Quantcast
Channel: "მარანი" - მევენახეობა
Viewing all 1902 articles
Browse latest View live

ზურაბ ღვალაძის მარანი – მცირე მარნების მცირე ანთოლოგია (21)

$
0
0

– როდის გადაწყვიტეთ მარნის დაარსება და რა იყო ამის მიზეზი?

მარანი დაარსდა ჩემი ბაბუის, გრიგოლ ღვალაძის მიერ 50-იან წლებში, მისი მამის ალექსანდრე ღვალაძის მარნის საფუძველზე, რომელიც 1900 წელს იყო აგებული. ბაბუას შემდგომ, მარანს მამაჩემი, ბონდო ღვალაძე უძღვება. ხოლო ძველი მარნის „ახალი ძველით“ განახლების სტიმული ღვინის კლუბთან 2011 წლიდან ურთიერთობის შემდგომ მომეცა.

– ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას?

გაშენებული გვაქვს ცოლოკოური და ციცქა, ვფიქრობთ კრახუნასა და მცირე რაოდენობით ოცხანური საფერეს გაშენებას.

– რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?

გვაქვს ცოლიკოური და ციცქა-ცოლიკოურის ღვინოები, რომლებიც გამორჩეულია თავისებური არომატებით. ობჩური ცოლიკოურის შესახებ ბევრგანაა აღნიშნული. ღვინოს ჩვენი ვენახებიდან დაკრეფილი ყურძნით ვწურავ და ზუსტად ვიცი, როგორაა მოვლილი. ერთი ნაჭერი ვენახი დაახლოებით 45 წელზე მეტი ხნისაა. ამიტომ შედეგიც კარგი დგება. ჩვენი ციცქა-ცოლიკოური სასიამოვნო არომატებითა და ხალისიანობით ხასიათდება. ღვინოში იგრძნობა კომშის, თეთრი ბლის, ციტრუსების სასიამოვნო არომატები. ღვინო მოწონებას იმსახურებს ყველგან, გერმანიაში, დიუსელდროფში 2016 წლის ივნისში ოქროს მედალიც ავიღეთ.

– გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?

თავდაპირველად ჩვენი ღვინო სარეალიზაციოდ ჩამოისხა „ღვინის კერის“ მიერ, 2011 წელს, რომლის შემდეგაც გაგვიჩნდა სურვილი, ღვინო ჩამოგვესხა ბოთლებში სარეალიზაციოდ. ამჟამად ჩვენი ღვინოები წარმოდგენილია ,,ვინომანიაში’’, ღვინის მაღაზია ,,დიონისეში’’, რესტორანში „ბარბარესთან“.

– არის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?

უცხოურ ბაზარზე სარეალიზაციოდ არ გავსულვართ, ნიმუშები წარდგენილი გვქონდა დიუსელდორფში, გერმანიაში, ფესტივალზე სადაც აიღო ოქროს მედალი (ციცქა-ცოლიკოურმა).

– რა სახის სირთულეები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?

სირთულეები მდგომარეობს შხამქიმიკატების უხარისხობაში, რომლებიც მოქმედებს ყურძნის ხარისხზე. პრობლემაა ასევე დაყენებული ღვინის რეალიზაცია, ჩემთვის, როგორც ფერმერისთვის, ძნელია იმაზე ვიზრუნო, როგორ გავზარდო მაღაზიაში ღვინოების გაყიდვები.

– თქვენი აზრით,რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?

ყურადღება უნდა მიექცეს შხამქიმიკატების ხარისხსა და აგრეთვე ნატურალური პროდუქციის პროპაგანდას. საჭიროა, რომ სწორი ხაზი შეიქმნას მეღვინესა და მყიდველს შორის და გაიზარდოს ღვინის მოხმარება ადგილობრივ ბაზარზეც.

– რას ურჩევდით დამწყებ მევენახე–მეღვინეებს?

დამწყებ მევენახე-მეღვინეებს ვურჩევ სიყვარულით მიუდგნენ დაწყებულ საქმეს და გულს ნუ გაიტეხენ, რადგან საქართველოში ხარისხიან ღვინოს მეტი ყურადღება მიექცევა და შრომა დაუფასდებათ.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი


განვლილი 2016 წელი ქართულ მეღვინეობაში

$
0
0

გიორგი ბარისაშვილი

საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის სფეროებში პრობლემებს რა გამოლევს? ამ პრობლემათა სათავეში დღევანდელ დღეს ღვინის ფალსიფიკაცია და დარგობრივი ცოდნის დაბალი დონე დგას. ეს უკანასკნელი პრობლემა კი უპირატესად მევენახეობის სფეროს ეტყობა. უკვე ტრადიციულად გთავაზობთ განვლილი წლის ზოგად მიმოხილვას ქართული მევენახეობისა და მეღვინეობის სფეროებში. შევეხოთ 2016 წლის მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან საკითხებს.

  დავიწყოთ მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში გამოცემული ლიტერატურით. გასული წელი ამ მხრივ გამორჩეულია, რადგან ქართულ ლიტერატურას, რაც ჯერხნობით საკმაოდ მწირია, ერთდროულად შეემატა რამდენიმე ძალზე მნიშვნელოვანი გამოცემა.

  • შევეხოთ ქართული ღვინის გზამკვლევს (2016), რომელიც მეოთხე გამოცემაა. ესაა ძალზე მნიშვნელოვანი ქართულ-ინგლისური გამოცემა, სადაც დაწვრილებითაა განხილული საქართველოს მეღვინეობის ამჟამინდელი სიტუაცია. წიგნი სრულებით ამართლებს მის სახელს და ის დიდ დახმარებას უწევს განსაკუთრებით ღვინის ტურიზმით დაინტერესებულ პირებს. გამოცემას ტრადიციულად თან ახლავს საქართველოს ღვინის რუკა. ავტორი – მალხაზ ხარბედია.
  • მომდევნო გამოცემა, ჟურნალი „giz“-ის პროექტის ფარგლებში, გერმანიის თანამშრომლობის ინიციატივით გამოიცა. ესაა ჟურნალი სახელწოდებით - „ღვინის დეგუსტაციის სახელმძღვანელო, ღვინის დეფექტების ამოცნობა“. თბილისი, 2016. ავტორი – ინგა ფუნკე. ჟურნალი მკითხველს დახმარებას გაუწევს ღვინის დაგემოვნებისას მისი დეფექტების აღმოჩენაში და მათ იდენტიფიკაციაში.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ 2016 წელს გამოიცა ორი გამოცემა.

  • ბატონი ლევან ფრუიძის წიგნი – საქართველოს მევენახეობისა და მეღვინეობის ისტორია. წიგნი მეორე, მევენახეობა. ბატონი ლევან ფრუიძის წიგნის პირველი ნაწილი ღვინის ეროვნულმა სააგენტომ 2014 წელს გამოსცა. ქართველ მკითხველს წინ ელოდება მესამე წიგნიც. ვიმედოვნებთ, რომ მასაც მალევე ვიხილავთ.
  • ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცემული მეორე წიგნი ესაა – „ქართული მარანი“, ავტორი – გიორგი ბარისაშვილი. ეს გახლავთ მეორე გამოცემა. წიგნი პირველად 2013 წელს გამოიცა, მაგრამ მცირე ტირაჟის გამო მან ვერ დააკმაყოფილა ფართო საზოგადოების მოთხოვნა.
  • მომდევნო გამოცემა ესაა საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით გამოცემული წიგნი – „ღვინის დაყენება“. პირველად ეს წიგნი 1895 წელს, პროფესორ ვასილ პეტრიაშვილის ავტორობით გამოიცა. ხუთასზე მეტ გვერდიანი ეს ახალი, მეორე გამოცემა დაინტერესებული პირებისათვის უკვე ხელმისაწვდომია.
  • ამავე წელს გამოიცა ორი ბროშურა, „მევენახეობა-მეღვინეობის ლექსიკონი“ და „ვაზისა და ღვინის ანბანი“. გამოცემების ავტორია გიორგი ბარისაშვილი.
  • ასევე აღსანიშნავია ოქროულობისა და ანტიკვარიატის სალონი „დიადემას“ ორგანიზატორობით გამოცემული კატალოგი სახელწოდებით „მეტყველი სასმისები“, სადაც შესულია XVIII–XX სს ხელნაკეთი სასმისები და ღვინის ჭურჭელი. ამ საკითხს ჩვენ ცოტა ქვემოთ კვლავ დავუბრუნდებით.
  • გვაქვს ერთი ინგლისურენოვანი გამოცემაც, რომელიც ცნობილმა ღვინის მწერალმა, ქალბატონმა ელის ფეირინგმა დაწერა. ესაა წიგნი სახელწოდებით – „For the love of wine“ Alice feiring. (“ღვინის სიყვარულისათვის”). წიგნში აღწერილია ავტორის მოგზაურობა საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის რეგიონებში. უდაოდ საინტერესო იქნება ამ ინგლისურენოვანი წიგნის ქართული თარგმანიც... უნდა აღინიშნოს, რომ გამოსაცემად მზადაა ღვინის მწერლის, ქალბატონი კარლა კაპალბოს წიგნიც, რომელიც მთლიანად ეხება მის კულინარიულ მოგზაურობას საქართველოში.
  • „ასოციაცია ქართულმა ღვინომ“ გამოსცა ინგლისურენოვანი წიგნი „ქაული ღვინის ტურიზმის გზამკვლევი“, რომლის ავტორებიც სალი უათი და ლიზა გრანიკი (MW) არიან და სადაც დეტალურადაა მიმოხილული საქართველოს ყველა ღვინო–ტურისტული კერა.
  • გასულს წელს ბატონმა ბონდო კალანდაძემ გამოსცა ქართულ-რუსული წიგნი „საქართველო - ღვინის აკვანი“. საკმაოდ მოცულობით ილუსტრირებულ წიგნში ძირეულადაა განხილული XIX-XXI სს-ების ქრონიკები და ისტორია საქართველოს ვაზისა და ღვინის სფეროდან.
  • 2016 წლის გამოცემების მიმოხილვის ბოლოს გვინდა შევეხოთ გასული წლის მიწურულს გამოცემულ ღვინის დიდ ენციკლოპედიას. რედაქტორ-კონსულტანტი – მალხაზ ხარბედია. 550 გვერდიანი ეს ქართულენოვანი ილუსტრირებული ენციკლოპედია ნამდვილად დიდი საჩუქარია ქართველი მკითხველისთვის. წიგნში ძირითადად უცხოეთის მევენახეობა-მეღვინეობის სფეროებია განხილული, მაგრამ აქვე ვხვდებით ინფორმაციას საქართველოს შესახებაც (ქართული ტექსტის ავტორი მალხაზ ხარბედია). ამ სფეროში ესაა პირველი ქართულენოვანი გამოცემა და ამგვარად ის მეტად საინტერესოა, რადგან უცხოენოვანი გამოცემები, რომლებიც ვაზისა და ღვინის სფეროში გამოიცემა, ქართველი მკითხველისათვის ძირითადად ხელმიუწვდომელია. წიგნის გამოწერა ან შეძენა შესაძლებელია ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში.

გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი ქვეყნის ვაზისა და ღვინის სფეროს ყველაზე მეტად ესაჭიროება გამოცემები, რომლებიც იქნება პოპულარულ ენაზე დაწერილი სასწავლო სახელმძღვანელოების ხასიათისა, რადგან, როგორც თავში აღინიშნა, ბოლო პერიოდში აშკარად აღინიშნება ვაზისა და ღვინის სფეროში მომუშავე პირების ცოდნის დეფიციტი.

ახლა კი თვალი გადავავლოთ ქართული მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში გასულ წელს ჩავლილ მოვლენებს. ბოლო პერიოდში საკმაოდ მრავლად იმართება ღვინის დეგუსტაციები, ლექციები, სემინარები, გამოფენები და სხვ. აქედან გამომდინარე, ჩვენი ზოგადი მიმოხილვის ჩარჩოები ჩვენი ქვეყნის მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში მომხდარ ყველა მოვლენას ვერც დაიტევს და აქედან გამომდინარე შევეხებით მხოლოდ ძირითად საკითხებს. დავიწყოთ ახალი ღვინის ფესტივალით, რომელიც უკვე მეორე წელია, განსხვავებული ფორმატით იმართება. ღონისძიება ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანია და მასში თითქმის მთელი საქართველო მონაწილეობს. მნიშვნელოვანია, რომ ფესტივალის ფარგლებში ჩატარებულ გამოფენაზე სულ უფრო და უფრო მეტი ტრადიციული მარანი იღებს მონაწილეობას.

ახალი ღვინის ფესტივალი, რომელიც უკვე ტრადიციად იქცა, 2016 წელს მეშვიდეჯერ ჩატარდა.

ასევე ტრადიციადაა ქცეული ბათუმის „ოჯახში დამზადებული ღვინის ფესტივალიც“, რომელიც 2016 წელს მეცხრედ ჩატარდა. ეს ღონისძიება, რომელიც ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის, მეუფე დიმიტრის ლოცვა-კურთხევით ტარდება, მეტად მნიშვნელოვანია, რადგან აჭარაში ვაზისა და ღვინის კულტურა მიზეზთა გამო მეტად შეჭირვებულ დღეშია და მოითხოვს ჩვენს დიდ ყურადღებას. ამავე ფართომასშტაბიანი ღონისძიების შედეგად აჭარაში უკვე აშენდა რამდენიმე მარანი და ეს პროცესი საბედნიეროდ კვლავ გრძელდება.

2016 წელს თბილისის ექსპო ჯორჯიას საგამოფენო ცენტრმა უმასპინძლა ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების რიგით მეცხრე გამოფენას.

შემდეგი და ძალზე მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც ქართულ მეღვინეობაში უდაოდ „წლის მოვლენად“ უნდა ჩაითვალოს, ესაა „ქართული ღვინის კვირეული 2016“. კვირეულის ფარგლებში, რომელიც არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ რეგიონებშიც ჩატარდა, არაერთი საინტერესო ღონისძიება მოეწყო.

  • კვირეული 22 სექტემბერს იყალთოს ქვევრის სკოლაში გაიხსნა.
  • 23 სექტემბერს თბილისში ვაზისა და ღვინის ბიბლიოთეკაში გაიმართა საღამო, რომელიც მიეძღვნა ბოლო პერიოდში მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში გამოცემულ ლიტერატურას. ამავე საღამოს მოხდა გამოცემების ავტორების დაჯილდოვებაც. საღამოს დასასრულს გაიმართა ღვინის დაგემოვნება.
  • 24 სექტემბერს მოხდა ქეთევან სადღობელაშვილის ფილმის – „ვაზში დაკარგულების“ ჩვენება, რომელიც გაიმართა პეტრიაშვილზე, ღვინის პირველ ქარხანაში.
  • 25 და 26 სექტემბერს საქართველოს სომელიეთა ასოციაციამ ჩაატარა ქართული ღვინის III ეროვნული კონკურსის პირველი და მეორე ტური, ხოლო გამარჯვებულების დაჯილდოვება ჩატარდა 2 ოქტომბერს. ამავე ღონისძიებაზე მოხდა მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში გაწეული ღვაწლისათვის რამდენიმე პირის დაჯილდოვებაც.
  • 28 სექტემბერს ღვინის პირველი ქარხნის სარდაფში საქართველოს ღვინის კლუბის ორგანიზებით გაიმართა ღონისძიება – „ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე“, სადაც მემარნეებმა მომსვლელებს საკუთარი ღვინო შესთავაზეს.
  • 29 სექტემბერს „ასოციაცია ქართული ღვინოს“ ორგანიზებით კვირეულმა მარნეულში გადაინაცვლა. აქვე მოეწყო ღვინის გამოფენა და დეგუსტაცია.
  • 30 სექტემბერს ეროვნული ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში საქართველოს ღვინის კლუბის პრეზიდენტმა – მალხაზ ხარბედიამ წარადგინა მისივე გამოცემული წიგნი „ქართული ღვინის გზამკვლევი“. აქვე ჩატარდა სხვადასხვა მწარმოებლების ღვინოების დაგემოვნებაც.
  • იმავე დღეს თელავში გაიმართა ღონისძიება „თელავინო“, რომელიც ჩატარდა კახეთის მეღვინეთა გილდიის ორგანიზებით.
  • 1 ოქტომბერს ღვინის ტურიზმის ასოციაციის ორგანიზებით მოეწყო ექსკურსია კახეთში, სადაც მონაწილეებმა დაათვალიერეს დიდი და მცირე მარნები, ჩატარდა ლექციები და მოეწყო რამდენიმე კონკურსიც.
  • ღვინის კვირეულის ბოლო დღეს, 2 ოქტომბერს რიყის პარკში გაიმართა მასობრივი ღონისძიება, სადაც წარმოდგენილი იყო 20-25 ღვინის საწარმო. ამავე ღონისძიების ფარგლებში ღვინის ეროვნულმა სააგენტომ მეღვინეობის სფეროში გაწეული ღვაწლისათვის დააჯილდოვა რამდენიმე მეღვინე.

2016 წლის 11-15 დეკემბერს დედაქალაქში გაიმართა პირველი გამოფენა-გაყიდვა, სადაც წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის სასმისები. ღონისძიება სახელწოდებით „მეტყველი სასმისები“ ოქროულობისა და ანტიკვარიატის სალონ „დიადემაში“ გაიმართა. გამოფენის დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ, როგორც ანტიკური პერიოდის, ისე XVIII-XIX სს-ის ხელნაკეთ სასმისებს: აზარფეშას, ბადიას, თასს, ყანწს, კულას, ხრიკასა და სხვ. როგორც ზემოთ აღინიშნა, სპეციალურად ამ დღისათვის მაღაზია დიადემამ გამოსცა კატალოგი სახელწოდებით „მეტყველი სასმისები“.

სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაიმართა დავით სარაჯიშვილისადმი მიძღვნილი გამოფენა „ეტიკეტის ხელოვნება“. გამოფენაზე XIX საუკუნის დასასრულისა და XX-საუკუნის დასაწყისის ღვინის 200-მდე ეტიკეტი იყო გამოფენილი. ეს 20 დღიანი გამოფენა გაიხსნა 18 დეკემბერს.

რაც შეეხება უცხოეთის გამოფენებს, სადაც ქართული მხარეც იღებდა მონაწილეობას, ალბათ 2016 წელი რეკორდული იყო. ამგვარი გამოფენების უბრალოდ ჩამოთვლაც კი ძალზე შორს წაგვიყვანს...

  შევეხოთ რამდენიმე საკითხს. სასიხარულოა, რომ საქართველოში და უპირატესად კახეთში ტრადიციაული მარნების მშენებლობამ მასობრივი ხასიათი მიიღო. ასევე ფართო ხასიათს იღებს ძველი ქართული ვაზის ჯიშების გაშენებაც. უნდა ითქვას, რომ ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის განვითარებასა და ამაღლებას სწორედ ეს გარემოება შეუწყობს ხელს.

 საქართველოს მევენახეობის სფეროში დიდ პრობლემას წარმოადგენს ყურძნის მოსავლის სუბსიდირების საკითხი, რომელიც უკვე წლებია, ტვირთად აწევს ჩვენს ქვეყანას. ასევე პრობლემატური საკითხია ვაზისა და ღვინის ქართული კანონი, რომელიც საჭიროებს ძირეულ ცვლილებებს, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ საკითხი განხილვის ფაზაშია.

უნდა აღინიშნოს ღვინის ეროვნული სააგენტოს მმართველის, გიორგი სამანიშვილის ინიციატივა ქვევრის სტანდარტის დაწერასთან დაკავშრირებით. ამ ეტაპზე უკვე დაწერილია სტანდარტის სამუშაო ვერსია, რომელიც განხილვის ფაზაშია. საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში პრობლემები ჯერ-ჯერობით მრავლადაა. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მათ გადასაჭრელად ბევრიც კეთდება. სამწუხაროდ, ღვინის ფალსიფიკაცია კვლავ დიდ პრობლემას წარმოადგენს ჩევნს ქვეყანაში. ამ სენის ძირეულად აღმოსაფხვრელად ჩვენ წინ გვიდევს ძალზე გრძელი და მძიმე გზა, რომლის ბოლოც ჯერხნობით არ ჩანს.

მცხეთა, 2016 წ.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

PAR Wine Award International – 7 ქართული ოქრო

$
0
0

რამდენიმე დღის წინ ახალი, ძალზე საინტერესო ღვინის კონკურსის შესახებ შევიტყვეთ, რომელიც სპეციალურად აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებისთვის დაფუძნდა მათი მევენახეობა–მეღვინეობის პოტენციალის გამოსავლენად და მოიცავს საქართველოს, ჩეხეთს, პოლონეთს, ხორვატიას, ბულგარეთს, საბერძნეთს, ლიბანს, ისრაელს, ბოსნია–ჰერცეგოვინას, კოსოვოს, მონტენეგროს, მოლდავეთს, რუმინეთს, სლოვაკეთს, ალბანეთს, თურქეთს, მაკედონიას, სერბეთს, სლოვენიას, უნგრეთსა და კვიპროსს. ესაა ქვეყნები, რომლებსაც მევენახეობა–მეღვინეობის გამორჩეული, ავთენტური კულტურა აქვთ და ცდილობენ მყარად დამკვიდრდნენ თანამედროვე მსოფლიო ბაზარზე. მეთოდი PAR (Product, Analysis, Ranking – პროდუქტი, ანალიზი, რეიტინგი) ცნობილმა გერმანელმა ექსპერტმა, ღვინის სენსორიკის სპეციალისტმა მარტინ დარტინგმა და გიზელა ვიუსტინგერმა შეიმუშავესდა სწორედ ამ პრინციპებზე დაყრდნობით ჩატარდა ეს კონკურსიც, რომელიც ავტორთა აზრით საუკეთესო პლატფორმად შეიძლება იქცეს მევენახე–მეღვინეებისთვის, რესტორატორებისთვის და მართალი ღვინის მოყვარულებისთვის.

პროექტის მთავარი მიზანი არამხოლოდ ღვინით ვაჭრობის ახალი არხების შექმნაა, არამედ მევენახეობა–მეღვინეობის მდიდარი ტრადიციული კულტურის შენარჩუნება, დაცვა და განვითარება.

წელს დეკემბერში პირველად გაიმართა PAR Wine Award Internationalდა უნდა ითქვას, რომ იგი ქართული ღვინოების ტრიუმფით დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ქვაჭრელიშვილების საოჯახო მარანმა„ნაოტარი“ ყველაზე მაღალი, 98 ქულა მოაგროვა და ე.წ. „უმაღლესი ოქრო“ (Top Gold) მოიპოვა. ჩვენი ოქროს შვიდეული კი ასე გამოიყურება:

98 ქულა – რქაწითელი, ქისი, ხიხვი, ნაოტარი, 2014

95 ქულა – საფერავი, საწნახელი, ჭოტიაშვილის საოჯახო მარანი, 2013

94 ქულა – საფერავი მუხაში, შალოშვილის მარანი, 2013

93 ქულა – მწვანე კახური, ბინეხი, 2015

92 ქულა – მწვანე კახური, პეტრიაანთ მარანი, 2014

90 ქულა – დათო–ნოა რქაწითელი, ნიკას მარანი, 2012

90 ქულა – საფერავი მამაპაპური, საწნახელი, ჭოტიაშვილის საოჯახო მარანი, 2013

ქარდა ამისა, 5–მა ქართულმა ღვინომ ვერცხლის ქულებიც მოიპოვეს (85–89).

P.S.იხ. მარტინ დარტინგის მცირე ინტერვიუ, რომელიც გასული წლის თებერვალში ჩაწერა „ღვინის კლუბმა“.

უფრო დეტალურად PAR Wine Award International–ის შესახებ იხ. აქ.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

ქართული ვაზი ამერიკაში

მევენახეობა - როგორ ვითარდება ეს დარგი საქართველოში

ყვარლის რაიონი, სოფელი გრემი – "კორტავების მარანი"

დავით თამარაშვილი – ქვევრის ღვინო და მეღვინეობის თანამედროვე ტექნოლოგიები

ელის ფეირინგის წიგნი ქართულ ღვინოზე – ბიზნესკონტრაქტი


გიორგი გიორგაძე, მეღვინეობა საზანო - მცირე მარნების მცირე ანთოლოგია (22)

$
0
0

– როდის გადაწყვიტეთ მარნის დაარსება და რა იყო ამის მიზეზი?

მდინარე ძუსას ხეობა, სადაც ჩვენი მარანი და ვენახები მდებარეობს, ერთ-ერთ გამორჩეულ საღვინე ზონად ითვლება, სადაც ოდითგანვე მევენახეობა-მეღვინეობა სოფლის მეურნეობის წამყვანი დარგი იყო, მაგრამ 90-იანი წლების მოვლენები და ახალ ეკონომიკურ რელსებზე გადასვლა, განსაკუთრებით მძიმედ, იმერულ მეღვინეობაზე აისახა: გაიჩეხა ათასობით ჰექტარი ვენახი, განადგურდა საქარის უნიკალური საკოლექციო ნაკვეთი, დაინგრა და ჯართად გაიყიდა ღვინის ქარხნების უმრავლესობა. ბავშვობიდან, ვაზთან შეზრდილი ადამიანებისთვის სასიამოვნო საყურებელი არ იყო იმერული მეღვინეობის მდგომარეობა. მე და ჩემ მეგობრებს, 90-იანი წლების ბოლოს გაგვიჩნდა საკუთარი მცირე მარნების დაარსების იდეა, მაგრამ გავიდა წლები და ვერცერთმა განვახორციელეთ, ფინანსური პრობლემების გამო. საბედნიეროდ, ბოლო წლებში, ახალი პერსპექტივები გამოიკვეთა მცირე მარნების და საოჯახო მეღვინეობისთვის. ყოველწლიურად სულ უფრო მეტი მეღვინე ელოდება, „ღვინის კლუბის“ ინიციატივით დაარსებულ „ ახალი ღვინის ფესტივალს“ და ღვინის სააგენტოს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით გამართულ სხვადასხვა გამოფენა-გაყიდვებს. ამ ფონზე, ჩვენც გაგვიახლდა საკუთარი მარნის დაარსების სურვილი და საბედნიეროდ, სულზე მოგვისწრო 2012 წლის ზაფხულზე, ევროკავშირის „ენპარდის“ პროექტით დაფინანსებულმა და ჩეხური და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების კონსორციუმის პატრონაჟით განხორციელებულმა საგრანტო კონკურსმა. მეგობრებთან, გივი ჩუბინიძესთან და გელა გამეზარდაშვილთან ერთად, დავაფუძნეთ კოოპერატივ „მეღვინეობა საზანოს“ საინიციატივო ჯგუფი და დავწერეთ ბიზნეს–გეგმა. კონკურსში გამარჯვების შედეგად, გრანტის სახით გადმოგვეცა ღვინის საწარმოო ინვენტარი, ღვინის შესანახი რეზერვუარები და სასოფლო სამეურნეო ტექნიკა. ჩვენი მხრიდან ავაშენეთ და გავარემონტეთ მარნისთვის საჭირო შენობები. შევიძინეთ ქვევრები და 2015 წელს, პირველი ღვინოც ჩამოვასხით.

– ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას?
ამ ეტაპზე, ძირითადი საწარმოო ჯიში არის ციცქა, მცირე რაოდენობით გვაქვს ცოლიკოური და ოცხანური საფერე. წელს გავაშენეთ კრახუნას, ოცხანური საფერეს და ციცქას ვენახები, მთლიანობაში 3000 ძირამდე. ასევე წელს გამოვიყვანეთ ერთ-ერთი იშვიათი და მაღალხარისხოვანი იმერული საღვინე ვაზის ჯიშის, თეთრი კაპისტონის ნერგი, რომელიც მომავალ წელს გაშენდება, დაახლოებით 500-600 ძირამდე. მომავალი წლების გეგმაში გვაქვს, ცოლიკოურის და კრახუნას ვენახების გაშენება. აგრეთვე ვაპირებთ, რაჭა-ლეჩხუმის გამორჩეული ჯიშების: მუჯურეთული და უსახელოურის გაშენებას, რომლებიც თავის დროზე გამოცდილი იყო იმერეთში მდებარე საქარის საცდელ სადგურზე, სადაც ძალიან მაღალი მაღალი პოტენციალი გამოავლინეს, სუფრის წითელი მშრალი, ნახევრადმშრალი და ნახევრადტკბილი ღვინის წარმოებისთვის.

– რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?
ამ ეტაპზე, ბიოსერთიფიკატი არ გვაქვს, მაგრამ ვცდილობთ, მაქსიმალურად მივუახლოვდეთ ბიოწარმოების სტანდარტებს: არ ვიყენებთ სისტემურ პრეპარატებს და ქიმიურ, სინთეზურ სასუქებს. გვაქვს ციცქას, ცოლიკოურის და ოცხანური საფერეს ღვინოები. თეთრ ღვინოებს ძირითადად ევროპული წესით ვაყენებთ. ასევე ვცდილობთ, ტრადიციული, იმერული წესით (ქვევრში, მცირე მოცულობის, კლერტგაცლილ ჭაჭაზე) ღვინის დაყენების ტექნოლოგიის აღდგენას. პირველი მცდელობა, სამწუხაროდ, ქვევრის ხარვეზის გამო, ცუდი შედეგით დასრულდა. „ოცხანური საფერე“- ს ქვევრში ვადუღებთ, სრულ ჭაჭაზე, 5-10 დღის განმავლობაში. წელს დიდი სიუპრიზი იყო და ძალიან გაგვეხარდა, სპეციალურმა ჟიურიმ რომ ჩვენი ოცხანური საფერე შეარჩია „ახალი ღვინის ფესტივალის“ გახსნის ცერემონიისთვის.

– გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?

– პირველი პარტია, რამდენიმე ათეული ბოთლი ოცხანური საფერე გავყიდეთ - დაწურვისთანავე შეგვიკვეთა, ჩვენმა გულშემატკივარმა და აწ უკვე ჩვენმა ახლო მეგობარმა, მალხაზ ნეფარიძემ. იგი ჯერ კიდევ მშენებლობის პროცესში დაგვიდგა გვერდით, სრულიად უანგაროდ, თითქმის უცნობ ადამიანებს. ამჟამად ღვინო იყიდება, თბილისში, ბიოლოგიურ მეცნიერებათა ასოციაცია „ელკანას“ მაღაზიაში. გვაქვს ურთიერთობა თბილისში ღვინის მაღაზია „იორვაინთან“, ღვინის სარდაფ „ვინოგრაუნდთან“. „ვინომანიას“ მაღაზიების ქსელთან, თბილისსა და ბათუმში. ასევე ქუთაისში, რამდენიმე პრესტიჟულ სასტუმროში შესაძლებელია ჩვენი ღვინის შეძენა. ადგილზეც, თერჯოლის რაიონის სოფელ ზედა საზანოში მდებარე მარანში, ხშირად გვაკითხავენ ტურისტული ჯგუფები და ღვინის მოყვარულები ღვინის შესაძენად, სადაც სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია, ღვინის საკუთარი ხელით ჩამოსხმა, დაბეჭდვა და ეტიკეტირება.

– გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?

ამ ეტაპზე მოლაპარაკებები გვაქვს ერთ-ერთ ჩეხურ კომპანიასთან, რომელიც დაინტერესებულია, საქართველოდან ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების იმპორტირებით.

– რა სახის სირთულეები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?

– ძირითადი სირთულე, ჩვენს მაგალითზე, სავენახე მიწების შეძენას უკავშირდება. მცირემიწიან იმერეთში, ძალიან რთული და ძვირი სიამოვნებაა, სასურველ ადგილზე სავენახედ ვარგისი მიწის შეძენა. დიდი პრობლემებია მევენახეობა-მეღვინეობაში განათლების კუთხით - წელს იმერეთში  მოსავლის დიდი ნაწილი განადგურდა სოკოვანი დაავადებებისგან, ძირითადად ჭრაქისგან, რაც არასწორი და არადროული წამლობების გამო მოხდა.

– თქვენი აზრით,რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?
ერთი შეხედვით, ვაზისა და ღვინის სამშობლოში, ამ ღვთაებრივ სითხეს განსაკუთრებული პოპულარიზაცია არ უნდა ჭირდებოდეს, მაგრამ ისტორიულმა ძნელბედობამ მძიმე დაღი დაასვა ქართული ღვინის განვითარების და მოხმარების კულტურას. სამწუხაროდ, დღეს ქართულ სოფელში, მევენახე-მეღვინეებშიც კი იშვიათად შეხვდებით ღვინის სათანადოდ დამფასებელ ადამიანებს. დღემდე აქტუალურია შუასაუკუნეების ირანიდად შემოსული ლოთობა-ღრეობის კულტი, რამაც თავის დროზე დიდი წვლილი შეიტანა ქართული სახელმწიფოებრიობის ჩამოშლაში. ჩემი აზრით, აუცილებელია რეგიონებში სათანადო განათლების შეტანა, ვიცი, რომ ღვინის კლუბი ბევრს აკეთებს ამ მიმართულებით, მაგრამ მხოლოდ კლუბები და სკოლა-სტუდიები, მთავრობის თანადგომის გარეშე ვერ გაწვდება ამ საქმეს. ალბათ საჭიროა მეტი ფესტივალები და გამოფენები მეღვინეობის რეგიონების მიხედვით. დღევანდელი მდგომარეობით, დასავლეთ საქართველოში შეუძლებელია, ღვინომცოდნეობის ანბანის ათვისება, თბილისში ჩამოსვლა და სპეციალური კურსების გავლა კი, ძვირი სიამოვნებაა მსურველებისთვის.

– რას ურჩევდით დამწყებ მევენახე–მეღვინეებს?
თუ ვაზთან და ღვინოსთან ურთიერთობა სულიერ სიამოვნებას განიჭებთ, მაშინ ეს საქმე თქვენთვისაა და შედეგებიც შესაბამისი გექნებათ. კარგი შედეგები კი კარგი ბიზნესის დასაწყისია - წარმატებებს ვუსურვებ ყველა დამწყებ მეღვინეს!

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

2017 – ქართული ღვინო საერთაშორისო ფესტივალებსა და ფორუმებზე

$
0
0

ყოველწლიურად სულ უფრო დატვირთული და მრავალფეროვანი ხდება მსოფლიოს ღვინის ფესტივალების, ბაზრობებისა და საერთაშორისო დეგუსტაციების კალენდარი. წელსაც, არაერთი ასეთი ღონისძიება გაიმართება, რომელშიც ქართველი მეღვინეებიც მიიღებენ აქტიურ მონაწილეობას.

წელიწადს ტრადიციულად ნატურალური ღვინის ფესტივალები ხსნიან – La Dive Bouteille და Les Penitentes, ანჟერსა და სომიურში (30–31 იანვარი). 18-19 თებერვალს Boston Wine Expo ჩატარდება, 7 მარტს კი FoodEX Japan გაიხსნება ტოკიოში. RAW-ლონდონი 12–13 მარტს გაიმართება (RAW–ს ფესტივალები გაიმართება ასევე ბერლინსა და ნიუ იორკში, ნოემბრის თვეში), ხოლო წლის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანეს ღონისძიებად კვლავინდებურად რჩება დიუსელდორფის Prowein (19–21 მარტი), სადაც ტრადიციულად ძალზე წარმომადგენლობითი ჯგუფი მიემგზავრება ხოლმე საქართველოდან. 9–12 აპრილს ვერონაში Vinitaly–ა, ხოლო 12–14 აპრილს იაპონია კიდევ ერთ დღესასწაულს უმასპინძლებს – Wine and Gourmet. 7–8 მაისს ლონდონში ნატურალური ღვინოების წლის ყველაზე მასშტაბური ფორუმი გაიმართება – The Real Wine Fair. 2 კვირის შემდეგ ლონდონშივე გაიმართება მსოფლიოს ერთ–ერთი ყველაზე პრესტიჟული The London Wine Fair (22-24 მაისი).

საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი იქნება წლევანდელი ბორდოს Vinexpo (18–21 ივნისს), რომლის ფარგლებშიც მსოფლიოს ღვინის ცივილიზაციის გრანდიოზული ცენტრი გაიხსნება, სადაც განსაკუთრებული ადგილი ექნება დათმობილი საქართველოს. ასევე უნდა აღინიშნოს, 20–23 ოქტომბერს ბელგიაში დაგეგმილი Megavino.

ცალკე უნდა შევეხოთ ჩინეთში გასამართ ღონისძიებებს. მოგეხსენებათ, ბოლო წლების მანძილზე ჩინეთი ქართული ღვინისთვის ერთ–ერთ წამყვან საექსპორტო ბაზრად იქცა და ამიტომაც ქართული კომპანიები სულ უფრო მეტ რესურსს მიმართავენ ამ ქვეყნისკენ. 23–25 მარტს ჩვენი მეღვინეები ჩენგდუს China Food& Drink Fair–ს ეწვევიან, 29 მარტს პეკინის CCPIT–ს ღონისძიებას, 14–16 ნოემბერს კი Prowine Shanghai–ს.

ყოფილი სოც–ბანაკის ქვეყნებში დაგეგმილი ღონისძიებიდან ვილნიუსის Vyno Dienos უნდა გამოვყოთ (5–6 მაისი) და პოლონეთის Enoexpo (15–17 ნოემბერი).

საქართველოში ტრადიციულად, უკვე მერვეჯერ გაიმართება „ღვინის კლუბის“ მიერ ორგანიზებული „ახალი ღვინის ფესტივალი“, 9–11 ივნისს ასევე ტრადიციული WinExpo Georgia და შემოდგომაზე, ალბათ კვლავ გაგრძელდება ახლადსაფუძველჩაყრილი „ქართული ღვინის კვირეული“.

წლის განმავლობაში ქართული ღვინის დეგუსტაციები გაიმართება ნიუ იორკში, ლონდონში, ჩენგდუში, ჰონგ კონგში, პეკინში, შანხაიში და ჩინეთის სხვა ქალაქებში, ვილნიუსში, რიგაში, ტალინში, სინგაპურში, სან ფრანცისკოში, ვაშინგტონში, ლოს ანჯელესში, კრაკოვში, ვარშავაში, ასევე ტოკიოში, ოსაკაში, საპოროშ, ნაგოიასა და ფუკუოკაში.

სრულად ჩამონათვალი იხ. აქ.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

ქართული ღვინის გზამკვლევი 2016

$
0
0

ეს ორენოვანი (ქართული და ინგლისური) გამოცემა 2012 წლიდან მოყოლებული უკვე მეოთხედ გამოვიდა და იგი ერთად–ერთი რეგულარული სპეციალური გამოცემაა ამ სფეროში.

საქართველოს  ღვინის რეგიონები

  • ისტორია
  • ჯიშები
  • ადგილწარმოშობის დასახელებები
  • ღვინის საუკეთესო ტურისტული კერები
  • მოსავლის წლების მიმოხილვა
  • ღვინის სფეროში წლის უმნიშვნელოვანესი მოვლენების ქრონიკა
  • სხვადასხვა პრესტიჟული ჯილდოს ლაურეატი ღვინოების ჩამონათვალი
  • 150–მდე სხვადასხვა ქართული ღვინის დახასიათება
  • წიგნს მოყვება გასაშლელი რუკა, სადაც ყველა მნიშვნელოვანი ღვინის კერაა დატანილი.

ქართული ღვინის გზამკვლევი 2016 (მეოთხე გამოცემა) შეგიძლიათ შეიძინოთ "ს" ქსელში. ცხელი ხაზი: +995 (32) 2 48 68 44.

წიგნი ასევე იყიდება ღვინის ბარ–მაღაზია "8000 მოსავალში" (სულხან ცინცაძის 26).

ღVino Underground–ში (ტაბიძის 15).

მაღაზიაში "წიგნები ვაკეში" (ფალიაშვილის 66).

გარდა ამისა, წიგნი შეგიძლიათ ონლაინ შეუკვეთოთ აქ: 
ქართული ღვინის გზამკვლევი 2016

ღვინის სათავეებთან - 2016

კახა ბერიშვილის ვიდეობლოგი - ნატურალური ღვინო ართანიდან

ალექსანდრე სარდანაშვილი - მცირე მარნების მცირე ანთოლოგია (23)

$
0
0

– როდის გადაწყვიტეთ მარნის დაარსება და რა იყო ამის მიზეზი?

 საოჯახო მარანი დიდი ხანია რაც გვქონდა, უბრალოდ ბოლო წლებში ახალი სახე მივეცით. ათვლის წერტილი 2012 წელია, როცა პირველად მივიგეთ მონაწილეობა ახალი ღვინის ფესტივალში. მიზეზი და მოტივაცია არის ამ სფეროს განვითარება, თანამედროვე საოჯახო მარნის მოწყობა და ნატურალური ღვინის ჩამოსხმა.

– ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას?

 ამ ეტაპზე გაშენებული გვაქვს ალექსანდროულის და მუჯურეთულის ჯიშები, ცოლიკოური.  ვაპირებთ გავაშენოთ მეტი ცოლიკოური და წულუკიძის (რაჭული) თეთრა.

– რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?

ამ ეტაპზე ვაწარმოებთ ხვანჭკარას და ცოლიკოურს. ჩვენი ღვინო გამოირჩევა ნატურალური გემოთი და ბუნებრივი არომატებით (ყოველგვარი დანამატების გარეშე).

– გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?

მაღაზიებში ჩვენი ღვინო არ იყიდება. ამ ეტაპზე ღვინო გათვლილია ადგილზე მოსულ დამსვენებლებზე და ამ ღვინით დაინტერესებულ პირებზე.

– რა სახის სირთულეები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?

ძირითადი სირთულე ხარისხიანი ნერგების მოძებნა და ასევე ხარისხიანი პრეპარატების მოპოვებაა (საკმაოდ პრობლემატურია).  ამ სფეროში სხვა პრობლემებიც საკმაოდ ბევრია, მითუმეტეს ჩვენს რეგიონში. აუცილებლად უნდა განვითარდეს საოჯახო მარნები, საჭიროა დაინტერესებულ ადამიანებს ჰქონდეთ ყველა ინფორმაცია იმ ფონდების და პროგრამების შესახებ, რომლებიც ხელს შეუწყობენ მათ საქმიანობას.

– თქვენი აზრით,რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?

 საჭიროა მეტი ინფრასტრუქტურა, მეტი განათლება, ინფორმირება და ჩართულობა, მეტი საინფორმაციო დაფების დაყენება.

– რას ურჩევდით დამწყებ მევენახე–მეღვინეებს?

დამწყებ მეგვინეებს ვურჩევდი დიდ მოთმინებას, ბევრ შრომას და ულევ მოტივაციას,  დანარჩენი უბრალოდ დროის საქმეა.

    © საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

ცხოვრება ციფრებში - მოდი, ვნახოთ ვენახი - ქართული ღვინო


„ქარი უნდა ხვდებოდეს, რომ არ გამოიხანძლოს“

$
0
0

მთხრ. შერმადინი, 110 წ. (სოფ. ატენი)

ალაგი უნდა მოგვენახა, რომ მისდგომოდა წყალი, მოგვერწყა, ფიცხიადგილი უყვარს (ვაზს), ქარიანი. ქარი უნდა ხვდებოდეს, რომ არ გამოიხანძლოს, შიგ უნდა იმუშაოს ქარმა, აიოდლოს, კოდაარ გაიკეთოს, იგვალოს. ეხლა რომ გავაკეთეთ სიონთანა, ორი ვერსი გამოვა, საიდანაც წყალი გამოვიყვანეთ, წყალი უნდა მოხვდეს. გამოყვა, გამოყვა თარაზოთი  და იპოვნა ნაწყლევი რუიΩ. ერთი ორჯერ-სამჯერ მოირწყოს. მშვენიერი ღვინო იცის, ტკბილი, რაკი წყალი გამოვა და მოირწყვება. უნდა გადააბრუნო დედამიწა არშინზე, ისე ჩააყარო ბაგა. თუ გადააბრუნე დედამიწა, ღონიერი ვაზი იქნება, რაკი ხამ მიწაზე დავა, ფესვებსაც გაიკეთებს. უწინ გვეშინოდა სეტყვისა, გვეშინოდა, ერთი ნაცარიარ შეეყაროს, წამალი არ უნდოდა.

ჯიშები: ჩინური, მწვანე, ბუდეშური, თითა, თავკვერი, შავია საფერავი.არის კიდევ უგვარო ვაზი. იმას სახელს არ ვეძახით. ეხლა ბუდეშური ვერ იტანს სიცხესა და წვიმას. ძლიერ მალე აფუჭებს წვიმა და ოდი, გამოსავალიკი ბუდეშურისა სჯობიან. ჩინური მაგარი ვაზია, არა ფუჭდება, იტანს სიცივესაც, სიცხეში თხელდება ტევანი, კი ვერ აფუჭებს. კანი სქელი აქ და დურდღლი. მეტს რო დასწურამს, დურდღლი გამოსდევს. მწვანეც მაგარი არი, მაგრამ გამოსავალი არა აქ კარგი. თავკვერს აქვს გამოსავალი და ჩინურს. ჩინური ღვინო დიდხან ინახება.

თავკვერი შავია, შავათა მწიფდება, მაყვალივით. ვაზი კარგია; თუ კარგი ამინდია, ბუდეშურივითა მუდამ ისხამს, მეწლეარ არის. ძველათ სხვანაირი ხაერი იყო, ეხლა სხვანაირია.

უწინა ჩვენ ფეხის ვაზიარ ვიცოდით. ხეივანიიყო, დაკიდული. ჩინური იყო, ბუდეშური იყო, თითა, თავკვერი შიგადაშიგ იყო გარეული და სარიარ უნდოდა, ლატანიუნდოდა; სარსა ბევრი ამაგი უნდოდა, ლატანს არ უნდოდა.

ქართლური ბუდეშური,თავკვერი, თითა საჭმელათ არი კარგი და იმისი ტკბილიცალკე რო დაწურო, დიდხანს ინახება. წელიწადში ორჯერ უნდა გადაიღო, დურდღლიამოაცალო. საჭმელათ როგორც წვადი, ჭამო. მოხარშული კარგია, თუ წვადი? - ისე ეგ არი. თითა: "თითა შეგჭამ ღვთითა."

მასალები საქართველოს შინამრეწველობისა და ხელოსნობის ისტორიისათვის, ტომი IV, ნაწილი III თბილისი, მეცნიერება, 1989.

შილდური საფერავი

ზურა ნატროშვილი, ბინა 37 - მცირე მარნების მცირე ანთოლოგია (24)

$
0
0

– როდის გადაწყვიტეთ მარნის დაარსება და რა იყო ამის მიზეზი?

მარნის დაარსება 2 წლის წინ გადავწყვიტეთ. თავდაპირველად მარნის აშენება დაგეგმილი გვქონდა სოფელ ჯიღაურაში, მაგრამ წლევანდელი ახალი ღვინის ფესტივალის შემდეგ გადავწყვიტეთ მარანი მის ამჟამინდელ მისამართზე მოგვეწყო, კერძოდ, ვეძისში, საცხოვრებელი კორპუსის მე-8 სართულის ვერანდაზე. მარანთან ერთად გვაქვს სადეგუსტაციო სივრცე, სადაც ჩვენს სტუმრებს შეუძლიათ ჩვენი ღვინისა და ქართული კერძების დაგემოვნება.

– ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას?

ამ ეტაპზე ჩვენი საკუთარი ვენახი არ გვაქვს, თუმცა აუცილებლად ვაპირებთ ვენახის გაშენებას. სამომავლოდ ვისურვებდით რქაწითელის, მწვანის, ქისის, საფერავის, ჩინურის, ჩხავერის და სხვა ჯიშების ვენახის გაშენებას.

– რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?

– დღეისათვის გვაქვს რქაწითელი, მწვანე, ქისი და საფერავი. მომავალ წელს ზემოთხსენებულს დაემატება: ჩინური, გორული მწვანე, თავკვერი, ციცქა, ცოლიკოური და კრახუნა. ჩვენი ღვინისთვის ყურძენს ვარჩევთ იმ ადგილების მიხედვით, სადაც მათი ჯიშური თვისებები საუკეთესოდაა წარმოჩენილი. ვთანამშრომლობთ იმ მევენახეებთან, რომლებიც ვაზის მოვლისას არ ან მინიმალურ დასაშვებ დონეზე იყენებენ არასასურველ ქიმიურ ნივთიერებებს. ღვინოს ვაყენებთ ტრადიციული მეთოდით და ეს ყველაფერი არის კარგი ღვინის შექმნის საფუძველი.

– გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?

ჩვენი ღვინის რეალიზაცია არც ადგილობრივ და არც უცხოურ ბაზრებზე ამ დრომდე არ მომხდარა, თუმცა იანვრიდან ჩვენი ღვინის დაგემოვნება და შეძენა შესაძლებელი იქნება ჩვენსავე ზემოხსენებულ მარანში, „ბინაN37“, მგალობლიშვილის ქ. N5ა.  ასევე დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებთ მაღაზიებთან და ბარებთან, რომლებიც მომხმარებელს ხარისხიან ნატურალურ ღვინოს სთავაზობს.

– რა სახის სირთულეები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?

მთავარი გამოწვევა სასურველი ვენახისა და შესაბამისად ყურძნის შერჩევაა. როგორც მოგახსენეთ, ამ დროისათვის საკუთარი ვენახი არ გვაქვს და ვცდილობთ მაქიმალური სიფრთხილით შევარჩიოთ ყურძენი, რომლისგანაც ხარისხიან ღვინოს მივიღებთ. სირთულე არამხოლოდ ხარისხიანი ვენახის პოვნაა, არამედ მევენახეებთან რთველის თარიღების შეთანხმება, რომ ყურძენი საუკეთესო კონდიციაში  მოიკრიფოს და ა.შ. სავარაუდოდ საქმიანობის განვითარებასთან ერთად მომავალში სხვა სახის სირთულეებთანაც მოგვიწევს შეხება. მთლიანობაში  ჩვენი კანონმდებლობა ღვინის წარმოების დაწყებისთვის ლიბერალურია. ვისურვებდით, რომ შეიქმნას ქვევრის ღვინის სტანდარტი, რომლის არ დაცვის შემთხვევაში მწარმოებელს არ ექნება უფლება დააწეროს მის პროდუქტს ქვევრის ღვინო. ზოგადად, სუბსიდირების წინააღმდეგი ვართ, განსაკუთრებით იმ სახით, რაც დღესაა. სახელმწიფოს დახმარება უფრო რაციონალურად უნდა იყოს გამოყენებული და მიმართული შორსმიმავალი მიზანების მიღწევაზე. მნიშვნელოვანია დავიწყებული ჯიშების აღორძინების პროგრამების შემუშავება და განხორციელება. ხელი უნდა შეეწყოს მცირე საოჯახო მარნების განვითარებას. კარგი იქნება თუ თავად მევენახეები დაიწყებენ საკუთარი ღვინის წარმოებას.

– თქვენი აზრით,რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?

ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის საჭიროა მეტი თეორიული ცოდნა და შესაბამისად ამ ცოდნის მისაღები კერების განვითარება. მნიშვნელოვანია ისეთი სტრატეგიით მოქმედება, რომელიც ორიენტირებულია ხარისხზე და არა რაოდენობაზე. ალბათ ასე დავიმკვიდრებთ ჩვენს ადგილს მსოფლიოს ბაზარზე. ადგილობრივად სასურველია შეიცვალოს ღვინოსთან ურთიერთობისა და მისი მოხმარების კულტურა, რაც სამომავლოდ დადებით ასახვას ჰპოვებს წარმოებული ღვინის ხარისხზე.

– რას ურჩევდით დამწყებ მევენახე–მეღვინეებს?

რთულია რამე ვურჩიოთ დამწყებ მეღვინეებს, რადგან ჩვენც ასეთად მოვიაზრებით. როგორც საკუთარ თავს, ასევე მათ ვურჩევდი უფრო მეტი თეორიული ცოდნის შეძენას, გამოცდილი მევენახეებისა და მეღვინეების გამოცდილების გაზიარებასა და დასახული მიზნებისკენ მოთმინებით სვლას.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

“წინათ არ უნდოდა მოწამვლა...”

$
0
0

მთხრ. შერმადინი, 110 წ. (სოფ. ატენი)

წინათ არ უნდოდა მოწამვლა.ვაზი წინათ უნდა გაგესხლა, შეგეყელა,მოგერწყო თავის დროზედა და დავთოხნიდით, ტენი არ გამოელიოსო. ბარი აფუჭებს, ფესვებს სჭრის - ფეხები რო დაგაჭრა, ის რა კაცია. თოხით კარგი სიგრილე აქ. ტენი გრილათ ინახამს, აღარ უნდა ბევრი მორწყვა. რო გათოხნი, ჰაერი მუშაობს გრილათ, სიცხე ვერ ატანს. ის როცა ლიანდაგათ არი, სიცხე აფუჭებს. სათიბელათი ვაზი უნდა გაგვეთიბნა წელიწადში ორჯერა. ერთი მაისში, ერთი ენკენისთვეში. ნამგლით უნდა ყანა მოგვემკა და სათიბელათივენახი გვეთიბა. სათიბელა პატარაა, პატარა ბიჭინა.

ეგ ავადმყოფობა იყო წინათ რომ ერთი სეტყვადა ნაცარი. ნაცარი უჩნდებოდა მაისშია, მაისი, თიბათვე, კათათვე და მარიამობისთვეში არ იცოდა. ვერავინ გამოიკვლია იმის წამალი, გოგირდს უშვრებიან და ტკბილსაფუჭებს. ეგ წამალი რგებს ფეხის მოსავალსა:ლობიოსა, კიტრსა, ჭარხალსა, იმას ძალიან აკეთებს, ფოთოლს ამაგრებს. ნაცარი - თეთრათ შეაყრის და აღარ იზრდება, მარცვალი სკდება. ერთხელა დილით გავწმინდე, საღამოზე ვნახე ისევ შეეპარა. არც ჭაჭავარგა იმისი და აღარც ტკბილი აქვს.

თუ ონა ვაზიარის, რქა ნეკათ,თუ ღონიერი, ნეკს მივცემთ სამამულეს, ნეკი სამამულეა,მერმის ნეკზე უნდა გავიდეს. მაღლა არ ავწევთ, დაბლა უშვებთ, მაღლა არ უნდა წაიყვანოს, ვაზი გაფუჭდება. თუ უღონო არის, გაბმულასარ მისცემენ, მოკლეთ ტუკათ, რომ აიტანოს. საპანე რო აგკიდოს, თუ ვერ შეერევი, არ წაიქცევი? ესე ვაზი არი. სხვა ქვეყნებში მარხამენ, სარს გამოაცლიან, დამარხამენ და ბელტებს დააწყობენ, ყინვაში არ გააფუჭოსო. აქ არა ვმარხამთ, ჩვენ არა გვყავს დაჩვეული.

ახვევა.რომელიცა სამამულე რქაარი, იმას შევარჩევთ და დანარჩენს გავაყრეინებთ, ხელით დავამტვრევთ, ლაფნით ავახვევთ.

შეფურჩქვნა. შეფურჩქვნაენკენისთვეში უნდა. [უნდა] გაათხელო ფოთოლი,რომ ჰაერმა იმუშაოს შიგა. მეტი არაფერი უნდა. ღვინობისთვის ნახევარში მოვკრეფამთ. აქ იმოდონა არ მოდის, რომ შინ დავლიოთ, უნდა გავყიდოთ, პური ვიყიდოთ და ვიცხოვროთ.

მასალები საქართველოს შინამრეწველობისა და ხელოსნობის ისტორიისათვის, ტომი IV, ნაწილი III თბილისი, მეცნიერება, 1989.

კახეთი Forbes–ის 12 საუკეთესო ღვინის რეგიონს შორისაა

$
0
0

კახეთი, სოფ. ართანა, მალხაზ ხარბედიას ფოტო

ცოტა ხნის წინ Forbes–მა თავისი მიმომხილველის, ლორენ მოვერის (Lauren Mowery) საინტერესო პუბლიკაცია გამოაქვეყნა (The Top 12 Underrated Wine Regions To Visit In 2017: A Month-By-Month Guide), სადაც იგი მსოფლიოს 12 საუკეთესო რეგიონს ასახელებს ღვინის ტურიზმის თვალსაზრისით. მნიშვნელოვანია, რომ ამ ჩამონათვალში კახეთიც მოხვდა.

„ღვინის მოყვარულთა და განსაკუთრებით კი ყველაზე ცნობილი ტურისტული მედია–საშუალებებისთვის სიტყვა "საქართველო" ერთ–ერთ ყველაზე სასურველ ტურისტულ სამიზნედ იქცა. თუმცა მათგან ცოტა ვინმე თუ ყოფილა ქვეყანაში, რომელიც თურქეთსა და სომხეთს ესაზღვრება. აქაური სოფლები ჯერ კიდევ ინარჩუნებენ ძველ  მომხიბვლელობას და ავთენტურობას და სწორედ ამ სოფლებმა დღემდე ხელუხლებლად შემოინახეს მეღვინეობის უძველესი ტრადიციები. კახეთი კავკასიონის მთების ძირშია განფენილი და იგი საქართველოს მეღვინეობის უმთავრესი რეგიონია. მხარე ცნობილია მიწაში ჩადგმულ თიხის ჭურჭელში დადუღებული ღვინით, რომელსაც ქვევრს უწოდებენ. ხოლო ადგილობრივი უგემრიელესი გასტრონომიული კულტურა უფრო მეტად გაგიღვივებთ კახეთის მონახულების სურვილს“ – წერს ავტორი.

12–ეული თვეების მიხედვითაა დალაგებული და მასში მსოფლიოს ყველაზე დაუფასებელი, ნაკლებად ცნობილი, მაგრამ განსაკუთრებული და გამორჩეული ღვინის რეგიონებია შესული, რეგიონები, რომლებიც აღმოჩენად შეიძლება იქცეს მოგზაურებისთვის.

აი სრული ჩამონათვალი:

იანვარი: იტატა და ბიო ბიო / Itata and Bío Bío (სამხრეთ ჩილე)

თებერვალი: ჰოუკს ბეი / Hawke’s Bay (ახალი ზელანდია)

მარტი: სალტა / Salta (არგენტინა)

აპრილი: რიბეირა საკრა და ვალდეორასი / Ribeira Sacra and Valdeorras (ესპანეთი)

მაისი: კახეთი (საქართველო)

ივნისი: გრაუბუნდენი / Graubünden (შვეიცარია)

ივლისი: ონტარიო / Ontario (კანადა)

აგვისტო: როგ ველი და აპლგეიტ ველი / Rogue and Applegate Valleys (სამხრეთ ორეგონი)

სექტემბერი: კორსიკა / Corsica (საფრანგეთი)

ოქტომბერი: ზემო პიემონტი / Alto Piemonte (იტალია)

ნოემბერი: ანდერსონ ველი / Anderson Valley (კალიფორნია)

დეკემბერი: სვარტლანდი / Swartland (სამხრეთ აფრიკა)

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

Viewing all 1902 articles
Browse latest View live