Дмитрий Табидзе, Районы виноградарства Кахетии, Материалы по сортовому районированию и специализации виноградарственных районов Кахетии. Тбилиси, 1940.
Дмитрий Табидзе – Районы виноградарства Кахетии
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტი გაიხსნა
ფოტო: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მევენახეობა-მეღვინეობის ახლადგახსნილი ფაკულტეტის ღია კარის დღე გაიმართა. უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ აუდიტორიას წარუდგინა მევენახეობა-მეღვინეობის სამაგისტრო პროგრამა, გააცნო ფაკულტეტზე სწავლის პირობები, წარუდგინა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. უნივერსიტეტში ფუნქციონირებს მარანი „კოლხი“, რომელიც 62 ქვევრს აერთიანებს, ფაკულტეტს აქვს ენოთეკა, საკოლექციო ვენახი, სადაც ვაზის 107 ენდემურ ჯიშია შეკრებილი.
მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტი მევენახეობა-მეღვინეობისა და აგროტექნოლოგიის ფაკულტეტს სულ ახლახანს გამოეყო. ამ ეტაპზე უნივერსიტეტი სტუდენტებს სამაგისტრო პროგრამას სთავაზობს, რომელიც უნივერსიტეტში 2015 წლიდან მოქმედებს.
როგორც უნივერსიტეტის კანცლერის მოადგილე, ქეთი ჯურხაძე ღვინის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში აღნიშნავს, უახლოეს მომავალში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აბიტურიენტებს საბაკალავრო და პროფესიული განათლების პროგრამებისაც შესთავაზებს. ქეთი ჯურხაძის თქმით, ამჟამად კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში იქმნება კვლევითი ლაბორატორიები და სადეგუსტაციო დარბაზი. ასევე, ღვინის ბიბლიოთეკა, რომელიც არამხოლოდ უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, არამედ - ნებისმიერი მსურველისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
მევენახეობა-მეღვინეობის მოქმედი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, მევენახეობა-მეღვინეობის ქართული გამოცდილების შესახებ სტუდენტებისთვის სრულყოფილი თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გადაცემა. პროგრამა სტუდენტს შეასწავლის როგორც საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის ტექნოლოგიურ და სამეურნეო საკითხებს, რეგიონულ აგროკლიმატურ თავისებურებებს, ასევე მსოფლიოს დარგობრივი გამოცდილების ისტორიას, ყურძნისეული ალკოჰოლური სასმელების ფიზიკო-ქიმიურ შემადგენლობასა და საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული ანალიზის დარგობრივ მეთოდებს.
სამაგისტრო პროგრამის მიხედვით, მაგისტრატურის დასრულების შემდეგ სტუდენტები შეძლებენ ვენახში მიმდინარე ყველა აგროტექნოლოგიური პროცესის მართვას, ნედლეულის, მასალისა და მზა პროდუქციის ხარისხის ანალიზსა და ღვინის სენსორულ შეფასებას, ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელების წარმოების პროცესის დაგეგმვას, განხორციელებას, რისკების შეფასებასა და სხვ. საგანმანათლებლო პროგრამა ითვალისწინებს, აგრეთვე, უნივერსიტეტის ბაზაზე არსებულ კვლევით ცენტრში ქვევრსა და ქვევრის ღვინოზე სხვადასხვა სახის კვლევების განხორციელებას.
პროგრამა მოიცავს შემდეგ კურსებს - მევენახეობის აგროტექნოლოგია, ქვევრის ღვინის ტექნოლოგია, ენოქიმია, ამპელოგრაფია და სხვ. პროგრამა ECTS 120 კრედიტს მოიცავს და მისი ხანგრძლივობაა 2 წელი.
© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი
ენოლოგია – კოლეტ ნავარი, ფრანსუაზ ლანგლადი
კოლეტ ნავარი, ფრანსუაზ ლანგლადი, ენოლოგია. ფრანგულიდან თარგმნა გიორგი სამანიშვილმა, რედაქტორი ანა ჭაბაშვილი, თბ.“დიოგენე”, 2004.
ანონსი - 15 მარტს ლექცია ღვინის კლუბში: ვენახში აგროტექნიკური ღინისძიებების გავლენა ღვინის ხარისხზე
ლექცია ყველასთვის საინტერესო იქნება, ვისთვისაც ვენახი და ღვინო განუყოფელი ცნებებია.
შეხვედრა გაიმართება ეროვნული ბიბლიოთეკის 3 კორპუსის მთავარ აუდიტორიაში.
დასაწყისი 19:00 სთ-ზე.
დასწრება სავალდებულოა და სასარგებლოა ჯანმრთელობისთვისაც :)
ვაზის გასხვლა და მწვანე ოპერაციები
ნიადაგი და ვაზი
ტალახაძე, გ. ანჯაფარიძე, ი. ცომაია, ი., ნიადაგი და ვაზი. თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1980.
იასონ ხუციშვილი – მევენახეობა საინგილოში
ბონდო კალანდაძე – "საქართველო - ღვინის აკვანი"
საგამომცემლო სახლმა "კრეპოსტნოვმა" ბონდო კალანდაძის ახალი წიგნი გამოსცა. ცნობილი ქართველი მეღვინისა და ალკოჰოლური სასმელების სპეციალისტის ავტორობით არა ერთი მონოგრაფიაა გამოცემული: "მსოფლიოს მაგარი ალკოჰოლური სასმელები", "ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მატიანე", "სამტრესტი და სამტრესტელები".
წიგნი " საქართველო - ღვინის აკვანი" ოთხი ნაწილისგან შედგება: "ფესვები", "XIX საუკუნე" , "XX საუკუნე" და "XXI საუკუნე". ქართული ღვინის ისტორია მოთხრობილია უძველესი დროიდან დღემდე. ავტორი გვაცნობს არა მარტო ქართველ სახელოვან მევენახეებს და მეღვინეებს, არამედ უცხოელ სპეციალისტებსაც, რომლებიც საქართველოში მოღვაწეობდნენ. წიგნში ცალკე თავები ეთმობა სახელობით ღვინოებს. ავტორი პირველად აქვეყნებს რამდენიმე ისტორიას ცნობილი ქართველ თამადების შესახებ და გვიზიარებს თავის მოსაზრებებს თამადობის ინსტიტუტის შესახებ საქართველოში.
ღვინის თემატიკით დაინტერესებულ კოლექციონერებს დიდი სიამოვნება ელით, რადგან წიგნი მდიდარი საილუსტრაციო მასალით გამოირჩევა, ფოტოებით, ნახატებით, უამრავი თემატური საფოსტო ბარათით, ღვინის ეტიკეტით, ფლაერით. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია რამდენიმე ფოტო და გრაფიკული ციკლი, რომელიც პირველადაა თავმოყრილი ამ წიგნში.
წიგნი ორენოვანია, ქართული და რუსული. წიგნის პრეზენტაციას, რომელიც 25 აპრილს ღვინის ეროვნული სააგენტოს მუზეუმში გაიმართა, ვეტერანი მეღვინეები, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის, ღვინის კომპანიებისა და მეღვინეობის დარგის წარმომადგენლები დაესწრნენ.
©საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო
კახეთის იშვიათი ვაზის ჯიშები – Georgian Wine Infographics (59)
აღმოსავლეთ საქართველოს თეთრი ღვინოები – Georgian Wine Infographics (60)
ყურძნის ქიმიური შედგენილობა
ახალი ღვინის ფესტივალი - სიკეთის და სიყვარულის დღე
რეზო ქვაჭრელიშვილი
შპს ნაოტარი
სტრატეგია და მარკეტინგი
მე რადგან უკვე დიდი ხანია საქართველოში არ ვცხოვრობ და ფიზიკურად მხოლოდ 2015 წლის ფესტივალს დავესწარი ცოტა გამიჭირდება ფესტივალის ისტორიულ ასპექტში დახასიათება. მიუხედავად ამისა, ფესტივალის დაარსებიდან მისი ვირტუალური მხარდამჭერი და ქომაგი ვარ. 2009 წლიდან, რა დროიდანაც გავხდი ღვინის კლუბის წევრი (ასევე ვირტუალურად), ამ კლუბის ყველა ინიციატივა და წარმატება მიხარია. ვმეგობრობ კლუბის წევრებთან და ვცვლით იდეებსა და შეხედულებებს, რომელთა უმეტესობა ფიზიკურად მხოლოდ შარშან გავიცანი ფესტივალის წინა დღეს, "სხვა ჯიშების" შთამბეჭდავ დეგუსტაციაზე.
ჩვენი ოჯახის ღვინო ფესტივალზე უკვე რამდენიმე წელიწადია მონაწილეობს, ჯერ როგორც საოჯახო მარანი, ხოლო 2015 წლიდან კი უკვე როგორც კომპანია.
ბევრი რამ შეიცვალა უკეთესობისკენ ჩვენთვის ამ რამდენიმე წელიწადში:
პირველ რიგში ის რომ მამაჩემის დაყენებულმა ღვინომ ღვინის სპეციალისტებისა და მოყვარულთა შორის დიდი მოწონება დაიმსახურა; თუ არ ვცდები, 2012 წელს ფესტივალის სუმბოლური ქვევრი მამაჩემის ღვინით, ქისით გაიხსნა. მისი პროფესიის და კორპორაცია "ქინძმარაულში" ღვინის წარმოებაში მრავალწლოვანი გამოცდილების გათვალისწინებით, ასეთი წარმატება მოულოდნელი არ ყოფილა მაგრამ ქვევრის ნატურალური ღვინის წარმოება ინდუსტრიულ დონეზე სულ რამდენიმე წლის წინ ყველასთვის კარგად მივიწყებული ახალი ფენომენად ითვლებოდა.
ამ პირველ ნაბიჯებს მოყვა ნაოტარის ოფიციალურად დაარსება და შპს-დ დარეგისტრირება. სულ მალე ნაოტარის 2013 წლის მოსავალი ბოთლში ჩამოვასხით და ადგილობრივ ბაზარზე, ძირითადად თბილისის ღვინის მაღაზიებში და ბარებში შევიტანეთ. რასაც ძალიან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა ნაოტარის გულშემატკივრებისგან. ამასთან, გაიზარდა ჩვენი ცნობადობა და ახალი მხარდამჭერების სოციალურ ქსელებშიც (followers, likes, shares in Facebook, Twitter, Instagram).
ასევე, ნაოტარის საქართველოდან ექსპორტით სურვილი გამოთქვა არა ერთმა მყიდველმა, რის შედეგადაც ნაოტარი უკვე იყიდება ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის ავსტრიაში, შვეიცარიაში, სლოვენიაში, და გერმანიაში. ასევე, სულ ახლახანს განვახორციელეთ ნაოტარის იმპორტი იაპონიაში და სულ მალე ვაპირებთ მის გატანას ამერიკის შეერთებულ შტატებში. მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ასევე ჰონკონგელ იმპორტიორთან.
პირველმა არხმა გადაიღო ერთ საათიანი დოკუმენტური ფილმი "ვაზში დაკარგულები." ამ ფილმის შემოქმედებითმა ჯგუფმა მამაჩემი 2012 წლის ფესტივალზე გაიცნო და მომდევნო წელი მთელი წლის განმავლობაში სეზონურად ახდენდნენ გადაღებებს ჩვენს ვენახში და მარანში.
ზოგადად, ამ ფესტივალმა უდიდესი როლი შეასრულა ქართული ქვევრის და/ან ნატურალური ღვინის განვითარებისა და წახალისებისთვის.
სწორედ ეს ფესტივალი გახდა ჩვენთვისაც ის პლატფორმა თუ მექანიზმი, რის დახმარებითაც ნაოტარი როგორც კომპანია ჩამოყალიბდა და ფრთებს ისხამს.
ღვინის კლუბი, ახალი ღვინის ფესტივალი მათი ლიდერები და მოხალისეები, ყველა ერთად აკეთებენ, და იმედია გააგრძელებენ, ფასდაუდებელ საქმეს რომელიც უდიდეს სტიმულს აძლევს ქართული ტრადიციული მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებასა და გაძლიერებას. ჩვენთვის, როგორც ღვინის ბევრი მოყვარულისთვის, ღვინის ფესტივალი ჩამოყალიბდა როგორც ნატურალური ღვინის ზეიმი და მის მწარმოებლებთან ყოველწლიური შეხვედრა-რიტუალი რომელსაც მთელი წლის განმავლობაში მოუთმენლად ელი.
დიდი მადლობა!
ეკა ჯორჯაძე
გერმანისტი
ეს არის დღე, რომელსაც ველი მთელი წელი. არა მარტო მე, ჩემი შვილებიც. ვიცი, რომ ამ დღეს დათქმულ ადგილას, იქნება ეს ეთნოგრაფიული მუზეუმი, დედაენის ბაღი, მთაწმინდის პარკი, თუ სხვა, აუცილებლად შევხვდები ჩემთვის ძვირფას და საყვარელ ადამიანებს, ნაცნობებსა თუ უცნობებს. ყველა ბედნიერია ამ დღეს. გაღიმებული და ხალისიანი სახეებია გარშემო. რაც მთავარია, ყოველთვის კარგი ამინდია! ეს ის დღეა, ტურისტებს რომ აღაფრთოვანებს და წარუშლელ შთაბეჭდილებას დაუტოვებს... ყველა ჩვენთაგანს რომ დადებითად განაწყობს და წამით დაგვავიწყებს ყველა პრობლემას... ღვინის ფესტივალი არის სიკეთის და სიყვარულის დღე.
ადრიანად გავრბივარ ხოლმე, რომ ჩემ საყვარელ „უსახელაურს“ მივუსწრო, „ქისი“ არ გამოილიოს, „ხოხბის ცრემლები“ არ დალიონ უჩემოდ ჩემმა მეგობრებმა...
უკვე მეშვიდედ ტარდება ღვინის ფესტივალი და სიამაყით ვიტყვი, რომ არც ერთი არ გამომიტოვებია. ვაკვირდები, რომ თანდათან ძალიან დაიხვეწა, გალამაზდა, გაიზარდა და „გამდიდრდა“ ფესტივალი. წლიდან-წლამდე სულ უფრო და უფრო მატულობს ხალხი. რამდენი არაჩვეულებრივი მეღვინე გვყოლია თურმე!... მათი შემხედვარე ერთი ოცნება გამიჩნდა: მეც მინდა ერთ მშვენიერ დღეს მათ გვერდით დავდგე და ფესტივალის სტუმრებს ჩემი ვენახების ღვინო შევთავაზო!
დაჩი გრძელიშვილი
ჟურნალისტი, IREX საქართველო, მედია პროგრამის დირექტორი
ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ანტიპათეტიკური პასუხისმგებლობის სრული გააზრებით ვიტყვი, რომ ახალი ღვინის ფესტივალმა, რეგულარულობითა და მასშტაბურობით, ქართულ ღვინოს სრულად განსხვავებული, ამავე დროს კი მისი კუთვნილი და დამსახურებული მნიშვნელობა შესძინა. მოსაზრებას კი ძალიან მარტივად დავასაბუთებ:
ყოველმა ქართველმა (და ზოგი სხვა ერის კაცმაც) ფესტივალის დაარსებამდეც იცოდა, რომ: საქართველო მსოფლიოში (და, შესაძლოა, სამყაროშიც) ყველაზე ძველი თუ არა, მეღვინეობის ერთ-ერთი უძველესი კერაა; ქართულ ღვინოს საოცარი გემოთა ბუკეტი, ძალა და მადლი მოჰყვება. დედამიწაზე ვაზის სულ 4 ათასამდე ჯიში არსებობს, აქედან ხუთასზე მეტი - ქართულია. და ეს მაშინ, როცა დალოცვილი დედამიწის ფართობი დაახლოებით ხუთასი მილიონი კვადრატული კილომეტრია, სადაც საქართველოს სულ 70 ათასამდე კვადრატული კილომეტრი უკავია...
- და მერე რა?! ასე, ქართული მრავალხმიანი სიმღერაც ფანტასტიკურია ისევე, როგორც ზღაპრულია ქართული ცეკვა. ახლა, ერთი წამით წარმოიდგინეთ, რა იქნებოდა ქართული ცეკვა, ანდაც სიმღერა, ის რომ მხოლოდ ვიწრო წრეში - კარგამოხურულ ოჯახებში იცეკვებოდეს და იმღერებოდეს, ის რომ თავისი მრავალფეროვნებით, საერთო-სახალხო ზეიმისა თუ მწუხარების თანმხლები და ნაწილი არ იყოს... ერთი, რომ არც ზოგადეროვნული და არც მსოფლიო ღირებულება არ ექნებოდა. მეორე, რომ დღევანდელივით მრავალფეროვანი და მდიდარი ვერ იქნებოდა, რადგან კარგამოხურულში აბა როგორ განვითარდებოდა და განევრცობოდა?
ფესტივალის დაარსებამდე ქართული ღვინოც ხომ ასე იყო - ყველა თავის ღვინოს წურავდა თავ-თავის მარანში და მისით მოჰქონდა თავი, მერე კი ამ ღვინოს (ცალკეულ ღვინოს, ერთი ჯიშისას) თავიანთ ოჯახებში სვამდნენ, ეგ იყო და ეგ. ქართული ღვინოს ფესტივალმა კი ქართულ ღვინოს საერთო-სახალხო ზეიმის ელფერი და ფუნქცია შესძინა. აქ ათობით (მალე კი ასებით!) ჯიშის ღვინო ათასობით მომსვლელს ეპრანჭება და აწონებს თავს. ამ შეჯიბრში კი ახალ-ახალი მიგნებები და ძველის გახსენებები ხდება და ასე ემატება ქართულ ღვინოს ძალაც, მადლიცდა მრავალფეროვნებაც...
ქეთი გერსამია
ღვინის კომპანია ლუკასი, დირექტორი
ახალი ღვინის ფესტივალი ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ქართული ღვინის მწარმოებლისთვის. კომპანია ლუკასისთვის მას განსაკუთრებული ადგილი უკავია.
როდესაც კომპანია ლუკასმა გამოუშვა სულ სულ პირველი ღვინო (2012 წელს) სწორედ დაემთხვა ახლი ღვინის ფესტივალის პერიოდს და ჩვენ მოგვეცა საშუალება რომ პირველად წარგვედგინა ჩვენი პროდუქცია საზოგადოებისთვის.
იქვე ფესტივალზე ძალიან დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა ლუკასის ღვინომ. დამსწრე საზოგადოებამ აღნიშნა რომ ლუკასის ხარისხი და გემო ნადვილად იყო გამორჩეული. ამ ფესტივალზე წარმატებულმა გამოსვლამ მოგვცა სტიუმლი რომ უკვე საერთაშორისო ღვინის კონკურსებზე გაგვეგზავნა ჩვენი პროდუქცია, სადაც დადასტურდა ფესტივალზე მყოფი ხალხის შეფასება.
ფესტივალი კიდევ ერთხელ გვახსენებს ყველას თუ რა მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ღვინოს და ღვინის წარმოებას ქართველი ხალხის ისტორიაში. ის ხელს უწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციას არა მარტო ქართველებში არამედ უცხოელებშიც, რადგან მოგეხსენებათ რომ ფესტივალზე დამსწრე საზოგადოება არა მარტო ღვინის მოყვარულებისგან შედგება, არამედ სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის ჩამოსული უცხოელი ღვინის მცოდნეებისგან.
მინდა აღვნიშნო, რომ შარშან ფესტივალი უკვე ნამდვილად ძალიან დახვეწილი იყო, ორგანიზირებული უმაღლეს დონეზე. წინა დღით ჩატარებული დეგუსტაცია კი უნიკალური იყო და შეძლო დამსწრე საზოგადოების გაკვირვება თუნდაც იმ პრეზენტაციით თუ რა საოცარი ყურძნის ჯიშები არსებობს საქართველოში.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს გარეთაც იცოდნენ რომ საქართველო არის უნიკალური ღვინის მწარმოებელი ქვეყანა და რომ ჩვენი ღვინო არ ჩამორჩება არცერთ სხვა ცნობილ ღვინის მწარმოებელ ქვეყანას.
წელსაც უკვე ვემზადებით ფესტივალზე გამოსასვლელად.
დარწმუნებული ვარ, რომ ისევ ძალიან ბევრ ადამიანს შევხდებით, დავაგემოვნებთ ბევრ საინტერესო ღვინოს, გავატარებთ კარგ დროს და რასაკვირველია მოუტანთ ლუკასის ღვინოს დიდ მოწონებას და წარმატებას.
ვახუშტი მენაბდე
იალიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პორფესორი
ახალი ღვინის ფესტივალი ახალი დროის საქართველოში ხელახლა ამკვიდრებს ღვინის კულტურას და ეს ყველაზე მნიშვნელოვანი მგონია რაც ამ ღონისძიებამ ამ წლების განმავლობაში გააკეთა.
ყველაზე მძაფრი შთაბეჭდილება ჩემზე საოჯახო მარნის მიერ დამზადებულმა კარდენახულმა საფერავმა მოახდინა. სრულიად უნიკალური გამოცდილება იყო, სხვა ბუკეტი ჰქონდა, სხვა არომატი და ბოლოს სულ სხვა გემოს ტოვებდა. ის 2012 წლის ფესტივალზე გავსინჯე.
© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო
New wine festival 2016 Tbilisi, Georgia
ახალი ღვინის ფესტივალი 2016 – GDS
დიმიტრი ტაბიძე, მევენახეობის განვითარება საქართველოში
დიმიტრი ტაბიძე, მევენახეობის განვითარება საქართველოში (მევენახეობის რაიონები და ვაზის ჯიშობრივი შემადგენლობა). თბ. ტექნიკა და შრომა, 1950.
დასავლეთ საქართველოს თეთრი ღვინოები – Georgian Wine Infographics (61)
ილია ჭავჭავაძე – კახეთის მევენახეთა საზოგადოების დაარსება
ტფილისი, 28 იანვარს. 1894 წ.
მოგეხსენებათ, კახეთის მემამულეთა შორის დიდი ხანია მუშაობს ის აზრი, რომ საჭიროა დაარსდეს კახეთის მკვიდრთაგანვე ისეთი საზოგადოება, რომელმაც უნდა იტვირთოს და იზრუნოს, რათა კახეთის დიდსა და უხვს სიმდიდრეს – კახურს ღვინოს მოუაროს, მუშტარი ბლომად აუჩინოს და ბაზარი გაუხსნას, გაუფართოვოს. მოგეხსენებათ ისიც, რომ დღეს უკვე შემდგარია წესდება ასეთის საზოგადოებისა ამ სახელწოდებით: „Общество Кахетинских Садовладелцев для сбыта своих вин.“
წესდების შემდგენელთ ამასთანავე ცალკე წერილითაც განუმარტავთ, რა მიზეზმა და გარემოებამაც გამოიწვია ასეთი საზოგადოების დაარსების სურვილი. წესდებაცა და ეს განმარტების წერილიც დღე-დღეზედ უნდა იქმნას წარდგენილი, სადაც ჯერ არს, დასამტკიცებლად.
მართლაც, ქვეყანამ იცის კახური ღვინოების ღირსება. ეს ღვინოები ისეთის თვისებისაა, რომ ადვილად შეუძლიან მოცილობა გაუწიონ რუსეთში უცხო ქვეყნების ღვინოებს, რომელზედაც მეტის სიძვირის გამო უმრავლესობას ხელი არ მიუწვდება, თუ მართლა ნამდვილი ღვინოებია და არა შეთითხნილი სხვადასხვა მასალისაგან ყურძნის წვენის გარდა. ხოლო თუ კახური ღვინოები ნაკლებად მოიპოვება რუსეთის ბაზარში, ამის მიზეზი ის კი არ არის, ვითომ ან ღვინოსა ჰქონდეს წუნი, ან ნაკლებად მოჰყავდეთ, ან კიდევ სხვა ქვეყნის ღვინოებზედ ძვირი იყოს, არამედ ის, რომ დღეს-აქამომდე კახურის ღვინის მომყვანთა და დამყენებელთ ძალაუნებურად მარტო ჩვენებური მუშტარი ჰყვანდათ სახეში, მარტო ჩვენის ქვეყნის ბაზარს შესცქეროდნენ. წინად კიდევ შეიძლებოდა ასე წარმოება საქმისა. მაშინ ღვინო ამიერკავკასიის სხვა ადგილებისა ვერ მოდიოდა ტფილისში, რომელიც არის აქაური უმთავრესი ბაზარი. ვერ მოდიოდა, იმიტომ რომ ის ადგილები შორს იყო ქალაქზე და გზებიც არ ვარგოდა. ამ ადგილებიდამ ღვინის მოტანას დიდი ხარჯი აწვა, რადგანაც გზაც შორს იყო და დიდხანსაც უნდებოდნენ ზიდვას. ამ დიდხანს დარჩენას გზაში სხვა ზარალიც მოსდევდა, რადგანაც იმ ადგილების ღვინოები, როგორც უფრო სუსტნი, ადვილად ფუჭდებოდა და ვერ იტანდა ხანგძლივს და დიდს გზას. ცხადია, რომ ამისთანა გარემოებაში კახური ღვინო ბატონობდა ტფილისში და წინ იდგა ყველა სხვაგვარ ღვინოზე ჯერ ღირსებითა და მერე მით, ახლო იყო ბაზარზე იმოდენად, რომ იტანდა გზის ხარჯსა. საღდებოდა კიდეც ქალაქში კახური ღვინო, ჯერ იმიტომ რომ ბაზარი ერთხელ შეჩვეულ და დაჩემებულ კახურს გემოს ეტანებოდა, და მერე აქაური ბაზარი არა საჭიროებდა, რომ ღვინო გამძლე ყოფილიყო. იგი ბაზარი სჯერდებოდა, მეორე მოსავლამდე გაეძლო ღვინოს, რადგან ამ ხნის განმავლოაბში ღვინო სრულიად საღდებოდა და ამ სახით ბაზარი იტევდა მთელის წლის მოსავალს კახეთისას. გარდა ამისა, სიმაგრე და სიკეთე კახურისა იმოდენაა ეხლაც, რომ, იშვიათ შემთხვევას გარდა, ადვილად ინახება ერთის წლის განმავლობაში. ამისათვის არც ხარჯია საჭირო, არც ბორჯი და არც განსაკუთრებულის სიფრთხილით დაყენება და მოვლა ღვინისა. ტფილისსაცა და საზოგადოდ კახურის ღვინის აქაურ მუშტარსაც ამაზე მეტიც არა უნდოდა რა. ცხადია, ღვინის მოყვანასაც და დაყენებასაც ამ ორის გარემოებისათვის უნდა გაესწორებინა ანგარიში და შეჰფერებოდა თავისი მუშტრის გემოვნებას და საჭიროებას. ამიტომაც, ოღონდ ღვინის გამძლეობა მოსავლიდან მოსავლამდე ჰქონოდა და სხვა ჭეშმარიტ სიკეთესთან ცოტაოდენი სიმწკლარტეც, ურომლისოდაც აქაური მუშტარი ღვინოს ღვინოდ არა ჰხადიდა, და აქაურ ბაზარში მუშტარი არ დააკლდებოდა.
ეხლა გარემოება სულ სხვაფრივ შეიცვალა და კახურ ღვინოს თითქმის ხელიდამ გამოეცალა აქაური ახლომახლო ბაზარი და მუშტარი. გაყვანილ იქნა რკინის გზა ბათუმიდან ბაქომდე და ამ მიზეზით ღვინის გატან-გამოტანა გაადვილდა, გაიაფდა სხვა ამიერკავკასიის ღვინის ადგილებიდამ, რომელთაც ხვდება რკინის გზა.
ამის გამო არაკახურ ღვინოებით აივსო ჩვენებური ბაზრები და, თუმცა ეს ღვიენობი კახურზე გაცილებით მდარე ღირსებისაა, მაინც, რადგან იაფია, ისყიდება და მერე ხშირად კახურის სახელითაც. ამ სახით კახური ღვინო შეცოტავდა ბაზარში და მისი ადგილი არაკახურმა ღვინოებმა დაიჭირა. თუ ეხლა ჰყიდულობს აქაური ბაზარი კახურს ღვინოს, ჰყიდულობს მარტო იმისათვის, რომ დაბალ და უხეირო ღვინოში აურიონ და ისე გაჰყიდონ, როგორც კახური. ეს არის მიზეზი, რომ ძალიან ძნელია ეხლა ტფილისში ნამდვილის კახურის ღვინის შოვნა თითო-ოროლა ადგილ გარდა.
ასე შევიწროვდა დღეს კახური ღვინო. შევიწროვდა იმდენად, რომ ასეთს გარემოებაში, არა თუ ძნელია გაძლიერდეს ვენახების გამრავლება და ღვინის მოყვანა კახეთში, არამედ საფიქრებელია, რომ უფრო მეტად არ შემცირდეს და არ დაეცეს. თუ საიდგანმე შემწეობა არ აღმოუჩნდა ამ საქმეს კახეთში, მეტი რა ღონე იქნება, ვენახების რაოდენობა და სივრცე, რომელიც საკმაოდ გადიდდა დროთა განმავლობაში, ისევ უნდა შემცირდეს და შეცოტავდეს საზარალოდ მთელის კახეთისა და ქიზიყის კეთილდღეობისა.
როგორ უნდა ეშველოს მაშ ამ საქმეს? ამაზედ შემდეგ მოვილაპარაკებთ.
ტფილისი, 29 იანვარს.
გუშინ ჩვენ აღვნიშნეთ გაჭირებული და უნუგეშო მდგომარეობა კახეთის ვენახის პატრონთა და კახურ ღვინოს მომყვანთა, რომელთაც სხვადასხვა ჩვენ მიერ დასახელებულ მიზეზთა გამო ხელიდამ გამოეცალათ აქაური ბაზარი და კახურ ღვინოს დღეს იმდენად ნაკლებად ჰყავს მუშტარი, რომ მემამულეთა აღარ იციან, რა უყონ ან თავიანთ ვენახებს და ან მშვენიერს კახურს, როგორ ეშველება მათ საქმეს?
დიაღ, კახეთში ვენახები ბევრია, ღვინო უხვად მოდის. თუ ცდა და შემწეობა იქნება და ამ ვენახების შემუშავება, აგრედვე დაყენება და მოვლა ღვინისა განკარგდება, უკეთესად, უფრო მეტის ცოდნით მოეწყობა, კახურ ღვინოებს არ გაუჭირდებათ თავისი რაოდენობითა და ღირსებით რუსეთის ბაზრებში უცხო ქვეყნების ღვინოების მაგიერობა გასწიოს რამდენადმე და მუშტარსაც გული მოუგოს მით, რომ ნამდვილი ყურძნის წვენი იქნება და შიგ არა ერევა რა. თუ ასეა, ცხადია, მთავრობა არას დაჰკარგავს, უკეთუ იზრუნებს და ხელს შეუწყობს ღვინის მოყვანას კახეთში. ამ ზრუნვით, ჯერ ერთი, რომ რუსეთს დაეზოგება დიდძალი ფული, რომელსაც ეხლა იხდის სამზღვარგარეთის ღვინოებში და მეორეც – ერის ჯანმრთელობაც ეჭვქვეშ არ იქნება და ქვეყანა თავს დაანებებს იმ შინ და სამზღვარგარედ მომზადებულს ღვინოებს, რომელიც სწამლავს და ვნებს ხალხს.
ერთადერთი ხსნა კახეთის ვენახთა პატრონთა, თუ არ უნდათ სულ უმუშტროდ დარჩნენ, ის არის, რომ ახალი ბაზარი მოეპოვოს კახურ ღვინოს საქართველოს გარედ, უფრო კი რუსეთის დიდ ქვეყანაში, რუსეთი სავსეა ისეთის შინ მოხერხებულ, ნაკეთებ და მონათლული ღვინოებით, რომელშიაც ძალიან ნაკლებად არის საკუთარის ყურძნის წვენი და ხან სულაც არ არის. კახურის ღვინის გატანა რუსეთის ბაზარში საკეთილოდ შესცვლის დღევანდელს უნუგეშო ყოფას მით, რომ ღვინის მუშტარსაც მისცემს კარგს და მარგებელს სასმელს და ღვინის მწარმოებელსაც ხალისი ექმნება, ბაზარია საცა მუდამ შემიძლიან გავასაღო, რამდენიც უნდა ღვინო მომივიდესო.
ხოლო იმისთვის, რომ კახური ღვინო გავრცელდეს და საღდებოდეს რუსეთში, საჭიროა ვიქონიოთ სახეში პირველად, რომ კახური ღვინო შეეფერებოდეს ახალ მუშტართა გემოვნებას, მოჰშორდეს სიმწკლარტე, რომელსაც ერიდება რუსეთის მუშტარი, ხოლო ყველა სხვა თვისი ღირსება ხელუხლებლად შერჩეს; მეორედ, ღვინოს, თავის თვითეულ და ცალკე ხარისხისამებრ, ერთგვარი გემო, სურნელება და ფერი ჰქონდეს მარტო იმ თვისებათა შემწეობით, რომელიც ბუნებითვე აქვს; მესამედ, გაძლიერდეს მისი ბუნებრივი ღონე დიდხანს გაძლებისა, რათა არ წახდეს, საუარესოდ არ შეიცვალოს კარგა ხნის განმავლობაში და შეეძლოს ატანა ცოტად თუ ბევრად შორს მანძილზე წაღების და ხანგრძლივად შენახვის, ერთის სიტყვით შეიძინოს იგი თვისება, რომელიც მას შეჰქმნის ვაჭრობის საიმედო გასნად.
რაკი კახური ღვინო ბუნებით კარგია, ვენახის მოვლისა და ღვინის დაყენების წესები ახლა ბევრად განკარგებულია ეხლანდელის მეცნიერების მიერ, ეჭვი არ უნდა იყოს, ჩვენის აზრით, რომ მარტო თავის ბუნებურ თვისებათა წყალობით სწავლა-ცოდნის მიშველებით შემზადდეს, კახური ღვინოები ადვილად დადგება იმ დონეზე, იმ თვისებაზე, რომელიც ზემოთ მოვიხსენიეთ და რომელთა წყალობით არის მხოლოდ შესაძლო დღევანდელი ცვალებადი ღვინო მტკიცე და საიმედო სვაჭრო საქონელი შეიქმნას და რუსეთის, თუ გარედ სადმე ბაზარში საკმაო და ღირსეული ადგილი დაიჭიროს. აი კახურ ღვინოების ამ დონეზე დაყენება საფუძვლად დაუდვია ხსენებულ საზოგადოებას, რომელსაც ჰქვიან "Общество Кахетинских Садовладелцев ". რა გზით და ღონისძიებით განუზრახავს ამისი მიღწევა და შესრულება, ამაზე შემდეგ მოვილაპარაკებთ.
ტფილისი, 30 იანვარს
"კახეთის ვენახების პატრონთა საზოგადოების" აზრით, დღევანდელი აქაური ღვინის წარმოება მარტო ერთს საგანზეა დამყარებული და ის საგანი ღვინოა, რომელიც ამის გამო ერთადერთი წყაროა შემოსავლისა ძვირად შესამუშავებელ და საკეთებ ვენახებისაგან. მაშინ, როდესაც ღვინისაგან ნარჩენი მასალა, დღეს თითქმის გადასაყრელად გამზადებული, როგორც უვარგისი რამ, შესაძლოა კაცმა გამოიყენოს და გადააქციო ღირებულ სააღებმიცემო საგნად. ღვინის მარილი, კრემორტარტარი და მწვანე წამალი / Яр медянка / ღვინის წარმოების გამონარჩენ მასალისაგან გამოსაღები, საკმაოდ გააძლიერებს შემოსავალს ვენახისას, თუ ამისათვის კაცი ხელს გასძრავს და ამ საქმეს ცოდნით მოეკიდებაო.
თუმცა ამ საგანზე მიმართული წარმოება სულ სხვა საქმეს შეადგენს, განსხვავებულს ღვინის კეთებისაგან, მაგრამ თუ იგი აღორძინდა ჩვენში, ახალს წყაროს შემოსავლისას ხელთ მისცემს ვენახის პატრონთა იმით მაინც, რომ ღვინის კეთებისაგან ნარჩენ მასალას, დღეს გამოუსადეგს და მაშასადამე უფასოს, ფასს დასდებს და სავაჭრო საგნად შეჰქმნისო. ამით გაუჩენს ვენახის პატრონს ახალს წყაროსა, რომელიც გააძლიერებს შემოსავალს ვენახისას, რადგანაც ეს ახალი საქმე, რომლისათვის საჭიროა ღვინისაგან ნარჩენი მასალა, მოითხოვს ამ მასალასო.
ამ სახით ვენახის შემოსავალი საერთოდ იმატებს და, მაშასადამე, შესაძლოა ამ ახალ წყაროს გაჩენით ღვინოსაც უფრო ზომიერი და ხელმისაწვდენი ფასი დაედოსო. დღეს მთელს ხარჯს ვენახისას მარტო ღვინო უნდა გაუძღვეს, ღვინომ უნდა დაფაროს შემოშავება ვენახისა, იხადოს ზარალის შიში და თვით ვენახის პატრონსაც საკმაო მოგება მისცესო. ყოველივე ეს საკმაოდ ადიდებს ღვინის ფასსა და ამ განდიდებისაგან არც ვენახის პატრონი ხეირობს და არც ღვინის მუშტარიო.
კარგა ბლომა ფული, რომელიც რუსეთიდამ გადის ღვინის მარილის, კრემორტარტარის და მწვანე წამალის სამზღვარგარეთიდამ მოზიდვისათვის, რატომ შინ, რუსეთშივე არ უნდა ჰრჩებოდეს, მაშინ, როდესაც ყოველივე ეს შესაძლოა კახეთში გაკეთდეს და იმოდენად საკმაოდ, რომ რუსეთის შინა ბაზრები თითქმის სავსებით დააკმაყოფილოსო.
ამ სახით "კახეთის ვენახების პატრონთა საზოგადოებას" თავის საგნად დაუდვია: ღვინის საქმე კახეთში იმ ხარისხზე დააყენოს, რომელიც მარტოდ-მარტოა თავმდები, რომ კახური ღვინო შეიქმნას მტკიცე და საიმედო საგნად აღებმიცემობისა გარედ ბაზრებისთვის და ნამეტნავად რუსეთისათვის და ააღორძინოს იგი ახალი დარგი წარმოებისა, რომელთა ძალით ღვინისაგან ნარჩენი მასალა შესძლოა გადაკეთდეს საფასურ საგნად ვაჭრობისათვის და მით ვენახის პატრონთ გაუჩნდეთ ახალი წყარო ვენახის შემოსავლისა.
ხოლო ყოველივე ესე თვითეულ ცალკე კაცთა ღვინისათვის მიუწვდომელია და რაც თვითოეულისათვის შეუძლებელია, იმას შესძლებს შეერთებული ღონე ბევრისაო, მთელის კრებულისაო. ესა გვქონდა სახეში წესდების პროექტის შემადგენელთაო, ამბობენ დამწყებნი ამა საქმისა. მისახწევად იმ აზრისა, რომელიც საზოგადოებას თავის მოქმედების საგნად მიუღია, დაუდვიათ, 1/ რომ წევრთაგან მოგროვილ ღვინოს თვითონ საზოგადოებამ მოუაროს, შეუფეროს გარედაბაზრის მოთხოვნილებას ისე კი, რომ კახური ყურძნის წვენში არა გაურიოს და მარტო მის ბუნებურ თვისებას ხელი შეუწყოს და ბუნებური წმინდა კახური ღვინო გაიტანოს ბაზარში, კარგად მოვლილი საგამძლეოდ და საგემოდ; 2/ რომ შემწეობა აღმოუჩინოს ვენახების უკეთ კეთებასა, ღვინის დაყენებისა და მოვლისათვის და ღვინის ნარჩენი მასალა ახალი წარმოების საგნად გახადოს და 3/ შუამავალი შეექმნას ღვინის მსმელთა და ღვინის პატრონთა ისე, რომ ორივესათვის უზარალო იყოს.
ყოველი მუხლი წესდებისა ამ სამს საგანზეა მიმართული და მოწყობილი, ისე კი, რომ თვითონ "საზოგადოებას" საკუთრივ არავითარი აზრი გამორჩენისა არა აქვს და ამ სახით სრულად ზურგი შეუქცევია იმგვარ წყობისათვის, საცა თვითონ დამწყები თავის ხეირს დაეძებს. მთელი მოგება თვითოეულ იმ ღვინის პატრონისათვის არის გადადებული, რომელიც წევრად შესულია და თუ საზოგადოება იღებს რასმე შუამავლობისათვის, მარტო იმოდენას, რაც საკმაოა მიუცილებელ ხარჯისათვის, რომელსაც თვით კრება საზოგადოებისა ამტკიცებს.
განვმარტეთ რა ზოგადის ნიშნებით საგანი "კახეთის ვენახების პატრონთა საზოგადოებისა" და ისიც, რომ თვით "საზოგადოებას" უარუყვია ყოველივე აზრი გამორჩენისა საკუთრად თავისთვის, ყოველს წვლილს ვერ გამოვუდგებოდით, რადგანაც ეს მოითხოვდა თითქმის მთელის წესდების გადმოწერას და ახსნას. ეს კი სათქმელია, რომ ამ "საზოგადოების" დამფუძნებელთ იმედი აქვთ, რომ მთავრობა თანადგმოით მიიღებს მათს მიერ შედგენილს წესდებას. იგინი ამბობენ, რომ ამ "საზოგადოების" დადგენა არამც თუ ააცილებს კახეთს ღვინის საქმის დაცემას, არამედ გააძლიერებს შესაძლო საზღვრებამდე.
ეს გარემოება არ უნდა დავიწყებულ იქნას თვით სახელმწიფოს ინტერესების მხრითაც, რადგანაც მთელი ორი მაზრა კახეთისა /თელავისა და სიღნაღის/ და ნაწილი მესამეც /თიანეთისა/ შეჰყურებს ღვინოს, როგორც ერთადერთს წყაროს ცხოვრებისას და სახელმწიფო ხარჯის ხდისას. ცოტად თუ ბევრად შეწყვეტა ამ წყაროსი ღონეს მოაკლებს იქაურ მკვიდრთა და მეტისმეტად გაუჭირვებს ცხოვრებას და ხარჯის ხდასა მაშინ, როდესაც ბუნება კახეთისა ხელს უწყობს ადამიანს ღვინის საქმის გაძლიერებისათვის. გაძლიერებული კახეთის ღვინის საქმე, კარგად და ეხლანდელი მეცნიერების შემწეობით რიგიანად წარმართული, შემძლებელია რუსეთს შეუმოკლოს საჭიროება სამზღვარგარეთიდამ ღვინის ზიდვისა და იგი დიდძალი ფული რუსეთისა, რომელიც დღეს სამზღვარგარეთ გადის, შინვე რუსეთში დატრიალდება მისთა მკვიდრთა საკეთილდღეოდ. გარდა ამისა ხელშეწყობა, რომ ნამდვილი, შეურევნელი კახური ღვინო შეტანილ იქმნას რუსეთის ბაზარში, სასურველია საერო ჯანმრთელობის მხრითაც, რადგან დღეს რუსეთში საღდება წამლებით მოწამლული ღვინო, შინაური თუ გარეული, და ეს, რა თქმა უნდა, უვნებლად არ ჩაუვლის ხოლმე ერსაო.
ყოველივე ეს იმით სასურველიაო, ამბობენ დამფუძნებელნი, რომ კახური ღვინის ბუნებრივი სიკეთე ყველასაგან ცნობილია და, თუ ბაზარი გაეხსნა, ამის მიხედვით განკარგდება ვენახების კეთება, გაიმატებს ვენახების მოედანი და გაძლიერდება ღვინის საქმე და ამ გზით რუსეთის ბაზარი შეიძენს მარგებელს სასმელს იმოდენად ბევრს, რომ დიდძალს ღვინოს სამზღცარგარეთისას განდევნის და დიდად შეაფერხებს, თუ სულ არ მოსპობს იმ მოწამლულ სასმელთა ბაზარში სვლას, რომელიც დღეს ღვინის სახელით საღდება და იყიდებაო.
წყარო: ილია ჭავჭავაძე. თხზულებანი. ტომი XIII. პუბლიცისტური წერილები, 1894-1897. "ილიას ფონდი" 2007.
მასალა მოგვაწოდა გიორგი ბარისაშვილმა.
ვაზის კულტურასთან დაკავშირებული ლექსიკა ქართულში
ლილი ასათიანი, ვაზის კულტურასთან დაკავშირებული ლექსიკა ქართულში (მასალები). თბ. "მეცნიერება", 1978.
"იგეთ ყურძენს გამაიტანდა, თითქოს ბალღებიაო..."
[ალექსა აბრამიშვილი, 104 წ. სოფ გულგულა.]
უწინ არც წამლობა იყო, არც გოგირდი იყო, არც გაფურჩქვნა და ახვევა იყო, მაგრამ იგეთ ყურძენს გამაიტანდა, თითქოს ბალღებიაო.
თებერვლიდან დაუწყებდით ჭიგვის შადგმას - შასარვას, შავყელამდით სვით ან ლაფნით, დავბარამდით და მოგვდიოდა უკვდავი მოსავალი. ვენახი ორჯელ დაითოხნებოდა: ერთხელ ლობიოს არევაში და მეორეთ - ლობიოს გათოხნაში. ზოგი სამჯერაც გათოხნიდა. ბალახი მოდიოდა და გამოვთიბავდით ხოლმე, მოვაშორებდით და გამოსუფთავდებოდა.
მარტი როცა გავიდოდა, გავსხლავდით. შამადგომაზედაც შეიძლებოდა გასხვლა. მანამ სიცივე მაასწრობდა. ეხლა მაკრატლებია და მაშინ სავაზეებითა ვსხლამდით ხოლმე.
ჩვენ მამა-პაპას ხერხი და სავაზე ეჭირა, სავაზით რქას აჭრიდნენ და ხერხით კიდე ბებერ ვაზს გადაჰხერხავდნენ.
ეხლა ვენახები გაქრა და ნამყენი ჩავყარეთ. წინდაწინ ნამყენის ჩაყრა არ იყო, არცა გვჭირდებოდა ნამყენის ჩაყრა, თუ ვაზი ამოხმებოდა. სხვა ვაზს გადავაწვენდით და შავავსებდით. რომელი ვაზიც თამამი იყო და გადასაწვენათ გვინდოდა, იმას რქას არ გავაცლიდით. ვაზის ძირიდან გავჭრიდით ორ ბარის პირზე და გადავაწვენდით. იმ სიგძეთ გადავაწვენდით, რო ერთ არშინზე ახლო არ დამდგარიყო. გადაწვენილ ვაზს წვერებს მაღლა ამოუშვერდით და ორ კვირტზე გაუშვებდით. მარტო ორი კვირტი უნდა შეგვერჩინა. თებერვლიდან დაწყობილი აპრილის ნახევრამდინ ვაზის გადაწვენის დრო იყო. აპრილის მემრე კი კვირტი სცვივა და გადაწვენა აღარ შეიძლება. თითო ვაზი თავნის გარეითათ სამ-ოთხ ვაზსა მატულობდა.
სად იყო ან ვაზის სატკივარი! ძვირათ იქნებოდა, რო ვაზს სატკივარი გასჩენოდა. ვაზს ახმობდა ყინვა, ჭირხლს რო მოჰკიდებდა თოვლი, მოწმენდილ ჰაერზე ვაზს შუაზე გაჰხეჩავდა ხოლმე. ყინვა აფუჭებდა და ხანდახან ნაცარიც უჩნდებოდა; ნაცრის გაჩენაც უსუფთაობამ იცოდა, თუ თავს მივანებებდით და არ შავსარამდით. წაქცეულ ვაზს ნაცარი ადვილათ უჩნდებოდა და ახმობდა კიდეც. თუ კარგათ მოუვლიდით, იშვიათათ გაუჩნდებოდა ნაცარი.
[გიორგი ფეიქრიშვილი, 106 წ. სოფ. რუისპირი.]
წინათ - [ამბობდა გიორგი ფეიქრიშვილი] - მარტო ნაცარი და სიცივე აფუჭებდა ვაზსა.
თუ ვენახი შაყელილი იყო, თუ დაკავებული იყო ვაზი, სიცივე აფუჭებდა, თუ არ იყო შაყელილი, ვერაფერსაც ვერ დააკლებდა.
შაყელილ ვაზს ხელ-ფეხი აქვს შაკრული, ერთ ადგილას არის გაჩერებული და ჰყინავს, შაუყელავი ვაზი კი მიინძრევ-მაინძრევა და სიცივე ვერას უზამს.
ეხლა ძალიან დიდი მოვლა აქვს ვაზს, შასარვა და შაყელვა ეხლაც ვიცით, იანვარშიც შეიძლება შასარვა, მარტშიც, აპრილში შაიყელება,
ყლორტებს რო ამაიტანს, გაფურჩვნა უნდა, უყურძნო გემეეცლება და სამამულე და ყურძნიანი რქები დარჩება. მემრე აღარ შეიძლება გაფურჩვნა, გამაგრებული პწკალი რო მოსტეხო, რქა დაზიანდება.
გაფურჩვნის შემდეგ ახვევა უნდა, ეს იქნება პირველი ახვევა. ყლორტი როცა დაუგძელდება, მაშინ მეორეთ უნდა ეეხვეს. მესამეთ თიბათვის პირველში ეეხვევა.
ხვევაში თან ნამკვრევებსაც ვაცლით ხოლმე, თუ კიდე ამაიტანს, კიდე გავაცლით, ნამკვრევი ვაზს აწუხებს. ნამკვრევი როცა აქვს, ვაზი კარგად ვეღარ აწუებს რქასა. დაბოლოვების დროს კენწერი უნდა გედეეჭრას, რქა რო კარგა შამოვა და ძირში რო დაწითლდება, მაშინ გედეეჭრება კენწერი.
გათოხნითაც ეხლა ხშირათ ითოხნება, სამჯერ-ოთხჯერ უნდა გაითოხნოს, მაგრამ თუ ყინვა არის, გათოხნა არ შეიძლება. სიცხეში გათოხნაც აფუჭებს, მიწა ცხელია და სწყენობს.
[ალექსი აბრამიშვილი, 104 წ. სოფ. გულგულა.]
[ალექსი აბრამიშვილის სიტყვით], ძველათ ვენახებს არც კი სთოხნიდნენ, თუ ბალახი მეერეოდა, გამოსთიბავდნენ და გაანებებდნენ თავსა. მოწამლითაც სამჯერ-ოთხჯერ იწამლება, მაგრამ დედამიწა ვეღარ იტანს და წინანდებური გამოსავალი არა აქვს.
ვენახების მოწამლა რო დაიწყეს, ხალხი ვერა ჰსვამდა ნაწამლ ღვინოს მართალი რო ითქვას. ეხლანდელი ღვინო კაცს თუ არ აჰკუწამს, არ არგებს, წინანდელი ღვინო კი ზეთივით იყო.
ჩვენი მხრის ღვინო იყო გათქმული. ბევრნაირი ჯიშის ყურძნები გვქონდა, ღვინოს კარგადაც ვაყენებდით და სამაგალითო გამოდიოდა.
მოამბეთა გადმოცემით ყურძნის შემდეგი ჯიშები არსებულა: საფერავი, მწვანე, რქაწითელი, ბუდეშური, ჟღია, წობანური, კუმსი, შავკაპიტო, ბუა, თითა, ხარისთვალა, მცვივანი, ჯანაანურა, თავკვერი, მჭვარტლა ყურძენი, საკმლის ყურძენი.
[ჩამოთვლილ ჯიშთა ღირსების შესახებ ხსენებული მოამბენი სხვადასხვა აზრისანი არიან].
[გიგლო ბაბილაშვილი, 66 წ. სოფ. აწყური.]
ჯანაანურა ძაან ტკბილი ყურძენია, მწვანე და ჯანაანურა ყველაზე კარგ ღვინოს აყენებდა, მაგრამ ჯანაანურასთან ვერც ერთი ვერ მოვიდოდა [გიგლო ბიბილაშვილის ნაამბობიდან, გიორგი ფეიქრიშვილიც ეთანხმება].
[სვიმონ ლომიძე, 90 წ. სოფ. მარილისი (მატანი)]
ყურძენი ბევრნაირი იყო, მაგრამ ყველას მწვანე ყურძენი დეემჯობინა, ყურძნათაც და ღვინოთაც.
შავკაპიტოს ღვინოც კარგი იყო. ერთხელ ჩემგან შავკაპიტოს ღვინო წაიღეს ახმეტაში, ნელ-თბილი ნაცარში მიეშვათ და ცეცხლი ანთებულიყო [ლომიძე სვიმონას ნაამბობიდან. ლომიძე სვიმონას სიტყვით შავკაპიტო და ერთი სხვა ყურძენი (რომლის სახელი მას არ ახსოვს) საფერავი ყურძნის ჯიშებს წარმოადგენენ].
[სანდრო კირვალიძე, სოფ. ბუშეტი.]
კახეთში რაც ყურძნები გვაქვს, ყველას საფერავისა და მწვანეს ღვინო სჯობია.
საფერავი ყურძნების თავია.
[ალექსი აბრამიშვილი, სოფ. გულგულა, 104 წლის]
რომელი ვაზი რა ყურძენია, რქით შეეტყობა და ფოთლითაც.
მწვანეს თეთრი რქა აქვს და ფოთოლიც უფრო მწვანე აქვს, ვიდრე რქაწითელს.
რქაწითელის რქა მოწითალოა და ფოთოლიც მოწაბლო აქვს.
საფერავს ფოთოლიც შავი აქვს და რქაც უფრო მუქი წითელი აქვს.
წობანური თეთრი ყურძენია და ღვინოც კარგი იცის. ფოთოლსვე შაატყობ რო წობანური ყურძენიაო, პტყელი და რგვალი ფოთოლი აქვს. წობანური მწვანის მაგვარი ყურძენია, მაგრამ ფერით გაირჩევა, თეთრი ყურძენია,
ჯანაანურას რქაცა და ფოთოლიც მონაცრისფეროა, დაკუწული ფოთოლი აქვს კუთხიანივით. ჯანაანურამ გძელი რქის გატანა იცის. აქ რო ჯანაანურა ვაზი დეგვეტოკებინა, იქით ღობეში სხვა ვაზი შაინძრეოდა.
ნაცარიც ყველაზე წინ ჯანაანურას ააჩნდებოდა ხოლმე. ამისათვინ გავკაფავდით ხოლმე და იმის მაგივრათ რქაწითელსა, საფერავსა და სხვა ყურძნებს ვაწვენდით.
შაბიამანი ძალიან მოუხდა ჯანაანურსა და მწვანეს.
[ბაბილაშვილი გიგლოს გადმოცემით, აწყურის ბოლოში არსებულა სოფ. ჯანაანი, სადაც შესანიშნავი ვენახები ჰქონიათ და ყურძნის ეს ჯიშიც - ჯაანაანური -იქიდან გავრცელებულა].
საკმლის ყურძენს მარცვალი რგვალი აქ და საკმლის სუნი ასდის. ადრეულა ყურძენია, ღვთისმშობლობას აქეთ უნდა დაიკრიფოს, თუ არადა დალპება.
[გიორგი ფეიქრიშვილი, 106 წ. სოფ. რუისპირი.]
ხარისთვალას საჭმელ ყურძნათა ხმარობენ, - [ამბობს ფეიქრიშვილი გიორგი] - ის არცკი გეერევა დასაწურ ყურძენში, იმისი ჭაჭა არ ვარგა. საფერავში რო მოჰყვეს, არა უშავს რა, მაგრამ თეთრში ერთი ფერფლიც რო მოჰყვეს, ფერს შაუცვლის და აამღვრევს.
არც ჟღიის ჭაჭა ჩაიყრება. ჟღიი წვენს თუ საფერავში მიუშვებ, უფრო ატკბობს, მაგრამ იმისი ჭაჭა არ ვარგა დედათ, ღვინოს ამღვრევს.
[ალექსი აბრამიშვილი, 104 წ. სოფ. გულგულა.]
მაშინ ეგეთი ადრე არ იკრიფებოდა ვენახი, როგორც ეხლა. რთველი რო მაატანდა, გავრეცხამდით ნავსა, ჩავაწყობდით გძელ ხეებს და მემრე ტუპკირებს გავალაგებდით, მოვჩადამდით ჩადუნით და ყურძენს ჩავყრიდით. [აბრამიშვილი ალექსა აღნიშნავს, რომ ნავში შალაფას უშლიდნენ, - ლომიძე სვიმონის სიტყვით კი ნავში გასაშლელათ უთხუარსა ხმარობდნენ].
ჩავიდოდით ქვევრებში და კრაზანითა ვრეცხამდით, პატარა ქოცოებს სარცხით ვრეცხამდით. [ლომიძე სვიმონი კრაზანას კრაზანის სახელწოდებით იხსენიებს. სარცხს კი სარცხელს უწოდებს].
დაულაგებდით გძელ ღარებს, შავდგებოდით ფეხით და ვწურამდით. გრიალი მიჰქონდა ტკბილს ქვევრში.
ჭაჭა ისევ ტკბილისთვინ უნდა დაგვეყარნა, დაიწყებდა დუღილსა და კარგა ხანი დუღილში იქნებოდა. რაწამს დედას ჩავაყრიდით, მაშინვე ჟინჟღილი უნდა დეგვეტანებინა. ჟინჟღილი თითის სიწრო წნელი იყო და სარქველის ქვეშ დავატანდით ხოლმე სულის საქცევათ. ვინც რიგიანი მოვლა არ იცოდა, ქვევრსაც გაჰხეთქამდა.
თუ გახურებული ყურძენია, ჩქარა დუღდება, რომელი ყურძენიც გრილათ დაიკრიფება, გვიან ადუღდება.
ერთ კვირაში დაიდუღებდა, მემრე დავხურამდით და იანვარში ან თებერვალში გადავიღებდით. თუ ქვევრი სავსე იყო, იანვარში გადავიღებდით, თუ ნაკლული იყო, დიდხანს არ დავარჩენდით და გიორგობისთვეში გადავიღებდით ხოლმე.
ერთ კვირამდინ მაჭარი კარგია, მემრე კი მწარდება და ღვინდება.
იმ დროს ჭაჭა არ იქაჯებოდა, ღვინო ბევრი იყო და ისევ არაყს გამოხდიდნენ ხოლმე.
ზოგი იგრე დაბერდებოდა, რო ქვევრის გარეცხვა არ იცოდა, ნავის გამართვა არ იცოდა. ამისთანა კაცი სხვას დაუძახებდა, ვინც მარნის წესები იცოდა. იმას ჩვენ მემარნეს ვეძახოდით.
ჩაწერის ადგილი: საქართველო / კახეთი / თელავი / გულგულა
ენა / დიალექტი: ქართული / კახური / შიგნიკახური
ტექსტის ტიპი: თხრობა
ტექსტის სახე:
ხელნაწერი ტექსტი
თემატური და ქრონოლოგიური მახასიათებლები:
მე-20 საუკუნე, 30-იანი წლები, შინამრეწველობა
მთქმელები:
გიორგი ფეიქრიშვილი
სვიმონ ლომიძე
გიგლო ბაბილაშვილი
სანდრო კირვალიძე
ალექსი აბრამიშვილი
გამოცემა: შინამრეწველობის მასალები (პირველ–ასლები) (შეკრებილი ივანე ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით)
ჩაწერის წელი: 1936
ტექსტის ჩამწერი:
ლუბა ბოჭორიშვილი
მევენახეობა-მეღვინეობა აჭარაში
გიორგი ბარისაშვილი
მოკლე მიმოხილვა
საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის რეგიონებს შორის აჭარა და კონკრეტულად კი მთიანი აჭარა საკმაოდ პერსპექტიული ადგილია. მართალია, მიზეზთა გამო ამ ადგილას ვაზისა და ღვინის კულტურა შეფერხებული იყო, მაგრამ ძველად აჭარაში ვაზსა და ღვინოს ფესვი ძლიერად ჰქონია გადგმული. მევენახეობა-მეღვინეობის ამჟამინდელი მდგომარეობა ზემო აჭარაში შეიძლება ითქვას, რომ სავალალოა, არადა საქართველოს ამ ულამაზეს მხარეში ჩვენს წინაპრებს ძველთაგანვე ათეულობით ვაზის ჯიში ჰქონდათ გამოყვანილი. „საქართველოს ამპელოგრაფიაზე“ დაყრდნობით, რომელიც 1960 წელსაა გამოცემული, აჭარაში შემდეგი ვაზის ჯიშები გვხვდება: ალმურა თეთრი (თეთრი), ალმურა შავი (წითელი), ახალაკი (წ.), ბათომურა (წ.), ბაღის ყურძენი (თ.), ბროლა (თ.), ბურძღალა (წ.), ბუტკო (წ.), გორგოული (თ.), ვაიოს საფერავი (წ.), თეთრა (თ.), თურვანდი (თ.), კაიკაციშვილისეული თეთრი (თ.), კვირისთავა (თ.), კიბურა (ვარდისფერი), კირწითელა (წ.), კორძალა (წ.), ლივანურა თეთრი (თ.), ლივანურა შავი (წ.), მაგარა (წ.),მათენაური (წ.), მეკრენჩხი (წ.), მორცხულა (წ.), მწვანურა (თ.), მწვანე აჭარული (თ.), ორჯოხული (თ.), პოვნილი (წ.), სალიკლევი (წ.), საფერავი აჭარული (წ.), საწურავი (წ.), სხალთური (წ.), ტყის ვაზი (წ.), ტყის ყურძენა (წ.), ქორქაულა (წ.), შავშურა (თ.), შიშველი (წ.), ჩიტისთვალა აჭარული (წ.), ცვითე (თ.), ცხენისძუძუ აჭარული (წ.), წვიტე (თ.), ჭეჭიბერა (თ.), ჭიპაკური (წ.), ხარისთვალა აჭარული (წ.), ჭოდი (წ.), ჯავახეთურა (თ.), ჯინეში (წ.).
ამ მონაცემების მიხედვით ირკვევა, რომ აჭარაში ჩვენ ვხვდებით ადგილობრივი ვაზის ჯიშების დიდ მრავალფეროვნებას. კერძოდ 44 ჯიშს, რომელთაგანაც 27 ჯიში წითელყურძნიანია, 16 ჯიში - თეთრყურძნიანი, ხოლო 1 კი ვარდისფერყურძნიანი. ჩამოთვლილ ჯიშთაგან წითელყურძნიანი ჯიში "კორძალა" გურიისა და აჭარის რეგიონების საერთო ჯიშად ითვლება. ასევე საინტერესოა ისიც, რომ აჭარულ ვაზის ჯიშებში ჩვენ ვხვდებით 8 ჯიშს, რომელთა ყვავილები ფუნქციონალურად მდედრობითი სქესისაა, ესენია: ბათომურა - წითელყურძნიანი ვაზის ჯიში; ბროლა - თეთრყურძნიანი ვაზის ჯიში; ჩიტისთვალა აჭარული - წითელყურძნიანი ვაზის ჯიში; ლივანურა თეთრი - თეთრყურძნიანი ვაზის ჯიში; ქორქაულა - წითელყურძნიანი ვაზის ჯიში; ჭეჭიბერა - თეთრყურძნიანი ვაზის ჯიში და ჯინეში - წითელყურძნიანი ვაზის ჯიში. გარდა ამისა, აჭარული ვაზის ჯიშთა ჩამონათვალში გვხვდება, როგორც საღვინე, ისე სასუფრე ჯიშები, ამასთან არაერთიც. სასუფრე ვაზის ჯიშებია, მაგალითად: ხოფათური (სასუფრე და საღვინე). ეს ჯიში მ. რამიშვილის წიგნის - „გურიის სამეგრელოს და აჭარის ვაზის ჯიშების“ მიხედვით, რომელიც 1943 წელშია გამოცემული, აჭარული ვაზის ჯიშთა ჩამონათვალშია შეტანილი, ხოლო „საქართველოს ამპელოგრაფიის“ მიხედვით, რომელიც 1960 წელში ნიკო კეცხოველის რედაქციით გამოიცა, იგი რაჭულ ჯიშად მოიხსენიება...
ასევე აჭარულ სასუფრე ჯიშებში შედის შემდეგი ვაზის ჯიშები: კაიკაციშვილისეული თეთრი, თეთრა (სასუფრე და საღვინე), ლივანურა თეთრი, შავშურა, ჯავახეთურა, ბათომურა, ცხენისძუძუ აჭარული, მტრედისფეხა (სასუფრე და საღვინე), მახათური (სასუფრე და საღვინე), მეკრენჩხი, ლივანურა შავი, მათენაური, ჯინეში, ჭოდი და სხვ.
სწორედ ამ მონაცემთა მიხედვით, აჭარის რეგიონი, როგორც უკვე აღინიშნა, ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანია. თუმცა, როგორც მევენახეობა-მეღვინეობის თითქმის ყველა რეგიონში, ამჟამად აქაც ორი-სამი ძირითადი ჯიშია გავრცელებული. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი აჭარაში უმეტესად ჩხავერი და ცოლიკოურია გავრცელებული. ძალზე იშვითად ვხვდებით ასევე, რომელიმე ადგილობრივ ჯიშსაც ერთეული, ან მცირე ნარგაობის სახით. აჭარის მევენახეობა-მეღვინეობის შესახებ მეტად საინტერესო ცნობებს ვკითხულობთ წიგნში - "გურიის, სამეგრელოს და აჭარის ვაზის ჯიშები". მ. რამიშვილი. (თბილისი, 1948 წ.), სადაც განხილულია, როგორც ადგილობრივი ნიადაგები, ისე მევენახეობისა და მეღვინეობის საკითხებიც. ამავე წიგნიდან ვიგებთ, რომ ზემო აჭარაში ადგილობრივი ვაზის ჯიში საწურავი (საწური) ფართოდ ყოფილა გავრცელებული. წიგნში ასევე ვკითხულობთ, რომ მთიან აჭარაში და კონკრეტულად ქედაში გაშენებული ყოფილა ადგილობრივი ვაზის ჯიშების საკმაოდ კარგი საკოლექციო ამპელოგრაფიული ნაკვეთი, რომელიც ამჟამად სამწუხაროდ აღარ არსებობს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქობულეთში, სოფელ გვარაში ამ ორიოდე წლის წინ გაშენდა ახალი, თანამედროვე ამპელოგრაფიული ნაკვეთი, სადაც თავმოყრილია არა მხოლოდ აჭარის ვაზის ჯიშები.
შედარებით ვრცლად შევეხოთ აჭარის წითელყურძნიან საღვინე ვაზის ჯიშს - საწურავს. (უნდა ითქვას, რომ ამ ჯიშს მოიხსენიებენ ასევე მეორე სახელითაც - საწური).
აღნიშნული ჯიში ფილოქსერასა და სოკოვანი დაავადებების გავრცელებამდე შუა და ზემო აჭარის რაიონებში ფართოდ ყოფილა გავრცელებული. ამიტომაც მართებულად მიგვაჩნია, რომ მოხდეს მისი კვლავ გამრავლება და გავრცელება. ცხადია, ცოლიკოურიც და ჩხავერიც უნიკალური ჯიშებია, მაგრამ მიგვაჩნია, რომ აჭარაში უპირატესობა უძველეს აჭარულ ჯიშებს უნდა მიეცეს. ერთ-ერთი ასეთი ჯიში სწორედ საწურავია, რისგანაც მზადდება, როგორც მაღალხარისხიანი მუქი წითელი შეფერილობის ღვინო, ისე მაღალხარისხიანი ყურძნის წვენიც. იქიდან გამომდინარე, რომ მის ღვინოს აქვს საკმაოდ ინტენსიური შეფერვა, მისგან შესაძლებელია დაყენდეს საზედაშე, საბარძიმე ღვინოც. საწურავის ფორმირება შესაძლებელია, როგორც მაღლარად, ისე დაბლარების სახითაც. იგი საკმაოდ უხვმოსავლიან ჯიშად ითვლება და მისი ჯიშობრივი მახასიათებლები ასეთია:
სხვა ადგილობრივ ჯიშებთან შედარებით ჯიში მეტ გამძლეობას იჩენს სოკოვანი დაავადებების მიმართ. მისი ზრდასრული ფოთოლი საშუალო ან საშუალოზე დიდია, რომელიც უპირატესად ღრმადაა დანაკვეთული. ფოთლის ქვედა მხარე ქეჩისებურადაა შებუსული. საწურავის ყვავილი ორსქესიანია, ხოლო მტევანი ცილინდრულ-კონუსური, ან ცილინდრული და ამასთან ძლიერ მკვრივი, კუმსი, ხოლო იშვიათად - საშუალო სიმკვირივსა. მის მტევნებს ხშირად ახასიათებს „მხრები“, უპირატესად 2, ხოლო იშვიათად კი 3 მხარი. მარცვლები მუქი წითელია და საშუალოზე მსხვილი. მოყვანილობით ოვალურია, ხოლო ზოგჯერ მომრგვალო. საწურავის მარცვლები მეტად წვნიანი და თხელკანიანია. ქედის რაიონში მისი სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა კვირტების გამოსვლიდან ფოთოლცვენამდე 242 დღეა. ჯიშს ყვავილობა ივნისის დასაწყისში ეწყება და თვის შუა რიცხვებში უმთავრდება. საწურავი ძლიერი ზრდის ჯიშია და განსაკუთრებით ძლიერ ვითარდება დაბლარად ფორმირებული ვაზები. ჯიში სრულ მსხმოიარობაში მეხუთე წელს შედის და აქვს უხვი მოსავალი. უნდა აღინიშნოს, რომ საწურავის მტევანში მარცვლები არათანაბრად მწიფდება, რაც მისი დამახასიათებელი ნიშან-თვისებაა. მისი მოსავლის ხარისხი სამხრეთის ფერდებზე გაცილებით მაღალია. რაც ასევე მეტად მნიშვნელოვანია, ჯიში თითქმის არ განიცდის ზამთრისა და გაზაფხულის ყინვების უარყოფით გავლენას. (განსაკუთრებით გაზაფხულის წაყინვები მთიან აჭარაში არც თუ ისეთი იშვიათობაა). ყურძნის შაქრიანობა აღწევს 18-19%-ს, ამიტომაც ღვინო შედარებით დაბალალკოჰოლიანია. ამის გამო მისი ღვინის ხანგრძლივი დროით დაძველება რეკომენდებული არ არის, გარდა განსაკუთრებული წლებისა, როდესაც ყურძნის შაქრიანობამ შესაძლოა 20-22%- ს მიაღწიოს. თვითონ ყურძენი ცუდად ინახება.
ასერიგად საწურავი (საწური) მეტად პერსპექტიულ ჯიშად მიგვაჩნია აჭარის რეგიონიასთვის. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ რეგიონში უპირატესობა მევენახეობის ბიომიმართულებას უნდა მიეცეს. ასევე გასათვალისწინებელია სავენახე ფართობის ექსპოზიცია, ვაზის ფორმირება და მისი დატვირთვაც. ვფიქრობთ, რომ კარგი შედეგი უნდა მოგვცეს საწურავის ღვინის ქვევრებში დაყენებამ. საწურავის მცირე ვენახი ამჟამად შემორჩენილი აქვს სოფელ დანდალოში მცხოვრებ ზია მაისურაძეს, საიდანაც შესაძლებელია სანამყენე კვირტის აღება.
მართალია, აჭარაში ამჟამად ქვევრში ღვინის ქართულად დაყენების საქმე მიზეზთა გამო მინავლებულია, მაგრამ მაინც გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც ააშენეს მარნები და გააგრძელეს ჩვენი წინაპრების მიერ ჩვენამდე საკუთარი სისხლის ფასად მოტანილი საქმე - ღვინის ქართულად დაყენება! ალბათ, რომ არ ყოფილიყო საფუძველი, ამ საქმის წამოწყება მეტად გართულდებოდა, მაგრამ უამრავი თვალსაჩინო მაგალითის მოტანაა შესაძლებელი, სადაც თვალნათლივ დავინახავთ აჭარის რეგიონის, როგორც უძველესი მევენახეობა-მეღვინეობის, ისე ახლო წარსულის კვალსაც. ასე, მაგალითად სოფელი ქაქუთი ზია ოქროპირიძის მარანი, სადაც 25 ქვევრი მოქმედებდა დაახლოებით 80 წლის წინ; ან, მაგალითად უძველესი (VI-XI სს) მარანი სოფელ კაპნისთავში, სადაც აჭარული მეღვინეობის უძველეს ნაშთებს თვალნათლივ ვხედავთ. გარდა ამისა თანამედროვე მარნები, რომელთაგანაც ნამდვილ მარგალიტს წარმოადგენს სოფელი დანდალოში, ზურაბ ავალიანის მარანი, სადაც 19 ქვევრია ჩაფლული (მთლიანობაში დაახლოებით 8 ტონა); ამირან მახარაძის მშენებარე მარანი სოფელ ვარჯანისში; შოთა მიქელაძის მარანი სოფელ ნენიაში; მერაბ ჯაფარიძის მარანი სოფელ ახალშენში; გიორგი კახიძის მარანი ბათუმში; ვაჟა დავითაძის მშენებარე მარანი ბათუმში და სხვ. უნდა აღინიშნოს, რომ აჭარაში მევენახეობა-მეღვინეობის აღორძინების საქმეს დიდად უწყობს ხელს ოჯახში დაყენებული ღვინის ფესტივალი, რომელიც მეუფე დიმიტრის ლოცვა-კურთხევით ყოველწლიურად ტარდება ბათუმში. ჩვენ კი წარმატებას ვუსურვებთ აჭარელ ქართველობას და იმედს ვიტვებთ, რომ საქართველოს ამ ულამაზეს კუთხეში ვაზისა და ღვინის კულტურა კვლავაც გაგრძელდება და უფრო მეტად აღორძინდება.
ფოტოებზე, საწურავის რთველი აჭარაში
მცხეთა 2016 წ.
©ღვინისკლუბი/vinoge.com