დაიწყო. სეტყვამ ძალიან დააზარალა ყვარლის რაიონი, ზოგს 100%-ით დაესეტყვა. რთულია, ამდენი შრომა, მოლოდინი...

 

16 სექტემბერი, ოთხშაბათი

დღეს 3 დეგუსტაცია-პრაქტიკა მქონდა. 2 ჯგუფი მეღვინეების მყავს, 3 - მაინორების. მეოთხეკურსელები არიან. ამ სემესტრში ვუკითხავ კურსს - „მეღვინეობის რეგიონები და დეგუსტაცია“. თითქმის, ყველა ქართული ღვინო ვიყიდეთ. უცხოურ ღვინოებზე მეფიქრება, დიდი არჩევანი არ გვაქვს საქართველოში. ზოგი ჩამოვიტანეთ. იმედია, აქაც მოვახერხებთ  ყიდვას. 300 ბოთლზე მეტი დაგვჭირდება ამ სემესტრში. კარგი პრაქტიკა გამოუვათ ბავშვებს და მონდომებულებიც არიან. 

დღეს გადავხედე პირველი და მეორეკურსელების რაოდენობას, რომლებსაც მეღვინეობა აქვთ არჩეული, დაახლოებით 80 ბავშვია თითო კურსზე, მობილობით გადმოსულებს თუ არ ჩავთვლით. ბევრია. დარგსაც არ სჭირდება ყოველ წელს ამდენი კადრი. ისევ ძალიან პოპულარული გახდა ეს პროგრამა.

რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, 2013 წელს აღვადგინეთ მევენახეობა-მეღვინეობის პროგრამა (ფაკულტეტი), ბევრი შრომა დაგვჭირდა მე და დათოს ამისთვის. შედეგი, ასეთ მოკლე პერიოდში, ცუდი არ არის, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი გვჭირდება მიზნის მისაღწევად. გვინდა, ისეთი ცოდნა მივცეთ ჩვენი ბაკალავრიატის კურსდამთავრებულებს, რომ საზღვარგარეთ მაგისტრატურაში სწავლა არ გაუჭირდეთ. ძალიან ხშირად ხდება ასე.

კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის მუზეუმი

დღეს მესამეკურსელები გადავამოწმე. მათ ამ შემოდგომაზე სასწავლო პრაქტიკა აქვთ, რაც გულისხმობს საწარმოში რთველის პერიოდში სტაჟირებას. ბევრ საწარმოს ჯერ კიდევ არ დაუწყია რთველი, ბავშვები ცოტას ნერვიულობენ, რამდენად მოვასწრებთ მთელ ციკლში მონაწილეობის მიღებასო. მახარებს მათი მონდომება. ძალიან მინდოდა ეს საწარმოო პრაქტიკა გვქონოდა, ამიტომ ჩავსვით სასწავლო პროგრამაში და გაამართლა, პირველი ნაკადი შარშან გავუშვით, საწარმოების უმეტესობა დაგვეხმარა, წაიყვანეს ჩვენი სტუდენტები დაძალიან კმაყოფილები დარჩნენ მათი ცოდნით და მონდომებით. მათი დასაქმებაც კი შემოგვთავაზეს. იმედი მაქვს, წელსაც ასეთი შედეგი გვექნება. რაც მთავარია, ამან სტუდენტების მოტივაციაზე ძალიან იმოქმედა. რთველიდან დაბრუნებულები ლექციებს აღარ აცდენდნენ და აღარ ზარმაცობდნენ. სწორედ ამიტომ მინდოდა მათი რთველში მონაწილეობა, რათა თავიანთი თვალით ენახათ და ეგრძნოთ, რა არჩევანი გააკეთეს. არ მინდა პროფესია ისე აირჩიონ, რომ არ იცოდნენ, რა უნდა გააკეთონ მომავალში. ღვინის დაყენებას ამ საქმის სიყვარული და კარგი ინტუიცია სჭირდება. 

გაიზენჰაიმთან ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება დავდეთ. ორი წლის განმავლობაში ექვსი სტუდენტი წავა მევენახეობა-მეღვინეობისა და ღვინის ბიზნესის პროგრამებზე სასწავლად.

კონკურსი ჩავატარეთ და წელს ორი მეოთხეკურსელი შეირჩა ღვინის ბიზნესის პროგრამისთვის. ბავშვებმა დღეს ყველა საჭირო დოკუმენტი შეავსეს, რომლებიც მეორე მხარეს გავუგზავნეთ.12 ოქტომბერს სწავლა ეწყებათ და ყველაფრის გაკეთება უნდა მოასწრონ.

დღესვე გავაგზავნე წერილი ახალი პროექტის დასაწყებად. ვფიქრობ, მომავალ წელსაც ასეთსავე ხელშეკრულებას დავდებთ მონპელიეს სუპაგროსთან და სტუდენტებს მაგისტრატურზე სასწავლებლად გავგზავნით. 

ცოტა გრძელი და დატვირთული დღე იყო. 

 

17 სექტემბერი, ხუთშაბათი

დეგუსტაცია ჩავატარეთ. არცთუ დიდი ხანია, რაც ახალ შენობაში გადმოვედით. ღვინის ეროვნული სააგენტოს დიდი ნაწილი წლის დასაწყისში გადმოვიდა, ჩვენ კი - სექტემბერში.

დეგუსტატორებს მოსწონთ ჩვენი ახალი სადეგუსტაციო დარბაზი. გარკვეული სამუშაოები დასამთავრებელია. საბოლოოდ, მართლაც, კარგი გამოვა. შევადგინე მათი გადამზადების გეგმა. სამუშაო ფურცლის ეს ვარიანტი ძველისგან განსხვავდება. უფრო დეტალურია, საკონკურსო ფურცლის ტიპის. ამ მიმართულებით მოგვიწევს დეგუსტატორებთან ერთად მუშაობა. 

საღამოს მიშამ დაგვპატიჟა. ფრანგი კოლეგა ჰყავდა სტუმრად. სასიამოვნო საღამო გამოვიდა, ბიჭებმა იმღერეს და მოილხინეს. გვიან დავბრუნდით სახლში. სანამ მანქანას ვაყენებდი ილიკომ დრო იხელთა და ბავშვი გააღვიძა, სახლში რომ შევედი ერთი იატაკზე იჯდა და მეორე პიჟამათი დარბოდა. დაიწყო ჩემი უძილო ღამე...

 

18 სექტემბერი, პარასკევი

დღეს ჯგუფი შეივსო. 28 სექტემბერს „საქართველოს ღვინის სკოლა“ ახალ ნაკადთან იწყებს დეგუსტაციის შემსწავლელ კურსს. კიდევ ერთხელ გადავხედე ლექციების ჩამონათვალს, ვფიქრობ არაფრის შეცვლა არ არის საჭირო, თუმცა თვითონ ლექციებში გარკვეულ ცვლილებებს შევიტანთ, მასალას გავზრდით. 

ზაფხულის ჯგუფთან გამოცდა მაქვს ჩასატარებელი, საგამოცდო კითხვები მოვამზადე. მომავალ ჯგუფთან უფრო მომთხოვნები ვიქნებით და გამოცდას პრაქტიკაშიც გავაკეთებთ. მინდა აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემია ჩავრთო, კერძის და ღვინის შეხამების ლექციისთვის საუკეთესო გარემო იქნება. 

ჯგუფში საინტერესო ხალხია. გასახარია, ამდენი მსურველი რომ არის. სასურველია, ზოგადად, მომხმარებელმა ღვინის შეფასების, დაგემოვნების კულტურა გამოიმუშაოს. 

 

19 სექტემბერი, შაბათი

მიყვარს შაბათი, ოჯახში ვარ და შემიძლია ჩემი დრო ჩემებს დავუთმო. ცოტა მეცინება, ამას რომ ვწერ. ადრე ვამბობდი, არ ველოდები პარასკევს და არ მწყინს ორშაბათის დადგომა, ისე მიყვარს ჩემი საქმე-მეთქი.

ახლაც ვიმეორებ, რომ მიყვარს ჩემი საქმე და ნამდვილად გამიმართლა იმაშიც, რომ მიყვარს ის ხალხიცვისთან ერთადაც ვმუშაობ, მაგრამ სახლში მიმეჩქარება უკვე, მარიამი და ილიკო მელოდებიან. დილას ჩემი საქმეები მოვითავე, ილიკომ მარიამი წაიყვანა სასეირნოდ პლეხანოვზე. იქ გაიზარდა და სულ იქით მიუწევს გული. შუადღეზე მეც შევუერთდი და მთავარანგელოზი მიქაელის სახელობის ტაძარში მივედით, დღეს მთავარანგელოზი მიქაელის ხსენების დღეა, მიყვარს ეს ტაძარი. 

მარიამი ძალიან მოძრავია. ფეხი ახლა აიდგა, დარბის და ჩვენც დაგვარბენინებს. ადამიანის ცხოვრება გარკვეულწილად იცვლება, როცა რაღაც მატება აქვს - სახლს, მანქანას ან რაიმე საჭიროს ან მნიშვნელოვანს ყიდულობს და მითუმეტეს, როცა ახალი წევრი ემატება ოჯახს, თავისი ხასიათით, მოთხოვნებით. ასე ვართ მე და ილიკო, შეიცვალა ჩვენი  ცხოვრება, ახალს არაფერს ვამბობ, უბრალოდ დიდია ეს სიახლე და მასთან დაკავშირებული გრძნობა.

საღამოს წინანდლის ღვინის სკოლისახალი ბროშურის მონახაზი და ლექციების ჩამონათვალი გავაკეთე, კალენდარი შევადგინე. წელს მინდა, შაბათობით ჩავატაროთ წინანდალში ლექციები. შარშანდელი წელი შედეგიანი იყო. ბავშვებმა გამოცდებში მაღალი შეფასებები მიიღეს, დასწრებაც კარგი იყო. მინდა ახალსა და ძველ ნაკადებს შორის მეტი კონტაქტი იყოს, გაიცნონ ერთმანეთი, ამიტომ ვგეგმავთ ერთი დიდი დეგუსტაციის ჩატარებას. ერთად იმსჯელებენ ღვინოებზე, გაუზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას. შარშანდელი ბავშვებიდან ბევრმა ჩააბარა მეღვინეობაზე, თუმცა ეს არ არის ჩვენი სკოლის მიზანი. მთავარია, ამ დარგის ისტორია, გეოგრაფია, ღვინის მოხმარების კულტურა ისწავლონ. ღვინო მათთვის უფრო მეტი იყოს, ვიდრე თრობის საშუალება. 

წინანდლის ღვინის სკოლის მოსწავლეები

ოქტომბერში თელავის, ყვარლის, გურჯაანის რაიონების სკოლებში ჩავალთ და ბავშვებს გავაცნობთ ამ პროგრამას. ჩვენთან, ძირითადად, სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები დადიან, თუმცა არა მარტო ისინი, მოყვარულებიც. სკოლა ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზეა. ძალიან კარგი გარემოა. ყოველწლიურად ერთ სტუდენტს, რომელიც მეღვინეობის პროგრამაზე ჩააბარებს და ყველაზე მაღალ ქულებს მიიღებს, მთელი სასწავლო პერიოდის განმავლობაში სტიპენდიას ვუნიშნავთ. ეს ფაქტიც, გარკვეულწილად, ზრდის მათ მოტივაციას.

დღესაც ვფიქრობდი, მიხარია რომ საგანმანათლებლო მიმართულებაში ჩავერთე. ყოველთვის ვგრძნობდი რომ მინდოდა ამ სფეროში მეცადა თავი. მარტივი არ არის, პასუხისმგებლობა დიდია, თუმცა ძალიან საინტერესო და საჭირო დარგია.

საღამოს ვახშამი მოვამზადეთ და რაგბის ვუყურეთ. დიდი სიხარული მოგვიტანა ბორჯღალოსნების გამარჯვებამ! ძალიან კარგი თამაში აჩვენეს ბიჭებმა! მოგვიანებით სამხრეთ აფრიკელების და იაპონელების თამაში იყო. იაპონელებმა სასწაული ბრძოლისუნარიანობა გამოიჩინეს და შედეგიც აჩვენეს! ასეა, არასდროს  უნდა დაკარგო გამარჯვების იმედი, ყველაფერი შეიძლება მოხდეს!

 

20 სექტემბერი, კვირა

დილას ადრე ავდექით. ილიკოს საქმე ჰქონდა და ჩვენც გაგვიყოლა. იქიდან მარიამი ჯანსუღ კახიძის სახელობის ბაღში წავიყვანეთ, კარგად გაერთო. ისე იხალისა, ლამის ჩვენც საქანელებს მივუსხედით. მერე ჩემებს გავუარეთ. დედაჩემი და ჩემი ძმა სახლში გველოდნენ და მიუხედავად იმისა, რომ კვირის განმავლობაში სულ იქ არის მარიამი, მაინც მის მოლოდინში იყვნენ. ჩემი ძმა ამ კვირას მივლინებაში იყო, ხაშმის საფერავს იკვლევენ. დღეს ღვინო მომცა დასაგემოვნებლად, ორშაბათს გავსინჯავ ბიჭებთან ერთად. აინტერესებს როგორი იქნება ჩვენი შეფასება. თვითონ ძალიან მოსწონს, ვნახოთ როგორი იქნება. 

მოგვიანებით მარიამი ცოტა ჭირვეულობდა, სასეირნოდ ჩავიყვანეთ მე და დედაჩემმა. კბილები ამოსდის და აწუხებს, ალბათ. მთელი ეზო აიკლო, ხმამაღლა ლაპარაკობდა, თავის ენაზე. საღამოს მე და ილიკო სავახშმოდ წავედით, მობრუნებულებს უკვე დაძინებული დაგვხვდა. დედაჩემი გავაცილეთ. 

ამ კვირამ კარგად ჩაიარა, მომავალი კვირა უფრო დატვირთული იქნება, მეოთხე კურსის სტუდენტები რთველს იწყებენ აკადემიაში!

© ანა გოდაბრელიძე, საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი.

p.s. ანამ, ასევე, მოგვაწოდა აგრარული უნივერსიტეტის მევენახეობისა და მეღვინეობის პროგრამის სტუდენტების რთველის ფოტოები საუნივერსიტეტო ვენახსა და მარანში.

პროექტ „ღვინის დღიურების“ ფარგლებში მომზადებული მასალა წარმოადგენს ავტორთა კერძო შეხედულებებს და არ გამოხატავს საქართველოს ღვინის კლუბისა და ღვინის საინფორმაციო ცენტრის პოზიციას.

ამ დრომდე საფერავზე უფრო მაღალი მოთხოვნაა, ვიდრე - რქაწითელზე

$
0
0

რთველი 2015 ყველაზე აქტიურ ფაზაში შევიდა. დღითიდღე იზრდება ყურძნის დღიური გადამუშავების მაჩვენებელი, რომელმაც 23 სექტემბერს 6 722 ტ. შეადგინა, ხოლო 24 სექტემბერს - 7 100 ტ. 

8 000-მდე მევენახემ ღვინის სახელმწიფო და კერძო საწარმოებს ყურძნის ნედლეული უკვე მიჰყიდა. კახეთში, ამ ეტაპზე, ყურძნის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა 35 მლნ ლარს მიაღწია. 

25 სექტემბრის დღის 12:00 საათის მონაცემებით, ღვინის კომპანიების მხრიდან გადამუშავებულია სულ 57 040 ტ. ყურძენი, რომელთაგან 23 902 ტ. რქაწითელია, 24 851 ტ. საფერავი, ხოლო კახური მწვანე - 1 616 ტ.

ეს მონაცემები ბოლო ორი წლის სტატისტიკისგან იმით განსხვავდება, რომ ამ დრომდე საფერავზე უფრო მაღალი მოთხოვნა იკვეთება, ვიდრე - რქაწითელზე. გასულ წელს რქაწითელის გადამუშავების მაჩვენებელი, თითქმის, ორჯერ აღემატებოდა საფერავისას, ხოლო 2013 წლისა - დაახლოებით, სამჯერ. 

ეს, შესაძლოა, იმ ტენდენციითაც აიხსნას, რომ ალექსანდროულსა და მუჯურეთულზე გასულ წელს უპრეცედენტოდ მაღალი ფასების გამო აღნიშნული ჯიშის ყურძენზე წელს მოთხოვნა, შედარებით შემცირდეს და წითელი ნახევრად ტკბილი ხვანჭკარა, ამავე ტიპის ქინძმარაულმა ჩაანაცვლოს. ამას ღვინის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში სხვადასხვა კომპანიები, ჯერ კიდევ, ივნისში პროგნოზირებდნენ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია ღვინის 62 კომპანია, რომელთა შორისაა თბილღვინო, კახური ტრადიციული მეღვინეობა, შუხმან ვაინს ჯორჯია, კორპორაცია ქინძმარაული, თელავის ღვინის მარანი, GWS, დუგლაძეების ღვინის კომპანია, თელიანი ველი, კოტეხის ღვინის მარანი და სხვ. რომელთაგან ნაწილი მხოლოდ საკუთარ ვენახში მოწეულ ყურძენს გადაამუშავებს, ნაწილი - ნედლეულს ადგილობრივი მევენახეებისგან შეისყიდის. 

ამის პარალელურად, სახელმწიფო განაგრძობს მევენახეებისგან ყურძნის შეუზღუდავ შესყიდვას, მის მიერ ნედლეულის გადასამუშავებლად საგანგებოდ დაქირავებულ 17 კერძო საწარმოში. 

ამ დროისთვის ყველაზე დიდი რაოდენობით ყურძნის გადამუშავება, სწორედ, გურჯაანის მუნიციპალიტეტში აღინიშნება, ყველაზე მცირე მოცულობით კი, ჯერჯერობით, საგარეჯოში.

გთავაზობთ ყურძნის გადამუშავების აქტუალურ მონაცემებს მუნიციპალიტეტების მიხედვით:

გურჯაანი - 19 680 ტ. 
ყვარელი - 11 229 ტ. 
თელავი - 10 563 ტ.
სიღნაღი - 6492 ტ.
ლაგოდეხი - 4 624 ტ.
დედოფლისწყარო - 1842 ტ. 
ახმეტა - 1318 ტ. 
საგარეჯო - 1260 ტ. 

მევენახეების საპროტესტო აქციები შეწყდა. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ დროისათვის საწარმოებთან რიგები დგას, რადგან მიმდინარე კვირა განსაკუთრებით დატვირთულია ყურძნის მიღება-გადამუშავების თვალსაზრისით.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი. 

რთველი 2015. რეპორტაჟი თელავის ღვინის მარნიდან

$
0
0

რეპორტაჟი მოამზადა ქეთო ნინიძემ

თელავის ღვინის მარანი საკუთარ ისტორიას 1915 წლიდან ითვლის, ჯერ კიდევ, დამოუკიდებლობამდელი საქართველოდან. საბჭოთა პერიოდში მეღვინეობა, ცხადია, სახელმწიფოს საკუთრება იყო. 1997 წელს კი კერძო მფლობელები გამოუჩნდა. დღეს ეს კომპანია წელიწადში, დაახლოებით 4.5-5 მლნ ბოთლ ღვინოს აწარმოებს და, რაც განსაკუთრებით აღსანიშნავია, კომპანია წარმატებით ახერხებს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციას. 2014 წელს ყოფილ საბჭოთა სახელმწიფოებში ექსპორტზე გავიდა მათი პროდუქციის მხოლოდ 26 %. 74 % - კი - მსოფლიოს სხვა რეგიონებზე განაწილდა. მარანის ღვინოები მსოფლიოს 22 ქვეყანაში იყიდება. ნიშანდობლივია ბოლო წლებში აზიის ბაზრების განვითარების ტენდენცია, განსაკუთრებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სხვადასხვა პროვინციებსა და ჰონგ-კონგში. კომპანია ცდილობს დამკვიდრებას, ასევე, აშშ-სა და კანადაში. როგორც მარანში აღნიშნავენ, საექსპორტო ბაზრების განვითარების საქმეში ცალკეულ კომპანიებს გვედით უდგას ღვინის ეროვნული სააგენტო, რომელიც ძალისხმევას არ იშურებს ქართული ღვინოების პოპულარიზაციის საქმეში. თელავის ღვინის მარანის ბრენდი შემდეგ პროდუქტებს ითვლის - საშუალო საფასო სეგმენტის ბოთლის ღვინო, რეგიონული, ადგილწარმოშობისა და ერთი ვენახის (კონდოლის) - ხაზის ღვინოები. მარანისავე ბრენდი - სატრაპეზო - თავის მხრივ, ქვევრის ღვინისა და აისვაინის დასახელებებს ითავსებს. წელს კომპანია მომხმარებელს ახალ პროდუქტს შესთავაზებს - რქაწითელის, მწვანესა და ცოლიკოურის ცქრიალა ღვინოს და, ამასთანავე, გეგმავს ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას. 

ღვინის საინფორმაციო ცენტრი თელავის ღვინის მარანს თელავის მუნიციპალიტეტში, სოფ. კურდღელაურში დილის 10:00 საათზე ეწვია. საწარმოში მეგზურობა გაგვიწიეს კომპანიის ოფისმენეჯერმა, თინათინ გიორგელაშვილმა და მეღვინეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა - ბექა სოზაშვილმა. 

კომპანია ინფრასტრუქტურულად კარგად გამართულ რამდენიმე მასშტაბურ, სხვადასხვა ფუნქციის შენობას აერთიანებს. 

ღვინის საწარმოო და დასაძველებელ შენობებში ღვინოები იწარმოება ევროპული მეთოდით, უჟანგავი ფოლადის ავზებში და დავარგების პროცესს გაივლის მუხის კასრებში.

ცალკეა გამოყოფილი მარანი ქვევრებით სადაც სხვადასხვა ზომის 40 ქვევრიდან კომპანია, ყოველწლიურად, 80 ტ.-მდე ქვევრის ღვინოს აწარმოებს. 

ცალკე შენობაში მიმდინარეობს ღვინის ჩამოსხმა და ეტიკეტირება, კომპანიის ეზოში ვხვდებით უჟანგავი ფოლადისავე ავზებს, სადაც ღვინის დუღილის პროცესი მიმდინარეობს.

აქვეა ადმინისტრაციული შენობაც, ტურისტებისთვის განკუთვნილი სადეგუსტაციო დარბაზით. 

როგორც თინათინ გიორგელაშვილი ამბობს, ამჟამად საწარმოში ბევრი სხვადასხვა პროცესი მიმდინარეობს, ყურძნის შესყიდვიდან და გადამუშავებიდან, ასაკოვანი ღვინოების დავარგებამდე. 

დილის საათებში, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, ყურძნის ჩაბარების მსურველ ადგილობრივ მევენახეებს არ ელოდებიან, რადგან კახეთში დღის ეს მონაკვეთი, ძირითადად, რთველს ეთმობა. ყურძნით დატვირთული სატვირთო მანქანები შუადღიდან იწყებს მოსვლას, როგორც ჩვენი მასპინძელი აღნიშნავს, მათ საწარმოსთან გრძელი რიგები, თითქმის, არ შეინიშნება.

ყურძნის ჩაბარების მსურველ მევენახეებს ისინი წინასწარ უთანხმებენ დროს, ასევე საქმის კურსში ამყოფებენ მათ მოთხოვნილ ჯიშებთან დაკავშირებით. თავდაპირველად  მევენახეები სანიმუშო მტევნებს კომპანიის ხარისხის კონტროლის დეპარტამენტს აწვდიან, სადაც ამოწმებენ როგორც ყურძნის შაქრიანობის ხარისხს, ასევე მტევანს - ვიზუალურად (ხომ არ არის მეტისმეტად დასეტყვილი, ან მარცვლები ხომ არ არის გაფუჭებული და სხვ).  

კომპანიამ წელს რთველი შედარებით გვიან დაიწყო. მას შემდეგ, რაც საკუთარი ვენახებიდან მოსავალი მოიწია. ამ პერიოდის განმავლობაში ისინი ბაზრის კონიუნქტურასაც სწავლობდნენ და დღეს იმავე თანხას იხდიან ყურძენში, რასაც ღვინის მწარმოებელი კომპანიების დიდი ნაწილი - რქაწითელი 0.35 ლარი, საფერავი - 0.7 ლარი (სახელმწიფო სუბსიდიის გარეშე). 

შარშანდელთან შედარებით წარმოება გაცილებით შეამცირეს, საექსპორტო ბაზრებზე მოთხოვნის კლების შესაბამისად. მარანმა წელს მთლიანად გადაამუშავა, დაახლოებით, 3700 ტ. ყურძენი. აქედან, 2200 ტ. წითელი ჯიშები, 1550 ტ. კი - თეთრები.

კომპანია 310 ჰა ვენახებს ფლობს, აქედან ძირითადი ნაწილი - 280 ჰა სოფ. კონდოლშია გაშენებული, 30 ჰა კი - ქინძმარაულის მიკროზონაში. ქინძმარაულის ზონის ვენახებში ცალკე ბლოკებად დაყოფილია ვაზი, რომელსაც ორგანული მეთოდით უვლიან. სოფ. კონდოლში, ამავე პრინციპით გამოყოფილ ვენახებში მწვანე რთველს ატარებენ და, საბოლოო, გადარჩეული მოსავლიდან სატრაპეზოსა (ქვევრი, აისვაინი) და კონდოლის ერთი ვენახის ხაზის ღვინოებს აწარმოებენ. 

კომპანია თავისივე ვენახებიდან აწარმოებს როგორც ადგილობრივ, ასევე, ევროპულ ჯიშებს - საფერავს, რქაწითელს, მწვანეს, ალექსანდროულს, მუჯურეთულს, კაბერნეს, შარდონეს, მერლოს, რისლინგსა და სხვ. 

მეღვინეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი - ბექა სოზაშვილი აღნიშნავს, რომ წლევანდელი მოსავალი რაოდენობრივად და ხარისხობრივად გამორჩეულია. მთლიან გადამუშავებაში საკუთარი მოსავლისა და შესყიდული ყურძნის მოცულობა, დაახლოებით, 50:50-ზე ნაწილდება. 

კითხვაზე, ხომ არ გეგმავს კომპანია უახლოეს მომავალში ვენახების გაფართოებას და მევენახეებთან ხანგრძლივი კოოპერაციის პროცესიდან გასვლას, გვპასუხობს, რომ - არა. მარანს ჰყავს რამდენიმე სტაბილური პარტნიორი - დაახლოებით, ათამდე მევენახე, რომლებთანაც კომპანია ჯერ კიდევ განაგრძობს შედეგიან თანამშრომლობას. რეგიონში ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშე - თელავის ღვინის მარანი - 2016 წლის რთველშიც ითანამშრომლებს გამოცდილ ან ახალ მევენახეებთან, რომელთა ნედლეულიც მათთვის მისაღებ სტანდარტებს დააკმაყოფილებს. 

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი 


რთველი „ქართული ვაზის ფონდის“ საკოლექციო ვენახში, 2015

ღვინის დღიურები. გოგი დვალიშვილი. ოჯახური ღვინის მწარმოებელი ხიდისთავიდან

$
0
0

21 სექტემბერი, ორშაბათი

ახალი კვირა დაიწყო. სართვლო სამზადისი მაქვს. რთველს ქვევრებისა და საწნახელის რეცხვით ვიწყებ. დილით ღვია მოვიტანე ქვევრების გასარეცხად და შევკარი.

რა სასიამოვნო სურნელი აქვს, განსაკუთრებით რომლებსაც ნაყოფი აქვს, იმათ. 

ვენახის დასათვალიერებლად წავედი.  ვენახში მაქვს თავკვერის, ჩინურისა და გორული მწვანის ჯიშები. თავკვერი ერთსქესიანია და საჭიროებს ჯვარედინ დამტვერვას. ვაზის ყვავილობისას ვენახში ჩავიტანე ორი სკა დამტვერვის გასაუმჯობესებად. შედეგი კარგია, ვნახოთ ღვინო როგორი იქნება.  

მე მოყვარული მეღვინე ვარ. მეფუტკრის ცოდნა და გამოცდილება ღვინოსთან საერთო ენის გამონახვაშიც ძალიან მეხმარება. მიყვარს ექსპერიმენტების ჩატარება, დაკვირვება. ჩემს ჩატარებულ ექსპერიმენტებს ტურისტებს ვაცნობ. მაინტერესებს მათი აზრი. მოსწონთ. 

მეც მომწონს ჩემი საქმიანობა, როგორც ვენახში და საფუტკრეში, ისე - მარანში და მაგიდასთან ღვინის და თაფლის გასინჯვა. სასიამოვნოა ტურისტების შეფასებებიც. გართობასთან ერთად, შემოსავლის წყაროც გაჩნდა. ყურძნის გაყიდვის პრობლემა მქონდა ყოველთვის, ახლა კი ღვინოს ვუფრთხილდები,  დიდი რაოდენობით აღარ ვყიდი, ახალ  მოსავლამდე რომ მიმყვეს.

ვენახის მოვლა შრომატევადია და დიდ ძალისხმევას მოითხოვს,. ვადებში უნდა ჩაეტიო, რომ ხარისხიანი მოსავალი მიიღო. ვენახის მოვლისას მამის ანდერძს ვასრულებ. მთხოვა რომ მისი ნაშრომი და მისი მოვლილი ვენახი არ გამეფუჭებინა.

 

22 სექტემბერი, სამშაბათი

ვემზადები რთველისათვის. 

დღეს ღვინო ჩამოვასხი ბოთლებში. ბოლო ორი კვირაა, ტურისტების ტალღა წამოვიდა და ბოთლებში ჩამოსხმული ღვინო გამომელია. მარანს ცარიელი ბალონები არ უხდება და მეც ნელ–ნელა ვასხამ ღვინოს ბოთლებში. ტურისტებს ქვევრის ღვინო უფრო მოსწონთ.

ჩემი მარანი

შარშან ქვევრები ახლიდან გავსანთლე და ადვილი მოსავლელი გახდა.  ფუტკარი თაფლს ასხამს სანთლისგან გაკეთებულ ფიჭაში, ხოლო მეღვინე და მექვევრე ქვევრს სანთლავს რაც ბუნებრივი და მარტივია.

ქვევრის გასანთლვის პროცესი

მაქვს უჟანგავი ფოლადის ცისტერნაც პნევმატური ხუფით და გადავწყვიტე მისი გასანთვლა. ჩავატარე ცდა. ხუფი გავაცხელე გაზქურაზე და წავუსვი სანთელი,  კარგად მიიღო. ახლა ცისტერნასაც გავსანთლავ, რათა ღვინო ლითონს არ ეხებოდეს და ისიც ბუნებრივად სანთელში შევინახო. 

ბუნებაში ასეთი რამ ხდება: როდესაც ყვავილები ნექტარს გამოყოფს დიდი რაოდენობით, ასეთი ამინდი ვაზის ჭრაქს და ნაცარს უწყობს ხელს და წამლობის ვადა უნდა შემცირდეს 5-7 დღის ინტერვალით. ხოლო როდესაც უღალო წელიწადია, იმ წლის მოსავლით საუკეთესო ღვინო დგება.

 

23 სექტემბერი, ოთხშაბათი 

დღეს თაფლის არაყი გამოვხადე. ტურისტებს მოსწონთ, ესეთი რამე ცხოვრებაში არ დაგვილევიაო. 

შუადღისას ისრაელიდან მოვიდნენ სტუმრები, ექიმები იყვნენ. ფუტკრის რძე გავასინჯე. მითხრეს, ფუტკრის რძეზე დამზადებულ პრეპარატებს ვიყენებთ, მაგრამ ფუტკრის რძე არასდროს გაგვისინჯავსო. 

საინტერესო და ხალისიანი  დეგუსტაცია გვქონდა. ერთმანეთს დიდი ხნის მეგობრებივით დავცილდით. 

 

24 სექტემბერი, ხუთშაბათი

ვენახს ვამზადებ სართვლოდ. მიჯნები და გზა გავასუფთავე, სასიარულოდ რომ ადვილი იყოს. ვენახში რამდენიმე დიდი ხნის ხე იდგა და მოვჭერი. ახლა თვალი კაკალს დავადგი, ვენახს ჩრდილავს.  ნამყენები გამოვიყვანე,  გაზაფხულზე მინდა დავრგო და ვენახი გავაფართოო. ორი წლის წინ თავკვერის წიპწა დავთესე. რამდენიმე ძირს კარგი ნაზარდი აქვს. ველოდები, რომ მოისხამს, რა გამოვა. ვნახოთ. თავკვერი ერთსქესიანია და სხვა მცენარეებისგან დამტვერვას საჭიროებს. აქედან გამომდინარე, მისი წიპწა ბუნებრივად არის სელექციისათვის საყურადღებო. თანაც, წიპწიდან გამოსული ვაზის ფესვი ბუნებრივია და ძლიერი. 

ჩიტის ბუდე თავკვერის ვაზზე

შუადღისას ტურისტები მესტუმრნენ სამხრეთ აფრიკიდან და ლატვიიდან. ლატვიელი ქალბატონი თარჯიმნობას სწევდა. ექსპერიმენტული ღვინო გავასინჯე. მოეწონათ. მე მგონი ექსპერიმენტი გამოვიდა. ღვინოში სხვადასხვა დოზით გავურიე თაფლი და დავხუფე, ერთი თვის მერე მივიღე ცქრიალა ღვინო მშრალი და ნახევრად ტკბილი. საინტერესო ცდაა, კიდევ ვაგრძელებ. 

ჩემი მარნის სტუმრები სამხრეთ აფრიკიდან და ლატვიიდან

როგორც წესი, ჩემს სტუმრებს მათთვის უჩვეულო გარემო მოსწონთ - მარანი და ღვინით სავსე ბალონები, ძველი ღვინის ბოთლები, კედელზე ნახატები და ბარელიეფები. ბევრს არ სჯერა, როგორ ვახერხებ ქვევრში ღვინის ჩასხმას. შემდეგ ნახულობენ მარანში გამოკრულ ფოტოებს და იჯერებენ. მოსწონთ ოჯახის ყველი, წალამზე შემწვარი მწვადი. ვცდილობ, ყველაფერი ნატურალური შევთავაზო, მაქვს 5 სახეობის ღვინო.  3 - ქვევრში დაყენებული და 2 - ევროპულად. განსაკუთრებით მოსწონთ ჭაჭაზე დაყენებული თავკვერი. 

ჩემი მარანი

პირველად სტუმრები „ღვინის გზის“ ნიშნულის დაყენებიდან სამი თვის მერე მოვიდნენ. ესტონეთიდან იყვნენ. მივიღე, როგორც ჩემი მეგობრები და ახლობლები. საინტერესო დეგუსტაცია და საუბარი გვქონდა. კმაყოფილები წავიდნენ. შემდეგ მოსვლაზე გიდმა მითხრა, მთელი საქართველო შემოვატარე და აეროპორტში რომ ვაცილებდი მაშინაც შენზე მელაპარეკებოდნენო.

 

25 სექტემბერი, პარასკევი

დღეს დილით ღვინის ბოთლებს ეტიკეტები და ჩაჩი გავუკეთე. თაროებზე დავალაგე, სტუმრები ყოველთვის შუადღის მერე მსტუმრობენ და ვცდილობ, სახლში ვიყო ამ დროს.

საღამოს ორი იაპონელი ქალბატონი მესტუმრა გიდთან ერთად. მარანში შემოსული სტუმრების ,,ვაუ’’ ძალიან მსიამოვნებს. ბევრჯერ უთქვამთ, ასეთი რამ ვერც წარმოგვიდგენიაო. ამ საქმეში ჩემი და ჩემი მამა–პაპის დამსახურებასთან ერთად, ღვინის კლუბის დიდი წვლილიცაა შეტანილი.

იაპონელ სტუმრებთან ერთად

ტურისტები ბევრად ადრეც მსტუმრობდნენ ფუტკრის პროდუქტების შესაძენად. პირველად ტაივანიდან იყვნენ, დიდი ჯგუფი იყო. ჯერ ორი კაცი მოვიდა დინდგელის საყიდლად. საფუტკრე ვაჩვენე და თაფლი გავასინჯე, ერთი მათგანი წავიდა და მთელი ჯგუფი მოიყვანა. მარნის კარები რომ გავაღე, მთელი ჯგუფი მარანში როგორ არმოჩნდა, ვერც კი მივხვდი. გაოცდნენ ქვევრებით და შინ დაწურული ღვინის რაოდენობით. 

მას მერე სტუმრები უცხოეთიდან არ გამოლეულან ჩემს მარანში. კაცი სწავლას, შრომას და გარჯას თუ არ დაიზარებს, ადრე თუ გვიან, ყველაფერი გამოუვა. გული არაფერზე არ უნდა გაიტეხო.

 

26 სექტემბერი, შაბათი

დილით მე და თენგომ ვენახში ვიმუშავეთ. შუაღით ვაზებში ცხელა და მუშაობა ძნელია. ყურძნის დასამწიფებლად კარგი ამინდებია. კარგი ყურძენია, ნელ–ნელა ბიოს ვუახლოვდებით, მერმის, ალბათ, მარტო ბორდოს და გოგირდს გამოვიყენებთ. 

დღის მეორე ნახევარში სამი ტურისტი გვესტუმრა ტაქსით. მეღვინეობის მოყვარულები იყვნენ. ღვინოსთან დაკავშირებით ბევრი შეკითხვა ჰქონდათ. თაფლის არაყი აოცებთ. ესეთი რამ არ დაგვილევიაო. იდეა მომივიდა - თაფლის არაყის ბრენდი დავაყენო, 50-70 ლიტრი მაინც.

მე და ჩემი სტუმრები

ტურისტებთან ურთიერთობამ კარგი გამოცდილება მომცა. ჩემს სტუმრებს, ქართულ სამზარეულოსთან და სასმელებთან ერთად, განსაკუთრებით ხიბლავთ ტრადიციები. ერთხელ ერთმა ჰოლანდიელმა ახალგაზრდა კაცმა ცრემლები ჩამოყარა, მე პაპაჩემის სახელიც კი არ ვიცი და ტრადიციების რაღა მეცოდინებაო. რომ დავბრუნდები ჰოლანდიაში, ყველაფერი უნდა მოვიძიოო.

 

27 სექტემბერი, კვირა

დილით ვენახს ვასუფთავებთ მე და თენგო (თენგო ჩემი შვილია). ახალ გეგმებს ვსახავთ ვენახის გაფართოებისათვის.  ზედმეტად დაბერებული ხეხილის ადგილას ვაზის გაშენება გვინდა. ნამყენი უკვე გამოვიყვანეთ, თუ არ გვეყოფა, წიდნებს გავაკეთებთ გამართული ვაზიდან. 

თენგომ ნახევარი ჰექტარი ვენახი გააშენა, ბიო ღვინის დაყენება აქვს გადაწყვეტილი. მეღვინეობასაც სწავლობს ნელ–ნელა. ამბობს გენებით მეღვინე ვარო. ვნახოთ, რა ღვინოს დააყენებს. ქართლის საუკეთესო ჯიშები გააშენა: თავკვერი, ბუდეშური, გორული მწვანე და ჩინური.

გორული მწვანე

მიმბაძველებიც გამოუჩნდნენ, რაც ძალიან კარგია. ზოგი ვაზს აშენებს, ზოგიც მეღვინეობით დაინტერესდა. ჩემთან მოდიან და რჩევებს მთხოვენ. წიგნებს ვაძლევ, რომ ისწავლონ და თვითონ გადაწყვიტონ, რა როგორ გააკეთონ.

მეღვინეობის სწავლას დიდი დრო და მოთმინება შევწირე. დღემდე ვსწავლობ. ვნახოთ, მომავალში რა გამომივა. მთელი ძალით გამიტაცა ამ ხელობამ. 

© გოგი დვალიშვილი, საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი. 

გოგი დვალიშვილის მარანი facebook-ზე.

პროექტ „ღვინის დღიურების“ ფარგლებში მომზადებული მასალა წარმოადგენს ავტორთა კერძო შეხედულებებს და არ გამოხატავს საქართველოს ღვინის კლუბისა და ღვინის საინფორმაციო ცენტრის პოზიციას.

სოლომონ ჩოლოყაშვილი, მევენახეობის სახელმძღვანელო

$
0
0

გადმოწერეთ

სოლომონ ჩოლოყაშვილი, მევენახეობის სახელმძღვანელო, წიგნი პირველი: ზოგადი ნაწილი.ზოგადი ნაწილი / შედგენილია ს. ჩოლოყაშვილის მიერ. A. Babo lf C. Mach-ის მევენახეობის სახელმძღვანელოს გამოყენებით. თბ. სახელგამი, 1937.

"გლეხს არც ბაზარი აქვს, არც - პირობები, ღვინო რომ გაყიდოს". რეპორტაჟი თელავიდან

$
0
0

რეპორტაჟი მოამზადა ქეთო ნინიძემ

დაახლოებით, ორი კვირაა, რაც რთველმა კახეთის ყველა სოფელი მოიცვა. მევენახეები საკუთარი ძალებით თუ დაქირავებულ მუშახელთან ერთად, ადრიანი დილიდან ყურძნის კრეფაში ერთვებიან. ნაშუადღევს კი, დაახლოებით, 15:00-16:00 საათიდან, თავინთი მოსავლით იმ საწარმოებისკენ იღებენ გეზს, სადაც, წინასწარ არიან მორიგებულნი, რომ ყურძენს ჩააბარებენ. მოსავლის რაოდენობიდან და რთვლის ინტენსიური პერიოდიდან გამომდინარე, საწარმოებთან რიგებია. ზოგჯერ მევენახეს ათ- და თორმეტსაათიან რიგში დგომის შემდეგ სხვა საწარმოში გზავნიან, რაც, ცხადია, მათი უკმაყოფილების მიზეზი ხდება. 

შაბათი საღამოა. 26 სექტემბერი. ახმეტიდან თელავის მიმართულებით მივდივართ. გზად ვხვდებით უამრავ სატვირთო მანქანას, ან ტრაქტორს, საბარგულიანი მისაბმელით, რომლებზედაც ტონობით დატვირთულ ყურძენს საწვავის ნაკლებად კეთილსურნელოვან კვამლში ძნელად გაარჩევთ. 

ამჯერადაც, შემთხვევითი შერჩევით,  ღვინის გზის პირველივე ნიშნულს გავყევით, საითაც სატვირთო მანქანები მიემართებოდნენ. 

გრძელ რიგში, მისვლისთანავე, მხოლოდ საწარმოს გარეთ,  25 სატვირთო მანქანა დავთვალეთ, დაახლოებით, 5 ეზოშია შესული. რიგს ყურძნის ჩაბარების მსურველი ახალი მანქანები ემატება და ნაკადი არ ილევა. მევენახეები უკმაყოფილონი არიან, რადგან საწარმოს ეზოდან ხმა გამოვიდა, რომ გადამამუშავებელი დანადგარი შეფერხებით მუშაობს. შესაბამისად, პროცესი ძალიან ნელა მიიწევს წინ. 

რიგში ვრჩებით და ვესაუბრებით ადგილობრივ მევენახეებს.  

საუბარი საკმაოდ ლოგიკურად წარიმართა. ნათლად გამოიკვეთა მეღვინეობისა და მევენახეობის წინაშე არსებული გამოწვევები, დარგობრივი  საჭიროებები. თითოეული დიალოგი, პირდაპირ თუ ლატენტურად, ერთსა და იმავე პრობლემებზე მიანიშნებს. 

ბუნებრივია, რომ მევენახეების, როგორც პოსტ-საბჭოთა სახელმწიფოს მოქალაქეების, დიდი ნაწილი პრობლემების (მათ შორის, თვით, ტექნიკური ხასიათის პრობლემების) მართვას ცენტრალიზებულად მოელის, თუმცა, ეს, ალბათ, საშუალო განათლების საფეხურზე გადასაჭრელი პრობლემაა, რაც, იმედია, მათი შვილიშვილებისა და უფრო მომდევნო თაობების რეფორმირებულ სკოლაში დაიძლევა, უნარ-ჩვევებსა და პრაქტიკულ ცოდნაზე ორიენტირებული ეროვნული სასწავლო გეგმის საშუალებით.

გარდა ამისა, იკვეთება რამდენიმე, საკმაოდ კონკრეტული პრობლემა. მაგალითად, მევენახეები თვლიან, რომ მათ არ აქვთ მატერიალური რესურსები (თანხა / ინფრასტრუქტურა), რომ თავად აწარმოონ საკუთარი ღვინო. ასევე, ცხადად ჩანს, რომ მათი  ცოდნა ბიზნესში საკმაოდ მწირია და ბიზნესისთვის აუცილებელი უნარებიც არ აქვთ სათანადოდ განვითარებული, რომ შექმნან და გაყიდონ პროდუქტი. 

ნიშანდობლივია ისიც, რომ ზოგიერთი მათგანი კარგად არ არის გარკვეული დარგობრივ კონიუნქტურაში - ერთმანეთისგან ვერ მიჯნავს სახელმწიფოს მიერ ნარჩენი ყურძნის ჩაბარებასა და ყურძნის სუბსიდირებას, მათი შეხედულება ბაზარზე, პოტენციურ კლიენტურაზე, სახელმწიფო პროგრამებზე (აგროდაზღვევა, იაფი კრედიტი და სხვ) - საკმაოდ ბუნდოვანია; ბევრ მათგანს არ სმენია ღვინის ფალსიფიკაციასთან ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკაზე და არ აქვს ადეკვატური წარმოდგენა მცირე მარნისთვის საჭირო ხარჯებთან დაკავშირებით.

მეტი თვალსაჩინოებისთვის გთავაზობთ ჩვენი საუბრის ჩანაწერებს. 

ლექსო ფანჯალიაშვილი, თელავის მუნიციპალიტეტი, სოფ. ართანა

-    რას ფიქრობთ ყურძნის წლევანდელ ფასებზე?
-    ფასები დაბალია და ამით კმაყოფილი არავინ არ არის. გლეხების მოსავალს ფასი არ ედება. ამბობენ, ვითომ არ გადის ყურძენიო... გადის თუ არ გადის ყურძენი, გლეხები ზარალში არიან. ჩემი აზრით დაბალი ფასები მთავრობამ უნდა დაარეგულიროს. 
-    დაარეგულიროს - რა ფორმით? ბიუჯეტიდან გამოყოს დამატებითი თანხა?
-    ბიუჯეტიდანაც და ქარხანამაც უნდა დაარეგულიროს.
-    ანუ, ხელისუფლება უნდა ჩაერიოს, რომ ამა თუ იმ კომპანიამ ყურძენი მაღალ ფასში შეიძინოს?
-    რა თქმა უნდა. 
-    თქვენი აზრით, გაითვალისწინებენ თქვენს აზრს სამომავლოდ?
-    არა მგონია, ვინმემ გაითვალისწინოს.
-    რას ფიქრობთ, 2016 წლის სეზონზე რა ბედი ეწევა ჭარბ ყურძენს?
-    ერთი ვიცი, მე ვაზს არანაირად არ ავჩეხავ. ჩემი ხელით მაქვს გაშენებული და რაც უნდა მოხდეს, ერთი კილოც რომ ვერ მოვიტანო აქ, მე ვაზს მაინც არ ავჩეხავ. ყველას თავისი აზრი აქვს. ჩემი აზრი ესაა. 
-    დიდი ვენახი გაქვთ?
-    დიდი ვენახი არა მაქვს, დაახლოებით, 5 ტ.-მდე რქაწითელი მაქვს წელს და 2.800-3 ტონამდე ჩავაბარე საფერავი. 
-    გაისად თუ რაიმე არ შეიცვალა, თქვენი ყურძნით თქვენსავე ღვინოს ხომ არ აწარმოებთ?
-    მე გამიჭირდება. ცოტა უჭირს გლეხს. რეალიზაციის პრობლემაა. მე მიცდია 90-იან წლებში. თბილისშიც ჩამიტანია და ძალიან ძნელად იყიდებოდა. ნავთლუღის ბაზარში ვყიდდით მე და დედაჩემი. 
-    რესტორნებისთვის გიცდიათ ღვინის შეთავაზება?
-    არა. არა. მე არც გამოცდილება მაქვს სამაგისო და არც მაინცა და მაინც - დრო. ჩვენ აქ მარტო მევენახეობას არ ვეწევით. 
-    რა საქმიანობას ეწევით - სხვას? ალტერნატიული კულტურები გაქვთ?
-    დიახ, რა თქმა უნდა, სოფელში ყველას აქვს... მეცხოველეობასაც მივდევთ. მე ქვევრის ღვინო მაქვს, მაგრამ მაქედან მოგება არა მქონია. მე პირადად, რომ ყურძენი  ვაწარმოო და აქ ჩავაბარო, ის მირჩევნია. მართალია, წლევანდელი არაფრად არა ღირს, მაგრამ მაინც იმ 5 000 და 6 000 ლარით რაღაცას ვაკეთებ სახლში. ახალი კურსით ეს ფული რომ არაფერი არ არის, ეს თქვენც კარგად იცით.

 

კობა ხუციშვილი, თელავის მუნიციპალიტეტი, სოფ. ჯუღაანი

-    ყურძნის წლევანდელ ფასებზე რას ფიქრობთ?
-    არ მომწონს, რა თქმა უნდა.
-    თქვენი აზრით, საიდან მოდის პრობლემა და როგორ უნდა გადაიჭრას?
-    პრობლემა სისტემურია და კონკრეტულად არავის არ უნდა დაბრალდეს. ალბათ, მსოფლიოს კრიზისები, რუსეთში რუბლის ცვალებადობა - ეს ყველაფერი აისახებოდა ამ პროცესებზე. ჩვენი ყურძენი და ღვინო, ძირითადად, რუსეთში გადის. ეს ყველაფერი, ძირითადად, ალბათ, ამასაც უკავშირდება... კონკრეტულად ვერავის დააბრალებ, უბრალოდ, ამ კრიზისს კიდევ ლარის გაუფასურება დაემატა.  
-    ლარის დაცემამ ვენახის ხარჯი გაგიზარდათ? მაგალითად, შეწამლვის ხარჯები...
-    რა თქმა უნდა. თან მე ძალიან დიდი ვენახები მაქვს, 3 ჰა-მდე. ცოტა საფერავი და ძირითადად, რქაწითელი - 35 ტ. ჩავაბარე უკვე. 
-    რა უნდა მოხდეს, რომ 2016 წლის სეზონზე მევენახე არ დარჩეს უკმაყოფილო?
-    უნდა უფრო და უფრო განვითარდეს ღვინის ბიზნესი. უნდა უფრო და უფრო გაფართოვდეს ბაზრები სხვადასხვა ქვეყნებში. რომ კომპანიებმა ექსპორტი გაზარდონ და გლეხების ყურძენი ჩაიბარონ. 
-    ოჯახური მარნები რომ განვითარდეს, ამაზე რას ფიქრობთ?
-    ოჯახური მარნებიც კარგი შემოთავაზებაა, მარა ზოგს არ აქვს ამის საშუალება, ამიტომ ჯობია, რუსეთში, ჩინეთში, თუ ევროპაში გაყიდვებზე იზრუნონ. 
-    სახელმწიფოს როლი რა არის ამ პროცესში?
-    რომ დაარეგულიროს რუსეთთან ურთიერთობა. 
-    თავად აღნიშნეთ, რომ რუსეთში კრიზისია...
-    მაინც შეიძლება ფასების დარეგულირება. წელს თუ ამ ფასად ჩაიბარეს, მომავალ წელს სხვა ფასი იქნება. იაფად ჩაიბარეს, იაფად გაყიდიან. ხომ ასეა?
-    რა უშლის ხელს საოჯახო მარნების განვითარებას?
-    გასაღების ბაზარი არ აქვთ. 

 

ზურა იგრიაშვილი, თელავის მუნიციპალიტეტი, სოფ. ართანა 

-    რა ჯიშის ყურძენს აბარებთ და სულ - რამდენს?
-    10 ტონამდე რქაწითელს და 2 ტონამდე საფერავს.
-    ფასით კმაყოფილი ხართ?
-    რა თქმა უნდა, არ ვარ კმაყოფილი. 
-    როგორ უნდა მოგვარდეს, თქვენი აზრით, ფასების საკითხი?
-    პრობლემა სერიოზულია. რეალურად რომ შევხედოთ, ეს ხალხის დაცინვაა მთავრობის მხრიდან. 
-    რას ფიქრობთ, რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ პრობლემის გადასაჭრელად? პირდაპირ გლეხებს გაუზარდონ თანხა, თუ კომპანიების მუშაობაში ჩაერიონ?
-    ნუ, ახლა, მთავრობა პირდაპირ ყველა გლეხს დევნას ხომ არ დაუწყებს და ფულის რიგებას. ისევ და ისევ უნდა გაკეთდეს ქარხნები იმ დონეზე, რომ უნდა  იმუშაონ კარგად. ეს ხომ მუშაობა არ არის. წვალობს ხალხი და თვითონაც წვალობენ. გააკეთონ ქარხნის რეაბილიტაცია, დააყენონ ნორმალური პრესები, რომ შეიძლებოდეს მუშაობა. გადამამუშავებელი მექანიზმი არ მუშაობს იმ დონეზე როგორც უნდა მუშაობდეს. 
-    ისევ იმ კითხვას რომ დავუბრუნდეთ, როგორ უნდა გადაჭრას სახელმწიფომ ფასების პრობლემა?
-    აი, ახლა რომ ამბობენ - „სახელმწიფო იღებს“, ვინ იღებს ამ ყურძენს? რომ ამბობენ, სახელმწიფოო, გამეცით თქვენ ამ კითხვაზე პასუხი. 
-    თქვენ რას ფიქრობთ, ვინ იღებს?
-    დავუშვათ, ქარხანა რომ იხდის 25 კაპიკს და სახელმწიფო იხდის 35 კაპიკს, ვინ ყიდულობს, ვისია ეს ყურძენი?
-    კომპანია ყიდულობს ყურძენს იმ ფასად, რაც მას უღირს. სახელმწიფო კი მევენახეს, უბრალოდ, აძლევს ამ თანხას.
-    და საიდან ხდება ფინანსირება?
-    ქვეყნის ბიუჯეტიდან. 
-    ...და საიდან ღებულობს, საიდან იბრუნებს სახელმწიფო ამ თანხას? ნებისმიერი ქარხნისთვის ეს 25 კაპიკი არარეალობაა. ეს დაცინვაა ამ ხალხის, ყველას დაცინვაა. როგორ შეიძლება, 25 კაპიკი ღირდეს ყურძენი. და რატომ ხდება დაფინანსება ესე, აი, ამ დონეზე, გაურკვეველია. 25 კაპიკი არარეალობაა... მე უკრაინაში ვიცხოვრე დიდი ხანი, საქართველოს მოქალაქე არ ვარ, მაგრამ მუდმივი ბინადრობა მაქვს. იქ მაქვს ჩემი სატრანსპორტო კომპანია. 
-    თქვენი აზრით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან რას უნდა მოაკლდეს თანხა, რომ მევენახეების სუბსიდია გაიზარდოს?
-    მე მგონი, ბიუჯეტიდან ისედაც დამაკმაყოფილებელი სიტუაციაა. ეს 35 კაპიკი მაინც რომ იყოს მუდმივად. მარა თვითონ ქარხანამ...
-    ანუ, ფასები კომპანიამ უნდა ასწიოს?
-    1 კგ. ყურძენი 35 კაპიკად ბარდება, სად მიაქვთ ეს ამდენი ყურძენი? რომ ამბობენ, რუსეთში არ გადისო... გუშინ შეიძლება ცოტა მეტი გადიოდა, დღეს ცოტა ნაკლები გადის, მაგრამ მაინც გადის... ვისაც უნდა გატანა, გადის. რუსეთი რომ შიგადაშიგ ბრაკავს ამ ღვინოს, ეს იმას ნიშნავს, რომ ხდება ფალსიფიკაცია. 
-    თქვენი აზრით მევენახეების უკმაყოფილებას გაითვალისწინებენ?
-    ყველაფერი დამოკიდებულია მთავრობაზე. რთული საკითხია, შევხედოთ. როგორც არ უნდა იყოს, უნდა გვჯეროდეს იმის, რომ უკეთესი სახელმწიფო გვექნება. 
-    თუ 2016 წელიც მოსავლიანი იქნება, რა ბედი უნდა ეწიოს ჭარბ ყურძენს?
-    უნდა გავხსნათ რუსეთის საზღვარი. ისეთი დიდი ბაზარია, ისეთი დიდი მოთხოვნილება აქვს რუსეთს, რომ საერთოდ საზღვარი რომ არ იყოს... საბჭოთა კავშირის დროს საქართველოსთვის რა დონე იყო? 
დღეს რაზე მუშაობს საქართველო, ძირითადად - ტურიზმი და სოფლის მეურნეობა... ორი კვირის წინ გერმანიაში ვიყავი და იქ 1 ბოთლი ღვინო ღირს 59 ცენტი, ყველაზე კარგი ღვინო ღირს 1 ევრო და 99 ცენტი. რომ ამბობენ, ქართული ღვინო ევროპაში უნდა გავიტანოთო, როგორ უნდა წაიღონ, ვის უნდა წაუღონ? ტრანსპორტირება დაუჯდებათ მარტო ეგ თანხა. ანუ, ხალხს ატყუებენ...
-    თქვენ ბიზნესმენი ბრძანდებით...
-    დიახ.
-    ბიზნესის ოქროს წესია მოთხოვნა-მიწოდება. თუკი რუსეთის ბაზარზე დაიკლო მოთხოვნამ, როგორ უნდა შეძლონ ბიზნესმენებმა, რომ თქვენთვის მისაღებ, მაღალ ფასად ყურძენი შეიძინონ?
-    როგორც ვთქვი, საზღვარი უნდა გაიხსნას, რომ გასავალი ჰქონდეს. მარა თბილისშიც, ღვინის მაღაზიაში რა ღირს ბოთლი ღვინო? 
-    დაახლოებით, 6 ლარიდან იწყება.
-    ჰო, ეგეც ისეთი ღვინო, რომ არ გაეკარები. რა უფლებით ყიდულობენ 25 კაპიკში და ყიდიან ასე ძვირად? რატომ არ აკეთებენ ისე, რომ ხალხმა ცოტა ამოისუნთქოს? რატომ უნდა გამოიყოს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯები ამაზე? მე რომ საქართველოში ჩამოვედი, პირველად ვიკითხე, თუ შეიძლება ღვინის ქარხნის გაკეთება-მეთქი. მითხრეს, არ არის პრობლემაო. მე თუ 25 კაპიკად მივიღებ ყურძენს და 6 ლარად, მინიმუმ, გავყიდი, კარგით, რა...
-    ანუ, შემოსავლიანია მეღვინეობა?
-    თქვენ თვითონ გამოთვალეთ. 
-    გაისად ხომ არ დააყენებდით ღვინოს და ღვინის ბიზნესს ხომ არ ამჯობინებდით?
-    არ ვიქნებოდი წინააღმდეგი... მე როგორც მითხრეს, დაახლოებით, 2 მლნ უნდა, რომ დიდი ქარხანა არ იყოს და ის რაიონი რომ დაკმაყოფილდეს. ხომ იყო ნაფარეულის ქარხანა... რატომ არ შეიძლება, დაიდგას ისევ და იყოს სახელმწიფო ქარხანა. იყოს იმის დირექტორი, ან წარმომადგენელი, რომელიც ამას მიაქცევს ყურადღებას და პასუხისმგებლობა ექნება. 

 

შოთა ხიზანიშვილი, თელავის მუნიციპალიტეტი, სოფ. ბუშეტი

-    რას ფიქრობთ ყურძნის ფასებზე?
-    რას უნდა ვფიქრობდეთ, დაბალი ფასებია. 
-    რას ფიქრობთ, სად არის პრობლემა?
-    პრობლემა, როგორც აცხადებენ, მაგაში არის, რომ მოსავალი მოვიდა ძალიან უხვიო. ხომ შეიძლება, კარგი მოსავალი ყოველ წელს მოვიდეს და ყოველ წელს დაბალი უნდა იყოს ფასები? ეკითხებოდნენ ტელევიზიაში, ერთი ბოთლი ღვინო რა გიჯდებათო და არავინ პასუხი არ გასცა გლეხს. მევენახეს დაუთვალეს - 30 თეთრი გიჯდებათ ერთი კგ ყურძნის მოყვანა და კიდევ 30 თეთრი - გრჩებათო, 100 % მოგებაში ხართო. აბა, გვნახონ, რამდენია ხარჯი. ტრანსპორტის ხარჯი, მუშის ხარჯი, შხამ-ქიმიკატების ხარჯი. ძალიან ბევრი ხალხია, ვინც ამბობს, რომ ან გავყიდი ვენახს, ან გავჯაგავო.
-    გამოსავალი რა არის აქედან, თქვენ რას ფიქრობთ?
-    უნდა დასხდნენ სპეციალისტები და მოილაპარაკონ საშუალო ფასზე. იმაზე, რაც არის რეალური ფასი, აგერ, გამოსვლები იყო გურჯაანის რაიონში. არავინ არ მიაქცია ყურადღება და რა ქნას ხალხმა, გაჩერდნენ. ნახეთ ყურძნის ხარისხი! 60 თეთრად აბარებენ! 60 კაპიკი ჩემს ბავშვობაში იყო, მე მახსოვს. 
-    თუკი თქვენ ამბობთ, რომ ყურძნის ბიზნესი იმდენად შემოსავლიანი აღარ არის, როგორ მოიქცევა მევენახე, თქვენი აზრით? აჩეხავს ვაზს, სხვა კულტურებით ჩანაცვლებს, მეღვინეობას დაიწყებს, თუ რას იზამს?
-    უბედურებაც მაგაშია, რომ წინასწარ ვერ გაიგებ, რას უნდა მიჰყო ხელი. საზამთროს დათესავ და მოიყვან, პირველ წელიწადს შეიძლება, იმდენი ფული იშოვო, აყვავდები. მეორე წელიწადს შენი შემხედვარე სხვებიც დათესავენ და ჩავარდება! დარჩები ისე. თანაც, ყურძენი ესე ადვილად კი არა, მეხუთე წელიწადს გაძლევს მოსავალს. რამდენი შრომა უნდა ჩაყარო, მოიყვანო ვაზი, მართლა, შვილივით ზარდო და აღარ მოგცემენ ფულს, მიდგე, გაკაფო და მოსპო... ადვილი ხომ არ არის?!
-    რა უშლის ხელს მევენახეებს, რომ ყურძენი ღვინოდ დაწურონ, ღვინოდ გაყიდონ?
-    გლეხს არც ბაზარი არა აქვს, არც პირობები არა აქვს, იმიტომ, რომ ხარისხიანი ღვინო რომ დაამზადო, ის რკინას არ უნდა შეეხოს, უჟანგავში უნდა იყოს და ეს გლეხკაცს არ გააჩნია. ის რომ იყიდო და ბაზა შექმნა, 1 მლნ ალბათ, პირს არ მოგწმენდს. 1 მლნ რომ დააბანდო, მერე ამათი ფასებით როდის გაისტუმრებ იმას...
-    ხომ არ გისარგებლიათ რომელიმე სახელმწიფო პროგრამით? მაგალითად, აგროდაზღვევით, იაფი კრედიტებით...
-    იაფი კრედიტებით 36 %-დან დაიწყებენ, 39-მდე აგიყვანენ და მერე უნდა ინანო მთელი ცხოვრება, თუ კრედიტი აიღე, დარჩები უსახლკაროდ.
-    სახელმწიფომ განაცხადა, რომ დააფინანსებს კოოპერატივებს, თქვენი აზრით, გაამართლებს თქვენში ეს პროექტი?
-    არ გაამართლებს. იმიტომ, რომ ამ ქარხნებს ინფრასტრუქტურა უკვე აქვთ, შენ სანამ შექმნი, წაგართმევენ... ამათ რაოდენობა, ტევადობა მეტი აქვთ. ეს შენი მცირე სად უნდა გაიტანო? 
-    ღვინის გაყიდვა გიცდიათ?
-    მიცდია. ბათუმში მეგობარი მყავს და ვუთხარი, ფართი იშოვე და საუკეთესო ღვინით მოგამარაგებ-მეთქი. არ გაიყიდებაო, ისევ დაბალი ხარისხის, გაკეთებული ღვინო ურჩევნიათო - ასე მითხრა. 

 

ილო სვიმონიშვილი, თელავის მუნიციპალიტეტი, სოფ. ნაფარეული

-    ღვინის დაყენება 1994 წელს დავიწყე. მაშინ მარტო ერთი თურქული ლუდი იყო, „ასტიკა“. 30 ტ. ღვინოს ვყიდიდი შინ, სახლიდან გარეთ არ გავსულვარ. 1994-დან 2003 წლამდე. სააკაშვილის დროს შემოვიდა ლუდი და იმის მერე ჩემთან ღვინო აღარ გაყიდულა.

---------------------------------------------------------------------------------------------

როგორც აღვნიშნეთ, მოცემული დიალოგები დარგობრივი პრობლემების საკმაოდ ზუსტი  რეპრეზენტაციაა. თითოეულ პრობლემას საკმაოდ რთული აგებულება შეიძლება ჰქონდეს, სხვადასხვა მხარეს (მევენახე, კომპანია, სახელმწიფო) მდგომი ინდივიდებისა და უწყებების პასუხისმგებლობებით, თუმცა პირველ რიგში, ეს არის ერთგვარი მოცემულობა, გამოწვევა, რომელიც 2016 წლის რთველის დადგომამდე სათანადო შეფასებასა და მყისიერ რეაგირებას საჭიროებს. 

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

საქართველოში მალე ღვინის პირველი საერთაშორისო კინოფესტივალი - KINOVINO- ჩატარდება

$
0
0

6 ოქტომბერს საქართველოს ცნობილი ამერიკელი რეჟისორი, ღვინის ექსპერტი და მწერალი, ჯონათან ნოსიტერიეწვევა, რომელიც თავად გახსნის თბილისში საკუთარი ფილმების რეტროსპექტივას. 6 ოქტომბერსვე, KINOVINO-ს, ხელოვანთა კავშირ Conceptart-ისა და საქართველოს ღვინის კლუბის ორგანიზებით, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მე-3 კორპუსში ჩატარდება ჯონათან ნოსიტერის შეხვედრაღვინისა და კინოს მოყვარულებთან. 10 ოქტომბერს კი გაიმართება შემოქმედებითი ღონისძიება ღვინის ბარ Vino Underground-ში. 

ნოსიტერის ვიზიტი და მისი ფილმების რეტროსპექტივა საქართველოში ღვინის პირველი საერთაშორისო კინოფესტივალის, KINOVINO-ს,ერთგვარი, შესავალია, რომელიც ააიპ „KINOVINO-სა და ხელოვანთა კავშირ Conceptart-ის ორგანიზებით ტარდება.  

კინოვინო ღვინის პირველი საერთაშორისო კინოფესტივალია საქართველოში, რომლის ანალოგიც მსოფლიოს მეღვინეობის ყველა რეგიონსა და სახელმწიფოში არსებობს. მისი ფოკუსი იქნება მსოფლიოს მეღვინეობა და მევენახეობა - მეცნიერების, ხელოვნების, კულტურის, ისტორიის, გეოგრაფიის, განათლების, ტურიზმისა და ჯანდაცვის კონტექსტში.

ფართო ჭრილში, ღვინის კინოფესტივალის მიზანია საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს პოპულარიზაცია მსოფლიოში, ადგილობრივი მეღვინეობის ინტეგრაცია მსოფლიო ღვინის სამყაროში, რასაც როგორც კულტურული, ასევე - ეკონომიკური წინაპირობები აქვს. კინოფესტივალის დამფუძნებელი გუნდის ხედვით, კინოვინო მეღვინეობისა და ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთათვის უნდა გახდეს კულტურული ურთიერთობების საინტერესო პლატფორმა.

კინოვინო სულ მალე მსოფლიოს ღვინის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულ და პოპულარულ კინოფესტივალთან, ფრანგულ ენოვიდეოსთან (Oenovideo) გააფორმებს პარტნიორობის ოფიციალურ ხელშეკრულებას.

ფესტივალის პირველი გამოშვება თბილისსა და კახეთს, როგორც საქართველოს მეღვინეობის დომინანტ რეგიონს, მოიცავს. ფესტივალის ფარგლებში ნაჩვენები იქნება 30 ფილმი მსოფლიოს 12 ქვეყნიდან.

6-10 ოქტომბერს, კინოვინოს  ფარგლებში, საქართველოს ისტორიის მუზეუმსა და კინოთეატრ ამირანში გაიმართება ჯონათან ნოსიტერის ფილმების -მონდოვინო (Mondovino),ბუნების წინააღმდეგობა (Natural Resistance) და რიო - სექს- კომედია (Rio Sex Comedy) - საპრემიერო ჩვენებები.

მონდოვინო დოკუმენტური კინოს ისტორიაში მეოთხე ფილმია, რომელიც ოქროს პალმის რტოზე  იყო ნომინირებული.ბუნებრივი წინააღმდეგობა კი პირველად ნაჩვენები იყო 2014 წლის ბერლინის კინოფესტივალზე ორ განსხვავებულ სექციაში (პანორამა, კულინარია). მხატვრულ ფილმში,რიო - სექს - კომედია, მთავარ როლს ასრულებს  ბრიტანელი მსახიობი, ბრიტანეთის იმპერიის ორდენის კავალერი (OBE), მრავალი საერთაშორისო და ნაციონალური ჯილდოს მფლობელი, შარლოტ რემფლინგი.

პროგრამა, კინოჩვენებების გარდა, მრავალფეროვანი აქტივობებით იქნება დატვირთული. დეგუსტაციები ჩატარდება Chateau Mukhrani-ში, ხოხბის ცრემლების, იაგო ბიტარიშვილის, სოლიკო ცაიშვილისა და სხვა მცირე მარნებში. დეგუსტაციებს გაუძღვება საქართველოს ღვინის კლუბისპრეზიდენტი, მალხაზ ხარბედია.

სტუმრები ეწვევიან ვაზისა და ხეხილის საგავი მასალის წარმოების ეროვნულ ცენტრს, მოინახულებენ ალავერდის მონასტერს, თელავის ღვინის მარანს, შუხმანისა და სტორის მარნებს, ალექსანდრე ჭავჭავაძის წინანდლის სახლ-მუზეუმს და სხვ.

7 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი, დავით ლორთქიფანიძე გაუძღვება სამუშაო შეხვედრას ქართული ღვინის ისტორიის შესახებ. 8 ოქტომბერს ჩატარდება ფესტივალის საგანგებო სტუმრის, ჯონათან ნოსიტერის მასტერკლასი. 10 ოქტომბერს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, გიორგი სამანიშვილი გაუძღვება დისკუსიას - თანამედროვე ქართული ღვინის კულტურა.

პროექტის მხარდამჭერები არიან საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, საქართველოს ღვინის კლუბი, კომპანია ბადაგონი, სასტუმრო Vinotel,  დოკუმენტური ფილმების სტუდია, პირველი არხი, რადიო ფორტუნა, მედიაპალიტრა, ბილეთები.გე, კინოთეატრი ამირანი, Vino Underground Tbilisi.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი. 

საქართველოს ღვინის კლუბი ჯონათან ნოსიტერს შეხვდა

$
0
0

ცნობილი ამერიკელი რეჟისორი, მწერალი, ღვინის ექსპერტი ჯონათან ნოსიტერი საქართველოში 6 ოქტომბერს ჩამოვიდა. 

საქართველოში ვიზიტის პირველ დღეს ნოსიტერი ეწვია სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს. ცენტრის თანამშრომლებმა მას წარუდგინეს ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობა, სადაც ადგილობრივი ვაზის 440-მდე ჯიშია კონსერვირებული. ასევე, შესთავაზეს რამდენიმე დასახელების საკუთარი წარმოების საცდელი ღვინოები - კახური მცვივანი, თეთრი კაპისტონი და სხვ. 

რეჟისორს საკუთარ მარანში უმასპინძლეს იაგო ბიტარიშვილმა და მარინა კურტანიძემ, სადაც ნოსიტერმა დააგემოვნა ტრადიციული მეთოდით დაყენებული ქვევრის ჩინური (იაგოს ღვინო) და ტრადიციული მეთოდითვე დაყენებული მწვანე (მანდილი). 

საღამოს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჩატარდა საქართველოს ღვინის კლუბის მიერ ორგანიზებული შეხვედრა ჯონათან ნოსიტერთან, რომელსაც ესწრებოდნენ როგორც კლუბის წევრები, ასევე სტუმრები. შეხვედრაზე ნოსიტერმა ისაუბრა ნატურალური მეურნეობის მნიშვნელობისა და პერსპექტივების შესახებ მსოფლიოში და აუდიტორიას მოუთხრო იმ ფილმებზე მუშაობის ისტორიების შესახებ, რომელთა ჩვენება 7 ოქტომბერს გაიმართება საქართველოს ისტორიის მუზეუმსა და კინოთეატრ ამირანში. 

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი. 

ღვინის დღიურები. მალხაზ ჯაყელი. მეღვინე, „ჯაყელების ორგანული ვენახისა და ღვინოების“ დამფუძნებელი

$
0
0

ორშაბათი, 7 სექტემბერი, 2015

ზუსტად ერთი კვირის წინ, 1 სექტემბერს ჩამოვედი ნიუ იორკში, ჩემს ცოლ-შვილთან. ალა უკვე 5 წელია, ნიუ-იორკში ცხოვრობს და მუშაობს, მახო ორწელიწადნახევარია. ადრე დილიდან გაიკრიფენ სამსახურებში. მართლაც ბევრს მუშაობენ. 

ალა შეფია და ახალ მსოფლიო სავაჭრო ცენტრში მუშაობს მზარეულად, რესტორანში, 102-ე სართულზე. მახო ჯერ 22 წლისაა, მაგრამ უკვე საკმაოდ წარმატებული პროგრამისტია, ვებ დეველოპერი, კარგი პერსპექტივით. მეხუთე ავენიუსა და 42-ე ქუჩის გადაკვეთაზეა მისი ოფისი, ბრაიანტ პარკთან, ულამაზეს ადგილას.   

გვიჭირდა უერთმანეთოდ, მაგრამ მე ჩემს საყვარელ საქმეს ვერ ვეშვებოდი, მთელი სული და გული მქონდა ჩაქსოვილი. არ მინდოდა ამ საქმის მიტოვება. ვიზას რომ ვიღებდი შარშან დეკემბერში, ერთი თვით სტუმრად ვიყავი ჩემებთან ნიუ-იორკში, ამერიკის საელჩოში კონსულმა სამჯერ მკითხა დარჩენას არ აპირებო. არა, არ ვაპირებ, საყვარელი საქმე მაქვს და თან შემოსავალიც მყოფნის ასე თუ ისე საცხოვრებლად და არ ვაპირებ დარჩენას-მეთქი. გაკვირვებული მიყურებდა - რამდენი წელია საქართველოში ვარ და ასეთი შემთხვევა ჯერ არ მქონიაო. 

პირიქით, ალამ და მე მოვილაპარაკეთ, რომ ერთი-ორი წელი კიდევ გავძლებდით ასე, სანამ ალა ამერიკის მოქალაქეობას მიიღებდა და მერე საქართველოში აპირებდა დაბრუნებას. მისი დახმარებით უკვე შემეძლო, ღვინის ტურიზმზე მეფიქრა, რაზეც აქამდე უარს ვამბობდი შესაბამისი ინფრასტრუქტურის უქონლობისა და საჭირო კადრების ნაკლებობის გამო. ჩვენ ხომ საკუთარი მარანიც კი არ გვქონდა, ვქირაობდით. 

ერთი იტალიელი უფროსი მეგობარი მყავს, კლაუდიო ბერლინჯიერი. თითქმის, ერთ დროს დავიწყეთ ვენახი. მან და მისმა მეუღლემ, ხარისხით ენოლოგიაში და განათლებით მევენახეობაში, ტოსკანაში გააშენეს 6 ჰექტარი. ძალიან უკვირდა, რა ფასში ვყიდდით ჩვენს ღვინოს ექსპორტზე. შემოდგომაზე იყო ჩამოსული და მთხოვა ვენახში და მარანში წაყვანა. დამუნჯდა. საღამოს ბექა გოჩიაშვილის და სტენლი კლარკის კონცერტზე წავიყვანეთ ფილარმონიაში. გმირი ხარო, კონცერტის მერე გამომიცხადა. ამ საქმისათვის საჭირო საშუალებების სიმმწირეს გულისხმობდა. 

უკვე ერთი კვირაა, ამერიკაში ვარ. ფიზიკურად ვარ აქ, თორემ ფიქრით და გონებით ისევ საქართველოში ვარ. ბევრს ვფიქრობ. ვფიქრობ რომ ძალიან დიდ წარმატებას მივაღწიეთ მე და ზაზამ, ჩემმა ძმამ და პარტნიორმა, მაგრამ გამოგვრჩა და სულელური, უაზრო შეცდომა დავუშვით, რომ ხაშმში, ჩვენი გაშენებული ვენახი დროზე არ გადავიფორმეთ. იქაურ, ჩვენ ყოფილ პარტნიორზე გვქონდა ფიქტიურად გაფორმებული, რომელმაც 2011 წლის ბოლოს დაგვტოვა და „დიიიდი ფულის“ საშოვნელად მოემზადა. ვერ იშოვა. სულმოკლე და სულელი ადამიანი აღმოჩნდა,  თან ბოროტი. 

მანამდე კი 2012 წლის ოქტომბერში მოვინდომეთ გადაფორმება და აღმოვაჩინეთ, რომ სადღა გვაქვს ვენახი. 2012 წლის აპრილში ეკონომიკის სამინისტროს წაუღია, მერე მიშას პირდაპირი მიყიდვის წესით ჩვენი მეზობელი კომპანიისათვის მიუცია და მაისში კიდე საჯარო რეესტრს, რომელმაც 2006 წელს გაგვიფორმა მიწა, ამ მეზობლისთვის გადაუფორმებია.

სამი წელი ვიბრძოლეთ სასამართლოში, უამრავი დრო, ენერგია და ფული დავხარჯეთ და საქმე მოვიგეთ, მერე აპელაცია და ამ დროს გამოგვიცხადა ჩვენმა ყოფილმა პარტნიორმა, მე არსად არ წავსულვარ ისევ აქა ვარო. სხვაგან არ გამოუვიდა, „დიიიიდი ფული“ ვერ იშოვა და ჩვენზე მოინდომა გამდიდრება. საერთოდ შეუმდგარ, ხელმოცარულ ადამიანზე საშიში მგონი არაფერია. ვერანაირად ამ გარეწარს ვერ შევაგნებინეთ (ალბათ არც აინტერესებდა), რომ არ იყო მართალი. ვერ მოვილაპარაკეთ. შანტაჟს შანტაჟზე გვიწყობდა. მარანიც მისგან გვქონდა ნაქირავები. ჩაგვიკეტა. პოლიციით და ადვოკატებით ჩამოვასხით ბოთლებში და გამოვიტანეთ შარშანდელი ღვინო და ჩვენი ინვენტარი. ამ ამბებმა ჩემზე ცუდად იმოქმედა. 

ჯაყელების ხაშმის ვენახი

შარშან ოცნება ავისრულეთ და ცქრიალა ღვინო დავაყენეთ. ყურძენი ატენში ვიყიდეთ, 600 კილო ჩინური და 400 კილო გორული მწვანე. უმაგრესი გამოვიდა. ივლისში 2013 წლის ღვინოს ვასხამდით ბოთლებში, იაპონიისათვის. ამავე დროს მოვინდომეთ ცქრიალას ჩალაგება თავდაყირა, დეგორჟაჟისათვის, სპეციალურად წინასწარ მომზადებულ თაროებზე. არ ვიცი რა და როგორ მოხდა, მაგრამ ერთი ბოთლი გასკდა და დეტონაციამ, რაც კი ჩალაგებული იყო თაროებზე, 200 ბოთლამდე, ერთიანად დახეთქა. საშინელი, გამაყრუებელი აფეთქება იყო და ერთ წამში დამთავრდა ჩვენი ცქრიალა. გადავრჩით და სერიოზულად არავინ დაზიანებულა. მაშინ გადავწყვიტე, რომ უნდა გავცლოდი, წავსულიყავი, თორემ შეიძლებოდა ძალიან ცუდად დამთავრებულიყო ეს ყველაფერი ჩემთვის. ასე აღმოვჩნდი თვენახევარში ამერიკაში, ჩემებთან.

ამ მოგონებების წერაში, საღამოც მოახლოვდა. ჯერ ალას გავუვლი და მერე ერთად მახოს მივაკითხავთ თავისივე მანქანით. ვიხსენებ ამერიკაში მანქანის ტარებას. ერთი თვე მაქვს უფლება ჩვენი მართვის მოწმობით ვიარო, მერე კი გამოცდები უნდა ჩავაბარო და აქაური მოწმობა ავიღო.

ისევ ერთად ვართ, მაგრამ ამერიკაში.

მალხაზ ჯაყელი თავის ოჯახთან (მეუღლესთან და შვილთან) ერთად

 

სამშაბათი, 8 სექტემბერი, 2015

ჩემები ისევ ადრინად გაქრნენ სამსახურებში. ხვალ ჩემი საბუთები შეგვაქვს გრინ კარდის მისაღებად. ამის მერე ჩემი სტატუსი იცვლება და სანამ პასუხს არ მივიღებ, ქვეყნიდან გასვლა მეკრძალება. ეს ნიშნავს, რომ შეიძლება, ერთი წლის მანძილზე ვერ შევძლო საქართველოში ჩამოსვლა. 

წამოსვლის წინა დღეს ჩემს ძმას შევხვდი საჯარო რეესტრთან და კომპანიის ჩემი ნახევარი გადავუფორმე. დავჯექით და კიდევ რამდენიმე საკითხი განვიხილეთ. ძნელია, 14 წლის ერთად ყოფნისა და მუშაობის შემდეგ ყველაფრის გაყოფა, მაგრამ რას იზამ ასე გამოვიდა და დარწმუნებული ვარ ეს ჩემთვის ამჯერად საუკეთესო გამოსავალი იყო. ზაზა ცდილობს, ხაშმის ვენახი არ დაკარგოს და ჯაყელების ბრენდი შეინარჩუნოს. ბიჭებსაც ვთხოვე დაეხმარონ, რითიც კი შეძლებენ. მე არ მინდა ბოლომდე მოვწყდე ყველაფერს და გურიაში, ჩემ სოფელში, შრომაში, სამი წლის წინ დაწყებული საცდელი მაღლარი ვენახი დავიტოვე. ჩხავერი და საკმიელა მაქვს 4 მეტრიან ბოძებზე გაშენებული. ვენახს აბსოლუტურად ორგანული მეთოდებით ვუვლით. ამერიკიდან ვეცდები მოვლას და განვითარებას,  მერე ვნახოთ. 

ნიუ-იორკსა და თბილისს შორის 8 საათია სხვაობა. ასე რომ, დილის საათები საუკეთესო დროა საქართველოსთან კავშირისთვის. წამოსვლამდე ვიყავი გურიაში, დავგეგმეთ, თუ რა და როგორ უნდა გაგვეკეთებინა უახლოეს მომავალში და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რაც მოვახერხეთ, ავთოსთან დაკავშირების გზა მოვნახე. მის გოგონას აქვს ანდროიდი და მესენჯერით და ფეისბუკით შევძლებ კავშირი ვიქონიო მათთან. ვესტერნ იუნიონით კი შემეძლება ფულის მიწოდება. რა ვქნა, მიყვარს ახალი ტექნოლოგიები, რომელმაც გურიაშიც შეაღწია და საშუალებას მაძლევს აქედან ვმართო პროცესები. 

ავთო ჩემი მეზობელია და ამ რამდენიმე წლის წინ რომ ვნახე, თუ როგორ უვლის და უყვარს ვაზი, მაშინ გადავწყვიტე ჩემი წინაპრების მამულში ვენახის გაშენება. თავიდან კი ცოტა ნერვები მომეშალა, კახეთში რას გარბოდი, აგერ ეზო გაქვს, სახლი გაქვს მეთქი, მაგრამ გურიიდან ვენახსა და ღვინოზე ვერც კი ვიფიქრებდი. ზურა თოფურიძის ჩხავერი და ანდრო ვარშალომიძის საკმიელა რომ გავსინჯე ახალი ღვინის ფესტივალზე, მერე ჩამივარდა გულში იქ ვაზის გაშენება. ხოლო როდესაც ავთოს დამოკიდებულება ვნახე ვაზისადმი, მაშინ ვიფიქრე რომ ცდა შეიძლებოდა. თუმცა კი მაინც დიდი გზა გვაქვს გასავლელი ერთად, რაღაც-რაღაცებზე ნელ-ნელა ვაღწევთ შეთანხმებას. და ახლა უკვე ამერიკიდან ფბ-სა და მესენჯერის საშუალებით გვაქვს კონტაქტი. დღესაც ვილაპარაკეთ, წალენჯიხაში, რამოდენიმე წლის წინ, 20 ტონა დოლომიტის ქვიშა შეგვიძინა ელკანამ საჩუქრად და უნდა ჩამოვიტანოთ. გიორგი ბარისაშვილმა მირჩია და ხაშმში ვაპირებდი შეტანას, მაგრამ ჩემმა გეოლოგმა მეგობარმა, გიორგი ღუღუნიშვილმა მირჩია, მისწრება იქნება გურიის მჟავე ნიადაგებისთვისო. დოლომიტი ამდიდრებს ნიადაგს მინერალებით და ამავე დროს ნელა იხსნება და ასე ვთქვათ რამოდენიმე წლის განმავლობაში მუშაობს, როგორც ორგანული სასუქი. დრო დამოკიდებულია ფრაქციის ზომაზე. მოკლედ, ყველაფერი შეთანხმებულია, ტრანსპორტიც შევიგულეთ და რამდენიმე დღეში ჩამოიტანს ავთო. ძალიან მიხარია.

წელს 16 ტონის ქვევრები შევუკვეთე იმერეთში, ტყემლოვანაში. ჩვენ აქამდე ქვევრში ღვინოს არ ვაყენებდით და წელს გვინდოდა, პირველად გვეცადა. არ გამოვიდა. ამასაც შუაზე ვიყოფთ მე და ზაზა. ნახევარი ქვევრებად მოინათლება და ალბათ ხაშმში წავა ნახევარი კი ჭურებად დარჩება და გურიაში გაემგზავრება.

ისევ ჯერსი სიტი... ვხვდები ჩემებს და საღამოს ისევ ერთად ვატარებთ. მოგვენატრა ერთმანეთი. ჩვენთან ახლოს ლამაზი პარკია და მე და ალა სასეირნოდ გავდივართ, ჩვენს ძაღლთან, ცხრაწლინახევრის მუსასთან ერთად. მე და მუსკა ერთად ჩავედით ამერიკაში, ერთად ვიმგზავრეთ, მაგრამ სხვადასხვა სალონებში ვიყავით. საბრალო საბარგო განყოფილებაში იყო გალიაში თითქმის 22 საათი და ძლიერი სტრესი გადაიტანა. ჩემი ხმა რომ გაიგონა და დამინახა, თითქოს, ხელმეორედ დაიბადაო. ნელ-ნელა მოდის აზრზე და ეჩვევა გარემოს. პარკი სავსეა ციყვებით, ზაზუნებით, მაჩვებით, ენოტებით და გარეული ფრინველებით. მუსკაც ძალიან ერთობა მიუხედავად იმისა, რომ ღვედით დაგვყავს. 

პარკები, უნივერსიტეტები და  გადაადგილების უნარშეზღუდულ ადამიანებისადმი  დამოკიდებულება არის ის, რაც ძალიან მომწონს ამერიკაში. მათ ყველა პირობა აქვთ დამოუკიდებლად გადაადგილებისთვის. ტროტუარებიც ისეა მოწყობილი, რომ თავისუფლად შეიძლება ეტლით გადაადგილება დამოუკიდებლად. მთელი რიტუალია, როცა ადამიანია ეტლით გაჩერებაზე. როგორც წესი მარტო. ავტობუსში არავინ არ ადის, ელოდებიან. მძღოლი ჩამოდის, სპეციალურ ასასვლელს ხსნის და აჰყავს ეტლით ავტობუსში და მათთვის განკუთვნილ სპეციალურ ადგილზე ამაგრებს ეტლს. მხოლოდ ამის შემდეგ ადიან დანარჩენები ავტობუსში. ასე „წვალებით“ ამოყვანილი ადამიანი ორი გაჩერების შემდეგ ჩამოდის, ისევ მძღოლის დახმარებით და ჩვეულებრივად განაგრძობს თავის გზას და, ალბათ, არანაირად არ გრძნობს თავს „ინვალიდად“. 

მიყვარს ამერიკა. ბევრი კარგი რამეა ამ ქვეყანაში.

 

ოთხშაბათი, 9 სექტემბერი, 2015

დილით ფოსტაში მივდივართ და ჩემს საბუთებს ვაგზავნით საემიგრაციო სამსახურში. ალა ორ თავისუფალ დღეს იღებს სამსახურიდან და პლაჟზე მივდივართ. ირგვლივ სულ წყალია, მაგრამ პლაჟამდე ერთ საათზე მეტს ვუნდებით მანქანით. ატლანტის ოკეანე. დიდი ტალღებია საკმაოდ. ცურვა შეუძლებელია და ზოგიერთ გაბედულსაც არ უშვებს მაშველი ღრმად. ორი საათი ვიჭყუმპალავეთ და წამოვედით. მანქანის სადგომიც ორი საათით გვქონდა აღებული.

მოგვშივდა და აპსტეიტ ნიუ იორკში წავედით - ირვინგტონში. რესტორან Half Moon-ში დავსხედით ჰადსონის სანაპიროზე. მზე იწყებს ჩასვლას. ულამაზესი ხედია.

 

მახოს გამოვუარეთ და სახლში დავბრუნდით.

ინტერნეტს თვალი შევავლე. $1=2.3790 ლარი?! რა უბედურებაა. რატომღაც ჩვენ მთავრობას ჰგონია, რომ ეკონომიკის კანონები ვიღაცის მოგონილია ვიღაცისთვის და საქართველოზე არ ვრცელდება. დაახლოებით, 40%-ით დაეცა ლარი რამდენიმე თვეში და ბოლო არ უჩანს. გამოდის, რომ ღვინის ექსპორტი გაცილებით მომგებიანი იქნებოდა, მაგრამ ქართული ღვინო პირველ რიგში საქართველოში უნდა იყიდებოდეს და მერე - სხვაგან. აქ ამ ღვინოებს სხვა გემო აქვთ, ბევრად უკეთესი.

დიდი ამბავია ატეხილი ყურძნის ჩაბარება-არჩაბარების გარშემო. კახელი გლეხები უკმაყოფილოები არიან ყურძნის ფასით. სანამ ეს სიტყვა - „ჩაბარება“ - იარსებებს, მანამ კიდევ საბჭოთა კავშირში ვართ და არაფერი გვაქვს საერთო თავისუფალ ეკონომიკასთან. გარდა იმისა, რომ უამრავი ჩვენი ფული ნიავდება უაზროდ და უშედეგოდ, ასეთი მიდგომა ძალიან ცუდად მოქმედებს გლეხების მენტალიტეტზე და ვერ გამოვდივართ იმ ბნელი საბჭოთა წარსულიდან, რომ ჩვენზე უნდა იფიქროს და იზრუნოს სახელმწიფომ. თან კიდევ ერთი რამეა ცუდი, მართალია კახეთის როლს და მოწინავეობას არავინ აკნინებს ქართულ მევენახეობა-მეღვინეობაში, მაგრამ რა დააშავეს სხვებმა? იმერლებმა, გურულებმა, რაჭველებმა, ქართლელებმა და ა. შ. თუ იქ ვენახს არ უვლიან და ღვინოს არ აყენებენ? თუ იქ სეტყვა არ მოდის? 

სახელმწიფომ თავისი საქმე უნდა აკეთოს ჩვენ - ჩვენი. სახელმწიფომ უნდა შექმნას პირობები, იზრუნოს ინფრასტრუქტურაზე (გზები, წყალი, ინტერნეტი  და ა. შ.), საზოგადოებრივ წესრიგზე, მასზე რომ ქურდობა და ყაჩაღობა არ იყოს. არავისთვისაა უცხო რთველის პერიოდში ყურძნის ქურდობა. ასევე, სახელმწიფოს საზრუნავია განათლება ამ სფეროში (როგორც მევენახე-მეღვინეების, ასევე მომხმარებლის). სახელმწიფომ ეფექტურად უნდა დაგეგმოს და გამოიყენოს სახსრები ქართული ღვინის მარკეტინგისა და პრომოუშენისათვის (გამოფენებში მონაწილეობა და სხვა სახის ღონისძიებების ჩატარება საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე). მაგალითად ამერიკაში ძალიან შეუწყო ხელი ღვინის გაყიდვებს კამპანიამ ღვინის მოხმარების სარგებლობაზე ჯანმრთელობისათვის. დიახ, რა თქმა უნდა ზომიერ მოხმარებაზეა საუბარი და არა ყანწებით სმაზე. მხოლოდ ღვინის დღეების მოწყობა მოვალეობის მოხდის მიზნით, რასაც საბჭოთა ელფერი დასდევს, არანაირად არ არის საკმარისი. ასევე სახელმწიფო მკაცრად უნდა ებრძოლოს ფალსიფიკაციას. ხელი შეუწყოს კოოპერატივების შექმნას. წაახალისოს ორგანული, ბიო მეთოდებით ვენახის მოვლა და ჯანმრთელი ღვინის დაყენება და არა სისტემური პრეპარატებითა და ქიმიური სასუქებით. მაგალითად კარგი იქნებოდა ღვინის სახლებისა მოწყობა, სადაც მევენახეები და მეღვინეები (ისე, ჯობია ეს ორი დარგი გაერთიანდეს, როგორც მაგალითად საფრანგეთშია და მათ „ვინერონები“ ჰქვიათ) მოაწყობოდნენ დეგუსტაციებს, მოიტანდნენ თავიანთ  ღვინოებს, შეაჯიბრებდნენ, ერთმანეთს აზრს გაუზიარებდნენ და სოფლის დონეზე ღვინის პატარა დღესასწაულები მოეწყობოდა.  მიფიქრია თუ რაოდენ კარგი იქნებოდა, მაგალითად, ხაშმში, რომ ასეთი ღვინის სახლი იყოს. სამუშაო ბევრია, მაგრამ შედეგს ნამდვილად გამოიღებს. სახელმწიფოს ვალია, აუხსნას მევენაახებს აგროდაზღვევის აუცილებლობა და დაეხმაროს მათ ამ მიმართულებით. ასევე, დაეხმაროს მათ იაფი და გრძელვადიანი კრედიტებით და წაახალისოს აგროტურიზმი, ღვინის ტურიზმი. ეს ყველაფერი მეტ-ნაკლებად კეთდება, მაგრამ თუ იმ უზარმაზარ თანხებსაც აქეთ მივმართავდით და არ გავფლანგავდით უაზრო სუბსიდიებში, გაცილებით უკეთეს შედეგს მივიღებდით და უფრო სწრაფად. მათ კი ვინც ცდილობს ეს ეროვნული საქმე პოლიტიკური ბრძოლის იარაღად გამოიყენოს და ვენახის აჭრით იმუქრება, არაფერი ესაქმება ვაზთან და ღვინოსთან და მისი დაყენებული ღვინო ჯანმრთელობისათვის საშიშია.

ამისათვის, ჩვენის ფიქრით, მარტო ორი რამ არის საჭირო: 

1) აზრი და საგანი ჩვენებურის ღვინის კეთებისა არასგზით არ შეიცვალოს, ესე იგი ბუნებურის ღვინის კეთებას არავითარი სიყალბე არ შეეპაროს, და რადგანაც ამ აზრისა და საგნის განსახორციელებლად ბევრი კარგი სხვადასხვა ღონე და სახსარია ჩვენში თუ გარედ, ამ ღონისა და სახსრის ცოდნისა და დახმარებისათვის სამი სკოლა მაინც გაიმართოს: ერთი კახეთში, მეორე ქართლში და მესამე იმერეთში; 

2) კანონად დაიდვას, რომ თუ ღვინოში გარდა ყურძნის წვენისა რაიმეა გარეული, ან გასაბევრებლად, ან დასაწმენდად, ან გასამაგრებლად, ან საფერავად, ან გასამძლეოდ, ღვინის გამსყიდავი მედუქნე მოვალე იყოს ღვინის ჭურჭელზედ, - ბოთლი იქნება, თუ ბოჭკა, - დააწეროს, რომ ეს ღვინო ამა და ამ ნაწევარით შეზავებულიაო. ეს კანონი გერმანიაში მოქმედობს და რუსეთშიაც მიღებული რომ იყოს, დიდს შემწეობას მისცემს ჩვენებურს ღვინოსა...

ილია ჭავჭავაძე

 

ხუთშაბათი, 10 სექტემბერი, 2015

დღეს ცოტა გასეირნება გადავწყვიტეთ და ამერიკის უძველეს მარანს ვესტუმრეთ. ჩვენგან 70 მილის (დახლოებით 100 კმ) დაშორებითაა, ნიუ იორკიდან ჩრდილოეთით. ფრანგმა ემიგრანტმა ჟან ჟაკმა იყიდა მიწები ჰადსონის ხეობაში და დაიწყო ვაზის მოშენება. 1839 წელს სოფელ ვაშინგტოვილში მან გათხარა მიწისქვეშა მარანი და თავისი პირველი ღვინოც დააყენა. ეს ითვლება ამ მარნის დაარსების თარიღად. 60 წელი ვაშინგტოვილის მარანი მუსიე ჟაკის ოჯახის მფლობელობაში რჩებოდა. პირველ მიწისქვეშა საცავს კიდევ რამდენიმე შეემატა და ეს საცავები ყველაზე დიდი და ძველია მთელ ამერიკაში. 

შემდეგ ეს მარანი ნიუ-იორკელი ღვინის ვაჭრების, ემერსონების ხელში გადავიდა, რომლებიც თავის დროზე ღვინოს ყიდულობდნენ ჟაკებისგან. მათ მარანს სახელი შეუცვალეს და საძმო მარანი (Brotherhood Winery) დაარქვეს. ამის შემდეგ ამ მარანმა კიდევ რამდენჯერმე შეიცვალა მფლობელი, მაგრამ სახელი შეინარჩუნა. 1921 წელს მშრალი კანონის (Prohibition) შემოღების შემდეგ მარანი ემერსონებისგან ლუის ფერელმა შეიძინა. ლუის ფერელი და მისი მეუღლე იყვნენ პირველები, რომლებმაც კარგად ჩაავლეს ბროზერჰუდ ვაინერის მომგებიან მდებარეობას ნიუ იორკთან მიმართებაში, ჯეროვნად შეაფასეს და გამოიყენეს მისი თვალწარმტაცი გარემო, ისტორია და კიდევ უფრო გაზრდილი მიწისქვეშა საცავები. ფაქტიურად ფერელები იყვნენ ღვინის ტურიზმის კონცეფციის ფუძემდებლები. ისინი მართავდნენ ტურებს, მასპინძლობდნენ შეხვედრებსა და წვეულებებს. წლის განმავლობაში ღვინის  ასიათასობით მოყვარული მიიზიდეს და თაობებში სახელი გაუთქვეს მარანს. 

1999 წელს მარანში ხანძარი მოხდა და კიდევ ერთხელ შეიცვალა მფლობელი. დღესდღეობით კომპანია ჩილელებს ეკუთვნით. ისინი აგრძელებენ ფერელების დაწყებულ საქმეს და, როგორც ჩანს, კომპანია დღესაც დიდ შემოსავალს იღებს ღვინის ტურიზმით. ამას გარდა ისინი ბრაზერჰუდის სახელს იყენებენ და თავიანთ წარმოების ჩილეს ღვინოებსაც ყიდიან. დეგუსტაციამ ვერ დატოვა სათანდო შთაბეჭდილება. არც ვინოთეკა იყო განსაკუთრებული. აი, მიწისქვეშა საცავები კი საოცარი იყო. ერთი კია, დღეს მათ თითქმის არ იყენებენ, ან, სადღაც, 10% თუ არის დატვირთული. ამის მეასედი რომ მქონოდა...

აქედან პატარა ქალაქ ჰობოკენში წავედით. ულამაზესი ციცქნა ქალაქია, 50 000 მაცხოვრებლით, რომელსაც ერთი კვადრატული მილი უჭირავს. ევროპული ტიპის ქალაქია, საინტერესო არქიტექტურით და ულამაზასი ხედებით ნიუ იორკზე. ჰობოკენი ფრენკ სინატრას მშობლიური ქალაქი ყოფილა.

საღამოს ჯერ თამთა ყველაიძის, ღვინის ეროვნული სააგენტოდან, წერილი მივიღე, მერე ქალბატონ ლიზა გრანიკის. ლიზა საერთაშორისო დონის ღვინის ექსპერტია, ღვინის დიდოსტატია (Master of Wine) და ამავე დროს ქართული ღვინის და განსაკუთრებით ქვევრის ღვინის დიდი მოყვარული და მოამაგე, ასევე შესანიშნავ ქალბატონებთან ალის ფეირინგთან და სარა მეი გრუნვალდთან ერთად. წელს ოქტომბერში ამერიკაში „ქართული ღვინის თვე“ - ღვინობისთვე იმართება სემინარებითა და დეგუსტაციებით ნიუ იორკში, ვაშინგტონსა და სან-ფრანცისკოში, რომელსაც ქალბატონი გრანიკი გაუძღვება. ლიზამ ნიუ იორკსა და ვაშინგტონში დამპატიჟა ამ ღონისძიებებზე, ვახშამზე დასწრებით. ამ საქმეში ჩართული ხალხი მინდა გაგაცნოო და მათაც აინტერესებთ შენი გაცნობაო. სიხარულით მივიღე მიწვევა, თანაც ვაშინგტონში მამუკა წერეთელსაც ვნახავ, რომელიც ჩვენი ღვინის იმპორტიორია ამერიკაში. 

 

პარასკევი, 11 სექტემბერი, 2015

ხვალ ჩემი დაბადების დღეა და ეს დღეები მახო მეჩალიჩება, რა გიყიდო საჩუქრადო. არაფერი, არაფერი, არაფერი და ბოლოს უცბად მომინდა და ვუთხარი ბილეთი მიყიდე ტენისში ამერიკის ღია ჩემპიონატზე-მეთქი. გუშინ დილით დამირეკა სამსახურიდან, ბილეთი აგიღე კაცების ნახევარფინალებზეო. კარგი შვილი. ჰოდა მეც გავემზადე დღეს დილიდან, მახოს გავყევი სამსახურში, ცოტა გავისეირნე მანჰეტენზე და გავუყევი გზას ფლაშინგ მედოუსკენ. 

თამაშები 5-ზე იწყებოდა. ოთხი საათისთვის იქ ვიყავი. ჯერ ჯოკოვიჩ-ჩილიჩის თამაში იყო, შემდეგ - ფედერერ-ვავრინკას. ორივე თამაში ცალ კარში წარიმართა. ჯოკოვიჩმა გაანადგურა შარშანდელი ჩემპიონი ჩილიჩი და ფედერერმაც საკმაოდ მალე გატეხა როლან გაროს ჩემპიონი ვავრინკა. დიდი ზეიმის მონაწილე გავხდი. არტურ ეშის სტადიონზე 22 500 ადამიანი ეტევა და, თითქმის, გადაჭედილი იყო. ერთი რამე იყო კიდევ საინტერესო, არსად მთელი სტადიონის ტერიტორიზე არ შეიძლებოდა სიგარეტის მოწევა. ესეც ამერიკაა.

 

შაბათი, 12 სექტემბერი

დღეს 58 წლის გავხდი. დედა! რა ბებერი ვარ, ვერ ვიჯერებ. 

საერთოდ არ მიყვარს ჩემი დაბადების დღეები, მაგრამ მახომ კიდევ ერთი საჩუქარი გამიკეთა და გამახალისა. ავტომობილებითაა გატაცებული და დილიდან ავტოკროსზე წამიყვანა. ავტოკროსი ასეთი სპორტია, ტრასაა დაყენებული, კარებები, როგორც სამთო-სათხილამურო სპორტში და საუკეთესო დროს ვინც აჩვენებს, გამარჯვებულიც ისაა. ძალიან საინტერესო და სახალისო იყო პორშეების, ლოტუსების, აუდების, BMW-ების, სუბარუების და სხვა სპორტული ავტომობილების ყურება და მათი ძრავების სასიამოვნო ღმუილის მოსმენა. ჩემდა სასახელოდ უნდა ვთქვა, რომ ბოლო არ ვყოფილვარ და 60-დან 10 კაცს/ქალს კი ვაჯობე.

ალას დღეს კერძო შეკვეთა აქვს ნიუ იორკში და მთხოვა, გვიან საღამოს მომაკითხეო. წავედი. მე-6 ავენიუს მივუყვები ჩრდილოეთით. ცენტრალ პარკთან უნდა მივიდე, ძალიან ახლოს იმ სახლთან სადაც ადრე ჯონ ლენონი ცხოვრობდა და რომლის სადარბაზოსთანაც პატივცემულმა მარკ ჩეპმენმა ჯერ ავტოგრაფი გამოართვა და მერე მოკლა. და რომ გვახსოვს ამ ნაბიჭვარის სახელი?! იოკო ისევ იქ ცხოვრობსო. შაბათი საღამოა. გადაჭედილია ქუჩები. დედა მიტირეს ნიუ იორკელმა ტაქსისტებმა. არც ავტოკროსმა მიშველა და არც სპორტულმა სუბარუმ. მივზოზინებ. ისე მიჭრიან გზებს მარცხნიდან და მარჯვნიდან, მიმიქარავს თბილისი. ხოდა გადავედი მეც თბილისური ტარების მანერაზე და დადგა ყველაფერი თავის ადგილას და უკვე სწრაფად გავიკვლიე გზა. 

სახლში გვიან დავბრუნდით, მაგრამ აღვნიშნოთო და ერთი ბოთლი 2012 წლის მოსავლის ჩვენი ღვინო გავხსენით. სულ რაღაც ერთი კვირის წინ The Washington Post-მა (Dave McIntyre) ქართულ ღვინოს მიუძღვნა ვრცელი სტატია და ბოლოსკენ ამერიკის ბაზარზე არსებული 5 ქართული ღვინო ურჩია ღვინის ამერიკელ  მოყვარულებს გასასინჯად. ჯაყელების 2012 წლის მოსავლის ხაშმის საფერავი პირველ ადგილზე დაასახელა და განსაკუთრებულ, არაჩვეულებრივ ღვინოდ მოიხსენია. 

ალამ 2010 წლის მოსავლის ღვინო გაიხსენა (კიდევ აქვს ორიოდე ბოთლი გადამალული), სხვანაირი იყოო. ყველა ჩვენი ღვინო წლიდან წლამდე განსხვავდება ერთმანეთისგან. საერთოდ ორგანული, ნატურალური ღვინოები ძალიანაა დამოკიდებული წელზე. ჩვენ ხომ ქიმიას არ ვხმარობთ, თუ არ ჩავთვლით გოგირდს უმნიშვნელო დოზით. ზოგი ამასაც არ უშვება. ჩვენც, 2013 და 2014 წლის მოსავლის ღვინოებისთვის გოგირდი საერთოდ არ დაგვიმატებია. ისე, 2013-ს გოგირდი რად უნდოდა, ალკოჰოლი 15.9% დაიგროვა. გიჟი ღვინო გამოვიდა. ჩემმა შვილმა Vino Matto დაარქვა, იგივე, „გიჟი ღვინო“, უბრალოდ იტალიურად კარგად ჟღერსო. 

ძალიან ცოტა გვქონდა, იმ წელს დაგვინაცრა ვენახი ივლისის ბოლოსკენ და გაგვიმეხუთედა მოსავალი. ამიტომაც გაგვექცა შაქარი. 2014-ის საფერავი ივლისის ბოლოს ჩამოვასხით. ასე ადრე არასდროს ვასხამდით ღვინოს ბოთლებში. მინიმუმ წელიწადნახევარი, ორი წელი მაინც გვედგა ხოლმე უჟანგავი ფოლადის ავზებში და მერე გაუფილტრავად ვასხამდით ბოთლებში, მაგრამ გარემოებებმა გვაიძულა. კოჭებში კარგი ღვინო ჩანს და ვნახოთ, ერთი წელი მაინც უნდა დავარგდეს ბოთლებში. როცა ვიწყებდი, ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ ღვინის დაყენება ასეთი აზარტული იქნებოდა. ასე რომ, ნატურალურად, ბუნებურად, ილიას ლამაზი სიტყვა რომ ვიხმაროთ, დაყენებული ღვინოები, ერთი და იმავე ვენახიდან, ერთი და იმავე მეღვინის მიერ, მაინც განსხვავებული გამოდის, თუმცა კი საერთო ხაზი, სტილი აქვთ.

კვირა, 13 სექტემბერი, 2015

დილიდან ავთო (უფრო სწორად კი ლიკა, მისი გოგონა) შემეხმიანა გურიიდან. დოლომიტი ჩამოვიტანეო. ძალიან გამიხარდა. მესინჯერზე დავურეკე და ავთოსაც ველაპარაკე. მთელი დღე დავფრინავდი. ძალიან მიყვარს ეს პატარა ვენახი გურიაში. ხაშმში ვენახის გაშენება ისე დავიწყე, რომ არაფერი არ ვიცოდი. მერე და მერე ნელ-ნელა ვისწავლე ბევრი რამე. აი გურიაზე კი თავიდან ბევრი ვიფიქრე, ბევრი ველაპარაკე გიორგი ბარისაშვილს, სოლიკო ცაიშვილს, რამაზ ნიკოლაძეს, ზურა თოფურიძეს, იაგო ბიტარიშვილს და მერე ჩამოვყალიბდი, რა და როგორ გამეკეთებინა. პატარა, მაგრამ საჩვენებელი ვენახი მაქვს. ბევრ ფრანგს და იტალიელს შეშურდება. ეს დოლომიტიც დახატავს. 

ასე ფრენა-ფრენით გავიარეთ 70 მილი, დაახლოებით 100 კმ, ნიუ იორკს ჩავუარეთ და ულამაზეს ადგილას მიმიყვანა ალამ - Croton dam on Hudson (კროტონის კაშხალი ჰადსონზე). ეს ერთ-ერთი წყალსაცავია ჰადსონზე, ნიუ იორკიდან ჩრდილოეთით, საიდანაც ნიუ იორკი სასმელი წყლით მარაგდება. ისე, ჩვენდა სამარცხვინოდ ნიუ იორკში ონკანის წყალი აბსოლუტურად გამოსადეგი და უსაფრთხოა სასმელად.

ამით მინდა დავამთავრო ეს დღიურები, თუ ფიქრები, თუ მოგონებები. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, წარმატებას თუ ამ სულელურ მარცხს ბოლოში, რამაც ჩვენი ვენახის ბედი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, ამ საქმემ მეტი სიყვარული მასწავლა და უამრავი უკეთილშობილესი ადამიანი შემძინა.

გამოსამშვიდობებელი საღამო ღvino underground-ში

სრულიად ახალი გამოწვევების წინაშე ვდგები 58 წლის ასაკში. ცოტას კი ვნერვიულობ,  თუმცა ეს პირველი შემთხვევა არ არის ჩემს ცხოვრებაში რადიკალური ცვლილებების. 6 წელი ვიმუშავე გუდაურში 90-იან წლებში და რომ წამოვედი მეგონა დამთავრდა ცხოვრება. სხვაზე ვერაფერზე ვფიქრობდი. ღამე მესიზმრებოდა და მაბოდებდა გაუკვალავ ფაფუკ თოვლზე სრიალი. ვერტმფრენის ხმის გაგონებაზე მაჟრიალებდა, მაგრამ გადავიტანე და ცხოვრებაც გაგრძელდა. მანამდეც და მერეც მქონდა რადიკალური ცვლილებები.

ასე რომ, ცხოვრება გრძელდება და ცხოვრება საინტერესო და მშვენიერია.

© მალხაზ ჯაყელი, საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

პროექტ „ღვინის დღიურების“ ფარგლებში მომზადებული მასალა წარმოადგენს ავტორთა კერძო შეხედულებებს და არ გამოხატავს საქართველოს ღვინის კლუბისა და ღვინის საინფორმაციო ცენტრის პოზიციას.


თერჯოლის მუნიციპალიტეტში მეღვინეობის კოოპერატივები დაარსდა

$
0
0

ფოტოები: enpard.ge

მეღვინეობა საზანო და თერჯოლის ღვინო - რამდენიმე თვის წინ დარეგისტრირდა, როგორც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები. სულ ახლახანს კი თერჯოლის მუნიციპალიტეტში იმერეთის მხარის გუბერნატორმა, გივი ჭიჭინაძემ და ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენელმა, ალბერტ საიდომ ამ ორი კოოპერატივის მცირე მარნები ოფიციალურად გახსნეს. 

საწარმოების შექმნა კოოპერატივებმა Enpard-ისა (ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის) და ჩეხური ორგანიზაციის - People in Need თანადაფინანსებით შეძლეს. ფინანსური მხარდაჭერა გულისხმობდა ღვინის წარმოებისათვის აუცილებელი მაღალი ხარისხის აღჭურვილობების შეძენას, როგორებიცაა: უჟანგავი ფოლადის რეზერვუარი პნევმატური ხუფით; ბოთლის ავტომატური დამხუფავი; ვენახის, ხეხილის და ბოსტნეულის შესაწამლი აპარატი (ტრაქტორზე მოსაკიდებელი, მოცულობა 400 ლიტრი); ბოთლის სტერილიზატორი; უჟანგავი ფოლადის ავტომატური ღვინის ჩამომსხმელი; უჟანგავი ფოლადის ღვინის დასადუღებელი/შესანახი რეზერვუარი (მოცულობა 5,5 ტონა); ყურძნის ელექტრო წნეხი (ტევადობა 500 კგ.); იაპონური ტრაქტორი; ყურძნის კლერტგამცლელი საწური - უჟანგავი ფოლადის; ღვინის პომპა, ღვინის ფილტრი; ყურძნის შაქრიანობის და ღვინის სპირტიანობის საზომი – რეფრაქტომეტრი.

კოოპერატივი საზანო ექვს წევრს აერთიანებს, თერჯოლის ღვინო კი - რვას (გაზაფხულამდე მათი რაოდენობა 12-მდე გაიზრდება). იმერეთის რეგიონს, როგორც წესი, მცირე ფართობის ვენახები ახასიათებს. ერთ-ერთი, სწორედ, ეს გახდა მევენახეების კოოპერატივებად გაერთიანების მიზეზი. Enpard-ისა და People in Need-ის დახმარებით, მევენახეებს მიეცათ საკუთარი ყურძნის ღვინოდ გადამუშავებისა და მეღვინეობის ბიზნესის განვითარების რეალური შესაძლებლობა. კოოპერატივების საკუთრებაში, ცალკეული ვენახების გარდა, არის თითო მარანი, სადაც ისინი მოსავალს გადაამუშავებენ, ღვინოს ბოთლებში ასხამენ და ეტიკეტირების პროცესს წარმართავენ. კოოპერატივებმა  მარნების კეთილმოწყობა საკუთარი რესურსებით შეძლეს, სადაც ისინი უკვე მასპინძლობენ ტურისტებს.

საზანოს აქტივშია ვენახები, რომელთა ჯამური ფართობი 3.5-4 ჰა-ს შეადგენს. თერჯოლის ღვინოებში კი თითო წევრი, დაახლოებით, 0.5 ჰა-ს ფლობს. საერთო ჯამში მათი ვენახებიც, დაახლოებით, 4 ჰა-ს უდრის. ორივე შემთხვევაში, ვენახებს ორგანული მეთოდებით უვლიან, რაც გულისხმობს ვაზთან მხოლოდ კონტაქტური პრეპარატების გამოყენებას. მათ მიერ წარმოებული ღვინოებიც ბუნებრივი, ორგანული პრინციპებითაა დაყენებული - დანამატების გარეშე. მარნების მთავარი აქცენტია იმერული ჯიშები - ციცქა, ცოლიკოური, ოცხანური საფერე, ალადასტური და ქვევრში ღვინის დაყენების იმერული მეთოდი. 

კოოპერატივ საზანოს თავმჯდომარე, გივი ჩუბინიძე ღვინის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში ამბობს: „ჩვენი სურვილი იყო ქვევრში ღვინის წარმოების იმერული მეთოდის პოპულარიზაცია. კოოპერატივის პირველი პროდუქცია უკვე იანვრიდან გვექნება. ამის შემდეგ აქტიურად ჩავერთვებით გამოფენებშიც და წარმოდგენილი ვიქნებით ბაზარზეც. ღვინოს ვარქმევთ ძუსისპირულს. ზოგიერთმა შეიძლება, ეს სახელი არ იცოდეს, თუმცა ამპელოგრაფიაში თუ ჩავიხედავთ, ვნახავთ, რომ მდ. ძუსის ხეობა არის საუკეთესო ციცქის ჯიშის საწარმოებლად.“

გივი ჩუბინიძე განათლებით ეკონომისტია. როგორც გვიხსნის, მისი წინაპრები მეღვინეობით იყვნენ დაკავებულები. კერძოდ, დიდი ბაბუა სოლომონ მეორის მეღვინეთუხუცესი იყო და ამის გამო მის შთამომავლებს სოფელში „მემარნეებად“ მოიხსენიებენ. ღვინოს ოჯახში ყოველთვის აწარმოებდნენ, თუმცა ამ საქმით ბიზნესის წარმოწყებაზე არ უფიქრიათ, რადგან ღვინის წარმოება საკმაოდ დიდ საწყის ინვესტიციებს საჭიროებდა. აღნიშნულმა პროგრამამ კი მასა და მის თანასოფლელებს საშუალება მისცა, მეღვინეობა მათი შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო გახდეს. კოოპერატივ საზანოს ქვევრები როგორც მარანში, ასევე, ღია ცის ქვეშ აქვს, იმერული წესისამებრ. 

მარნის ეზოში მცირე საჩვენებელი ვენახია, საინტერესო და ორიგინალური კონცეფციით - ვენახის ფართობი საქართველოს რუქის გარშემოწერილობას იმეორებს და ვაზიც ისეა განაწილებული ამ ტერიტორიაზე, როგორც საქართველოს კუთხეებში - აბორიგენული ჯიშები. ამ პატარა ვენახში საზანოს 136 ქართული ჯიში აქვს შეკრებილი. 

გოგიტა მაკარიძეს ღვინის ბიზნესში გარკვეული გამოცდილება უკვე აქვს. მან თავისი მეგობრის, მეღვინე რამაზ ნიკოლაძისა და ბიომეურნეობათა ასოციაცია ელკანას რეკომენდაციებით, 2009 წელს გააშენა ვენახი, რომელიც იშვიათი იმერული ჯიშის - ოცხანური საფერეს 4 000 ძირს აერთიანებდა. ამ ვენახებიდან მოწეული მოსავლით ნატურალური პრინციპებით წარმოებულ საფერეს გოგიტა მაკარიძე ყოველწლიურად ექსპორტზე აგზავნიდა, იაპონიაში 1 000 ბოთლს, ხოლო აშშ-ში - 700 ბოთლს.  

„რთველს მომავალ კვირაში ვიწყებთ. ველოდებით, დაახლოებით, 7-8 ტონა მოსავალს.  წელს როგორც მინიმუმ, 3 000 ბოთლს ჩამოვასხამთ, რაღაც ნაწილს კი - დავაძველებთ. მაგალითად, ოცხანურ საფერეს დავაძველებთ მუხაში.“ - ამბობს კოოპერატივ თერჯოლის ღვინის დირექტორი - გიორგი (გოგიტა) მაკარიძე. 

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

 

სოლომონ ჩოლოყაშვილი, მევენახეობის სახელმძღვანელო, წიგნი მეორე

$
0
0

გადმოწერეთ

სოლომონ ჩოლოყაშვილი, მევენახეობის სახელმძღვანელო, ამპელოგრაფია: წიგნი 2, თბილისი: სახელგამი, 1939.

მწიფე ყურძნის აუტანელი სიმსუბუქე

$
0
0

ქეთო ნინიძე

Before

26.09.2015 

სანამ ზოგიერთი მევენახე უკმაყოფილოა იმით, რომ ღვინის კომპანია დამწიფებულ და მსუბუქ ყურძენს ითხოვს, სანამ ზოგიერთი მევენახე ვაზის აჩეხვით ემუქრება ტელემაყურებელთა მოდგმას, ართანაში ბიჭების ყურძენი მწიფდება. 

„ბიჭები“ - 28 წლის ბიჭები - ვახო ფაღავა, შოთა იაშაგაშვილი, ირაკლი გავაშელი - ბავშვობის მეგობრები, თანაკლასელები. განათლებით, ეკონომისტები. რომლებმაც თავიანთი ურბაბული გატაცებები (მათ შორის, საქმიანი გატაცებები) გვერდით გადადეს და თელავში საუკეთესო, ჯანმრთელი ზვრების ძიება დაიწყეს. 

2014 წლის თებერვალში მათ შეიძინეს ვენახი, თავდაპირველად, რქაწითელის 15 რიგი წინანდლის საუკეთესო ზვრებში, ალექსანდრე ჭავჭავაძის ძველი ვენახების ადგილას. 

შარშან ძალიან ცოტა ღვინო დააყენეს, 300 ბოთლი, მხოლოდ რქაწითელი. ღვინომ იმდენად დიდი პოპულარობა მოიპოვა ღვინის მოყვარულებში, რომ რაოდენობამ მოთხოვნა ვერ დააკმაყოფილა. 

ამიტომ წელს ბიჭებმა მასშტაბები გაზარდეს, გაფართოვდნენ. მათი რქაწითელის ვენახი წინანდალში დღეს 25 რიგს მოიცავს. ამას დაამატეს 10 რიგი სოფ. ართანაში, ტყისპირებში, რომელსაც ადგილობრივები ციხიაანს უწოდებენ. 

ბიჭები მოელიან, რომ წელს უკვე 1 000 ბოთლამდე რქაწითელსა და საფერავს ჩამოასხამენ. მომავალ წელს 0.5 ჰა-ზე მწვანეს გაშენებასაც გეგმავენ. 

„ჩვენ ზოგადად, უფრო მოუვლელ ვენახებს ვეძებთ. როგორც აქ ეძახიან. შხამით გაფუჭებული რომ არ იყოს და ვიწყებთ ორგანული მეთოდებით. ვიყენებთ მარტო ნახევარპროცენტიან ბორდოს ხსნარს და ზოგჯერ - გოგირდს. როცა ყვავილში შედის, მაშინ ვიყენებთ ბაქტერიებს. ბიოაგროსთან ვთანამშრომლობთ. ორგანულზე გადასვლის პროცესში ვენახს ცოტა გაუჭირდა, მაგრამ ჯანმრთელი ვენახია.“ - ამბობს ვახო ფაღავა. 

ჩვენი სტუმრობის დროს ბიჭები მარნის მშენებლობის პროცესში იყვნენ, ახლადდარგული ქვევრები ასე გამოიყურებოდა.

მარანში ქვევრები, შედარებით დიდ ტევადობაზე გათვალეს - 9 ტ.-ზე, ცალკე გარეთ აქვთ 2 ტ. მოცულობის ქვევრები. როგორც თავად ფიქრობენ, ამ მარნის შევსებას, მინიმუმ, სამი წელი მაინც დასჭირდება. 

„ბიჭების ღვინო“ - ასე ჰქვია ბრენდს. თავიანთი პირველი მოსავლის (2014) რქაწითელი მათ წლევანდელ ახალი ღვინის ფესტივალზე გამოიტანეს. ღვინი იყიდება ღvino underground-ში, რომელმაც, ვახოს თქმით, ერთ-ერთი გარდამტეხი როლი შეასრულა მათი მეღვინეობის ჩამოყალიბებაში.  

„ამდენი შთამბეჭდავი ღვინის გაცნობის შემდეგ ჩვენც გადავწყვიტეთ ღვინის დაყენება და ბევრ საჭირო რამეს ვიგებდით vinoge.com-დან, ძალიან დიდ საქმეს აკეთებს ეს საიტი“ - ამბობს ის. 

ბიჭების კარ-მიდამო თელავში, სოფ. ართანაში

დღესდღეობით, ბიჭები ძირითადად, ართანაში ცხოვრობენ. შოთა უფრო მეტად თბილისშია, რადგან მეუღლე და პატარა შვილი ჰყავს. ვახო და ირაკლი კი კვირაში 4 დღეს მაინც სოფელში ატარებენ. ვენახის ორგანული მეთოდებით მოვლა მუდმივ მეთვალყურეობას საჭიროებს. ყოველ მეხუთე დღეს ბიჭები ვენახს წამლავენ დაბალპროცენტიანი პრეპარატით.

როცა ვენახთან მუშაობა ადამიანისთვის არა მხოლოდ მარკეტინგის, არამედ ეთიკის საკითხია, რა თქმა უნდა, მიუღებელია ბუნებაზე ქიმიური ძალადობა, ხელოვნური მანიპულაციები, მკვახე მოსავლის აღება - მხოლოდ და მხოლოდ რაოდენობის, მოცულობისა და ბენეფიტების გაზრდის მიზნით. 

ბიჭების მაგალითი მაფიქრებინებს, რომ მათ შეიძლება, მიმბაძველებიც გამოუჩნდნენ და მათი ხელობის შედეგიანობა იქნებ, ერთგვარი საზომიც გახდეს იმ ადგილობრივი მევენახეებისთვის, რომლებმაც ვენახი, ნებსით თუ უნებლიეთ, პოლიტიკური თამაშების სარბიელად აქციეს.

 

After

11.10.2015

დღეს, ორშაბათს, ამ სიუჟეტის გამოქვეყნებას ვაპირებდი, თუმცა გუშინ ღამით ძალიან ცუდი ამბის შესახებ შევიტყე.

დილით, ართანაში, ციხიაანის ვენახში მისულმა ბიჭებმა აღმოაჩინეს, რომ მოსავლის 70 % დაუპატიჟებელ სტუმარს გაეკრიფა, 600 კგ. საფერავი მოეპარათ ერთ ღამეში, 200 კგ.-ის მოკრეფა ვეღარ მოესწროთ. 

ამიტომ „ბიჭების ღვინის“ 2015 წლის მოსავლის საფერავი, ალბათ, 100 ბოთლსაც ვერ მიაღწევს.  

აუტანელია დაქირავებული მუშახელის მიერ „ჩასაბარებლად“ დაკრეფილი ყურძნის სიმსუბუქე. თუმცა, უფრო აუტანელია საკუთარი ხელით მისაღები პატარა და დაუცველი მოსავლების სიმსუბუქე.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი.

რაჭაში 2015 წლის მოსავლის ნახევარზე მეტი უკვე გადამუშავდა

$
0
0

საქართველოში კახეთის რთველს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს აქაური ვენახების ფართობიდან, მოსავლის მოცულობიდან და ყურძნის გადამუშავების მასშტაბებიდან გამომდინარე. ამის შემდეგ სახელმწიფოსა და ღვინის ინდუსტრიის ყურადღების ფოკუსი რაჭის რეგიონზეა მომართული, რადგან რაჭაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და გაყიდვადი -ხვანჭკარას მიკროზონა მდებარეობს. 

მიუხედავად იმისა, რომ 2014 წლიდანვე ნახევრად ტკბილი ხვანჭკარას ექსპორტს მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა მისი გაყიდვის ძირითად ბაზრებზე (რუსეთი, უკრაინა) არსებულმა ეკონომიკურმა კრიზისმა და მოთხოვნის შემცირებამ, ალექსანდროული და მუჯურეთული კვლავ რჩება საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირიან ჯიშებად (დაველოდოთ ოჯალეშის რთველს სამეგრელოში). 

2014 წლის მოსავალზე რაჭის რეგიონში სულ 990 ტ. ალექსანდროული-მუჯურეთული გადამუშავდა. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, გიორგი სამანიშვილის განცხადებით, წელსაც სახელმწიფო 800-დან 1000 ტონამდე მოსავალს მოელის რაჭის რეგიონში. 

რაჭის, კონკრეტულად კი -  ხვანჭკარას მიკროზონის 2015 წლის რთველს წინ უძღვოდა გვალვიანი სექტემბერი, რომელიც თვის ბოლომდე გაგრძელდა. ოქტომბრის დასაწყისში კი ტემპერატურამ საკმაოდ დაიწია. ამას დაერთო წვიმიანი დღეები. მევენახეები ცდილობენ, ამინდის გამოსვლისთანავე აიღონ მოსავალი და დროულად დააბინაონ ყურძენი. 

2015 წელს ალექსანდროულისა და მუჯურეთულის საბაზრო ფასი შარშანდელს, დაახლოებით, სამჯერ ჩამოუვარდება, თუმცა, სახელმწიფოს ჩარევით, ზონაში მოწეული კონდიციური და ხარისხიანი ყურძნის ფასი 5 ლარამდე, ხოლო არაკონდიციურისა (21 %-ზე დაბალი შაქრიანობით) - 3 ლარამდე გაიზარდა. ძელშავისა და შერეული ჯიშების წლევანდელი მოსავლის ფასი 70 თეთრია. 

რაჭის რთველის დაწყებიდან ერთი კვირის თავზე, ღვინის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური წყაროს (rtveli2015.gov.ge) 15 ოქტომბრის მონაცემებით, უკვე გადამუშავებულია 644 ტ. ყურძენი, რომლის ღირებულება 2 844 679 ლარს შეადგენს. სახელმწიფო ბაზაში დარეგისტრირებულია ღვინის 13 კომპანია, რომლებიც რაჭის რეგიონში ყურძნის შეძენას გეგმავს. 

სახელმწიფოს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში გახსნილი აქვს ღვინის გადამამუშავებელი 6 პუნქტი, სადაც ადგილობრივი მევენახეები ყურძენს აბარებენ. გიორგი სამანიშვილის განცხადებით, სახელმწიფო მზადაა, ნარჩენი ყურძნის არსებობის შემთხვევაში, სრულად შეიძინოს ალექსანდროული და მუჯურეთული, რათა რაჭის რეგიონში არც ერთი კილოგრამი აღნიშნული ჯიშის ყურძენი არ დარჩეს გადაუმუშავებელი.  

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი. 

Сборник сведений по виноградарству и виноделию на Кавказе : Выпуск 3

$
0
0

გადმოწერეთ

Сборник сведений по виноградарству и виноделию на Кавказе : Выпуск 3. Выпуск 3 : Кутаисская губерния : (Кутаисский, Шорапанский, Рачинский, Лечхумский уезды). Тифлис: Кавказский филлоксерный комитет. 1896.

Viewing all 1891 articles
Browse latest View live