Quantcast
Channel: "მარანი" - მევენახეობა
Viewing all 1886 articles
Browse latest View live

ღვინის დღიურები. ბაია აბულაძე, ოჯახური მარნის წარმომადგენელი სოფ. ობჩიდან

$
0
0

ორშაბათი, 30 ნოემბერი

ცივა. ცივა გარეთ. ცხვირის გაყოფა დაგეზარება - ისე. მაგრამ დღეს მნიშვნელოვანი დღეა, ღვინის ჩამოსასხმელი მოწყობილობები უნდა ვიყიდოთ. მთელი ერთი წელია, ღვინის კლუბში სიარულის მერე, სულ ეს ფიქრი მიტრიალებს თავში, როდის ვიყიდი და ჩამოვასხამ ღვინოს-მეთქი. რაღას უცდიო, მეუბნებიან გამოცდილი მეღვინეები, მაგრამ ასე ადვილი არაა. ადვილი იმიტომ არაა, რომ ჯერ ცოდნა გჭირდება, მერე კავშირები დიდ ქალაქში, გამოთვლა, ეტიკეტი... თან ეს ყველაფერი კარგად უნდა იცოდე, თორემ სოფელში ხომ არ ანერვიულებ ბიძიას, ან დედ-მამას.  ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა ის არის, რომ შენზეა დამოკიდებული ვიღაცის მოტივაცია. 

წარმოვიდგენ ხოლმე, ასეთ სიცივეში როგორ უწევთ ფერმერებს ღუმელის გახურება, შინაური ცხოველების დაპურება, მერე კიდევ მარანში შესვლა და იქ ტრიალი. ახლა ბიძია რემონტს ასრულებს, ყოველდღე ხვეწს და აკოხტავებს თავის მარანს. ერთი პატარა სიახლეც და, მაშინვე მატყობინებს. მეც მიხარია, ისიც ამაყობს. ბაბუა გადაშლის ხოლმე თავის ჯადოსნურ წიგნებს, წაიკითხავს ყველაფრის მიზეზსა და შედეგს, არ გამოეპარება გასხვლის, აქიმობის, გათოხვნის, მიწის დამუშავების, კრეფის, ბალახის გამოჭრის ამბები. სულ ვენახშია. ისეთი მოვლილი აქვს, სანახავად მიდის ხალხი. 

რომ ვუყურებ, თბილისელი კაცისთვის სოფელში ცხოვრება საკმაოდ რთულია, ყოველდღე იმდენ პრობლემას ეჭიდები, ჭიანჭველას შეშურდება. მაგალითად, იწყებ სხლვას და დილიდან საღამომდე ვერ ამთავრებ. მამიკოს და დედიკოს კუდშიდაყვებიან კატები, იმათ არ ეზარებათ სირბილი. ბოლოს, საღამოსკენ მარჯვენა ხელი გტკივდება, მერე კიდევ ერთი კვირა გიწევს ასე, გადაბმულად სხლვა. ხანდახან გამოსავალი ისაა, მარტო ლერწი მიაჭრა და სხვამ (ანუ ბავშვებმა) გააცალონ ვენახს. აბა ისე 6000 ძირს რაფერ გასხლავთ ორი ადამიანი. ახლა რომ ვუყურებ,  ხელებზე კიდევ მეტყობა ამობურცული. ადრე მრცხვენოდა არ შემეტყოს-მეთქი, ახლა კი სიამაყით ვუყურებ ხოლმე. მერე ძირებს გამობარვა უნდა, ამისთვის სხვაც უნდა დაიქირავო, მერე ტრაქტორით დახვნა. მამიკო ხელათში გადაუვლის ხოლმე ყველა ვენახს ტრაქტორით, ბებია წუხს - ცოდვაა კაცი, სულ შრომაშიაო. ბიძიამ და ბაბუამ თვითონ გამოიგონეს სხვანაირი ტრაქტორი - ხან ცელავს, ხან აქიმობს. ძალიან ჭკვიანი უნდა იყო, თუ სოფელში ცხოვრობ, თორემ ისე გაიყიდები ფულისგან, კაპიკი აღარ შეგრჩება. ბიძია იცინის, ამ ტრაქტორებს იმისთანა ფასი ადევთ, ტალახში რაფერ გავსვრიო. საბოლოო ჯამში სიცხეში შუადღისას გიწევს აქიმობა. დილით დაიწყებ და შუადღემდე ვერ ამთავრებ. მეორე დღეს - მეორე ნაკვეთი, მერე - მესამე. ამ დროს კიდევ, ფული სულ უნდა გქონდეს, ხან რა წამალია საყიდელი, ხან რა. თან ფასებიც არითმეტიკულად ძვირდება.

 
ერთს რომ ვუკვირდები, ჩვეულებრივ, პატარა ფერმებს უფრო უჭირთ, უფრო მეტი შრომა უწევთ, ვიდრე - დიდებს. განსხვავება დაქირავებულ ძალასა და მოწყობილობებშია. მაგრამ რომ ვუკვირდები, ამდენი შრომის მერეც არაფერი ცუდი არ ჩანს, მაინც ყველა ბედნიერია.თუ შრომობ, საჭმელი გაქვს. ჩვენ, მაგალითად, ყანებიც გვაქვს(თან ნამეტანი ბევრი) შინაური ცხოველებიც, ფრინველებიც. 

შემოდგომას ბიძია და მე ყანის ტეხვით დავიწყებთ, მერე მოჭრა უნდა ამ ყანას, აქუბვა, მერე კარგად რომ გახმება - აკონვა და შენახვა. ასეა ჩვენთანაც. ბებიები კიდე, ამ სიმინდს კარგად ასუფთავებენ და ვახმობთ, ბიძიას დიდი მანქანა ჰყავს და მთელ ობჩას მაგით ამოაქვს ჩალა და სიმინდი სახლში. ჰოდა, ჩალების პერიოდი სწრაფად უნდა მოასწრო თუ არა, ყურძენი მოსაკრეფი გაგიხდება. ხან ერთ ნაჭერს ვკრეფთ, ხან - მეორეს. დილით ხარს შეკმაზავ, ძირითადად მე, გიორგი და მანანა დეიდა მივდივართ ხოლმე. დედიკო და მამიკო სკოლაში არიან, ვინ გამოუშვებთ დილით. ჰოდა, მიგვაქვს ცხელი ხაჭაპურები და მივდივართ ფართობისკენ. ძალიან შორს კი არის, მაგრამ ვნატრობ უფრო შორს იყოს, კარგია ურემზე ჯდომა და აქეთ-იქით ყურება. გზა ცოტა ცუდია, თუ ნაწვიმარია განსაკუთრებით მაშინ, მაგრამ ეგ არაფერი. 

კი ვამბობ, ძნელია ყველაფერი-მეთქი, მაგრამ თუ ოჯახი ერთადშრომობს, მაგაზე მეტი სიხარული არაფერია. უყურებ და მოგწონს, ყველაფერს რომ გავალებენ. როგორც პატარას, გეხმარებიან კრეფაში(მაინც ყველაზე ნელა მე ვკრეფ).  უყურებ ბიძიას, მამიკოს, დედიკოს, გიორგის, ბაბუას, მანანა დეიდას. უხარია ხალხს. მამიკოს სიმღერა უყვართ ხოლმე. მე და გვანცა ავყვებოდით და ისე ვმხიარულობდით, მეტი რომ არ შეიძლება. 

სამშაბათი, 1 დეკემბერი

ამოიჩემებ ხოლმე ადამიანი რაღაცას-ვერ იშორებ თავიდან. რა უნდა ქნა. იყოს, რაცხა არი. ახალი ამოჩემება ტერუარს ეხება. სიყვარული სჭირდებაო, მოვლაო, სითბოო. ჩავჯექი ახლა დღეს მეტროში. ვიცინი ჩემთვის, ვინ გაიგებს, რაზე. ეს ორი დღეა, იმისთანები მესმის ჩემზე, მეცხრე ცაზე ვარ სიხარულით. მეღვინე გოგოაო,ნეტა ბევრი გვყავდეს ამისთანაო...უყურე შენ!ჯერ მხოლოდ 22 წლის არისო, გაგვაცანითო.  მიხარია, მიხარია, აპა რა იქნება?!

კი ვარ 22 წლის, მაგრამ, ასე, სუფთა 10 წლის სტაჟი კი მექნება, განსაკუთრებით, ლერწის (წალმის) ბოჭვაში(აქ შეიძლება ერთი 3 წელი წავუმატოთ) - ქალის თუ კაცის საქმე, მთავარია შეძლო. ყველაზე კარგი-ახლა, რომ ვთქვათ (ყველა სეზონი კარგია, ლერწის ბოჭვის გარდა) შემოდექია(შემოდგომა). ამდენი გემრიელი ყურძენი ერთად, თან თუ მზეც ხელს გიწყობს...დღისით კრეფ, საღამოს კიდე - დაწურვა იწყება. ისევ მამიკო, დედიკო, გიორგი, გვანცა, ბებია- ახლომახლოსაა ჩამომჯდარი (რა გააჩერებს ამ დროს სახლში?). კიდევ, კატები გითვალთვალებენ შორიდან, ოღონდ, მხოლოდ პირველ ხანებში, მერე სწყინდებათ. იწურება ეს ყურძენი, თან ფოტოებს ვიღებ, მარა ჩუმად, იმიტომ რომ შუა საქმის დროს ფოტოს გადასაღებად მოცლა არ შეიძლება. 

ჰოდა იმას ვამბობდი, ამ ყველა სიახლეს ხან ბიძიას ვეუბნები, აქეთ დედიკოს და მამიკოს, იქით, ძალიან შორს- გვანცას შვედეთში. დღეს ნამეტანი სიცივეა, მაგრამ კარგია, დაღვინებას შეუწყობს ხელს. ხვალინდელ დღეს ველოდები, გუშინ კარგი იყო, დღეს კარგი დღეა, ხვალ რა ღმერთი გაუწყრება?! ეს პატარა ინდუქციის ამბავში, თუ არა, ვინ იცის ხვალ რა მოხდება (მიკროეკონომიკის გარდა).

დღეს სტატია დაწერეს ჩემზე, აღმოჩენა მიწოდეს. ჩემი ძმა მირეკავს- გახარებულია. რას ვიფიქრებდი, ასე ერთ დღეში თუ შეიძლებოდა რვაასზე მეტ ადამიანს წაეკითხა შენზე სტატია და მერე უმრავლესობას მოეწერა. მწერენ, მადლობა ასეთი საქმისთვისო, ყოჩაღი ხარო, არსად მინახავს 22 წლის ფერმერი გოგოო. მე კიდე, ვკითხულობ და ვფიქრობ - უყურე შენ! სოფელში ცხოვრება რამდენს ჰყვარებია და რამდენი გულშემატკივარი ჰყოლია. ყველაზე მეტად ის მიხარია, დედიკოს და მამიკოს რომ ვეტყვი ამ ამბავს. კიდევ ის, რომ გიორგის სოფელში დაბრუნებისას დიდი სტიმული ექნება და ამასთან ცოტათი მაინც გაძლიერებული იქნება ჩვენი მარანი. 

ოთხშაბათი, 2 დეკემბერი

ბიძიას ვურეკავ. მოვუყევი სიახლეების შესახებ. ისეთი გახარებულია!.. მერე რჩევა მომცა, ღვინის კლუბში იარე აუცილებლადო. ეჰ, ბიძიაზე მეტდ მინდა ხოლმეიქ სიარული, მაგრამ საჯარო პოლიტიკს ლექცია მემთხვევა. ახალი დაწყებული მაქვს მაგისტატურა და რას გააცდენ. გადავხედე გუშინდელ ამბებს Facebook-ზე. უამრავი ახალი წერილი, კომენტარები, მეგობრობის თხოვნა! წავედი ეკონომიკის ლექციაზე. 

ხუთშაბათი, 3 დეკემბერი

ჩემს ძმას უკვირს, სახლში რატომ ხარო. ჩვეულებრივ, სულ სადღაც ვარ. ამინდი არ არის ცუდი, მაგრამ მაინც ცივა.

პარასკევი. 4დეკემბერი

სამსახურის დროს სულ 20 წუთი აკლია. მაინც დროულად მივედი. რას ერჩი მეტროს, 5 წუთში სამსახურში ხარ. უცბათ მომდის მესიჯი- თუ შეძლება ინტერიუ ჩავწეროთო, ვფიქრობ ახლა, ეს სოფლელი გოგო რა საქმეში  ჩავდგი ფეხი-თქვა. ცოტა კი მეშინოდა, მაგრამ მაინც ვუპასუხეყველაფერს. რას ვხედავ! ჩემზე სტატია იმდენმა ადამიანმა ნახა და გაიზიარა, გასახარელია, ხან უკრაინიდან მწერენ, ხან ქუთაისიდან, რჩევებსაც მეკითხებიან! ჩემმა უფროსმაც ნახა სტატია, წაგვართვეს თანამშრომელიო, იცინოდა. ჰოდა ეს ფერმერთა ასოციაცია ყოფილა, რაც ყოფილა. სასწაული. 

შაბათი,5 დეკემბერი

დღეს ჩემი დის დაბადების დღეა. გულიანი გოგოა გვანცა. სისხამ დილას ინგლისურზე  მივდივარ. ძალიან მაგვიანდება, ტაქსი გავაჩერე. აღმართია შიშოვი, ჩემი მასწავლებელი კიდევ, იმ აღმართის ბოლოს ცხოვრობს. მძღოლმა შეიცხადა, მასწავლებელთან ამ გზაზე რომ დავდიოდი - როგორ ადიხარფეხით ამ აღმართზეო. კი მეცინებოდა,  რა იცის ამ კაცმა, რაა აღმართი ან დაღმართი ჩემთვის. 13 ტონა ყურძნის, 5 ნაჭერი ყანის მოტეხვის და მოჭრის მერე + ბიძიას 8 ტონა ყურძენი, ყველა მე კი არ გამიკეთებია, ასე მეხუთედი. 

კიდევ დამირეკეს ინტერვიუზე. ამასობაში ეტიკეტის ამბებზე ვფიქრობ, რთულია შეარჩიო ისეთი, ოჯახის ყველა წევრს და კიდევ რაღაც მოთხოვნებს რომ დააკმაყოფილებს. რომ დავაკვირდე, რთულია მარტო რამის გაკეთება. ერთად რომ ვართ ხოლმე, სულ სხვაა, დაცული ხარ, იცი რა უნდა გააკეთო.  

დედიკო და მამიკო ღვინოს იღებენ, მევიდა დრო. ამ დროს ხან რაში სჭირდებათ დახმარება, ხან - რაში. ახლა  ინგლისური ენის ჯგუფში ჩასაწერად წავედი (ქარს მივყავდი). იქიდან, ასე, 20 წუთის მანძილზე საცობში ყოფნით ვისიამოვნე, მერე ლექცია რავარც იქნა, სახლიც. 

ერთი სული მაქვს ხოლმე, ჩავიჭყიტო, რა ხდება ჩემს facebook-ზე. კიდევ რა სიახლე იქნება. დიდად ვისიამოვნე. კაი ცხელი ჭადებიც გავაკეთე და გიორგის და მე სამომავლო გეგმებისსერიოზული გარჩევა  გვქონდა. 

კვირა, 6 დეკემბერი

ამ ბოლო დროს იმდენი რამ ხდება... ყოველდღე სიახლეებია ობჩაში. დღევანდელი დილიდან სტატიის რეიტინგებს გადავხედე, ძალიან გაზრდილა. მე კიდევ მიხარია, რომ გიორგი ხედავს ამ ყველაფერს. მე ერთი უბრალო დამხმარე ვარ და უცბათ ასეთი დაფასებული გავხდი. დედიკო, მამიკო და ბიძია რომ არა, ვინ დაწერდა ჩემზე სტატიას. ჟურნალისტობა კარგი პროფესია ყოფილა-ასე რომ ახარებენ და აძლიერებენ ადამიანებს.მადლობა, ყველა იმ ჟურნალისტს, ვინც ჩვენით დაინტერესდა, ახლა უკვე ობჩაში ყველამ იცის, ჩვენზე რასაც წერენ.

ობჩაც ცნობილი გახდა. 

ბიძიას ველაპარაკები. მეუბნება- ღვინის კლუბმა აღმოგვაჩნაო, იმისთანა ხალხიაო!.. ფესტივალებზე მონაწილეობა კიდე, საუკეთესო შესაძლებლობაა სოფლელი კაცისთვის. ახლა გადავწყვიტეთ, შემდეგ სამშაბათს ბიძიაც ჩამოდის, რომ დაესწროს მარნის აშენების შესახებ კლუბის ლექციას.გადაწყდა, საჯარო პოლიტიკის ლექციას ვაცდენ. 

© ლანა-ბაია აბულაძე, საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

პროექტ „ღვინისდღიურების“ ფარგლებში მომზადებული მასალა წარმოადგენს ავტორთა კერძო შეხედულებებს და არ გამოხატავს საქართველოს ღვინის კლუბისა და ღვინის საინფორმაციო ცენტრის პოზიციას.


ხალხური ცოდნა მევენახეობისა და მეღვინეობის შესახებ. უხუცესი ოსტატების მონათხრობები. ქართლი

$
0
0

ფოტო: იაგო ბიტარიშვილი

მოგეხსენებათ, საქართველოში მევენახეობა და მეღვინეობა, დღევანდელი მონაცემებით, 8 000 წლის გამოცდილებას ეფუძნება. ეს გამოცდილება, როგორც ხალხური ცოდნა, თაობიდან თაობას ზეპირად გადაეცემა. ჩვენთვის ისინი წარმოადგენს უძვირფასეს წყაროებს, რომლებიც წარმოგიდგინეთ არა როგორც ინსტრუქციები - თანამედროვე მევენახეობა-მეღვინეობისთვის, არამედ, როგორც ტრადიციებში წვდომისა და მათი ანალიზის ძალიან კარგი საშუალება. მით უმეტეს, დღეს, როცა დიდწილად იკარგება ხალხური, გამოცდილებითი ცოდნა, ან ჩანაცვლდება ათასგვარი მითებითა და სტერეოტიპებით. 

მასალები, ძირითადად, მე-20 საუკუნის 30-იან წლებშია შეგროვილი ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ეთნოგრაფიული კვლევების ფარგლებში. 

 

მთხრობელები: პეტრე ტატოს ძე ეგნატაშვილი, 80 წ. დავით გოგიას ძე კავლელაშვილი, 80 წ. (სოფ. რუისი, 1936 წ.).

უსაფერაოდ თუ დავაყენებდით თავის გუნებით, იმას მოგუდულს ვეტყვით, ტკბილი და კარგი რამ არის.

ქუდს  ვეძახით ქვევრში რომ პირველად ტკბილს ჩავასხავთ, ის იდუღებს და ჭაჭას ზევიდან მოიქცევს ქუდივით, სარქველს ქვეშაა, ღვინოს თავზეა ქუდივით.

[ქვევრის] შუა წელის  ღვინო[ს] ბეჭის ღვინოს ვეძახით.  თავნაკარს კარგ ღვინოს ვეძახით. სუნი ქუდთან არის მოწოლილი, სარქველთან. რომ არ დახედოს სუნმა, გლახა რამე ჰაერმა და გემო არ მისცესო და ჭაჭა იმიტომ მიეცომა ქუდივითო, ვიტყვით. ჭაჭა ინახავს ღვინოსა, არას მიაკარებს. შემდეგ არის ნაწური, ღვრია ღვინო. ნაწურის შემდეგ დარჩება თხლე, იმას ტვინს ვეძახით. რომ დუღს, დურდლის ქვეშ ჩავა და ტვინად ხდება.

ჯერ ქუდს ამოვიღებთ, რომ არ აინღვრიოს ღვინო, შემდეგ ახალი ნახადი ღვინოა, თავია ქუდის ქვეშ, შემდეგ შუა წელი არის და იმას ბეჭს ვეძახით, ეგ თავნაკარია, მერმე ძირსა ნაწურს ვეძახით, სამღვრევ ღვინოსა, რომა ტვინზე შეიმღვრევა, დარჩება უვარგისი ტვინი და გამოვა არაყად.

ქვევრს გადავაფარებთ ფოთოლს ვაზისას ან ჩალის, სიმინდის ფუჩეჩოს, მერმე – სარქველს და დავატალახებთ, რომ კარგად იყოს, სარქველი არ ავარდეს.

თუ დიდი ქვევრია (ხუთ-ოცკოკიანი), მაშინ, რომ არ ამოხეთქოს ძალამ, მივცემთ სადუღარს (სული ამოდის იქა და ბრუნავს, რომ ქვევრი არ გააფუჭოს); საქარესაც ვეტყვით, სული რომ ამოდისრა, რომ არ გახეთქოს იმის ძალამა, ამოვჭრით სარქველს, კოკის პირსა დავდებდით, რომ ჰაერს ემუშავა, ან გვერდელას (გვერდით) დაუდებდით, სურასა, შეუდებდით და გამოდიოდა.

 

მთხრობელები: ნიკა გიორგის ძე ნოზაძე, 52 წ. გიგო მიტროს ძე ნოზაძე, 60 წ. (სოფ. ალი, 1936 წ.).

ღვინის დაყენება უფრო კარგია, სადაც სილიანი ადგილია. ქვევრების ადგილს ჩვენ  მარანს ვეტყვით. სილიან ადგილს გავაკეთებთ და ჩავყრით ქვევრს,  შავმიწაში კი ნაკლები გამოდის ღვინის დაყენება.

რთველი. მოვკრეფავთ და ჩავყრით ყურძენს გოდრით საწნახელში, მერე დავბაგავთ (დავტენავთ), მერმე დავწურავთ ფეხებით და გამოვა  შუმი-ტკბილი. მერმე ჩავასხავთ და დამაჭრდება, დაიდუღებს და დაღვინდება: მერმე გადავიღებთ თებერვლის თვეში წმინდა ღვინო და გავრეცხავთ ქვევრს კარგათ.

ჭაჭას რომ წყალს დავასხავთ და ღვინოს გამოვიყვანთ, იმას ვეტყვით ჩვენ შამანს.შემოდგომაზე რომ მოვკრეფავთ ყურძენს, ქვევრს სამჯერ უნდა კარგად გარეცხვა, ქვევრის სარცხლით.

ქვევრს რომ ხეს ან ქვას დავაფარებთ, იმას ბადიმს ვეძახით. ორშიმოს ღვინის ამოსაღებს ვეტყვით. ქვევრს რომ გავრეცხავთ, შემდეგ ამოვასუფთავებთ ხაპით. მაწანწური – ჯოხს რომ ტილოს მოვაბავთ და ამოვწმენდავთ ქვევრს.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

საქართველოს რესპუბლიკა - Condé Nast Traveller-ის მსოფლიოს ღვინის საუკეთესო დანიშნულების ადგილებს შორის

$
0
0

2016 წელს საქართველო რომ ღვინის ტურებით დაინტერესებულ მოგზაურთათვის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი რეგიონი გახდეს, ამის რეალური წინაპირობები არსებობს. პირველ რიგში, ის, რომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია ღვინის ტურიზმის პირველ საერთაშორისო კონფერენციას 2016 წელს საქართველოში ჩაატარებს და სახელმწიფო ამისათვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას გეგმავს. საერთაშორისო მედიის პროგნოზებიც ჩვენს მოლოდინებს ემთხვევა. 

სულ ახლახანს ბრიტანულმა ჟურნალმა Condé Nast Traveller, რომელიც მაღალი სეგმენტის მომხმარებელზეა გათვლილი, მსოფლიოს ღვინის საუკეთესო დანიშნულების ადგილების ჩამონათვალი გამოაქვეყნა, რომელიც ასე გამოიყურება: ვალე (შვეიცარია), მოზელი (გერმანია), ისრაელი, ეტნას მთა (სიცილია), რონის ველი (საფრანგეთი), პიემონტე (იტალია), უფლისწულ ედუარდის კუნძული (კანადა), სანტორინი (საბერძნეთი), საქართველოს რესპუბლიკა. 

Condé Nast Traveller წერს: „საქართველო - ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყანა და არა - ამერიკის შტატი, მსოფლიოს მეღვინეობის ერთ-ერთი უძველესი რეგიონი, ბოლო წლებში ღვინის ეპიცენტრი გახდა. ტრადიციული ქართული მეთოდი, რომელიც გულისხმობს ქვევრში - ნატიფი, ამფორის სტილის თიხის ჭურჭელში, მიწის ქვეშ ღვინის დადუღებას, შენახვასა და დავარგებას, დღესდღეობით მსოფლიოში ბუნებრივი ღვინის არაერთმა მწარმოებელმა მოსინჯა. „მიწა, ისტორია, კულტურა, სამზარეულო, ღვინო, ხალხი - ეს ერთ-ერთი უძლიერესი ღვინის გზა იყო, რაც ოდესმე გამივლია.“ - ამბობს პასკალინ ლეპელტიე, Rouge Tomate Chelsea-ის ალკოჰოლური სასმელების განყოფილების რედაქტორი. 

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

ღვინის დღიურები. მარიამ იოსებიძე. ღვინის მწარმოებელი, Living Roots-ის ტურების კოორდინატორი

$
0
0

ორშაბათი, 14 დეკემბერი

და აი გათენდა მეორე დილა მარტო ცხოვრების... ყოველდღიურმა  მაღვიძარამ დარეკა ყოველდღიურ დროს- 8-ის ნახევარზე და დღესაც, როგორც ყოველდღე, ძლივს გავახილე თვალები. პირველი გაჩერება - იოგას გაკვეთილი, შემდეგ ისევ სახლი და შემდეგ -  სამსახური. ვითომ რიგითი დღე არც ისე ჩვეულებრივია.

ჩემი ნახევარი ოჯახი ნელ-ნელა გადასახლდა ამერიკაში და დღეს მივხვდი, რომ სახლში მარტო დავრჩი და მარტოს მომიწევს სახლური სიმყუდროვის შექმნა. თუმცა დღეს ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია. პირველი თემა, რომელზე ფიქრითაც ბოლო ორი დღეა ვიძინებ და ვიღვიძებ ჯონ უერდემანის ოჯახის დანაკარგია. მართალია მატერიალური, მაგრამ ძალიან ღრმა, მრავალწლიანი მოგონებების და ფასეულობების დანაკარგი. 

იმ დღეს, როცა ეს ამბავი გავიგეთ, სამსახურში ვიყავით. ბევრი არ გვიფიქრია, ჩავსხედით მანქანაში და სიღნაღისკენ წავედით. უსუსური ადამიანები და კიდევ უფრო უსუსური, უძლური და უწყლო სახანძროები სახლის ორივე მხარეს იდგნენ და უზარმაზარ ხანძარს ვერაფერს შველოდნენ. ყველანი მადლიერები ვიყავით, რომ მსხვერპლი არ იყო, მაგრამ ამ სახლი-მუზეუმის ჩაფერფვლას ცრემლის გარეშე ვერავინ უყურებდა. 

პირველი, რაც ამ სახლთან დაკავშირებით მახსენდება მისი ორასწლოვანი კახურ-თაღებიანი სარდაფია. ეს იყო ნამდვილი ღვინის საგანძური, ერთ-ერთი გამორჩეული, რაც ოდესმე მინახავს. კიბიდან იწყებოდა რქაწითელის, საფერავის, ჩინურის, მწვანეს, შავკაპიტოს თუ თავკვერის ღვინის სხვადასხვა მოსავლის ბოთლების კოშკები. მეორე და მესამე მიწისქვეშა ოთახში კი უცხოელი, ნატურალისტი მეღვინეების შედევრების საცავი იყო. ნამდვილი სამოთხე ღვინის მოყვარულთათვის...

სანამ ცეცხლი სახლის უკანა მხარესაც მოეკიდებოდა, ხოხბის ცრემლებშიმომუშავე ბიჭებს მოუფიქრებიათ და სარდაფის ჩასასვლელი კარგად გაუჟღენთიათ სახანძრო მანქანის წყლით. ბოთლების ზედა ფენები ზემოდან ჩამოსული ალით და სიმხურვალით ადუღებულა, ქვედა რიგები და უკანა ოთახების ბოთლების დიდი ნაწილი კი - გადარჩა. 

როცა ღვინო ადამიანისთვის მხოლოდ თრობის საშუალება არ არის, აფასებ, გიყვარს და გაცნობიერებული გაქვს ყველა ის გონივრული ნაბიჯი ვენახსა და მარანში, რამაც იგი სრულყოფილებამდე მიიყვანა, მაშინ დგახარ ჩაფერფლილ სახლთან და ცრემლიანი სახით ალმოდებულ, უკვე გაციებულ ბოთლს ხსნი, იმედით რომ ღვინო გადარჩა. ეს გია იყო, ხოხბის ცრემლებისრესტორნის შეფი...

გელამ (ფათალიშვილი, ხოხბის ცრემლებისმეღვინე) და არჩილმა (ნაცვლიშვილი, კეროვანი) ღამე მანქანაში გაატარეს, ღვინოს ყარაულობდნენ.

ეს გრძელი ღამე იყო ერთად დგომა, ნუგეში და ცარიელი ემოცია, რომელსაც მეორე დღე მოჰყვა - ემოცია + მოქმედება. 

დილიდან დარაზმული სიღნაღელები, თბილისელები, ამერიკელები თუ ინგლისელები ორგანიზებულად ვეზიდებოდით ყუთებს, ბოთლებს. საბედნიეროდ მძიმე კვამლის, ჭვარტლის და წყლის მიუხედავად, ბევრი ბოთლი გადარჩა და ახალ ადგილებში დაბინავდა. 

მძიმე შრომას ვახშამი მოჰყვა, და ვის გაუკვირდება, ვის არა, მაგრამ ვახშამს სევდიანი და ლამაზი სიმღერაც ამშვენებდა. “არ დაიდარდო” გაგვახსენდა...

რა მიზეზიც არ უნდა დაადგინოს ექსპერტიზამ, მორალი ერთია - წლების განმავლობაში ნაშენები, შეიძლება წამებში გაქრეს. მატერიის კანონია. დღეს არის, ხვალ - აღარ, ან - პირიქით. ზოგს ასეთი შემთხვევა ხელს ჩააქნევინებს, ზოგს გააძლიერებს, მაგრამ ადამიანის სიკეთე უკვალოდ არ ქრება, არც ჯონია გამონაკლისი. ეს ამბავი, რომ გახმაურდა ტელეფონები არ გაჩერებულა, რეკავდნენ მეგობრები და უცნობებიც, რომლებიც დახმარების სურვილს გამოთქვამდნენ. ვინ ლურსმნით აპირებდა მოსვლას, ვინ - ფიცრით. იმედია ეს ზარები ერთჯერადი გამოძახილი არ ყოფილა და ყველა ერთობლივი ძალებით შევეჭიდებით დარჩენილი კედლების აღდგენას და ახალი სახლის შენებას.  

ჩემი დღიური ორშაბათიდან წინა დღეების სიმძაფრემ გადამახვევინა. 

წერას შევყევი, არადა მეჩქარება. დღეს ჩემი ნათლული 3 წლის გახდა. დაბადების დღეზე, ბავშვებზე მეტად, ციყვების და ზღარბების დაპატიჟება უნდოდა, ხოდა მეც ვუპოვე “ლეგო”-ს ასაწყობი ფერმა შინაური და გარეული ცხოველებით, მათ შორის ციყვებით. ვიცი მოეწონება. დროებით! წერას ხვალ გავაგრძელებ...

 

სამშაბათი, 15 დეკემბერი

ისევ დილა, ისევ იოგა და გაციებული ინდოელი ინსტრუქტორი - ნიდჰინი, მაინც რომ ამაოდ ცდილობს თავზე დაყენება მასწავლოს.

დღე საქმიანად იწყება. მე და თამარა (Living Roots-ის ბედკრული შვილები) აქტიურად ვწერთ ღვინის ტურებს და ჩვენთან მუშაობით დაინტერესებულ უცხოურ კომპანიებს ახალ შეთავაზებებს ვუგზავნით. სამუშაო სეზონის კულმინაცია იმდენ ხანს გაგრძელდა, აღარც კი გვჯერა, რომ მშვიდად შეგვიძლია ვისხდეთ, ვწეროთ და ვიკითხოთ. 

ღვინის ტურიზმი ის უაღრესად საინტერესო სფეროა, საიდანაც მოვხვდი ღვინოში. ღვინო ყოველთვის მიყვარდა, მაგრამ ბევრი არაფერი ვიცოდი მის შესახებ, სანამ კომპანია Living Roots-ში დავიწყებდი მუშაობას. ცოდნით ახლაც არ ვიცი ბევრი, ღვინო თეორია არ არის, ღვინო არის ბუნებრივი სითხე, რომელშიც გრძნობ სიცოცხლეს, ვენახს, ბუნებას, მეღვინეს, ხასიათს, ყველაფერს, რასთანაც შეხება ჰქონდა ყურძენს, სანამ დადუღდებოდა, დაღვინდებოდა.

ცოცხალი ღვინო ადამიანს აბედნიერებს და დადებით გრძნობებს უმძაფრებს. სწორედ ამ ბედნიერების ძიებაში მივადექი ტაბიძის ქუჩას. ახლადგახსნილ ღვინო ანდერგრაუნდში, რომ დავიწყე სიარული, საათობით და დღეობით ვიჯექი ხან ოთოს, ხან რამაზის გვერდით და გაუთავებლად ვუსვამდი შეკითხვებს. მინდოდა, ცოტა მეტი გამეგო ჯიშებზე, ღვინის დაყენების სხვადასხვა მეთოდზე, მეღვინეებზე, ქვევრზე და ყველაფერზე, რაც ღვინოს ეხება. ნელ-ნელა ვეცნობოდი ქართული ღვინის მრავალფეროვნებას და ასევე ნელ-ნელა ვეცნობოდი და ვუმეგობრდებოდი ჩემთვის გმირის ტოლფას მეღვინეებს. ძალიან მალე მივხვდი, რომ მძიმედ ვიყავი მოწამლული ამ ტკბილი სამყაროთი და ტაბიძის მიწისქვეშეთის „სექტანტი" გავხდი. მეღვინე მეგობრებისგან ბევრი ვისწავლე ღვინის დაყენების, თუ ცხოვრებისეული მიდგომების შესახებ, ისიც მასწავლეს - ხანდახან როგორ არ უნდა მოიქცე :) 

დადგა ის ბედნიერი დღეც, როცა ბიძაჩემმა მარანი ააშენა კიკეთში და ერთი ქვევრი დამითმო. შარშან პირველად მომეცა საშუალება, ღვინო დამეყენებინა.

გაუთავებელი კითხვები და შემაწუხებელი ზარები მაშინ გენახათ. ვინ დათვლის, დღეში რამდენჯერ ვურეკავდი თითო მეღვინეს სხვადასხვა კითხვით. ერთ კითხვას, მინიმუმ. სამი პასუხი ჰქონდა, სამივე თავისებურად სწორი. მერე მე უნდა ამერჩია ჩემთვის ოპტიმალური პასუხი ვენახის თუ მარნის მდებარეობის, ყურძნის ჯიშის და კიდევ მრავალი დეტალის გათვალისწინებით. 

მივხვდი, ჩემი მხრიდან დაინტერესება თვითონაც მოსწონდათ და ყველაფერს საფუძვლიანად მიხსნიდნენ, მასწავლიდნენ.

მიმიღეს, როგორიც ვიყავი და ვარ, მდედრობითი სქესის, მეღვინეობაში არავითარი გამოცდილებით, გაბანჯგვლული წვერის ან დიდი ღიპის გარეშე.

ასეთმა მიდგომამ და მხარდაჭერამ, ჩემზეც და ღვინოზეც დიდი, კარგი და წარმატებული გავლენა იქონია.

ნატურალური ღვინო სუფთა სამყაროა. ერთხელ რამაზმა მითხრა: „აქ წესები და კანონები არ არის, მეღვინე ამბობს, რასაც აკეთებს და აკეთებს იმას, რასაც ამბობს.“  მარტივია და გამჭვირვალე. გზას თუ აცდები, შეიძლება დღესვე ვერ, მაგრამ ხვალ ან ზეგ ღვინოში გამოჩნდება. Zero Compromise - ყველაფერი ან არაფერი...

საღამოს ბებო და ბაბუსთან გავიარე. ამაზე მეტად არსად მისვლა არ მიხარია. სხვანაირად მივლიან, ყველაფერი აინტერესებთ და ყველაზე მეტად უხარიათ ჩემი უმცირესი წარმატებაც. აქ საჭმელიც ყველაზე გემრიელია, ჩაიც და დაილოგიც. 

დღის ბოლო გაჩერება სახლია...

 

ოთხშაბათი, 16 დეკემბერი

ვუახლოვდებით 22 დეკემბერს და გათენებული არ არის, რომ ღამდება უკვე. განსაკუთრებულად მემოკლა დღევანდელი დღე. ვარჯიშის შემდეგ მალე მივედი სამსახურში. ჯონმა და იამ ოფისში მოსვლა ვერ მოახერხეს, ასე რომ, დღის ძირითადი ნაწილი მარტო მე და თამარა ვიყავით. მერე შოთამ შემოიარა და ბევრ საინტერესო საკითხზე ვისაუბრეთ.

როცა მე და შოთა გაცხარებულები ვსაუბრობთ, ძირითადი თემა აუცილებლად მარანი, ვენახი ან დაცარიელებული სოფლების პრობლემებია. მიზანი ერთი გვაქვს, ჩვენ ჩვენი წარმოების გამართვის და გზაზე დაყენების გარდა, გვინდა სხვებსაც შევუწყოთ ხელი... იდეა ბევრი გვაქვს, დრო ცოტა, მაგრამ ლოდინი არ შეიძლება. არ შეიძლება დიდხანს ვუყუროთ ჩამკვდარ რეგიონებს, რომლებიც, წესით, ქვეყნის მთავარი მაცოცხლებელი ძალა უნდა იყოს. ყველა ჩვენ-ჩვენი შესაძლებლობლით თუ ვეცდებით ამ საქმეში რაიმე წვლილის შეტანას, შედეგიც გამოჩნდება ადრე თუ გვიან. არ არის აუცილებელი ყველას გმირი დაერქვას, ან რაც გაგვაჩნია ამ საქმეს შევწიროთ. შეგვიძლია თითოეულმა, თუნდაც, ერთ ფერმერ ოჯახს ვასწავლოთ, როგორ გაყიდოს თავისი ძვირფასი პროდუქტი, ან რაჭველ მეღვინეს ავუხსნათ, როგორ შეუძლია ის საოცარი ღვინო ბოთლში ჩამოასხას, ეტიკეტი მიაკრას და შესაბამის ბაზარზე გაყიდოს. მარტივია-მეთქი, არ ვამბობ, მაგრამ შესაძლებელი და გამართლებული რომ არის, ფაქტია. 

ამ თემაზე საწერად დღიურების ფორმატი არ მეყოფა...

დღეს ის იშვიათი შემთხვევა იყო, სამსახურიდან რომ 6 საათზე გამოვედი. ოფისის სახლური გარემო დიდხანს გვიტოვებს ხოლმე სამუშაოდ და ისეთ დროს გამოვდივართ, მანქანების რიცხვი რომ უკვე შეცოტავებულია. მაგრად მივქარე ადრე გამოსვლით, ერთი საათი დამჭირდა, სახლამდე სანამ მივედი. 

გადავწყვიტე საღამო მშვიდად გამეტარებინა სახლში. სოკოს წვნიანი და ორცხობილები მოვიმზადე. გემრიელი გამოვიდა და ენგუს ნატმელაძის ნაჩუქარი რაჭული ღვინოც ძალიან მოუხდა. 

დედას დატოვებულ ყვავილებს წყალი დავუსხი. მერე ჩემებს ველაპარაკე სკაიპით და დავწექი, დღიურს ვწერ.

 

ხუთშაბათი, 17 დეკემბერი

დილა ისევ მეორდება... ვარჯიშით გამოვფხიზლდი, მაგრამ ცხელმა წყალმა მაინც მომთენთა... 

სამსახურში არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, ზედმეტად ჩვეულებრივი დღე იყო. 

საღამოს ჩემს ბიძაშვილთან მივედი. ერთი-ორი ახლო, მაგრამ დიდი ხნის უნახავი მეგობარიც ვნახე, ვილაპარაკეთ, ვიცინეთ, ვასაძის მარნისრქაწითელიც მოვწრუპეთ, შუბლზე ქაღალდებიც მივიწებეთ და გამოვიცანით კიდეც, ვინ გვეწერა (ადვილად ვიცნობ ხოლმე ყოველთვის, მაგრამ ამჯერად გიული ალასანია დამაწერეს რატომღაც და სანამ, მინიშნებად ყოფილ პრეზიდენტს დედა არ აგინეს, იქამდე ვერ მივხვდი ვინ ვიყავი).

ძილი რომ მომერია, სახლში წამოვედი.

ახალი წელი ახლოვდება და ამ დღეებში სულ მესმის, როგორ ელოდებიან უცხოეთიდან ჩამომსვლელ ახლობლებს, ვინ - შვილს, ვინ - დას, ვინ - მეგობარს. მეც ველოდები ზუკას ჩამოსვლას და დღეებს ვითვლი. საშინელებაა ლოდინი...

 

პარასკევი, 18 დეკემბერი

დღეს იოგას ორმაგი დატვირთვა გამოვუწერე საკუთარ თავს - დილას და საღამოს. სათხილამურო სეზონი ახლოვდება და ვცდილობ, თოვლს ფორმაში დავხვდე, განსაკუთრებით მუხლებს ვტვირთავ. 2 წლის წინ აღმოვაჩინე, რომ მუხლი უკუღმა მაქვს მოწყობილი და თუ დატვირთვას ვაპირებ, სულ ვარჯიში სჭირდება. რა დამავიწყებს რენტგენოლოგის სახეს, ეს რა ვნახეო, როგორ დადიხარ, მუხლები უკუღმა გაქვსო, რომ ამბობდა და ჩემი მუხლების სურათს აქეთ-იქით ატრიალებდა. თუ თოვლში ვარ, თავის დაზოგვა არ შემიძლია, საბაგიროს ჩართვიდან გამორთვამდე ავადმყოფურად ვსრიალებ. ასე რომ, ვარჯიშის გარეშე ჩემი მუხლები შორს ვერ წავლენ. მითუმეტეს, რომ ახალი წლის შეხვედრას თოვლიან სვანეთის მთებში ვაპირებ. თხილამურები ჩემი სისუსტეა.

ია დაბრუნდა ოფისში! ია, ისევე, როგორც ჯონი, ჩემი უფროსია სამსახურში და უფროსი მეგობარი ყველგან, სამსახურშიც და მის გარეთაც. რამდენიმე დღის უნახავზე, დრო ლაპარაკს დავუთმეთ. იასთან საუბარი ყოველთვის საინტერესოა. მის გვერდით ხან ცნობიერად ხან ქვეცნობიერად, ყოველთვის რაღაცას სწავლობ.

საღამოს, ვარჯიშიდან რომ გამოვედი, ბევრი გამოტოვებული ზარი დამხვდა. მეგობრები აქტიურობდნენ. ერთი კი დავაპირე გასვლა, მაგრამ მივხვდი, რომ ა) ძალიან დაღლილი ვარ; ბ) ხვალ დილას ადრე კიკეთში ავდივარ ჭაჭის გამოსახდელად და ძილი მჭირდება. ასე, რომ ძილი ნებისა და მომიტევეთ უაზრო დღე, ვის არ ჰქონია :)

 

შაბათი, 19 დეკემბერი

ჭაჭის დღე! ადრე ავდექი, სამუშაოდ გამოვეწყვე და ნიკოს გარეთ დავხვდი. ნიკო ჩემი ახალი მეგობარია. ცოტა ხნის წინ პროექტზე მოგვიწია ერთად მუშაობა და იქვე გასკდა ამბავი, რომ ინტერნეტში ქექვით, გამოსახდელი ქვაბი თავად აუწყვია და საკუთარ ვისკისაც აძველებს. შეთანხმება ერთი თვის წინ დაიდო, რომ ჭაჭას ნიკოს ქვაბში გამოვხდიდი. შარშან მთელი ჩემი ჭაჭა ბიძაჩემს მივეცი. მე გამოხდა არ ვიცი და ვერც დრო დავუთმე. წელს გადავწყვიტე საკუთარი ჭაჭისთვის თავად მომევლო და მესწავლა ყველა ნაბიჯი.  გეგმებიც დავსახე - თითო ლიტრი, როგორ უნდა დავაძველო. 

მხიარული დღე გვინდოდა და სხვა საერთო მეგობრებსაც შევთავაზეთ, მაგრამ სამწუხაროდ ვერავინ მოახერხა წამოსვლა და კიდევ რომ არ გადაგვედო, მარტო მე და ნიკო წავედით. ბიძაჩემი თავისი ოჯახით კიკეთში გველოდებოდა.

ავედით თუ არა, ქვაბი ავაწყვეთ და მარნის გვერდით დავდგით. ჭაჭა ჩავყარეთ და პირველი წვეთების ჩამოსვლის სავარაუდო 90 წუთის გასვლას ველოდებოდით. 90 გაასოთხმოცდა და წვეთები კიდევ არ ჩანდა. 3 საათზე მეტი იყო გასული პირველი სითხე რომ წამოვიდა... და, ჰოი, საოცრებავ! წამოსული ჭაჭის ფერი ჩემს თავკვერზე გაცილებით ინტენსიური წითელი იყო. ჩავთვალეთ, რომ ქვაბში საკმარისზე მეტი ჭაჭა ჩავყარეთ და ეს პირველი წითელი ღვინის მსგავსი სითხე, უხერხულია, მაგრამ - გადმოფურთხებას რომ  ეძახიან, ის იყო. საწვეთურს სხვა ჭურჭელი შევუდგით, სპირტი კი წამოვიდა, მაგრამ ფერი თითქმის ბოლომდე ვარდისფერი იყო. ჩვენი დასკვნა ასეთია: იმის გამო, რომ ქვაბში ზედმეტი ჭაჭა ჩავყარეთ და სადუღარი ადგილი პატარა იყო, ადუღებისას ჭაჭის ზედა ნაწილი ქვაბის ყელში ავიდა და შემდეგ მთელი აორთქლებული ალკოჰოლი მისი გავლით ხვდებოდა წვრილ მილში და ბოლოს - ჭურჭელში. 

ამინდმა ძალიან გაგვიმართლა, მზიანი დღე იყო, მაგრამ მზე ოდნავ რომ გადავიდა, მაშინვე საშინლად აცივდა. 

ალკოჰოლის პროცენტმა კლება დაიწყო და პატარა ჭურჭელი შევუდგით, რომ მცირე რაოდენობები გაგვესინჯა. სახლში გვქონდა 20 წუთიანი შესვენებები, რომელიც მოიცავდა ერთ ჭიქა ჩაის და 4 პარტია ნარდს ნიკოს განადგურებით. არ დამითვლია, მაგრამ ბევრი ვირბინეთ წინ და უკან. 

ბოლომდე ვარდისფერი სითხე მოდიოდა. ეხლაც მეცინება, ეგეთი რამე არც გამეგო. თავკვერი როზე ჭაჭა. თავიდან ვამბობდი ეს როგორ დაგვემართა-მეთქი, მაგრამ მერე ფერი ისე მომეწონა, მეორედ გამოხდას ვუარობდი, სიწითლეს დაკარგავს-მეთქი, ესეთი ჭაჭა არავის არ ექნება-მეთქი. რა თქმა უნდა, ხუმრობით. ამ დღეებში ჩემი წითელი ჭაჭა მეორედ გამოიხდება და გაუფერულდება. 

დღის მთავარი თემა ჭაჭა იყო, მაგრამ ისე როგორ წამოვიდოდი, ღვინისთვის რომ არ დამეხედა. ჯერჯერობით, ყველაფერი კარგად მიდის. მშვიდად არის ბავშვი თავისთვის ქვევრში. ალკოჰოლის სიდაბლე ცოტას მანერვიულებს, მაგრამ მთავარია ყველა პროცესი კარგად წავიდეს და არ მეპრობლემება დაბალალკოჰოლიანი მსუბუქი თავკვერი. გავუმკლავდები მის სინაზეს და შესაბამის პირობებში შევინახავ, მაგრამ მეეჭვება გაზაფხულ-ზაფხულს გადაურჩეს, მით უმეტეს, რომ დაბალი მოსავლის გამო, წელს კიდევ უფრო ცოტა რაოდენობის ბოთლები მექნება. 

11 საათი ხდებოდა, ქვაბის დაშლას და ალაგება-გარეცხვას, რომ მოვრჩით.

კარგი დღე იყო, მზიანი, წითელი და შედეგიანი :)

 

კვირა, 20 დეკემბერი

გამოძინება კიდევ ერთი კვირით გადავდე. დღის გეგმა სახლის კაპიტალური დალაგება იყო. ბებოც მოვიდა, მომეხმარა და მისია შესრულებულად ჩავთვალე. დაგეგმილი ცხოვრება არ მიყვარს, მაგრამ ხანდახან გეგმის გარეშე არაფერი გამოდის. 

საერთოდ, მივხვდი, რომ ამ ბოლო დროს ძალიან გავიზარდე და გაზრდასთან ერთად დროის დეფიციტი მაწუხებს. იდეები, აზრები, მიზნები ტვინში მეხლართებიან და ხშირად დაბნეულს, კიდევ უფრო მაბნევენ. მიჭირს ერთ წერტილზე ფოკუსირება და ერთი მიმართულებით სიარული. მრავალფეროვნება უფრო საინტერესოა, მაგრამ თან უფრო რთულიც. მთავარია, მოსაწყენი არ იყოს და სირთულეების დაძლევას თავისი ხიბლი აქვს. ასეთ შემთხვევაში, ორი ყველაზე ძნელი და მნიშვნელოვანი დაბრკოლებაა - იყო თანმიმდევრული და დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანო. ამას თუ დაძლევ, მერე უკვე ადვილია ერთი თემიდან მეორეზე გადახვიდე და განვითარება ამაში იპოვო. 

მარტივი პარალელი ღვინოსთან - ვისაც ფიქრი და ჩაღრმავება ეზარება, ზედმეტად არომატული ერთჯერადად ეფექტური, სწორხაზოვანი, ერთ ყლუპში მოსაბეზრებელი ღვინო ურჩევნია,  ღრმა და გამოსაცნობ თოფურიძის ჩხავერს.

© მარიამ იოსებიძე, საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

პროექტ „ღვინის დღიურების“ ფარგლებში მომზადებული მასალა წარმოადგენს ავტორთა კერძო შეხედულებებს და არ გამოხატავს საქართველოს ღვინის კლუბისა და ღვინის საინფორმაციო ცენტრის პოზიციას.

ხალხური ცოდნა მევენახეობისა და მეღვინეობის შესახებ. უხუცესი ოსტატების მონათხრობები. ქართლი 2

$
0
0

მოგეხსენებათ, საქართველოში მევენახეობა და მეღვინეობა, დღევანდელი მონაცემებით, 8 000 წლის გამოცდილებას ეფუძნება. ეს გამოცდილება, როგორც ხალხური ცოდნა, თაობიდან თაობას ზეპირად გადაეცემა. ჩვენთვის ისინი წარმოადგენს უძვირფასეს წყაროებს, რომლებიც წარმოგიდგინეთ არა როგორც ინსტრუქციები - თანამედროვე მევენახეობა-მეღვინეობისთვის, არამედ, როგორც ტრადიციებში წვდომისა და მათი ანალიზის ძალიან კარგი საშუალება. მით უმეტეს, დღეს, როცა დიდწილად იკარგება ხალხური, გამოცდილებითი ცოდნა, ან ჩანაცვლდება ათასგვარი მითებითა და სტერეოტიპებით. 

მასალები, ძირითადად, მე-20 საუკუნის 30-იან წლებშია შეგროვილი ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ეთნოგრაფიული კვლევების ფარგლებში. 

მთხრობელი - თემუა დემუროვი, 95 წლისა, სოფ. ახალგორი.

ვენახს განიერი ალაგი უნდოდა, მაღლობი ალაგი, დაბლობში ვაზი არ გამოდგება.

ადრიული – ასეთი მტევანი ქონდა რომა... სხვილი მარცვალი და დიდი მტევნები იცის. შავი ყურძენია.

თავკვერი – იმისთანა საჭმელი ყურძენი არ არის, მტევანიც კარგი იცოდა. მარცვალი წვრილი აქვს. შავია.

დანახარული – ცანცარა მტევანი ქონდა, არ იცოდა კარგი მტევანი და ისეთი ტკბილიც არ იყო. შავია.

გორული – თეთრი ყურძენია. ყველაზე მაგარი ღვინო იმან იცის. პირველში მარახოშია და რო არ დარჩება, მართლა ღვინოა.

ბუდეშური – სიტკბოთი ყველას სჯობია, მხოლოთ ღვინო კი თხელი იცის. თეთრია.

კასპური – ყურძენი კარგია საჭმელათაც, მაგრამ იმის ღვინო კარგი ვერ გამოდის. თეთრი ყურძენია.

საფერავი – შავია. სხვილი მარცვალი იცის. იმის ღვინოს ცალკე არ აყენებენ, იმის ჭაჭა უნდა უყონ სხვა ღვინოს.

გაზაფხულზე უნდა გაგვესხლა, დასაწიდმი იყო, დავწიდმიდით, დავბარამდით და შავყელამდით. პირველ თიბათვეში ფურჩვნა ვიცოდით, გამოვყელამდით, ძაან მოვლა ვიცოდით აქეთ.

გასხვლა უნდოდა მარტში, ყელვა  აპრილში, ახვევა (შაკონვა) – თიბათვეში, ფურჩვნა  თიბათვეში. რო გაიტანს ტოტებს, მაშინ მივაკრამდით.

ვაზის ავადმყოფობა ჩვენ არ ვიცოდით, მხოლოდ ერთი პატარა ჭია იცოდა – კოკონა. იმას დიდი ნისკარტი ქონდა და ფოთოლს დაახვევდა და ყურძენსაც აფუჭებდა, სხვა ავადმყოფობა არ იცის ვაზმა. 

ღვინობისთვის ათში შევამზადებდით ქვევრებსა. ხუთ დღეში უნდა შეგვემზადებინა საწნახლები და მარნები. ქვევრში ჩავიდოდა კაცი და რეცხამდა ღვიათი. როგორც დიდი ცოცხი შავკრავ, ისე შაკრამდენ და გარეცხამდენ. სარცხებიც გვქონდა, პატარა ქვევრებს იმითი ვრეცხამდით. 

ხაპირი – სპილენძისაც იყო და თიხისაც (ხაპირი წარმოადგენდა სპილენძის, თუ თიხის ჯამს, რომელსაც სამი ნახვრეტი ჰქონდა. ამ ნახვრეტში გატარებული იდო წვრილი თოკი და შემდეგ სამივე თოკის შეერთებული ბოლოები მიბმული იყო ჯოხზე. ჯამს თუ თასს ჰქონდა ძირში კიდევ ერთი ნახვრეტი, სადაც მეორე ჯოხი იყო დამაგრებული. ქვევრში დარჩენილ (გამორეცხვის შედეგად) წყალს იღებდნენ სწორედ ამ ხაპირით. ჩაუშვებდენ პერპენდიკულარულად და როცა ამოიღებდნენ წყლით სავსე ხაპირს ქვევრიდან, მაშინ აჰკრავდენ მეორე ჯოხით და წყალი გადაიღვრებოდა).

ავგარდანი – როცა ღვინოს ამოვიღებდით, დარჩებოდა თხლე შიგა და იმითი, – ავგარდანით ამოვიღებდით. რომელ ქვევრშიაც კაცი ჩავიდოდა, იმას ავგარდანი არ უნდოდა (ავგარდანი სპილენძის ჯამზე ღრმა და დიდი იყო. ტარი ჰქონდა გვერდზე მაღლა ამართული და არა ტაფასავით. ამის გამო ავგარდანით თხლეს თუ ნაწურის ამოღება ადვილი იყო).

რთველი იწყობოდა ძველზე, ღვინობისთვის ნახევარზე მეტი არ შეიძლებოდა. ყურძენს რომ მოვიტანდით, დაწურვა შეიძლებოდა იმ დღესვე დაგვეწყო და შეიძლებოდა ორი–სამი–ხუთი დღის შემდეგაც. ყურძენი ცხენებითაც მოგვქონდა და ურმებითაც. დაწურვით ყველა ყურძენს ერთათ ვწურამდით, მხოლოთ საფერავს ცალკე დავკრეფდით და დავწურამდით.

საწნახელი ქვიტკირისა იყო და ძირზე ფიცრები ქონდა დაფენილი. შუაში – ძირს მილი ქონდა დატანებული და იქიდან გამოდიოდა ნაწური. საწნახელის წინ ქვევრები იყო ჩადგმული და ერთი ქვევრიდან მეორეში ღვინო ღარით ჩადიოდა; ერთი ქვევრი რო გაიმსებოდა, ახლა ღარს მეორე ქვევრისაკენ გადაუნაცვლებდით.

ხის საწნახელს ნავს ვეძახდით.

მარანი ის იყო, სადაც ღვინო ინახებოდა.

ყურძენს ფეხებით ვწურამდით, მილის პირი გახსნილი იყო და ნაწური ქვევრში ჩადიოდა. საწნახელში რო ჭაჭა დარჩებოდა, მაშინ გათავდებოდა წურვა.

დაუქაჯავ ჭაჭას საწნახელიდან ამოვიღებდით და ჩავყრიდით საქაჯავში  (საქაჯავს აქვს ოთხკუთხი ამონაჭერი, რომლის გარეშემოი გაკეთებულ ღარებში ჩადგამენ ფიცრებს, შემდეგ ჩაყრიდენ ჭაჭას, ზემოდან ფიცარს დააფარებდენ და ამ ფიცარზე დაადებდენ კუნძებს. ამის შემდეგ განიერ ბოლოს ოთხკუთხა ამონაჭერში გაუკეთებდენ ე. წ. ბოძს პერპენდიკულარულად, ამ ბოძზე დამაგრდებოდა კეტი, რომლის მეორე თავი საქაჯავის ტარის ბოლოში ჭახრაკისა და ჭაპნების საშუალებით მთელი სიძლიერით დააწვებოდა კუნძებს და, მაშასადამე, ჩაყრილ ჭაჭასაც. დიდი დაწოლის გამო ჭაჭა წვენს გამოუშვებდა და ეს წვენი ვიწრო ღარის საშუალებით გადადიოდა საქაჯავის ჩაღრმავებულ ნაწილში და იქ გროვდებოდა. ჩაღრმავებულ ნაწილიდან ნაქაჯს იღებენ ჯამებით. ნაქაჯს ისევ ქვევრში ასხამენ). დაქაჯულ ჭაჭას ჩაყრიდენ ქვევრში, ჩაასხამდენ წყალს. ერთ კვირაში და ადრეც დაიწყებდა დუღილს, მერე დააფარებდენ სარქველს და მიწას დააყრიდენ. იანვარში ან ქრისტიშობისთვეში შეიძლებოდა არყის გამოხდა.

საწნახელში ყურძენი რო იწურებოდა, ტკბილი ქვევრში ჩადიოდა. ქვევრი რო გაივსებოდა, სარქველს დახურამდენ და ქვეშ წნელს დაუდებდენ. ამ წნელს ჟინჟღილს ვეძახოდით და იქიდან ქარი ამოდიოდა. სარქველს ტალახით შემოლესამდენ. ერთი კვირა იდუღებდა და მერე დაბრუნდებოდა და წავიდოდა. ერთი კვირის შემდეგ დადგებოდა მაჭარი. მაჭარი ორმოც დღემდე იყო და მერე ღვინო დადგებოდა.

სარქველს ქვისაგან სთლიდნენ სოფ. კორინთაში.

ჟინჟღილს დახურამდენ ხოლმე სადუღარს და იმაში ნადუღარი ამოდიოდა და მუცელში სადუღარის მუცელში გროვდებოდა ტკბილი).

შამანი აქ არ ვიცოდით. შამანი ის არის, რომ ჭაჭაზე წყალს დაასხამდენ და რო ადუღდებოდა, სვამდენ. კახეთის შამანია კარგი, იქაური შამანი აქაურ ღვინოს სჯობია.

ღვინის შენახვა არ იცოდენ. აქაური ღვინო ორ წელიწადს თუ გაძლებდა. ისიც ხდებოდა, რომ დაძმარდებოდა ღვინო, ან მეტი ძალისაგან გათეთრდებოდაო. 

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

ილია წინამძღვრიშვილი, საუბარი სავენახე მიწის ამორჩევაზე

$
0
0

ვაზი ნებიერი მცენარე არ არის. ის იზრდება და გვარობს თითქმის ყველა ალაგას, ოღონდ კი მიწას ცოტა-ოდენი სინოყიერე ჰქონდეს და ვაზი ყინვა-სიცივემ არ შეაწუხოს.

მიწის ამორჩევა. ვაზს მყუდრო ალაგი უყვარს. ამისთვის სავენახე ალაგი უნდა აირჩეს იქ, საცა ჩრდილოეთის და დასავლეთის მხრივ ქარი არ იცის, ანუ ეს მხარენი ქარისაგან დახშულნი არიან.

კარგი სავენახე ალაგი ის ალაგია, საცა ფერდობია, ჩრდილოეთიდამ სამხრეთისკენ დაქანებულია და დასავლეთის და ჩრდილოეთის მხრივ რითიმე შეზღუდულია. ამისთანა ალაგას გაშენებული ვაზი მზის გულზე იქნება და ყურძენი კარგათ დამწიფდება. გარდა ამისა, სავენახე ალაგს, იმის ნიადგს სინესტე უნდა უჩნდეს, მახლობლათ წყალი ურბოდეს, რომ ვენახი მოირწყას ხოლმე. ყინვა-სიცივე მცენარეს სძრავს და ახმობს. თუ სავენახე ალაგს ამისთანა ჰავა აქვს, ვაზი იქ ვერა გვარობს; ნოტიო ალაგას კი ვაზი დიდ ტანს იკეთებს, ბევრი ნაყოფი გამოაქვს, მაგრამ ყურძენი კარგათ ვერა მწიფდება.

ვაზს იმისთანა მიწა უყვარს, რომელიც მაძღარია ნივთ-ლითონებით: კალით, კირით, მაგნით, ჟანგით, ალუმინით, ფოსფორით, გოგირდით, ხლორით და ტალით.

ვაზისათვის შესაფერ და სარჩოიან მიწათ ითვლება ფხვიერი, ნოყიერი, ქვა-კნარი და თიხა-კირ-ნარევი მიწა. ამისთანა მიწაში ვაზი ამპარტავნდება და ნაყოფიერდება.

თიხნარ მიწაში ვაზი კარგად ხარობს და იძლევა კეთილ-სურნელოვან ღვინოს; თუ თიხნარ მიწას, ჟანგ-რკინა ურევია, მაშინ ჟანგი ღვინოს შავ ფერს უმატებს.

სავენახე მიწის ამორჩევა.კირნარ მიწაში გაშენებული ვაზი ტკბილ ღვინოს იძლევა; ქვიშნარი მიწა კი ღვინოს ფერს უკარგავს, აცლის.

თქვენ იცით, რომ თუ მიწა ფხვიერია, ვაზის ძირი, ფესვები დაბლისკენ ღრმად მიდიან და ღონიერდებიან. თიხა-მიწაში ვაზის ძირი და ფესვები იკრუნჩხებიან, სიგანეზე ფართოთ ვერ გადიან, რადგანაც გარეშემო იმათ თიხა უჭერს. ამიტომ ვაზისათვის მიწა განგებ უნდა მომზადდეს, ერთ-ადლ-ნახევარზე გადაბრუნდეს, ხუთ-ექვს მტკაველზე მოიხნას და ზედ პატივი დაეყაროს.

ვაზს სარჩო მიწიდამ ამოაქვს. ამისთვის სავენახე ალაგი გამოფიტული არ უნდა იყოს, პატივი უნდა დაეყაროს, რომ ვაზს სარჩო ჰქონდეს. განათლებულ ქვეყნებში, მინამ ვენახს გააშენებენ, სავენახე ადგილ-მიწას ანაწილებენ, სჩხრეკენ, რომ გაიგონ თუ რა აკლია მიწას და ან რითი უნდა გამდიდრდეს იგი, რომ ვაზმა კარგად იგვაროს, იხეიროს და მოვენახეს კარგი მოსავალი მოუვიდეს.

ვაზის მოშენება. Vitis Vinifera. ტფილისი. სტამბა ა.ა. მიხელსონისა. 1889 წელი

ილია წინამძღვრიშვილი, საუბარი ვაზის გამრავლებაზე რქის დაწიდვნით

$
0
0

ვაზის გამრავლება დაწვენითაც შეიძლება. ვაზის გადაწვენას ქართველები  დ ა წ ი დ ვ ნ ა ს  ეძახიან. ვაზის დაწიდვნა ბევრ-გვარია, მაგრამ მე თქვენ გაგაცნობთ მხოლოდ ერთ გვარ ვაზის დაწვენას, დაწიდვნას.

ვაზი ამ რიგად იწიდვნება: ვენახში დედა-ვაზების ახლო თხრილები კეთდება. თხრილებს სიღრმე ნახევარ ადლი უნდა ჰქონდეს, მაგრამ დედა ვაზიდან ფრთხილად, რომ ის წელში არ მოტყდეს, ერთი წლის გამოტანილი რქა უნდა მოიხრას და თხრილში ჩაწვეს; თავი კი რქას იმ მხრივ ამოუჩნდეს, საითაც ვაზის გაშენებას მოვენახე მოინდომებს.

გადახრილი ვაზი უნდა შუაში დაისეროს და ხის კაპით მიწაში დამაგრდეს, რომ ზემოთ  რქა არ ამოვარდეს. დასერვით დედა-ვაზს და იმის შვილს-რქას ერთმანეთს აშორებენ და იმათ საერთო საზრდოს უცალკევებენ. თუ ასე არ მოხერხდა, დედავაზი თავის ნორჩ შვილს დასჩაგრავს, დასძლევს, სრულებით შეისვავს იმის საზრდოს და მით ახლად დაწიდნულ ვაზს დააჭლექებს.

თხრილები შემოდგომით უნდა შემზადდეს. ესრეთ მომზადებული მიწა დაიწვის და რქის დაწიდვნამდე გაფხვიერდება.

პირველ წელს გადაწვენილ ვაზს ნახევრამდე თხრილში მიწა უნდა წაეყაროს; მომავალ წელს-კი თხრილები სრულებით უნდა ამოიმსოს. გამოჩენილ მოვენახეებისაგან შენიშნულია, რომ ასე თხრილის შემსება უმჯობესია: ვაზი მიწაში ლაღად ინახება და ფესვებს მალე იკეთებს. გადაწვენილი ვაზი იმავე წელს, შემოდგომით, ან გაზაფხულზე მეორე წელს თავის დედა ვაზს უნდა მოშორდეს. თუ დაწიდნული ვაზი დედა ვაზს დიდ-ხანს შერჩა, იმისი შვილი მოუძლურდება: დედა-ვაზი დასძლევს, სულ თავისკენ გაიტანს საკვებავს.

ზოგიერთი მოვენახენი სამზღვარ გარეთ ასე სწიდვნენ ვაზსა: სწნავენ გოდრებს, გოდრებს ცალ-მხრივ ყურეს, ხვრილს უკეთებენ. შემდეგ დედა-ვაზს ორმოში გოდორს უდგმენ. ერთი წლის რქის თავს გოდრის ხვრილში ისე უყრიან, რომ თავი გოდრის შუაგულში დადგეს. გოდორს მსუქანი მიწით, გადამწვარი ფოთლით – ნოშოთი ავსებენ. დაწიდნული ვაზი ფესვებს რომ გამოიღებს, მაშინ იმას დედა-ვაზს აცლიან და გოდორი გადააქვთ იქ, საცა ჰსურთ. ამისთანა ვაზის მოშენებას იშვიათად ხმარობენ, რადგან ძვირათა ჯდება.

ჩაყრილი რქა მიწის ზემოთ ტანს აიყრის; მიწის ქვემოთ-კი ფესვებს გაიდგამს. ტანთ-ფესვები ვაზს სრულებით უნდა გადაეჭრას, თორემ ყინვა-სიცივე იმათ შეაშინებს. ფეხთ-ფესვები უნდა დადგეს ორ-სამ ციდაზე. ფესვებს, თუ მეტი სიგძე მიეცა, მაშინ ისინი ეგრე მალე ვერ დასრულდებიან. სხვილი ფესვი უფრო ღონიერია, ვიდრე წვრილი ფესვი.
რქა ყლორტებს რომ ამოიყრის, ის ორ კვირტზე უნდა დადგეს. ასე გაშენებული ვაზი მეორე-მესამე წელს ყურძენს დაისხამს.

ვაზის მოშენება. Vitis Vinifera. ტფილისი. სტამბა ა.ა. მიხელსონისა. 1889 წელი

ღვინის დღიურები. მარინა კურტანიძე. კომპანია „მანდილის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი

$
0
0

28 დეკემბერი, ორშაბათი

დღიურები!!!

დიდი ხანია მსგავსი არაფერი დამიწერია. ბავშობაში კი ვწერდი დღიურებს. ლექსებსაც კი... მერე ჩემს შვილებს ჩემს გამოგონილ ზღაპრებსაც კი ვუყვებოდი. : ) 

ახლა ჩემი ყოველდღიური ჩანაწერები სულ სხვანაირად გამოიყურება - როდის და რამდენი სტუმერი გვყავს, როგორი „მენიუთი“; ვის და სად უნდა შევხვდე; რა და როდისაა საყიდელი; სად და რამდენი ღვინოა გასაგზავნი და ა.შ  და აუცილებელი ჩანაწერი - როდის და სად მიფრინავს იაგო : ) ეს მცირე შესავალი ყოფით დღიურზე! 

მართალია, წერას 28-ში ვიწყებ, არ შემიძლია, არ გავიხსენო გუშინდელი დღე. დღე, რომელმაც შეკრების ნეგატიური მიზეზის მიუხედავად, ბევრი დადებითი ემოცია მოიტანა. „ანდეგრაუნდში“ ჯონის და ქეთოს სახლის აღსაღდგენად ჩატარებულმა აუქციონმა ჩვენ, ყველას მომავლის რწმენა და იმედი განგვიმტკიცა.

იმედი იმის, რომ ადამიანებს შეუძლიათ გვერდში ასე დგომა და მეგობრობა;

იმედი იმის, რომ ნატურალური მეღვინეობაა მეღვინეობის მომავალი;

რომ ამ ღვინის შემქმნელი ადამიანები ასეთი კარგები და მეგობრულები არიან;

რომ კარგ ღვინოს შეუძლია კარგი ადამიანების გაერთიანება;

რომ არსებობენ კარგი ღვინის დამფასებლები და რომ კარგ ღვინოში შეიძლება კარგი ფასი გადაიხადონ და 

რომ აუცილებლად აშენდება სახლი!!!


ასეთი სასიამოვნო ემოციებით დატვირთული გათენდა 28 დეკემბერი, ოჯახის ჩვეულებრივი დილა- ბავშვები სკოლაში, ჩემი მუდმივი შეძახილის ფონზე - „ჩქარა, გაგვიანდებათ!“ იაგო - მარანში : )

თბილისის ზოოპარკში 2006 წლიდან ვმუშაობ. ეს ერთ-ერთი ის  სამყაროა, რომელიც მიყვარს. აქ შეიძლება მოწყდე ქალაქის  ყოველდღიურ ცხოვრებას და აქაური ბინადრების ცხოვრების თავისებურებებით დატკბე. სამწუხაროდ, ძალიან მძიმე დღეები გადვიტანეთ (13 ივნისის სტიქია) დაგვეღუპა სამი თანამშრომელი და უამრავი ბინადარი. ამ ცხოველების უმრავლესობას, თითქმის, ყოველდღე ვხედავდი. ჩემი ოთახის ფანჯარა  ლომების და ვეფხვების ვოლიერებს გადაჰყურებდა. ყველაზე საყვარელი და ცნობილი ლომის - „შუმბას“ ვოლიერი კიბიდან 3 მეტრში იყო, ამიტომ  ყოველ დილას ჩვეულებრივი რიტუალი იყო შუმბას მისალმება და მასთან „ლაპარაკი“ : ( ძალიან მიყვარდნენ პინგვინები. ყოველ დილას ვჩერდებოდი მათ ვოლიერთან და ვესიყვარულებოდი. სამწუხაროდ ისინიც აღარ არიან : ( მაგრამ, ცხოვრება გრძელდება.  ჩვენ ახალ ზოოპარკს ვაშენებთ და ახალ ცხოველებს ველოდებით.

დღეს გავიგე, რომ კიდევ ერთი პატარა და გემოვნებიანი ღვინის მაღაზია -  „ღვინის ოთახი“ იხსნება. „მანდილის“ ღვინის შეტანა შემოგვთავაზეს. შევიტანთ აუცილებლად!

 

29 დეკემბერი, სამშაბათი

დილა ისევ სასკოლო რეჟიმით დაიწყო, მაგრამ ეს დღე იმითაა გამორჩეული, რომ ზამთრის არდადაგები იწყება. ზუსტად არ მახსოვს, ჩემს ბავშობაში უფრო მიხაროდა არდადაგები, თუ ახლა : ) ჩემ შვილებზე მეტად რომ მიხარია, აშკარაა! 

სკოლაზე, განათლების სიტემაზე უამრავი შემიძლია, ვილაპარაკო. ძირითადად, ნაკლოვანებებზე და პრობლემებზე), სამჯერადი მშობლის პოზიციიდან : )  მაგრამ ეს ამ თემის გაშლის შესაფერისი ადგილი არ არის. ერთი კი - ფაქტია, რაც კი რამ „უკუღმართობა გვჭირს“, ყველაფრის სათავე გაუნათლებობაა. 

დღევანდელი დილა გუშინდელი შემოთავაზების აღსრულებით გაგრძელდა. ღვინის მაღაზია „ღვინის ოთახს“ ჩვენი 2014 წლის  ღვინო მივაწოდე. წარმატებები მათ, ამ საქმიანობაში და ჩვენს ღვინოს - „მანდილსაც“. 

ეს ჩვენი (ჩემი და თეას) მეორე მოსავლის ღვინოა. ჩვენი კომპანია - „მანდილი“ 2012 წელს დავაფუძნეთ და ყურძენიც (მწვანე) სოფელ მანავში შევიძინეთ. ყურძნის დაწურვის და ღვინის დაყენების იდეა 2011 წელს გაჩნდა, ჩვენთან - ჩარდახში, რთველში. თეა მელანაშვილი და ანა ჭეიშვილი იყვნენ სტუმრად. „ყავის შესვენების“ დროს რაღაც, თავისთავად, ხუმრობა-ხუმრობაში, გაჩნდა ეს იდეა. იაგომ აქტიურად დაგვიჭირა მხარი და  გაჩნდა „მანდილი“.  

მანდილის ისტორია, მგონი, უკვე ყველამ იცის - როგორ ვიყიდეთ ყურძენი 2012-ში, როგორ დავწურეთ ჩვენთან (იაგოსთან) მარანში, ქვევრში და ყველა ტრადიციული რიტუალით, ჭაჭა-კლერტზე ექვსთვიანი დაყოვნებით, დადგა ქვერის ღვინო. იაგო ამბობს, ვერც კი ხვდებოდი, როგორ ნელ-ნელა მიმყავდი ამ ნაბიჯის გადასადგმელადო.

ძალიან მაგარი დღე იყო, როცა პირველი ყურძენი დაიწურა; სიახლის შეგრძნების და ახლის მოლოდინის... იმ საღამოს კიდევ ერთი უცნაური დამთხვევა მოხდა - ჩვენთან მოვიდა ჯონი და მოგვიყვანა სტუმარი - ელის ფეირინგი. არ დამავიწყდება ჯონის გულწრფელი, დადებითი ემოცია და ელისის აღფრთოვანება, რაც  შემდგომშიც არაერთხელ გამოხატა ელისმა  (საკუთარ წიგნშიც კი).  

ძალიან ხშირად მიფიქრია ამ თემაზე. მე ბუნებით არ ვარ მეამბოხე და ჩემი ამ ნაბიჯით არც დიდი გადატრიალებები დამიგეგმავს; არც მატრიარქატისთვის ვაფრიალებ დროშას : )  პირიქით, მინდოდა ხაზი გამესვა თანასწორობისთვის, მეუღლეების ერთად დგომისთვის, იმისთვის, რომ ერთი საქმის კეთებით ურთიერთობების უფრო განმტკიცდება და გაღრმავდება. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი „ოჯახია“ - თავისი ყველაზე სწორი და დემოკრატიული ფასეულობებით. ჩემ გარშემო, ვისაც ოჯახური მარანი აქვს და ნატურალურ ღვინოს აწარმოებს, ყველა მამაკაცის გერდით ძალიან ღირსეული, მშრომელი მეუღლე დგას, რომელთა წვლილიც იმ ღვინის წარმოებაში არანაკლებ მნიშვნელოვანია. ასე რომ, ჩემი აზრით, ყველა ქალბატონი, რომელიც თავის ოჯახურ მარანში მეუღლესთან ერთად დგას, ყველა მეღვინეა, ანუ ჩვენ ძალიან ბევრნი ვართ!!! და თუ ამის გაცნობიერებასა და მოძველებული სტერეოტიპების დანგრევაში „მანდილმა“ სულ მცირე წვლილი მაინც შეიტანა, მე ძალიან ბედნიერი ვიქნები. 

ზოგადად, ღვინოს, ალბათ, როგორც ყველა - საქართველოში, მეც ბავშობიდან შევხვდი. ეს იყო სასმელი, რომელსაც ჩემი ბაბუა, გრიგოლ წერეთელი, ისეთი რუდუნებით ამზადებდა და ეპყრობოდა, რომ ჩემში ყოველთვის პატივისცემას იწვევდა. ბაბუაჩემისთვის კარგი ღვინის დაყენება ღირსების საკითხი იყო და, მართალია, მაშინ ბევრი არაფერი მესმოდა, მაინც ვხვდებოდი, არსებობდა კარგი, და კიდევ, რაღაც, სხვა ღვინო.

საღამოს, ჩემი მედგარი წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც დავმარცხდი - ნაძვის ხე ამაწყობინეს : ) ძალიან მეზარებოდა - ჯერ ერთი, ახალ ბინაში გადასვლის რეჟიმში ვართ, მეორეც, მარანში უკვე მოვრთე ნაძვის ხე და გარშემო ყველაფერი, რისი მორთვაც შეიძლებოდა. აქ (თბილისში) კი, ამ საქმეში ფეხს ვითრევდი. მაინც არაფერი გამომივიდა, ბავშვებმა თვითონ ჩამოიღეს ყველაფერი და სხვა გზა არ დამიტოვეს. გიო გოზინაყისათვის ნიგვზის დაჭრაში მომეხმარა, უარის მიზეზი ეს რომ არ გამხდარიყო.

 

30 დეკემბერი, ოთხშაბათი

დღეს, შედარებით, გამოვიძინეთ, არდადაგები დაიწყო! 

ბავშვებს სრული განცხრომის დღე აქვთ. მე კვლავ სამსახურში ვიქნები, იაგო - მარანში. დღეს ტურისტები გვყავს, ასე რომ დილა საყიდელი პროდუქტების სიის წერით დაიწყო. ჰო, სიის ორი ვარიანტია... ერთი - უშუალოდ, იმ დღის საჭიროებები, მეორე - ცოტა გრძელვადიანი - საახლწლო პროდუქტების.

დღეს ძალიან გააქტიურდა ტურისტული სააგენტოები. მთელი დღის მანძილზე ჩემს ტელეფონზე და ელექტრონულ ფოსტაზე აქტიურად მოდიოდა საახალწლო დღეების ჯავშნები. დღევანდელი დღე, ძირითადად, მივუძღვენი 2015 წლის საქმეების მომთავრებას: ბანკი, საგადასახადო, ბუღალტერი, შემორბენით მაღაზიებიც. ძველი თოვლის ბაბუა გაგვიტყდა და აუცილებელი იყო ახლის შეძენა...

საღამოს ძალიან მინდოდა, „ღვინის ოთახის“ გახსნაზეც მომესწრო მისვლა, მაგრამ ვერ შევძელი. სამგიეროდ, ანა მიქაძეს შევურბინე მაღაზიაში. როგორც ყოველთვის, „ცოტა“ ვიჭუკჭუკეთ : )  და  გემრიელ-გემრიელი ყველები წამოვიღე.

დღევანდელი დღის გვირგვინი იყო გოზინაყი! 

 

31 დეკემბერი, ხუთშაბათი 

ეს დღე ახალი წლის სამზადისს მიეძღვნა. დილიდან მე და იაგო შევეცადეთ, საახალწლო საყიდლებზე გავსულიყავით. რაც მთავარია, ვცდილობდით, დარჩენილი პროდუქტი ისეთ ადგილებში შეგვეძინა, სადაც  ამისთვის ბრძოლის გადატანა არ მოგვიწევდა. 

ჩემდა გასაოცრად, აღმოვაჩინე, რომ წელს არც ისეთი საოცრებები ხდებოდა სავაჭრო ობიექტებში. არ ვიცი, რატომ... ან ბევრი სავაჭრო სივრცე გაიხსნა და ხალხი გადანაწილდა, ან ხალხს ფული არ აქვს და ვეღარ ყიდულობს, ან (ყველაზე კარგი ვარიანტი) მოსახლეობის უმრავლესობა მიხვდა, რომ ამ ერთი დღით არ უნდა ვიცხოვროთ და მთელი წლის მოგროვებული თანხის ნაჭილი სმა- ჭამაში და მეორე ნაწილი - ფეიერვერკებში არ უნდა გავფლანგოთ.

დიდი ხანია, ჩვენი ოჯახი აღარ ამზადებს რაღაც, საოცარ, საახალწლო „მენიუს“. არ მიმაჩნია სასიცოცხლო აუცილებლობად უამრავი პროდუქტის შეძენა. ორი დღის შემდეგ ერთი და იმავე საჭმელის ყურებაც კი, ყველა ოჯახში, ჩემში არასასიამოვნო შეგრძნებებს იწვევს... ბოლოს კი - სავსე სანაგვე ურნები...

ჩვენი წინასაახალწლო შენაძენები, ძირითადად, დაკავშირებულია ჩვენს საახალწლო შეკვეთებთან. მარანში სტუმრობაზე ძალიან ბევრი ჯავშანი გვაქვს. ეს არის ის საქმე, რომელიც სამი წლის წინ, შეიძლება ითქვას, თავისთავად დავიწყეთ. ეს საქმე ღვინომ მოიტანა. ნელ-ნელა, ჩვენი დაკვირვებით, რაღაცეების სწავლით და შემდეგ - გამოცდილებით, წინ წავედით. ახლაც ვვითარდებით, სულ ვეძებთ რაღაც ახალს, კრეატიულს და ვცდილობთ, ჩვენთან მოსულ ადამიანებს ისეთი გარემო შევუქმნათ, რომ კიდევ მოვიდნენ ჩვენთან  და მოვიდენ არა მარტო თვითონ, არამედ მოიყვანონ მეგობრები, ჩვენ ვცდილობთ... რა გამოგვდის, ეს სტუმრებმა უნდა შეაფასონ.

თავიდან ნამდვილად არ გვეგონა, რომ ყველაფერი ასე აეწყობოდა, რომ შევძლებდით და რომ ჩარდახში ტურისტები, საერთოდ, ივლიდენ. ნაბიჯ-ნაბიჯ, თითქმის, არაფრისგან, უმცირესი რესურსით დავიწყეთ. ისე რომ, ახლა არც კი გვჯერა. ყველაფრის მობილიზება გავაკეთეთ, თუკი რაიმე გვქონდა სახლში - ელემენტარული დანა-ჩანგლიდან დაწყებული, ბებიების ნაქონი ძველი ავეჯით და გობებით დამთავრევული. ყვლაფერი ჩვენ ვიყავით: დამლაგებლებიც, მზარეულებიც, მეღვინეებიც, მემწვადეებიც, პურის მცხობელებიც, ბუღალტრებიც და დირექტორებიც. : )  და გამოვიდა! საერთოდ, როცა გინდა, როცა შრომობ, როცა გულით უდგები და  და როცა პატიოსნად აკეთებ საქმეს, აუცილებლად გამოვა! მაშინ „მთელი სამყარო შენ გეხმარება“  უნდა დაიჯერო! 

სულ დამავიწყდა, დღეს ძალიან სასიამოვნო და ცოტა უცნაური დაპატიჟება მივიღე. ჩემმა მეგობარმა დამირეკა და მთხოვა, ახალი წლის ღამით მასთან მეკვლედ მივსულიყავი, ეს მისი 20 წლის ქალიშვილის თხოვნა იყო. ერთი შეხედვით, უცნაური, თითქოს არაფერია, მაგრამ აქ მთავარი სხვა რამეა - მე, ამ შემთხვევაში, როგორც წარმატებული ადამიანი უნდა ვყოფილიყავი მეკვლე და მისვლისას შესაბამისი რიტუალი უნდა ჩამეტარებინა. ძალიან გავხალისდი რიტუალის თემაზე. რაც შეეხება, წარმატებულის სტატუსს, რა მოგახსენოთ : ) უბრალოდ, როცა 20 წლის გოგო შენზე ასე ფიქრობს, სხვა რომ არაფერი, დიდად სასიამოვნოა.

დღის ძირითადი ნაწილი მიეძღვნა ოჯახისთვის საცივის, სტუმრებისთვის კი - სხვადასხვა კერძების მომზადებას.  

საღამოს მოვემზადე მეკვლეობისათვის (თუ 2016  წელს ჩემი მეგობრის შვილს მნიშვნელოვანი დადებითი ცვლილებები ექნება ცხოვრებაში, აუცილებლად შეგატყობინებთ და რიგშიც ჩაგწერთ : ) აუცილებელი იყო 2 ბანანი, 2 მანდარინი და 1 - ფორთოხალი. სხვა კვების პროდუქტი არ უნდა წამეღო (ნუ, ჩემი წარმატებული ღვინის - „მანდილის“ გარდა, რა თქმა უნდა : ) 

12 საათისათვის გავშალეთ ტრადიციული საახალწლო სუფრა, რომელიც მხოლოდ ტკბილეულით შემოიფარგლება, ვინაიდან ჩემს შვილებს „დათუნია“ კანფეტისა და   ფეიერვერკების გარდა, ფაქტობრივად, არაფერი აინტერესებთ. 

როგორც ყოველ წელს, ამ დროს, ხდება ხოლმე, მთელი თბილისი გამაუყრუებელი აფეთქებების ხმამ, კვამლმა და უამრავმა განათებამ მოიცვა. რა თქმა უნდა, ჩემმა ქმარ-შვილმაც აქტიური მონაწილეობა მიიღო ამ ყველაფერში და გამარჯვებული სახეებით შემობრუნდენ აივნიდან.

ოჯახი ამ საზეიმო ვითარებაში დავტოვე და

 

1 იანვარი, პარასკევი

00:15-ზე გავემართე ჩემი მეკვლეს როლის შესასრულებლად:

ჩემ მიერ მირთმეული  ბანანი, მანდარინი და ფორთოხალი დანის გარეშე, ხელით გავარჩიე და ოჯახის ყველა დამხვედრ წევრს ჩემი ხელით ვაჭამე : )  რიტუალის შედეგების რა მოგახსენოთ, მაგრამ ჩვენ ძალიან ვიმხიარულეთ, ძალიან სახალისო მეკვლეობა გამომივიდა. 

დღის 2 საათზე ჩარდახში უკვე ტურისტების პირველ ჯგუფს ველოდით, ამიტომ დასვენების დღის შერგება და ნებივრობა არ გამოგვივიდა, ბავშვებს კი მივეცით საშუალება, სახლში დარჩენილიყვნენ, შეერგოთ 1 იანვრის გასუსული ქალაქის სიჩუმე.

ბავშვობაში მიყვარდა ახალი წელი. ალბათ, ყველა ბავშვს უყვარს, ვინაიდან ლამაზი ზღაპრების, ოცნებების და საჩუქრების დროა; თანაც, ჩემმა ბავშობამ ბორჯომში გაიარა და ამიტომ, ეს ყველაფერი ყოველთვის განსაკუთრებულად ლამაზი იყო - ფანჯრებთან ჭრაჭუნა თოვლით და ბუხარში მოგიზგიზე ცეცხლით. სახლში გოზინაყის სურნელით და დილას, ვითომ, თოვლის ბაბუის  (ყოველთვის ვიცოდი რომ მამაჩემს მოჰქონდა) საჩუქრით. ძალიან მენატრება ეს ყველაფერი. დიდი ხანია, ახალ წელს ბორჯომში აღარ  შევხვედრილვარ, ჩემი მშობლებიც, ძირითადად, აქეთ მოგვყავს. ალბათ, ესეც არის იმის ერთ-ერთი მიზეზი, რომ ახლით ახალ წელზე დიდად არ ვგიჟდები... და კიდევ როცა 1 იანვარს ქუჩაში გამოხვალ, ისეთი სიცარიელეა, იფიქრებ ეპიდემიაა ქალაქშიო. არ მიყვარს როცა ერთი დღით ცხოვრობენ : (

1 იანვარი, ბევრ მხიარულ და კმაყოფილ ტურისტთან ერთად, შრომაში, საქმეში, ღვინის დაგემოვნებასა და ღვინოზე საუბრებში გავატარეთ.

 

2 იანვარი, შაბათი და 3 იანვარი, კვირა

ამ ორი დღის დღიური ერთად უნდა დავწერო, ვინაიდან შინაარსობრივად ეს დღეები ძალიან ჰგავდა ერთმანეთს. ორივე დღე ისევ სტუმრების დახვედრა-გასტუმრებაში გავატარეთ. 

მრავლად იყვნენ ტურისტები, ვისაც ახალი წლის გატარება საქართველოში სურდა. ძალიან კარგია ეს ყველაფერი, მაგრამ, ალბათ, უფრო მეტის გაკეთებაა საჭირო, რომ მათი სურვილი ნელ-ნელა არ გაქრეს. ტურისტული კომპანიები და მცირე ბიზნესი ამ საკითხს, შედარებით, ნორმალურად უდგება. მათი უმრავლესობა ცდილობს, განვითარდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, მხოლოდ მათი ძალები ვერ გასწვდება ყველაფერს. საჭიროა უკეთესი ინფრასტრუქტურა, ელემენტარული, სატრანსპოტრო საკითხების მოწესრიგება და ჩემთვის ყველაზე მტკივნეული და მთავარი პრობლემების დაძლევა - წყალი და ნაგავი. 

წყალი ჩვენი ტურისტული ბიზნესის მთავარი პრობლემაა. ამ დღეებში ყინვაც დაემატა და რეზერვუარებში მოგროვილი წყალიც გაყინა. ამდენი ტურისტის გასტუმრება 5 კილომეტრზე არსებული ბურღიდან ამოსული წყლით გვიწევდა, რომელიც 1 ტონიანი რეზერვუარით მოგვქონდა და ჩვენს სისტემას ვუერთებდით. რას ვიზამთ, თუ გინდა რომ იმუშაო და განვითარდე, პრობლემებსაც უნდა ებრძოლო და გადალახო, სხვანაირად არ გამოდის. ამ წლების მანძილზე ვისწავლეთ შრომა, ბრძოლა, სირთულეების გადალახვა და მუდმივად ღიმილიანი სახით დახვედრა.

კიდევ ერთი, ძალიან მტკივნეული თემაა ნაგავი. 1 წელია, ურნები დადგეს, მაგრამ კვირაში ერთხელ ასუფთავებენ. სამწუხაროდ, ხალხიც არ იქცევა შესაბამისად. გავსებული ურნების გარშემო და სხვაგანაც, ნებისმიერ ადგილას, ნაგვის დაყრა ჩვეულებრივ ამბად მიაჩნიათ. უამრავი მოფრიალე პოლიეთილენის პარკი არც თუ ისე სასიამოვნო სანახაობაა მთელ გზაზე, თან როცა ამდენი ტურისტი მოდის. ჰო, ამ საკითხთან დაკავშირებით პატარა ბლიც-შეკრება გვქონდა მეზობლებთან და, იქნებ, ენთუზიასტი მეზობლების დახმარებით, უახლოეს მომავალში სოფელში დასუფთავების აქცია მოვაწყოთ.  

საღამოს ძალიან დაღლილები, მაგრამ მაინც კმაყოფილები დავბრუნდით თბილისში, ხვალ ისევ სტუმრებია და ისევ სამსახური. 

ღვინო ჩვენი ოჯახის  ცხოვრების გზაა!!!

თავიდან ღვინო იყო. სასმელი, რომელიც ყველა ოჯახში (მათ შორის, ჩვენთან) კეთდებოდა და  ტრადიცია გრძელდებოდა,

მერე ამ ტრადიციამ უფრო მეტი დატვირთვა შეიძინა და ვენახიც ეკოლოგიურად  სუფთა გახდა,

მერე, ღვინო ბოთლებში ჩამოისხა (2003 წელს) და ოჯახური ტრადიციიდან ნელ-ნელა ოჯახურ ბიზნესზე გადასვლა დავიწყეთ, 

მერე ღვინომ სააქართველოს საზღვრები დატოვა (2006 წელს) და ამან მეტი ინტერესი, მოტივაცია და ახალი მიზნები გააჩინა,

მერე ღვინომ მოიტანა ცნობადობა, ამას მოჰყვა ტურიზმი.

ღვინომ შეგვძინა ბევრი მეგობრები და ახლობლები,

ღვინომ უფრო მეტად დაგვაკავშირა ერთმანეთს, მოგვცა ფიქრის, ახლის შენების და შექმნის ინტერესი.
ეს ახლა ჩვენი ცხოვრებაა, საქმეა, ინტერესი და ჩვენი ადგილი ამ სამყაროში!

მინდა, რომ ეს გზა,  შრომა და სიყვარული, რაც ჩვენ ჩავდეთ ღვინოში,  ჩვენმა შვილებმა გააგრძელონ! 

გილოცავთ დამდეგ შობას, სიხარული, სიყვარული , ბარაქა, ჯანმრთელობა და შრომის სიყვარული ჰქონოდეს მთელს ჩვენს ქვეყანას! კარგი ღვინო არ გამოგვლეოდეს!

p.s. დიდი მადლობა ჩვენს ტურისტებს, რომლებსაც ახსნა-განმარტება და მითითება არ სჭირდებათ იმაზე რომ, „სახლსა და მარანში არ ეწევიან“. მინდა, რომ ჩვენშიც შემოვიდეს ეს კულტურა.

© მარინა კურტანიძე, საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

 პროექტ „ღვინის დღიურების“ ფარგლებში მომზადებული მასალა წარმოადგენს ავტორთა კერძო შეხედულებებს და არ გამოხატავს საქართველოს ღვინის კლუბისა და ღვინის საინფორმაციო ცენტრის პოზიციას.


ილია წინამძღვრიშვილი, საუბარი ვაზის გაშენებაზე კვირტით

$
0
0

ყველა მცენარე გაზაფხულზე იღვიძებს, მოძრაობში მოდის, კვირტები გამოაქვს, იკეთებს ყლორტებს, ფოთლებს და ყვავილს. ვისაც ვაზის მოშენება სურს, იმას შეუძლიან ვაზი კვირტითაც გაამრავლოს.

კვირტით ვაზს მაშინ ამრავლებენ, როდესაც რომელიმე გვარი ვაზი ნაკლებად აქვთ. კვირტით ვაზი ამ გვარად მოშენდება: გაზაფხულზე ფრთხილად, გალესილი დანით, ვაზს კვირტები უნდა ამოეჭრას და მაშინვე დაიფლას მოსაშენ ალაგას – სკოლაში ისე, რომ კვირტებს თავი მიწიდამ უჩნდეთ.

მინამ კვირტები დაირგვებიან, სკოლის ადგილი განგებ უნდა მომზადდეს, გაფხვიერდეს და ზედ ნოშონარევი ქვიშა-მიწა დაეყაროს. ვისაც მცენართ გასამრავლებლად თავის მამულში ფეჩი აქვს გამართული, სჯობს, რომ იმან ფეჩის დაზგებზე კვირტები დარგას. ვისაც ფეჩი არა აქვს, იმას შეუძლიან კვირტები ქილებში, კასრებში, მჭიდროდ დაწნულ გოდრებში და სხვა ჭურჭლებში ჩარგას, ეს ჭურჭელი თბილ ალაგას შეინახოს და დრო გამოშვებით ალაგი დაუნამოს.

კვირტები რომ ღეროებს გამოიღებენ, ფესვებს გაიდგამენ, მაშინ გაღვივებული საღი კვირტები ფეჩიდამ, ჭურჭლიდამ სკოლაში უნდა გადაირგას. გადარგვის შემდეგ, თუ გვალვიანი დღეები დაიჭირა, მოსაშენი ადგილი უთუოდ უნდა მოირწყას და მიწას სირბილე მიეცეს, თორემ ვაზს მიწიდამ სარჩოს შეწოვა გაუჭირდება.

ჰაერს შეჩვეული ნორჩი ვაზი ორი წლის შემდეგ სამკვიდროდ სავენახე ადგილს უნდა გადავიდეს. ვენახს ეძახიან იმ ადგილს, სადაც მარტო დედა-ვაზია გაშენებული. იმ ადგილს კი, სადაც სხედს ხელად ჩაყრილი ვაზი, ჰქვიან ბაგა, ახალშენი.

ჩვენ შევისწავლეთ ერთი რიგი კვირტით ვაზის გაშენება. ყური დამიგდეთ და მეორე რიგსაც გაგაცნობთ: რქა უნდა დაიჭრას რამდენსამე ნაწილად. თითო ნაწილს შუაში უნდა შერჩეს თითო კვირტი და კვირტის აქეთ-იქით თითო თითის დადება ალაგი დარჩეს. ეს კვირტები მიწაში რიგ-რიგად უნდა დაირგას ისე, რომ მიწიდამ თავები უჩნდეთ. კვირტები რომ მოშენდებიან, ორი წლის შემდეგ სავენახე ალაგას უნდა გადავიდნენ და დასახლდნენ.

ვაზის მოშენება. Vitis Vinifera. ტფილისი. სტამბა ა.ა. მიხელსონისა. 1889 წელი

უძველესი საწნახლები საქართველოს ტერიტორიაზე. ქვითკირით, ქვითა და კირხსნარით ნაშენი საწნახლები

$
0
0

ა. ბოხოჩაძე. მევენახეობა-მეღვინეობა ძველ საქართველოში არქეოლოგიური მასალების მიხედვით. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა. ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტი. თბილისი 1963

შუაფეოდალურ ხანაში წარმოიშვა ახალი ტიპის, ქვითკირის, ქვითა და კირხსნარით ნაშენი საწნახელი. აღნიშნული საწნახლის ტიპი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩანს გავრცელებული და ფართოდაა ხმარებაში თანამედროვე ყოფაშიც. ამ ტიპის საწნახლების სიმრავლე განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში შეინიშნება.

ქვითკირის საწნახელი ფორმითა და სიდიდით დიდად არ განსხვავდება ყოფაში არსებული ხის საწნახლებისაგან. მასაც სწორკუთხედის მოყვანილობა აქვს, თავისკენ (საიდანაც ტკბილი გამოდის, ზოგჯერ ტკბილის სადინარი საწნახელს შუაწელში აქვს გაკეთებული და ამ შემთხვევაში მისი ორივე ბოლოდან იწყება დაქანება, რათა ტკბილი თვითდინების გზით გამოვიდეს საწნახლიდან) დაქანებულია. ძირის გასწვრივ გაკეთებული აქვს ტკბილის სადინარი ხვრელი ან შიგ დატანებულია მილი. ხვრელის დიამეტრი 10 სმ არ აღემატება. საშენ მასალად გამოყენებულია ფილაქვის ბრტყელი ნატეხები, შემაკავშირებელ საშუალებას დუღაბი წარმოადგენს. ამ ტიპის საწნახლები აღმოსავლეთ საქართველოში დახურული ტიპის მარნებშია მოთავსებული. მისი ერთი გვერდი, ზოგ შემთხვევაში ორი (სიგრძივი და ბოლო), მარნის ან სათავსოს კედლებზეა მიშენებული. ზოგჯერ აღნიშნული სათავსოს კედლებიცაა გამოყენებული საწნახლის კედლებად. საწნახლები შიგნიდან ყოველთვის გალესილია კირხსნარით.

ასეთი ტიპის საწნახელს გამოკეთება, გაჟღენთა სჭირდებოდა. ჯერ მას წყლით გამორეცხავდნენ, შემდეგ ტკბილს ან ღვინოს გამოავლებდნენ. სცოდნიათ მოხარშული კომშით და სანთლით გამოკეთებაც. ასე გაჟღენთილი საწნახელი პირველი ხმარების დროს ტკბილით კიდევ იჟღინთებოდა და ამის შემდეგ სრულიად ვარგისი და მიზანშეწონილი სახმარებელი ხდებოდა.

საწნახლის სიდიდე დამოკიდებული იყო მეპატრონის სურვილზე, მისი ვენახის პლანტაციის სიდიდეზე, ამიტომ ასეთი საწნახელი,როგორც კლდეში ნაკვეთი და ხისა, სხვადასხვა სიდიდის იყო და არის დღესაც.

კირხსნარით ნაშენი საწნახლები გათხრილია გუდარეხში, საკმაოდ დიდი საწნახლის ნანგრევებია შენიშნული წიწამურის გათხრების დროსაც.1969 წლის მცხეთის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ შუაფეოდალური ხანის კოდმანის ნასოფლარში მიკვლეული იქნა საცხოვრებელი კომპლექსები, რომელშიაც საწნახლებიცაა აღმოჩენილი. ალ. კალანდაძეს კირხსნარით ნაშენი საწნახლები უნახავს კარსანში მუხათგვერდის თავზე არსებულ ნასოფლარში, სალოცავ „საჟამნოს“ გვერდით. ბოლნისის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ ასეთი საწნახლები მიკვლეულ იქნა მდ. ლოქის ხეობაში და დღევანდელ სოფ. ფოლადაურის (ჩათრახი) ტერიტორიაზე. კირხსნარით ნაგები საწნახლების არსებობა სავარაუდოა შუაფეოდალური ხანის ბოლნისის მარნებშიც. დასავლეთ საქართველოდან ამავე ხანისად შეიძლება მივიჩნიოთ ზესტაფონის რაიონის სოფ. ალავერდში, ზალკოტის ნამოსახლარში არსებული საწნახლები.

ღვინის დღიურები. გიორგი ნათენაძე, ოჯახური ღვინის მწარმოებელი მესხეთიდან, მესხეთის ტერასების პროექტის ავტორი

$
0
0

18 იანვარი, ორშაბათი

სიმართლე გითხრათ, არასოდეს დამიწერია დღიურები, მაგრამ ამის სურვილი ყოველთვის მქონდა. ყოველთვის მინდოდა, ჩემი აზრები და მნიშვნელოვანი მოვლენები ჩამეწერა, რომ გარკვეული დროის შემდეგ თვალი გადამევლო. ბავშვობაში ხშირად ვიწერდი იდეებს, რომლებსაც ცხოვრებაში განვახორციელებდი, ან, უბრალოდ, იდეებს სამყაროზე, სამყაროს მოწყობაზე, ადამიანთა არსებობაზე, ჩვენი ცხოვრების არსზე,  ჭეშმარიტებაზე და მომავლის იდეებზე თუ გამოგონებებზე. სხვათა შორის, ბევრი ისეთი ჩანაწერი ვიპოვე, რომლის ჩაფიქრებაც იმ დროისთვის სისულელე იყო, თუმცა დღეს რეალობად იქცა.

შეიძლება ითქვას, ჩემი ყოველი დღე ღვინის დღიურია, უკვე 10 წელია, რადგან ღვინის და ვაზის სიყვარულით ისე ვარ მოწამლული, რომ სხვას ვეღარაფერს ვხედავ, ან თუ ვხედავ, ყველაფერს ვაზს და ღვინოს ვუკავშირებ. ამბობენ ვაზი ადამიანს აკეთილშობილებსო და მართლაც ასეა, ბოროტი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ეს ბოლო წლებია საკუთარ თავს ვეღარ ვცნობ.

დაახლოებით, 15 წლის წინ, როცა მამაჩემი ბევრს ფიქრობდა მესხური ვაზის გადარჩენაზე, თავიდან, მაინცდამაინც, დიდი ინტერესი არ გამომიხატავს ამ საქმის მიმართ. მიუხედავად ამისა, მაინც თავისთავად მეფიქრებოდა მევენახეობის მომავალსა და პერსპექტივებზე. შევეცადეთ მესხური ჯიშების მოძიება დაგვეწყო. ერთად მოვიარეთ სოფლები, ვნახეთ საინტერესო ჯიშებიც, თუმცა მაშინ არც ლაბორატორიები არსებობდა და არც ცოდნა, თუ რომელ  ჯიშს რა შედეგი და თვისებები ექნებოდა. 

თავიდანვე მივხვდი, რომ ეს საქმე  შედეგს, მინიმუმ, 10 წელიწადში, ან უფრო გვიან გამოიღებდა, თუმცა მაინც „მოვიწამლე“. დავიწყე მესხური ჯიშების ძიება. დავდიოდი სოფლებში, თუ ნასოფლარებზე, ძველ ციხეებთან, ტყეში, ეკლესიებთან და ყველგან, სადაც ვაზი შეიძლებოდა ყოფილიყო, ან არ ყოფილიყო. ჩემი მეგობრების აყოლიება ძნელი აღმოჩნდა. ხან ერთს წავიყოლებდი, ხან მეორეს, მაგრამ დიდი ინტერესი ვერც ერთს ვერ შევნიშნე. ბევრი მეუბნებოდა, რა სისულელეებს აკეთებ, რამე საქმე წამოიწყე და ფული გააკეთეო.

ძალიან ვნერვიულობდი, რომ არც მთავრობიდან და არც კერძო სექტორიდან არავინ არასდროს არ გამოჩნდა. თუკი რაიმე დახმარებას შემომთავაზებდნენ, უამრავ პროექტებს ვწერდი არასამთავრობოებშიც, მაგრამ უშედეგოდ.

ერთ დღესაც მამაჩემი გაწევრიანდა ელკანაში და იქ ძალიან საინტერესო და ჩვენთვის მეტად  მნიშვნელოვანი პიროვნება, გიორგი ბარისაშვილი გავიცანით. ადამიანი, რომელმაც  პირველმა გვიბიძგა და მოგვეხმარა, რომ ჩამოგვესხა  მესხური ღვინო. ჩვენ არ გვქონდა შესაბამისი ხელსაწყოები და არც შესაბამისი ცოდნა. შეიძლება ითქვას, ჩვენი პირველი ღვინის ჩამოსხმა სწორედ გიორგი ბარისაშვილის დამსახურებაა. ამას არასდროს დავუვიწყებთ ამ უკეთილშლობილეს ადამიანს და ყოველთვის მისი მადლიერი ვიქნებით. გიორგი დღესაც აქტიურად მიწევს კონსულტაციებს და მუდამ მზადაა, უანგაროდ დაეხმაროს ყველა ქართველს ასეთ კეთილ საქმეში.

პირველი ღვინო, რომელიც 2009 წელს ჩამოვასხით, ყველასთვის ნამდვილი შოკი იყო. ჩვენი ოჯახი მესხურ ღვინოს ყოველთვის აყენებდა, მაგრამ არ გვეგონა, ამჯერად ამხელა გამოხმაურება თუ ექნებოდა. ძალიან ბევრი დაინტერესდა მესხური ღვინით, ძალიან ბევრი უკვე შურის თვალითაც მიყურებდა. ეს მომენტი ჩემს ცხოვრებაში აღმოჩნდა გარდამტეხი,  რომ ფარ-ხმალი არ დამეყარა და ბოლომდე მებრძოლა მესხური მევენახეობის აღსადგენად და მესხური ღვინის პოპულარიზაციისთვის.

მოსვენება დავკარგე. დავდიოდი ყველგან, თითქმის, მთელ სეზონზე - სოფელ-სოფელ და ტყე-ტყე. ამ ყველაფერმა ბოლოს ფანატიზმის სახე მიიღო - ხანდახან ღამის 2 – 3 საათზე ვბრუნდებოდი სახლში. ვინიშნავდი ყველა საინტერესო წერტილს, მაგრამ ძალიან მიჭირდა ჯიშების იდენტიფიცირება. ბოლოს გავიცანი ბატონი ლევან უჯმაჯურიძე, აღმოვაჩინე რომ მას ქართული ვაზის ჯიშების საკმაოდ დიდი კოლექცია ჰქონდა. ეს მართლაც და კეთილი ადამიანი ძალიან დაინტერესდა ჩემით. შემპირდა, რომ ჩემს მიერ გაგზავნილ ყველა ჯიშს გამოიკვლევდა და ვაზის მწარეზე ნამყენ ნერგებსაც უანგაროდ დამიბრუნებდა.

ასობით სხვადასხვა ჯიში მაქვს გაგზავნილი იდენტიფიცირებისთვის ჯიღაურაში. ბევრი მათგანი პირდაპირ მწარმოებელი ჰიბრიდი აღმოჩნდა, ბევრი კი - საინტერესო მესხური ჯიში. დღეს უკვე ჯიღაურას კოლექცია გაიზარდა და 24-მდე მესხურ ჯიშს ვითვლით.  მაქვს ჩემი პირადი კოლექციაც ახალციხეში, სადაც ყველა საინტერესო ჯიშს ვუყრი თავს და ვაკვირები მათ გამძლეობასა და შედეგებს.

2015 წელი ჩემთვის მეტისმეტად გადატვირთული აღმოჩნდა. რამდენიმე საქმეზე პარალელურად ვმუშაობდი. უპირველესი იყო ის, რომ პარტნიორებთან (მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე) ერთად სოფ. ხიზაბავრაში დავიწყე მესხეთის ისტორიული ტერასების აღდგენა და აქ მესხური ვაზის ჯიშების გაცოცხლება. პარალელურად, განვაგრძობდი ვაზის ახალი ჯიშების ძიებას, ახალი ღვინოების დაყენებას და რამდენიმე ახალი პროექტის დაგეგმვას.

მესხური ტერასები  ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი და, შეიძლება ითქვას, ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი მიღწევაა. ამ პროექტზე ზუსტად 4 წლის მანძილზე ვმუშაობდი და ძალიან ბევრი ვიწვალე. ფაქტობრივად, 4 წლის განმავლობაში დღე არ გავიდოდა, რომ ამ თემაზე არ მეფიქრა და ვინმე არ შემეწუხებინა. დიდი დაბრკოლებების მიუხედავად, დარწმუნებული ვიყავი რომ პროექტს მაინც დავიწყებდი.  

დღეს მართლა ვამაყობ ჩემი ჯავახური სიჯიუტით, რომ ეს საქმე ჩემს პარნიორებთან ერთად დავიწყე და მათ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, რომ ასეთ სარისკო და ძვირადღირებულ საქმეში დამიდგნენ გვერდში. ეს მხოლოდ ბიზნესი არაა, ეს საქმეა, რომელიც ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება. ეს მესხური მევენახეობის განვითარებისთვის ყველაზე დიდი, წინ გადადგმული ნაბიჯია. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ ნინო ზამბახიძეს (ფერმართა ასოციაციის თავმჯდომარე), ეს ქალბატონი რომ არა, ბევრი საკითხი მოსაგვარებელი დამრჩებოდა. ყოველთვის გვერდით მიდგას და დიდ სტიმულს მაძლევს. ეს არის ადამიანი, რომელსაც არ ცხოვრობს ჩვეულებრივი რეჟიმით, რომელიც ყოველთვის შრომობს და მუდამ მზადაა დახმარებისთვის. მე, უბრალოდ, ვამაყობ, რომ მას ვიცნობ.

დღეს უკვე მახარებს ის, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მთხოვს მესხური ვაზის ნერგებს. ეს პატარა საქმე არაა. მათ დაინახეს, რომ მესხური ვაზი ცოცხალია და კვლავ შეიძლება აქაური ღვინის დაყენება, ვაზის მოვლა და მისი მოფერება. დღეს შემიძლია ვთქვა, რომ ბოლო 10 წლის მანძილზე ტყუილად არ მიწვალია და ვაზი აქ, 3 საუკუნის შემდეგ, თავიდან იბადება. 

ახლა, რაც შეეხება, დღევანდელ ამბებს.

დღე ჩვეულებრივად ბავშვების ჟრიამულით  იწყება,  ჩემი პირველი გოგო, კესარია 3 წლისაა და ბაღისკენ მიმყავს, მეორე კი - 1 წლის ნაია (ნაიკო), ჩემს მეუღლეს - სოფოს მიყავს  ძიძასთან.  ჩემი ცხოვრება ორადაა გაყოფილი - ოჯახი და ვაზი, ორივე კი, მთლიანობაში, ერთი დიდი ოჯახია. ვერ წარმოიდგენთ, რა გრძნობაა, როდესაც ახალ ვაზს აღმოაჩენ. ეს ისეთივე დიდი გრძნობაა, როგორიც შვილის დაბადება. ესეც ცხოვრების ნაწილია.  ჩემს ცხოვრებას ვაზთან და ოჯახთან ვატარებ. შეიძლება ითქვას, მეგობრები აღარც მახსოვს, იმდენად მცირე დრო მაქვს მათთან შეხვედრისთვის.

ყოველი დღე გაწერილი მაქვს 1 კვირით, ან  რამდენიმე დღით ადრე მაინც.  გეგმას მობილურის კალენდარზე ვინიშნავ ხოლმე და შეხსენებებს ვაყენებ. სხვანაირად შეიძლება ბევრი მნიშვნელოვანი დეტალი გამომრჩეს. დეტალურ გეგმას კი ვინიშნავ ნეთბუქში, ან უბის წიგნაკში, რომელიც ჩემი განუყოფელი ნაწილია.

ყოველდღე ვფიქრობ დროზე, რომელიც ასე სწრაფად გარბის. ხანდახან მინდა, რომ ჩემი ასლი მყავდეს. იმას რაღაც საქმეზე დავტოვებდი და, ამასობაში, მე სხვა საქმეს გავაკეთებდი. მართლა ძალიან სწრაფად მიდის დრო. ახლა ღამის (უფრო სწორად, დილის) 4 საათი ხდება, მაგრამ მე ამ დროს ვარ გონებრივად ყველაზე ფხიზელ  მდგომარეობაში. რა გამოვა, თუ ჩვენი ცხოვრების ნახევარს ძილში გავატარებთ, ნახევარს კი უაზროდ დავკარგავთ? ისედაც ბევრს ვერაფერს ვასწრებთ ამ ცხოვრებაში და ვფიქრობ, რომ თითოეული წუთი უძვირფასესია, რომელიც უნდა გამოვიყენოთ და რაღაცას, ან ვიღაცას მაინც მივუძღვნათ.

გადავხედე გეგმას და გამახსენდა რომ ღვინოები, რომლებიც რამდენიმე დღის წინ გადავიღე, უკვე დაიწმინდებოდა და უნდა გამესინჯა. 2015 წელს 12-მდე ახალი  სახეობის მესხური ღვინო მაქვს დაყენებული. ზოგი 1 ლიტრია, ზოგი - 20, ზოგი კი - 150, ყველაზე დიდი მოცულობისა 1 ტონა იქნება (ქვევრის მესხური წითელი).  წელს ისეთი სახეობები დავაყენე, რომელიც არავინ არ იცის, როგორი გამოვა და როგორც ჩემთვის, ისე სხვებისთვის დიდი სიურპრიზი იქნება. რამდენიმე მათგანმა უკვე გამაოცა. გამაოცა რბილი ნათქვამია.

„მესხური მწვანე“, „ცხენის ძუძუ თეთრი“, „ცხენის ძუძუ შავი“,  „ცხენის ძუა შავი“, „ახალციხის თეთრი“, „მესხური თეთრი“, „უდის თეთრი“,  „შავი ჭაჭკრული (იგივე „ხიზაბავრულა“ და იგივე „შავი ასპინძურა“), „თამარის ვაზი“,  უცნობი მესხური 1, უცნობი მესხური 2, უცნობი მესხური 3, „სამარიობო თეთრი“,  „ფერსის თეთრი“, „ჩიტისთვალა თეთრი“, „ნათენაძის თეთრი“ (ეს ჯიშიც მე აღმოვაჩინე და იმდენად მომეწონა რომ ჩემი გვარი დავარქვი) და სხვა პატარ-პატარა ცდები. შედეგებით მართლაც გაოცებული ვარ, მარტო მე არა, ჩემმა მეგობარმა მეღვინეებმაც გასინჯეს, ცნობილმა სომელიეებმაც და ყველა აღნიშნავს, რომ მესხურს სხვანაირი ცოცხალი სხეული აქვს და სხვა პოტენციალის ღვინოებია. ყოველი ახალი ექსპერიმენტი ჩემთვის ახლიდან დაბადებას ნიშნავს. ყოველი ღვინის გასინჯვა ახალ სტიმულს  და ძალას მაძლევს.

დავუბრუნდეთ საქმეს, ტერასების პროექტზე ყოველდღე ვმუშაობ. საქართველოში ტერასული მევენახეობის  გამოცდილება ფაქტიურად არაა და მუდამ შრომა, კითხვა და კონსულტაციები მიწევს სხვადასხვა სპეციალისტებთან. ხშირად ვაწუხებ ბატონ ლევან უჯამჯურიძეს, რომელიც ჩვენი ტერასების პროექტის მთავარი კონსულტანტი და მხარდამჭერია.

2 დღეში ბატონი ლადო უზუნაშვილი მესტუმრება, ეს ადამიანი დიდი პატრიოტი და ძალიან მაგარი მეღვინეა. ისიც ჩვენი კონსულტანტი და თანმშრომელია ტერასების პროექტში.  სწორედ მისი რჩევებით მოხდება მესხური ჯიშების  გაშენების ორიენტაციის აღება.  2 დღეში ჩემთან მესხურ ჯიშებს გავსინჯავთ და მომავალში გასაშენებელი ჯიშების გარკვეულ ორიენტირებს მოვინიშნავთ.  

19 იანვარი, სამშაბათი

დღე ისევ ჩვეულებრივად იწყება.

ძილი მენატრება, მაგრამ ამის საშუალებას ბავშვები არ მაძლევენ. პირველი ჩემი პატარა გოგო - ნაიკო იღვიძებს, წამოჯდება, ყველას გადმოგვხედავს,  ყველას მოგვწვდება და ჩაგვეხუტება (ჯერ 1 წლისაა). გვკოცნის იმდენს სანამ არ გაგვაღვიძებს. კარგი განწყობით  ვიღვიძებ. დღეც შესაბამისად კარგად წარიმართება.

ახლა გული არ მითმენს, ქვევრის ღვინოების გასინჯვა მინდა. ქვევრს თავი მოვხადე და როგორც უცხო, ისე ვიწყებ ღვინოების დეგუსტაციას, თითქოს პირველად ვსინჯავდე. ყოველდღე ვამჩნევ, რომ ღვინო, რომელსაც მეტი შეხება აქვს ჭაჭასთან (ღვინის დედასთან), უფრო მგრძობიარე, ტანინიანი და საინტერესო ხდება. მინდა, ჩემი სიამოვნება სხვებსაც გავუზიარო ხოლმე. გადავუღებ ღვინის ლამაზ, წკრიალა ფერს სურათს და სოციალურ ქსელში ვიზიარებ. კომენტარების წერა და მოწონება მაშინვე იწყება და მეც ვხვდები, რომ მარტო არ ვარ და ბევრი კეთილი ადამიანია, რომელიც მგულშემატკივრობს და თანამიგრძნობს ჩემს საქმიანობაში.

ძალიან მიჭირს მუშაობა, იმის გამო, რომ ჩემი საკუთარი მარანი და სივრცე არ მაქვს. მეზობლის სარდაფი მაქვს ნაქირავები უკვე 4 წელია და ღვინის ძირითად ნაწილს იქ ვინახავ. ასევე იქ ვატარებ სხვადასხვა ცდებს ალკოჰოლურ სასმელებზე. მოვაწყე პატარა ლაბორატორია, სადაც უკვე 150-მდე ცდა მაქვს ჩატარებული სხვადასხვა სახეობის არაყის გამოხდაში. სხვადასხვა მცენარეების და ხილის არყებს ვხდი სხვადასხვა მეთოდებით. იმდენად საინტერესო და სახალისოა, რომ გამოხდის ახალ მეთოდებს ვამუშავებ. ძალიან საინტერესო შედეგები მივიღე, ყოველი მათგანი ჩანიშნული მაქვს. ამაყად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი სახელობის ალკოჰოლურ ბრენდებს  მალე გამოვიტან დღის სინათლეზე და დარწმუნებული ვარ, ძალიან მაგარი შედეგები იქნება.

დღეს გავსინჯე შინდის ღვინო. რომელიც უკვე წელიწადი და ოთხი თვეა, ტყის სხვა მცენარეების ფოთლის ექსტრაქტზეა და ეს ნაყენი ძალიან მაგარი გამომივიდა. შინდის ღვინის ბრენდი ალბათ სულ 40 ლიტრა მექნება, მაგრამ დეგუსტაციებისთვის საკმარისია. 1 ბოთლი უკვე გავამზადე საფრანგეთში წასაღებად, ძალიან მაინტერესებს ხალხის აზრი ჩემს გამოგონებაზე, რომელსაც მოგვიანებით გაგიზიარებთ.

ისევ ჩავუჯექი კომპიუტერს. თვალი გადავავლე გეგმებს. აღმოჩნდა, რომ სამუშაო იმაზე მეტი მაქვს, ვიდრე მეგონა. განმარტოება მინდა, მაგრამ სახლის პირობებში არ გამომდის. ბავშვები მოსვენებას არ მაძლევენ. გადავწყვიტე სახლიდან გასვლა და სხვაგან, უფრო მშვიდ გარემოში მუშაობა. წერილები პასუხგასაცემი მაქვს, გეგმები კი - სისრულეში მოსაყვანი. 

ყველაზე კარგი ადგილი ჩემი ავტომობილი აღმოჩნდა. დავჯექი, საქარე მინა ავწიე და შევუდექი მუშაობას. ერთ-ერთ კომპანიას შეკვეთა მივეცი მეტეოსადგურის დამონტაჟებაზე, რომელიც ძალიან მჭირდება ტერასებზე. რადგან საპილოტე პროექტია, რისკები თავიდანვე გასათვალისწინებელია. მეტეოსადგური კი მოგვცემს მიახლოებით ინფორმაციას, თუ როგორ კლიმატს უნდა ველოდოთ და როგორი იქნება ყოველი კვირის ამინდის პროგნოზი. ჩვენთან ძალიან მკაცრი ზათარია, შესაბამისად გვჭირდება ზამთრის სიცივეების აღრიცხვა და კონტროლი. წელს დავაკვირდებით და თუ ზამთრის ყინვები სარისკო აღმოჩნდა ვაზისთვის ვიფიქრებთ შესაფუთ საშუალებებზე. შესაფუთ მასალას კარგა ხანია, ვეძებ ინტერნეტით, მაგრამ საჭირო საშუალებას ვერა და ვერ მივაგენი.

რამდენიმე ზარი მოვასწარი და პარტნიორებს მომავალი კვირების გეგმები გავაცანი. ველოდები ხვალინდელ დღეს, ლადო უზუნაშვილი ჩამოდის - ჩვენი მთავარი მეღვინე. მინდა, მოვასწროთ მესხეთის დათვალიერებაც და ახალი ღვინოების დეგუსტაციაც.

ჩემი ყოველდღიური გიჟური გრაფიკის ჩამოწერა, ალბათ, კარგი წასაკითხი არ იქნება. ვიღაცა იტყვის, ასე როგორ ცხოვრობს, ან როგორ ასწრებს ყველაფერსო. 

20 იანვარი, ოთხშაბათი

როგორც იქნა, ჩამოვიდა ლადო უზუნაშვილი, მაგრამ ოჯახის შეწუხება არ უნდოდა და პირდაპირ ტერასებისკენ გავეშურეთ. გზადაგზა ვათვალიერებდით მესხეთის სილამაზეს, კულტურულ ძეგლებს და ვსაუბრობდით მესხეთში მევენახეობის განვითარების პერსპექტივებზე. ბატონ ლადოს, მგონი, ჩემზე ძალიან შეუყვარდა მესხეთი.

უკანა გზაზე გავსინჯეთ მესხური ღვინოები, უკვე დაწმენდილი და გაწკრიალებული. მანამდეც გვქონდა გასინჯული, მაგრამ ახლა სულ სხვა გემოები შეუძენია. თანაც მე მცირე რაოდენობით ვაყენებ ღვინოებს და მისი უკვე მასიურად ქვევრში მოთავსება სულ სხვა თვისებებს აღვიძებს.

გავაცილე ლადო და ისევ ჩემს საქმეებს შევუდექი. ახლა უკვე საფრანგეთში გასამგზავრებლად ვიწყებ მზადებას. იქ უკვე წინასწარ გავაგზავნე მესხური ჯიშის სხვადასხვა ღვინოები და ნაწილი - მე უნდა წავიღო თვითმფრინავით.

ქვევრიდან ამოვიღე მესხური უცნობი ჯიში („ნათენაძის თეთრი“), რომელიც უკვე გაწკრიალებული  და დაწმენდილი იყო. გაუფილტრავად ჩამოვასხი ბოთლებში და შევუდექი ეტიკეტის დიზაინს. ჩემი ღვინოების დიზაინს, თითქმის ყველას, მე ვაკეთებ, შემდეგ ოჯახის წევრებს ვუზიარებ. სახლშივე ვბეჭდავთ და ხელით ვაკრავთ ბოთლებს.

 

21 იანვარი, ხუთშაბათი

დღე ისევ ტრადიციულად დაიწყო. შემდეგ ტერასებზე გამგზავრება დავგეგმე. დავურეკე მეგობარს და კიდევ ერთ პიროვნებას, ვინც მეხმარება ტერასების ტოპორუკის შედგენაში. დაქირავებული გვყავს Drone - მფრინავი კამერა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, 500 მეტრის სიმაღლიდან გადავიღოთ ტერასების სურათები და შემდეგ სპეციალური პროგრამით ვამუშავებთ.

ტერასების ტოპორუკა გვჭირდება იმისათვის, რომ წინასწარ ვიცოდეთ აქ გასაშენებელი ჯიშების რაოდენობა, საირიგაციოს სისტემის ზუსტი კილომეტრაჟი და განლაგების გეგმა. ტოპორუკის საშუალებით ვადგენ ტერასებზე ჩასატარებელი სამუშაოების ბიუჯეტსაც.

Drone-ით გადავიღეთ ტერასების სურათები და ვიდეო რგოლი, რომელიც საოცრად ლამაზი და თვალწარმტაცი გამოვიდა. სპეციალისტები მუშაოებენ სურათების კომპიუტერში გადატანასა და  ტოპორუკის შედგენაზე.

დღე საკმაოდ დამღლელი აღმოჩნდა, ძირითადი დრო ტერასების ტოპორუკის შემუშავებას დავუთმე.

საღამოთი კი კვლავ ჩავუჯექი კოპმიუტერს, თვალი გადავავლე მომავალი სამუშაოების გეგმას და შევუდექი მუშაობას, რაც, დაახლოებით, დილის 4 საათამდე გაგრძელდა.

22 იანვარი, პარასკევი

დილით მეუღლეს ვთხოვე, ძილის საშუალება მოეცათ. ძალიან დაღლილი ვიყავი.

დაახლოებით, 11 საათზე გადავწყვიტე მესხეთის დალაშქრვა და მეგობართან ერთად კვლავ გავწიე ჩვენი კუთხის უცნობი ადგილების დასათვალიერებლად. ბევრი ფოტო გადავიღე. საოცარი ადგილები გვაქვს და უდიდესი ტურისტული პოტენციალი აქვს მესხეთს. ეს ჩემი კიდე ცალკე გეგმაა, რაც მესხეთის განვითარებას შეეხება.

მალე ჩამოვაყალიბებ „მესხეთის განვითარების ფონდს“, რომლის მიზანი მოსახლეობის საფლად დაბრუნება, აგროტურიზმისა და მესხეთში წარმოების განვითარება იქნება.  ამ თემაზე ყოველდღიურად ვმუშაობ და დიდი გეგმები მაქვს, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას კი მალე დავიწყებ.

მესხეთის დათვალიერების დროს სოფლებში კვლავ საინტერესო ხალხი გავიცანი, რომლებმაც ჩამანიშნინეს, სავარაუდოდ, ახალი მესხური ჯიშების ადგილმდებარეობები. შემოდგომით ამ ადგილებს აუცილებლად ვნახავ და შეიძლება, მართლაც, საინტერესო ჯიშები გამომავლინოთ.

საღამოთი გვინა ჩამოვედი და იმდენად დაღლილი ვიყავი, რომ კომპიუტერს თავი დავანებე და ბავშვებთნა ერთად გავერთე.

23 იანვარი, შაბათი

დილით გადავწყვიტე საწნახელის შეკეთება, რადგან მეორე დღეს დაგეგმილი მქონდა  ზოგიერთი ახალი ღვინის დედას (ჭაჭის) მოცილება და ჭაჭიდან ღვინის სრულად გამოწურვა. საწნახელიც შევაკეთე და ხელოსნებისგან მეტად მნიშვნელოვანი ინფორმაციაც გავიგე მესხურ ჯიშებზე. საწნახელის დანახვაზე და ჩემი ინტერესიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ყველასთან მესხურ ჯიშებზე მიწევს საუბარი. ხელოსნები ნელ-ნელა გამოვკითხე. აღმოჩნდა, რომ მათ სოფლებში საინტერსო ვაზები ყოფილა, რომლებსაც ადგილობრივი მოსახლეობა თათრების დროინდელს უწოდებს და რომლებიც დღესაც შემორჩენილია.  ეს ადგილებიც მოვინიშნე და შემოდგომით მოსანახულებელი ვაზების სიაში შევიყვანე.

სახლში რომ დავბრუნდი, ადგილობრივი გაზეთის - „სამხრეთს კარიბჭის“ ჟურნალისტი დამხვდა, რომელსაც ღვინის ევროკავშირში გატანის გზები და  ახალი გამარტივებული მექანიზმები აინტერესებდა.

24 იანვარი, კვირა

განსაკუთებული დღე არ ყოფილა.

დილიდან საფრანგეთისთვის მზადებას შევუდექი. ჩავალაგე ბარგი, შევფუთე ღვინოები და გავემგზავრე თბილისში.

საფრანგეთში პირველად მივდივარ და ძალიან მაინტერესებს ეს ქვეყანა. ჩემი ღვინო კი გადის საფრანგეთში ექსპორტზე, მაგრამ მე, ჯერჯერობით, არ ვყოფილვარ. სიამოვნებით მოვივლიდი სხვა ქვეყნებსაც, მაგრამ საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა.

მჯერა რომ ჩემი დაწყებული საქმე მალე მთელ მესხეთს მოედება და ყველა შეძლებს მესხური ღვინის დაყენებას.

© გიორგი ნათენაძე, საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

პროექტ „ღვინის დღიურების“ ფარგლებში მომზადებული მასალა წარმოადგენს ავტორთა კერძო შეხედულებებს და არ გამოხატავს საქართველოს ღვინის კლუბისა და ღვინის საინფორმაციო ცენტრის პოზიციას.

საქაჯავი

$
0
0

ფოტოზე გამოსახულია „შატო მერეს“ მარნის ინტერიერი

ა. ბოხოჩაძე. მევენახეობა-მეღვინეობა ძველ საქართველოში არქეოლოგიური მასალების მიხედვით. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა. ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტი. თბილისი 1963

ჯერ კიდევ შორეულ წარსულში გათვითცნობიერებულ მევენახე-მეღვინეს ყურძნის დაწურვა  საწნახელში არასაკმარისად მიუჩნევია და სხვა საშუალების ძებნა დაუწყია ჭაჭაში დარჩენილი ტკბილის გამოწურვის მიზნით. ფეხით დაწურულ-დაჭყლეტილ ჭაჭაში გარკვეული რაოდენობით რჩება ყურძნის წვენი, რომლის შემჩნევა არც თუ ძნელი სექმეა, ხოლო მისი გამოწურვა უფრო რთული იყო. საჭირო გახდა ისეთი ხელსაწყოს მოწყობა, რომლის საშუალებითაც გამოწურული და მიღებული იქნებოდა ყურძნის წვენის ის რაოდენობა, რომელიც საწნახელში ყურძნის ფეხით დაწურვის შემდეგ რჩებოდა ჭაჭაში. ამ მიზნის განსახორციელებლად შესაძლებელი იყო სხვადასხვა საშუალებათა გამოყენება. ერთ-ერთ ასეთ საშუალებას წარმოადგენს საქართველოში ფართოდ გავრცელებული  ხალხური საწნეხი იარაღი „საქაჯავი“.

საწნეხი „მანქანები“ – საქაჯავები უძველესი დროიდან არის ცნობილი, ისინი გამოყენებული იყო ყურძნის წურვის პროცესში ეგვიპტეში, პალესტინაში, საბერძნეთში, რომში, შავი ზღვის ჩრდილო სანაპიროზე, კავკასიასა და კერძოდ კი საქართველოში. თუ რომელ ქვეყანას ეკუთვნის პრიორიტეტი ამ საქმეში, ძნელი გასარკვევია. სავარაუდოა, რომ ბერკეტიანი საქაჯავი მოწყობილობა სხვადასხვა ქვეყანაში ერთმანეთის დამოუკიდებლად გაჩნდა, რადგან მათი გამართვა ძალიან დიდ სირთულეებთან არ არის დაკავშირებული, ხოლო ხრახნიანი საქაჯავები გაცილებით მოგვიანო ხანაში არის წარმოქმნილი. დაახლოებით ძვ. წ. II საუკუნის მახლობლად, რადგან ტრადიცია ხრახნის გამოგონებას ცნობილ ბერძენ სწავლულს, ფიზიკოს არქიმედს მიაწერს. ყოველ შემთხვევაში ხრახნიანი საქაჯავები ძველი და ახალი წელთაღრიცხვის მიჯნაზე უკვე არსებობს და ყურძნის დაწურვის პროცესში გამოიყენება.

საქართველოში ჭაჭაში დარჩენილი ყურძნის წვენის მიღების პრიმიტიული საშუალება, ე. წ. „დაჯორგვა“ უნდა ყოფილიყო, რომელიც წინ უსწრებდა რთული საწნეხი საშუალების – საქაჯავის შექმნას. მათ პრინციპი საერთოც აქვთ, ორივე შემთხვევაში გამოყენებულია სიმძიმის მოქმედება ჭაჭაში არსებული წვენის გამოსაწურავად, პირველ შემთხვევაში ძალიან მარტივად, მეორე შემთხვევაში, ტექნიკურად რთულ საწნეხ მოწყობილობაში.
დაჯორგვა თანამედროვე ყოფაშიც არის შემორჩენილი. პირველყოფილი წნეხვის ეს წესი გურიაში დამოწმებული აქვს მ. გეგეშიძეს; სადაც საწნახელში დარჩენილ ჭაჭას ყავარს დაადებდნენ, დაჯორგვავდნენ, დატკეპნიდნენ-ო.
დაჯორგვის ასეთივე წესი შემორჩენილი იყო უკანასკნელ ხანამდე ზემო იმერეთშიაც, აქ ყურძენს ფეხით წურავდნენ საწნახელში, ჭაჭას   საწნახლის უკანა ბოლოში შეაკალთავებდნენ, შემდეგ ფეხით კარგად დატკეპნიდნენ, რასაც „დაწრფელვას“ უწოდებდნენ. როდესაც ფეხით ჭაჭიდან წვენის გამოდევნა ძნელი გახდებოდა, თავს დაანებებდნენ. შემდეგ მას ზევიდან ფიცრებს ან ყავრებს დააფარებდნენ და დიდი რაოდენობით ქვებს დააწყობდნენ, ე. ი. დაჯორგავდნენ. საწნახელში ჭაჭას ასეთ მდგომარეობაში ტოვებდნენ ერთი ღამის განმავლობაში და იქიდან გარკვეული რაოდენობის ტკბილს იღებდნენ. ტკბილის რაოდენობა დამოკიდებული იყო ჭაჭის რაოდენობასა დაზევიდან დაწყობილი ქვების სიმძიმეზე. წესი თავისი არსით ძალიან პრიმიტიული ჩანს და იგი უძველესი დროიდან უნდა იყოს შემონახული, ასეთი ხერხით ჭაჭიდან ტკბილის გამოწურვისა წინ უნდა უსწრებდეს საქაჯავების შექმნას და მის გამოყენებას მეღვინეობაში. ამრიგად საქაჯავები ადამიანთა სამეურნეო-ტექნიკური აზროვნების შემდგომი განვითარებისა და წინსვლის პროდუქტად მიგვაჩნია მეურნეობის დარგის აღნიშნულ სფეროში.

უძველესი საქაჯავების არსებობა საქართველოს ტერიტორიაზე უფლისციხის საწნახელებთან არის ნავარაუდევი, სადაც საწნახლების გვერდით საგანგებო ფოსოებია ამოკვეთილი ჭაჭის შემდგომი დამუშავებისათვის.  ე. ი. ძვ. წ. მე-4–მე-3 სს საქართველოში არა მარტო საწნახლები გვაქვს, არამედ საქაჯავებიც, როდესაც ყურძნის წურვის პროცესში უკვე ტექნიკაა გამოყენებული. აღნიშნული საწნახელი და საქაჯავი ჯერ-ჯერობით უძველესად შეიძლება ჩაითვალოს საქართველოსათვის. თუმცა სავარაუდოა, რომ როგორც საწნახელი, ისე საქაჯავი, აქ პირველად არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული, მათ არსებობას საქართველოს ტერიტორიაზე და გამოყენებას მეღვინეობაში ხანგრძლივი ისტორია და უძველესი ტრადიცია უნდა ჰქონოდა.

დ. ხახუტაიშვილს წნეხების შემოსვლა ხმარებაში, შავი ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროს მაგალითის მიხედვით, ტექნიკურ სიახლედ მიაჩნია და მას დაახლოებით ძვ. წ, II საუკუნიდან ვარაუდობს. ამის საბუთად მას ზენითის საწნახელთან აღმოჩენილი საქაჯავის „გირები“ მიაჩნია. ამ ფაქტთან დაკავშირებით  ერთხელ კიდევ უნდა აღინიშნოს, რომ ოწინარიანი საქაჯავები, როგორც ჩანს, უძველესი დროიდან არსებობენ, ხოლო ხრახნილ-ბერკეტიანები კი გვიანი ხანის მოვლენაა. რომელი ტიპის საქაჯავისათვის არის განკუთვნილი ზენითის საწნახელთან აღმოჩენილი გირები, ამის შესახებ ავტორს არაფერი აქვს ნათქვამი.

ვინაიდან არქეოლოგიური გათხრების შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე საქაჯავები გარდა უფლისციხისა აღმოჩენილი არ არის, ამდენად განვიხილავთ იმ საქაჯავებს, რომლებიც კლდეში ნაკვეთ საწნახელებთან და თანამედროვე ეთნოგრაფიულ ყოფაშია შემორჩენილი.

ამ მხრივ საყურადღებოა ვარძიის კლდეში ნაკვეთი ქალაქი და მის გამოქვაბულ სათავსოებში შემორჩენილი საქაჯავები. ვარძიისკომპლექსის აღმოსავლეთ ნაწილში სადღეისოდ სულ 9 საქაჯავია შემონახული. აღსანიშნავია, რომ ეს პრესები (როგორც კ. მელითააური უწოდებს) მარტო დარბაზებშია გამოკვევთილი. გამონაკლისს ერთი პრესი წარმოადგენს, რომელიც საუნჯეშია (85-ე გამოქვაბული) მოთავსებული. დანარჩენი წნეხები მოთავსებულია მე-9, მე-15, მე-17, მე-19, 32-ე, 86-, 169–ე და 195-ე გამოქვაბულებში. პრესების ყუთის ზომა საკმაოდ სტაბილურია. სიგრძე 40–50 სმ ფარგლებშია მოქცეული, სიგანე 30-დან 35 სმ მერყეობს, ხოლო სიღრმე 15–20 სმ აღწევს. აღნიშნული 9 პრესიდან  სამი ისეთ გამოქვაბულშია გამართული, სადაც მარნები იმყოფება, ოთხი კი მარნების მახლობლად.

ქვაბული ქალაქის კომპლექსში, სამრეკელოს ქვეშ მდებარე დარბაზში გამართულ საწნახელთან მოწყობილია საქაჯავი. ასეთი მოწყობილობა წარმოადგენს იატაკიდან რამდენადმე შემაღლებით, კედლის პირად ამოკვეთილ მომცრო ყუთს, რომელსაც ძირზე გარეთკენ ნახვრეტი აქვს გაჭრილი. ეს ნახვრეტიც იატაკიდან შემაღლებულია და მის წინ, იატაკში მცირე ორმოა ამოჭრილი. თვით ყუთის ზევით კი კედელში მრგვალი, მცირე ბუდეა ამოკვეთილი. დაწნეხვის განსახორციელებლად ყუთში ჭაჭის ჩაყრა და მისი ფიცრის ხუფით დახურვა იყო საჭირო, შემდეგ კი ამ ხუფზე დამწნეხი ძალის ზემოქმედება. ყუთის ზემოთ მოთავსებულ საკეტ-ბუდეში თუ ერთი ბოლოთი ჩამაგრებულ კეტს წარმოვიდგენთ, რომელიც ყუთის ხუფზე დამდგარ ძელაკზე იქნება დაყრდნობილი და მეორე ბოლოზე სიმძიმე ექნება ჩამოკიდებული, ნათელი იქნება აქ გამოყენებული დაწნეხვის მარტივი სისტემა. ჭაჭიდან გამოწურული ტკბილი ყუთის ძირას გაკეთებული ნახვრეტის მეოხებით აქ დადგმულ ჭურჭელში გროვდებოდა. მაშასადამე, როგორც კ. მელითაურის აღწერილობიდან ჩანს, ვარძიის ქვაბულ ქალაქში გამოყენებული ყოფილა ოწინარიანი სისტემის საქაჯავი.

ვარძიის მახლობლად მდებარე ჭაჭკარის კლდეში ნაკვეთი დარბაზის უკანა კედელში გამოკვეთილია საწნახელი და ნიში საქაჯავისათვის. ჭაჭკარშივე მოიპოვება გახვრეტილი ქვები, რომლებიც ბერკეტიანი საქაჯავისათვის არიან განკუთვნილი. საქაჯავის არსებობა სავარაუდოა ახჩიაშიც. საქაჯავისათვის განკუთვნილი გახვრეტილი ქვები, გირები ჩვენ თვითონ გვინახავს ასპინძას და ხერთვისს შორის მდებარე სოფლებში და ისინი ხშირ შემთხვევაში ყორეებშია ჩაშენებული.

აღნიშნული ადგილების გარდა საქართველოს სხვა რაიონებშიც გვხვდება ქვისგან გამოთლილი საქაჯავის ძირები ან ე. წ. „გობი“ ქვის ბრტყელ ზედაპირზე ოთხკუთხედი მოყვანილობის ღარია ამოკვეთილი, რომელშიც ყუთის თავები მაგრდებოდა, ხოლო ერთ მხარეს, რომელიც წაგრძელებულია, სადინარი ღარი ჰქონდა ამოკვეთილი, რომლითაც ტკბილი გადმოდიოდა და იქვე მიდგმულ თაღარში გროვდებოდა. ზოგიერთ ასეთ გობს თან ახლავს გახვრეტილი ქვები, ე. წ. „გირები“. ასეთი საქაჯავის ქვის „გობი“ და „გირები“ ჩვენ თვითონ გვინახავს თეთრიწყაროს რაიონის სოფ. ჩხიკვთაში, მარტო გობი – სოფ. არდისუბანში. ასეთივე ქვისაგან გაკეთებული გობი, ალ. კალანდაძის მიერ კარსანიდან (მცხეთის რ-ნი) ჩამოტანილია თბილისში და სახელმწიფო მუზეუმის ქვის ფონდებში ინახება. მსგავსი გობი სოფ. დგვრისში (ცხინვალის რაიონი) ჰქონიათ ელიოზიშვილების ოჯახში. ასეთი ქვების გობებისა და გირების თარიღის დადგენა ძალიან რთული და ზოგჯერ შეუძლებელიც არის. რადგან ისინი განცალკევებით არიან მიტოვებული. თუ მათი სამყოფელი ადგილების მიხედვით ვიმსჯელებთ, ისინი შუაფეოდალური ხანისა შეიძლება იყოს.

ოწინარიანი და ხრახნიანი საქაჯავები თანამედროვე ეთნოგრაფიულ ყოფაშიც არის გავრცელებული საქართველოს ტერიტორიაზე. ისინი დამოწმებულია რაჭაში, იმერეთში, ქართლსა და კახეთში. მაგრამ თანდათანობით გამოდიან ხმარებიდან და ადგილს უთმობენ თანამედროვე ტექნიკით გამართულ საწნეხ მ ანქანებს.

ზემოთ აღნიშნულიდან იქმნება შთაბეჭდილება, რომ კლდეში ნაკვეთ საწნახლებს საქაჯავი მოწყობილობა გვერდშივე უკეთდებოდათ, სადაც მათ გასამართავად სპეციალური, საქაჯავისათვის განკუთვნილი, ყუთის მაგვარი ფოსოებია ამოკვეთილი. აღნიშნული საქაჯავები ოწინარიანი ტიპის უნდა ყოფილიყო. ერთ-ერთი ასეთი საქაჯავის რეკონსტრუქცია მოცემული აქვს კ. მელითაურს ვარძიის ქვაბული ქალაქის სამეურნეო დანიშნულების სათავსოების და ინვენტარის განხილვის დროს.

ბერკეტიან-ხრახნიანი და ბერკეტიან-ოწინარიანი საქაჯავები ხის საწნახელთან ჩანან დაკავშირებული, მ ათი გადატანა და მოწყობა ერთი ადგილიდან მეორეზე ადვილი შესაძლებელია. ამიტომ ზოგიერთი საქაჯავის ძირი (შობი), რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე გვხვდება, შესაძლებელია გაცილებით ადრეული ხანისა იყოს, რადგან მათი ხმარება ხანგრძლივი ხანითაა ნავარაუდევი. ძირითადად გავრცელებული უნდა ყოფილიყო საქაჯავების ხის ძირის (გობის) კეთებაც. ასეთმა ძირებმა (გობებმა), რა თქმა უნდა, ჩვენამდე ვერ მოაღწიეს უახლოეს წარსულიდანაც კი.

ჭაჭის დასაწნეხი ხალხური მანქანები საქართველოს თითქმისყველა კუთხეში გვხვდება, სადაც მევენახეობა-მეღვინეობას მისდევენ. ასეთი საწნეხი მანქანები შემდეგი სახელწოდებითაა ცნობილი: საქაჯავი (ქართლ-კახეთი), საქაჩავი-საქაჩველი (იმერეთი-გურია), წბერი, ჭახრაკი, საწბერავი (რაჭა-ლეჩხუმი), ხარხინი (სამეგრელო) და სხვა.

მწვანე კახური – Georgian Wine Infographics (52)

მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის მეორე რაუნდი დაიწყო

$
0
0

დღეიდან მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის მეორე რაუნდი დაიწყო. ბიზნეს იდეების კონკურსი საქართველოში ვრცელდება დედაქალაქსა და რეგიონებზე. კონკურსი ითვალისწინებს  ერთი მეწარმე სუბიექტისთვის 5 000 ლარის, ხოლო მეწარმეთა ჯგუფისთვის - 15 000 ლარის ოდენობით დაფინანსებას, ასევე ბიზნესკონსულტირებას. 

პროგრამის ბენეფიციარმა უნდა უზრუნველყოს პროექტში თანხებრივი თანამონაწილეობა მოთხოვნილი თანხის, მინიმუმ, 20 %-ის ოდენობით. პროექტი მიმართულია ნებისმიერი ტიპის წარმოების მხარდაჭერაზე, შესაბამისად, ეკონომიკური საქმიანობის მიხედვით შეზღუდვები დაწესებული არ არის. 

კონკურსში დაიშვებიან საქართველოს მოქალაქეები 18 წელს ზემოთ, რომლებსაც სახელმწიფოს წინაშე  არ გააჩნიათ მიმდინარე ვადაგადაცილებული საგადასახადო ვალდებულება განაცხადის შეტანის მომენტში; აცხადებენ მზაობას ბიზნეს გეგმების კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, დარეგისტრირდნენ გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირად, რომელსაც მინიჭებული აქვს გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი, გარდა დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა. კონკურსში არ დაიშვებიან საჯარო მოხელეები და ს.ს.ი.პ. მეწარმეობის სააგენტოს თანამშრომლები, ან მათი ოჯახის წევრები (დედა, მამა, შვილი, და, ძმა). 

დაინტერესებულ პირებს საქართველოს  ყველა რეგიონში შეუძლიათ, ისარგებლონ ადგილზე მოქმედ საზოგადოებრივ ცენტრებში არსებული კომპიუტერული ტექნიკითა და ინტერნეტით; ასევე, მიმართონ ოპერატორებს მათთვის საინტერესო კითხვებით. 

მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის პირველი რაუნდის ფარგლებში დღეისათვის დაფინანსებულია 1620 ბენეფიციარი, ტრენინგები კი 3118-მა სუბიექტმა გაიარა. საერთო ჯამში, პირველი რაუნდის შედეგად 1770 ბენეფიციარი დაფინანსდება. 

ბიზნეს იდეების კონკურსში განაცხადების ელექტრონულ ფორმატში მიღება www.qartuli.ge-ზე დაინტერესებულ პირებს მარტის ბოლომდე შეეძლებათ. პირველ ეტაპზე შერჩეული ბიზნეს იდეები მეორე საფეხურზე გადაირჩევა, უკვე ბიზნეს-გეგმების საფუძველზე. 

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი, ღვინის ეროვნული სააგენტო

ანონსი - ლექცია ღვინის კლუბში: ტერასული მევენახეობა მესხეთში - პრინციპები და პერსპექტივები

$
0
0

სამშაბათს, 23 თებერვალს, საქართველოს ღვინის კლუბი გიწვევთ მნიშვნელოვან ლექციაზე. კომპანია მესხური ღვინოების დამფუძნებელი, გიორგი ნათენაძე ისაუბრებს თემაზე - „ტერასული მევენახეობა მესხეთში - პრინციპები და პერსპექტივები“.

მოგეხსენებათ, მესხეთში უკვე დაიწყო უძველესი ტერასების აღდგენა. როგორ იგეგმება ტერასების რეაბილიტაცია, რა ვიცით საქართველოში არსებულ ტერასებზე, რა უპირატესობები, მნიშვნელობა და პერსპექტივები აქვს ტერასულ მევენეხეობას მესხეთში და მთლიანად საქართველოში.

შეხვედრა გაიმართება ტრადიციულ ადგილას, ეროვნული ბიბლიოთეკის 3 კორპუსის მთავარ აუდიტორიაში.

დასაწყისი 19:00 სთ-ზე.

ვიმეორებთ, დასწრება თავისუფალია და სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის და ქვეყნის მომავლისთვის :)

 


ტერასული მევენახეობა მესხეთში. გიორგი ნათენაძის საჯარო ლექცია ღვინის კლუბში

$
0
0

ფოტო: ნანა მეფარიშვილი

23 თებერვალს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსში საქართველოს ღვინის კლუბის მორიგი ლექცია, თემაზე - ტერასული მევენახეობა მესხეთში,  პრინციპები და პერსპექტივები - კომპანია ვარძიის ტერასების დირექტორმა და მესხური ღვინოების დამფუძნებელმა, გიორგი ნათენაძემ ჩაატარა. 

ლექციის შესავალ ნაწილში მომხსენებელმა ისაუბრა მსოფლიოში ტერასული მეურნეობის ჩამოყალიბების შესახებ და ამავე კონტექსტში, მესხეთში ტერასული მევენახეობის გენეზისისა და განვითარების ისტორიაზე - თუ როგორ იხვეწებოდა მესხეთში ტერასული მეურნეობა და როგორ ყალიბდებოდა დამოუკიდებელი დარგის სახით; მომხსენებელმა აუდიტორიას გააცნო ტერასების სხვადასხვა ტიპები - დარიჯი, საქვე, ბაქანი, ოროკო, როკეთი. ისაუბრა, ასევე, ტერასული მევენახეობის უპირატესობებზე (მზის დახრის კუთხე, მაღალი რადიაცია; საუკეთესო საირიგაციო სისტემა; კარგი აერაცია; ქვის ტერასების სიმხურვალე - ნაყოფის ვეგეტაციის ხელშეწყობა). 

განვითარების რა ეტაპები გაიარა მეურნეობის ამ სახეობამ მესხეთში და როგორ აღწერდნენ მოგზაურები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მესხურ ტერასებს; რა ცნობებია დაცული ისტორიულ წყაროებში ამასთან დაკავშირებით - აღნიშნულ საკითხებს გიორგი ნათენაძემ საგანგებო ყურადღება დაუთმო. ლექციაზე განხილული იყო მთიანი რეგიონების კლიმატური თავისებურებები და მასთან დაკავშირებული რისკები, განსაკუთრებით, კლიმატის ცვლილებების კონტექსტში. გიორგი ნათენაძემ აუდიტორიას წარუდგინა ის ტერასები, რომლებიც დღემდეა შემორჩენილი მესხეთის რეგიონში. ასეთებია ნიჯგორის, ოლოდას, ჭაჭკრის, ხერთვისისა და სხვ. 

მომხსენებელმა ისაუბრა მესხეთის ტერასებზე შემორჩენილი და ტაო-კლარჯეთში დღესდღეობით არსებული კულტურული ვაზის ჯიშების შესახებ, ზოგადად მიმოიხილა ვაზის იშვიათი მესხური ჯიშები. უნდა აღინიშნოს, რომ თავად გიორგი ნათენაძე, საკუთარი პრაქტიკიდან გამომდინარე, დიდ ინფორმაციას ფლობს ვაზის მესხური ჯიშების თაობაზე. მას აქვს როგორც საველე კვლევის, ამპელოგრაფებთან კონსულტაციების საფუძველზე, ჯიშების იდენტიფიცირების, ასევე, აღნიშნული ჯიშების სამეურნეო და სამეწარმეო პოტენციალის შესწავლის საკმაოდ დიდი გამოცდილება. 

განსაკუთრებით ინფორმაციული და საინტერესო იყო ლექციის ის ნაწილი, როცა გიორგი ნათენაძემ აუდიტორიას წარუდგინა მესხეთის ტერასების საპილოტე პროექტი და შეაჯამა პროექტის რეგიონული და ეროვნული მნიშვნელობა. მან ისაუბრა ტერასული მევენახეობის პერსპექტივებზე მესხეთში, როგორც აგროტურისტულ, ასევე, სამეურნეო ჭრილში.  

ლექციის შემდეგ მოეწყო მესხური ღვინოების დაგუსტაცია. გიორგი ნათენაძემ სტუმრებს საკუთარი საოჯახო მარნის 2010 წლის მოსავლების შემდეგი ღვინოები წარუდგინა: მესხური საფერე, ხარისთვალა, ცხენის ძუძუ, თეთრი.

ლექციას, ტრადიციულად, ესწრებოდნენ, როგორც საქართველოს ღვინის კლუბის წევრები, ასევე, მევენახეობითა და მეღვინეობით დაინტერესებული პირები. კლუბი განაგრძობს საჯარო ლექციებს აქტუალური დარგობრივი  საკითხების გარშემო. 

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

სასუფრე ყურძნის ჯიშები კახეთში

$
0
0

გადმოწერეთ

ნინო ქარუხნიშვილი, სასუფრე ყურძნის ჯიშები კახეთში, თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1982.

დუალური განათლება ღვინის სექტორში და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის შეფასებები

$
0
0

„მეღვინეობაში ჩვენ მართლა გვიჭირს. ეს აჩვენა ჩვენმა გამოკვლევამაც... მეღვინეობაში არის დიდი გასაჭირი. ძალიან დიდ პოზიციებზე ჩამოჰყავთ უცხოელები, რომლებიც წარმატებულად მუშაობენ საქართველოში იმიტომ, რომ არ მზადდება ადგილობრივად კადრები ისე, როგორც უნდა მომზადდეს.“ - განაცხადა თოქ-შოუ „რეალურ სივრცეში“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, გიორგი შარვაშიძემ. 

მინისტრის მოადგილემ ისაუბრა საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობის პროფესიული განათლების სისტემაში დუალური მოდელის ადაპტირების საჭიროებებზე.  შეგახსენებთ, რომ ამ საკითხებს რადიო თავისუფლებასთან 20 თებერვლის ინტერვიუში პირველად პრემიერი კვირიკაშვილი შეეხო. 

გიორგი შარვაშიძემ განიხილა დუალური განათლების ის მოდელი, რომელიც გერმანიაში, პროფესიული (და არა უმაღლესი) განათლების სფეროში მოქმედებს. მისი თქმით, ამ სქემის მთავარი უპირატესობა არის საგანმანათლებლო მიზნებისა და პროგრამების მაქსიმალური კონცენტრირება ბიზნესის / დამსაქმებლის საჭიროებებზე და, ზოგადად, მჭიდრო ინტერაქცია საგანმანათლებლო დაწესებულებასა და დამსაქმებლებს შორის. 

შრომითი ბაზრის კვლევებმა ჯერ კიდევ 2014 წელს გამოავლინა ის გამოწვევები, რაზედაც მინისტრის მოადგილემ მიუთითა თოქ-შოუ „რეალურ სივრცეში“. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების  (GIZ) ხელშეწყობით, ასოციაცია „ქართულმა ღვინომ“ ჩაატარა კვლევა - „ღვინის სექტორში კერძო კომპანიების საჭიროებების შეფასება“, რომელშიც მონაწილეობას  იღებდა 35 მარანი და ყურძნის 24 მწარმოებელი. კვლევის საფუძველზე გამოვლინდა, რომ მონაწილეები უჩიოდნენ ყურძნისა და ღვინის წარმოების სექტორში პროფესიონალი კადრების ნაკლებობას, არასაკმარის ტექნიკურ ცოდნას (know how), აგრეთვე, სამეწარმეო უნარებისა და გამოცდილებების დეფიციტს. შესაბამისად, გამოიკვეთა პროფესიული განათლების პროგრამებსა და მეღვინეობებს შორის ურთიერთობის გარღმავების საჭიროება შრომით ბაზარზე არსებული „ნაპრალების“ შევსების მიზნით. 

თუ თვალს გადავავლებთ პროფესიული განათლების მსოფლიო გამოცდილებებს სხვადასხვა სფეროში, დუალური განათლების  ერთ-ერთი მთავარი ფოკუსია პრაქტიკული კომპონენტი. ღვინის სექტორში დუალური განათლების მოდელი, საგანმანათლებლო დაწესებულებების გარდა, ითვალისწინებს ღვინის საწარმოებში პრაქტიკული ცოდნის მიღებასა და კონკრეტული უნარების განვითარებას. კურსდამთავრებულები ფლობენ შრომითი ბაზრის მოთხოვნების შესაბამის უნარებს და მზად არიან, ამ ბაზრის „თამაშის წესების“ ასათვისებლად. დუალური განათლების ერთ-ერთი მთავარი ეფექტი არის ის, რომ იმ ქვეყნებში, სადაც ეს მოდელი მუშაობს, გაცილებით დაბალია ახალგაზრდებს შორის უმუშევრობის წილი. 

საქართველოში ღვინის სექტორში დუალური განათლების სისტემის დანერგვა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) სამხრეთ კავკასიაში კერძო სექტორის განვითარების პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს და მას მხარს უჭერს როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ასევე, აღნიშნული სფეროს ბიზნეს-სექტორი. დუალური სისტემა საქართველოში, ღვინის სექტორში 2016 წელს ამოქმედდება.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

 

ვაზის გასხლვა

მევენახეობა-მეღვინეობა სამეგრელოში

$
0
0

გიორგი ბარისაშვილი

მოკლე მიმოხილვა

სამეგრელო მევენახეობა-მეღვინეობის თვალსაზრისით მეტად საინტერესო რეგიონია, სადაც ახლო წარსულში სოფლის მეურნეობის ეს დარგები ძალიან მაღალ დონეზე იდგა. ამაზე უამრავი ისტორიული წერილობითი წყარო მეტყველებს, თუმცა ამჯერად ჩვენ ამ საგანთა განხილვაზე არ შევჩერდებით.

  დიდად სამწუხაროა, რომ ამჟამად სამეგრელოში მევენახეობა-მეღვინეობისა და განსაკუთრებით კი მეგრული ვაზის ჯიშების გავრცელების საკითხი ცუდ დღეშია და ჩვენგან თხოულობს დახმარებას. ზოგადად ვაზის ჯიშთა წარმოქმნის კოლხეთის კერის ჯიშები და კონკრეტულად კი მეგრული ვაზის ჯიშები უდაოა, რომ ძალზე საინტერესო და მრავალფეროვანია, ხოლო ამავე ჯიშებში მეგრული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში - ოჯალეში ნამდვილ მარგალიტს წარმოადგენს, როგორც საქართველოში, ისე, შეიძლება ითქვას, მთელს მსოფლიოშიც. სამწუხაროდ ბოლო პერიოდში გამოჩნდნენ ისეთები, რომლებიც, რატომღაც თვლიან, რომ ოჯალეში არ არის ქართული ვაზის ჯიში და ის უცხოეთიდანაა შემოტანილი, რაც, რა თქმა უნდა, სიცრუეა!

  თვალი გადავავლოდ მეგრულ ვაზის ჯიშთა ჩამონათვალს, მათ შეფერილობებსა და დანიშნულებებს: აბშილური, იგივე ავშილური (წითელყურძნიანი), აფხაზურა (თეთრყურძნიანი), გოდაათური (ღია შავი), გრეხი (წ), დედოფლის კითი (თ), დუდღუში (თ), დღვლაბე (თ), ეგურძული (თ), ვერნახი (წ), ზერდაგი(თ), თეთრიშა(თ),  თხურთხუ (თ), კაპისტონი მეგრული (თ), კეთილური (წ), კერთოლი (წ), კვაწახურა (თ), კოლოში (წ), კუტალა (წ), ლაგილური (თ), მაჭყვატური (წ), მუხიშხა (წ), ოფოფი (თ), ოქონა (თ), ოჯალეში (წ), პანეში (წ), პუმპულა (წ), საკუმა (თ), სამაჭრო (თ), უგვარო (წ), უჩაჭუბერი (წ), ჩეკოლოში (თ), ჩერგვალი (თ), ჩეში (თ), ჩეჩქიში (თ), ჩეჭიფეში (თ), ჩეხარდანი (თ), ჩიჩკიში (თ), ჩხაბერძულა (წ), ჩხოროკუნი (წ), ჩხუში (წ), ჩხუჩეში (წ), წალენჯიხის თეთრი (თ), ჭვიტილური (თ), ჭითაში (წ), ჭოტიში (თ), ჭუბერი (თ), ხოჯისთოლი (იგივე ხარისთვალა მეგრული) (წ). წყარო: ნ. კეცხოველი, მ. რამიშვილი, დ. ტაბიძე – "საქართველოს ამპელოგრაფია". თბილისი, 1960 წ.  

ამ მონაცემებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ სამეგრელოში 47 ადგილობრივი ვაზის ჯიშია, საიდანაც 20 წითელყურძნიანია, ხოლო 27 კი თეთრყურძნიანი. სამეგრელოს ვაზის ჯიშთა სორტიმენტიდან ფუნქციონალურად მდედრობითი ყვავილები მხოლოდ ორ ჯიშსა აქვს, ესენია: აბშილური, იგივე ავშილური და დუდღუში. რაც შეეხება ყურძნის დანიშნულებებს, მეგრულ ვაზის ჯიშთა აბსოლუტური უმრავლესობა საღვინე მიმართულებისაა. თუმცა გვხვდება ერთდროულად საღვინე და სასუფრე დანიშნულების ჯიშებიც, მაგალითად: ჩერგვალი, ჩეჭიფეში, პანეში. საღვინე დანიშნულებისა და ამასთან ყურძნის წვენის წარმოებისათვის პერსპექტიული ჯიშია, მაგალითად აბშილური. ხოლო ხარისხიანი სუფრის ყურძნის მომცემი ჯიშია "ხოჯისთოლი", იგივე ხარისთვალა მეგრული.

  ფილოქსერას გამოჩენამდე სამეგრელოში მევენახეობა საკმაოდ მაღალ დონეზე მდგარა და კარგადაც ყოფილა განვითარებული. სამწუხაროდ, ფილოქსერასა და ასევე სოკოვანი დაავადებების გამოჩენის შემდეგ სამეგრელოში მევენახეობას ურთულესი პერიოდი დაუდგა. შემდგომში, საბჭოთა კავშირის პერიოდის დროს დარგს გარკვეული განვითარება დაეტყო. თუმცა ადგილობრივი ვაზის ჯიშების მოსახლეობაში გავრცელების საქმე მაინც უკანა პლანზე იყო გადაწეული. რეგიონში ძირითადად იმერული ვაზის ჯიშები და უპირატესად ცოლიკოური იყო გავრცელებული. სამეგრელოს მევენახეობის პრობლემატიკაზე საინტერესო ცნობებს ვკითხულობთ ერმილე ნაკაშიძის  წიგნში – „მევენახეობა-მეღვინეობა გურია-სამეგრელოში, აჭარაში და აფხაზეთში“. თბილისი, 1929 წ.

  მაქსიმე რამიშვილის წიგნში – "გურიის, სამეგრელოს და აჭარის ვაზის ჯიშები". თბილისი, 1949 წ. ვკითხულობთ, რომ 1945 წლისათვის სამეგრელოში 2787 ჰექტარი ვენახი ყოფილა გაშენებული...

 ძალიან სამწუხაროა, რომ, როგორც ოჯალეშის, ისე სხვა, არაერთი უნიკალური ვაზის ჯიშის მშობელი მხარე – სამეგრელო დღეს ფაქტობრივად უქმადა სცდება. თუ არ ჩავთვლით სულ რამდენიმე, თითზე ჩამოსათვლელ მაგალითს, მევენახეობის მხრივ სამეგრელოში მართლაც, რომ სავალალო მდგომარეობაა. ამას ემატება ისიც, რომ ერთ დროს შინამრეწველობის დარგით – მექვევრეობით განთქმულ მხარეში დღეს ქვევრი აღარ კეთდება, არადა განსხვავებული სტილით გამორჩეული მეგრული ქვევრი ნამდვილად არ ჩამოუვარდება არც იმერულს, არც კახურს და არც გურულ ქვევრებს. მეორე მხრივ, თუკი ადგილობრივი ხელისუფლება მოინდომებს, ამ საქმის გადარჩენა ჯერ კიდევაა შესაძლებელი...  

 ამჯერად გვინდა შევეხოთ ერთ, მეტად საინტერესო და უნიკალურ ვაზის ჯიშს, რომელიც დიდად პერსპექტიულია და მაღალი ღირსების ღვინოსაც იძლევა. ეს გახლავთ სამეგრელოს თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში „ჭვიტილური“. ცნობებს ამ ჯიშის შესახებ ვკითხულობთ წიგნში „საქართველოს ამპელოგრაფია“. თბილისი, 1960 წ. (ნ. კეცხოველი, მ. რამიშვილი, დ. ტაბიძე) საიდანაც ვიგებთ: „ჭვიტილური სამეგრელოს მოსახლეობაში ცნობილია დამატებითი სახელებით: ჭვიტილოური და ჭყვიტილური. გადმოცემით ირკვევა, რომ წარსულში ჭვიტილური მასობრივად ყოფილა გავრცელებული სამეგრელოს მთისპირა მიკრორაიონებში (წალენჯიხაში, კორცხელში, ნაკიფუში, ჩხოროწყუში, საჩინოში, ფოცხოში, უშაფათში, მუხურში, მარტვილში, კიწიაში, თამაკონში, სალხინოსა და მათ მომიჯნავე სოფლებში. ჭვიტილურის მაღლარები ჯიშისათვის დამახასიათებელი, საკმაოდ ძლიერი ზრდა-განვითარებით ხასიათდებოდა და უხვ მოსავალსაც იძლეოდა. მის პროდუქციას ადგილობრივი მოსახლეობა იყენებდა ღვინის დასაყენებლად და „ჭვიტილურის ღვინო“ სახელგანთქმული ყოფილა არა მარტო სამეგრელოში, არამედ მთელს დასავლეთ საქართველოში. გადმოცემით, იგი კარგად იტანდა ტრანსპორტირებას და როგორც საუკეთესო გემური თვისებების მქონე, ჰარმონიული, შინაარსიანი ღვინო, ხანგრძლივადაც ინახებოდა. რაც შეეხება მის ბოტანიკურ დახასიათებას, მოვიყვანთ მოკლე ცნობებს ხსენებული წიგნიდან. ზრდასრული ფოთოლი საშუალო სიდიდისაა და მომრგვალო ან ოდნავ ოვალური ფორმისაა. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია მონაცრისფრო ქეჩისებრი ბუსუსებით. ყვავილი ორსქესიანია, ნორმალური განვითარებით. მარცვალი მოყვითლო-ყავისფერია, საშუალო ზომისაა და აქვს მომრგვალო ფორმა. საკმაოდ სქელკანიანია, წვნიანი და ხორციანია, გემო სასიამოვნო და ტკბილი აქვს. კანი რბილობს ძნელად სცილდება. ჭვიტილურის კვირტების გაშლა მიმდინარეობს აპრილის პირველ ნახევარში. ყვავილობის პირველი ნიშნები ვაზს ემჩნევა მაისის დამლევს და ხელსაყრელი ამინდის შემთხვევაში 12 ივნისამდე გრძელდება. ყურძნის შეთვალება იწყება 20-25 აგვისტოდან. ხოლო მასობრივად ყურძენი ოქტომბრის ბოლოს მწიფდება.

  სამეგრელოს მთისპირა სოფლებში ჭვიტილური საშუალოზე ძლიერად იზრდება. ჯიში დიდ მგრძნობელობას იჩენს ჭრაქისადმი. დაკვირვება ცხადყოფს, რომ ჭვიტილური ძლიერი ზრდა-განვითარებისა და უხვმოსავლიანი ჯიშია, განსაკუთრებით ღრმა-ღონიერ ნიადაგებზე. ფერდობ და ხირხატ ადგილებში მისი ზრდა თუმცა შენელებულია და მოსავალიც შედარებით მცირე მოდის, მაგრამ სამაგიეროდ პროდუქცია განსაკუთრებული მაღალი გემური თვისებებით, სინაზითა და ჰარმონიულობით ხასიათდება. სწორედ ამგვარმა ადგილებმა გაუთქვა სახელი ჭვიტილურის ღვინოს. აქედან ცხადია, რომ ამ ჯიშისაგან მაღალხარისხიანი პროდუქციის მიღების მიზნით მისი გაშენება აუცილებლად სამეგრელოს მთისპირა სოფლებში, სამხრეთით ან სამხრეთ-აღმოსავლეთით დახრილ და მზით უხვად განათებულ ნაკვეთებზე უნდა ხდებოდეს. როგორც აღინიშნა, ჭვიტლურის ღვინო მაღალ გემურ თვისებებთან ერთად, კარგად ინახება და ტრანსპორტაბელურია. ვაზზე დატოვებული ჭვიტილურის ყურძენი საკმაოდ დიდხანს ინახება და არ ლპება. გადმოცემით, ყურძენს ხშირად ტოვებდნენ მაღლარ ვაზებზე და საჭიროების მიხედვით კრეფდნენ დეკემბერ-იანვარში“.

  როგორც ვნახეთ, ჭვიტილური საკმაოდ პერსპექტიული ჯიშია და იმედს გამოვთქვამთ, რომ სამეგრელოში ამ ჯიშს კვლავაც გაამრავლებენ. ზოგადად, მეგრული ვაზის ჯიშების ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებას და გამრავლებას დიდად შეუწყობს ხელს სამეგრელოში ვაზის საკოლექციო ამპელოგრაფიული ნაკვეთისა და სანამყენეს მოწყობა. ცხადია, ამ საქმეს არა მოყვარულები, არამედ შესაბამისი ცოდნა გამოცდილების კადრები ესაჭიროება. ეს კი დიდადაა დამოკიდებული ადგილობრივი ხელისუფლების კეთილ ნებაზე...

  ჩვენი მოკლე მიმოხილვის დასასრულს არ შეიძლება არ აღინიშნოს ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს ღვაწლი ოჯალეშისა და ზოგადად სამეგრელოს ვაზის ჯიშების გამრავლების საკითხში. მისივე კურთხევით სალხინოს მონასტერში გაშენებულ ოჯალეშის ვენახებს მონასტრის წევრები ეკოლოგიური მევენახეობის პრინციპებით უვლიან და ამგვარად მოწეული ყურძნისაგან აყენებენ ნატურალურ ღვინოს, რაც ნამდვილად მისაბაძი მაგალითია!

გარდა სალხინოს მონასტერში გაშენებული ვენახისა, მნიშვნელოვანია, რომ სოფელ ოდიშში და ახალსოფელში 7 წლის წინ გაშენდა ოჯალეშის საკმაოდ მოზრდილი ვენახები (მთლიანობაში 8 ჰა), რომელსაც ღვინის მწარმოებელი შ.პ.ს. „დორემი“ აგრეთვე ეკოლოგიური მევენახეობის პრინციპებით უვლის. ამავე ვენახებში, ახლო მომავალში იგეგმება მეგრული ვაზის ჯიშების, ჭვიტილურისა და ჩეშიც გაშენება. ასევე ნამდვილად აღსანიშნავია ზაზა გაგუას მოღვაწეობაც, რომელიც ერთ-ერთი პირველთაგანია, ვინც ოჯალეშის ღვინო, ასევე ნატურალური მეღვინეობის პრინციპებით ჩამოასხა. იგი ასევე ზრუნავს, რომ მარტვილის მუნიციპალიტეტში მოაწყოს ვაზის სანერგე მეურნეობა, საიდანაც შემდგომში მოხდება მეგრული ვაზის ჯიშების გავრცელებაც. 

©ღვინისკლუბი/vinoge.com

Viewing all 1886 articles
Browse latest View live